ნატალია ჯვარიძე
(13.09.2024)

„არჩევნებამდე შეერთებული შტატების მხრიდან არავითარი დათმობა არ იქნება, ხოლო არჩევნები გადაწყვეტს ამერიკის დამოკიდებულებას და გადაწყდება საერთოდ დარჩეს თუ არა ელჩი აქ, ანუ ჰქონდეს თუ არა საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა", - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაუბრა.

იგორ კვესელავა: მაღალი კლასის ევროპული და ამერიკული სახელმწიფო მიდგომები არის ასეთი: ისინი ქართველ ხალხს არ ერჩიან და მხარს უჭერენ საზოგადოებას, მაგრამ ცალსახად არ ემხრობიან ხელისუფლებას, რომელშიც დიქტატორული ნიშნებია, რადგან ერთპარტიული მმართველობაა დამკვიდრებული. აქ ისიც უნდა ითქვას, რომ ამ სისტემის პერიოდში ვერ მოხერხდა ვერც პოლიტიკური, ვერც სოციალური, ვერც კულტურული და სხვა მდგომარეობების მკვეთრად გაუმჯობესება. ყველაფერი დარჩა იმ დონეზე, რაც ედუარდ შევარდნაძის დროს იყო.

ამერიკა და ევროპა აკვირდებიან საქართველოს და ვითარების შესახებ პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით იღებენ ინფორმაციებს. სხვათაშორის მათ უფრო მეტი იციან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ვიდრე ქართულმა საზოგადოების ნაწილმა. წლების მანძილზე ამერიკას საქართველოს მიმართ დიდი შრომა აქვს გაწეული: მატერიალური, ფინანსური, იდეოლოგიური, პოლიტიკური და სხვა თვალსაზრისით. ამიტომ ისინი ფიქრობენ, რომ დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან არის უმადურობის გამოჩენა, ანუ ეს არის ზურგშექცევა იმ ძალის მიმართ, რომელიც თავის დროზე განვითარებად ქვეყანას გვერდზე ედგა.

ამრიგად, ევროპამ და ამერიკამ გადაწყვეტილება უკვე მიიღეს იმასთან დაკავშირებით, რომ მკაცრი კონტროლი დაუწესონ არჩევნების მიმდინარეობას და შედეგზე შემდეგ თვითონ გამოაცხადონ თავიანთი გადაწყვეტილება. ეს არ არის კამათის და გარჩევის საგანი. ეს საკითხი გადაწყვეტილია, მაგრამ რა ფორმით იქნება ესაა მთავარი.

„რეზონანსი": როგორ შეაფასებდით „ოცნების" სიის პირველ ნომრად ბიძინა ივანიშილის წარდგენას და სიაში ცნობილი სპორტსმენების მოხვედრას?

ი.კ: ბიძინა ივანიშვილმა თავის დროზე თქვა, რომ პოლიტიკიდან მიდიოდა და ის დამკვირვებლის როლში იყო, მაგრამ როგორც ჩანს, ეს როლი მას არ ეყო, რადგან იმ მთავრობამ, რომელიც მან მოიყვანა ვერ გაამართლა. ამიტომ ქართული სინამდვილე შენებისკენ კი არ წავიდა, არამედ წავიდა ნგრევისკენ. მე მინდა გითხრათ, რომ ეს ნგრევა უპირველესად მათ შეეხებათ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი მოვიდა საქართველოში და მან დაიწყო „ნაცმოძრაობის" ხელისუფლების ნგრევა. ასევე, მან მოახდინა საპარლამენტო გადატრიალება. მე მხედველობაში მაქვს წინასაარჩევნო პერიოდი, როდესაც მოსახლეობაში აქტიურად მიმდინარეობდა აგიტაცია. მაშინ ივანიშვილმა წამოაყენა კონკრეტული გეგმები, რომელიც მოიცავდა: 100-მდე საწარმოს, ეკონომიკის და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და დემოკრატიის დაშლას. აქედან გამომდინარე, მან დაინახა, რომ ეს არამხოლოდ საფრთხეს უქმნის მის გუნდს, არამედ თვითონ მას, როგორც პიროვნებას. რომ არა ბიძინა გამორიცხული იყო „ნაცმოძრაობის" დამხობა.

ბიძინა ივანიშვილს რეიტინგულად იმდენად უჭირს, რომ გადაწყვიტა თვითონ აიღოს პასუხისმგებლობა და თვითონ გახდეს პიონერი, როგორც „ქართული ოცნების" ბელადი. ასე რომ, ის ასრულებს იმ როლს, რომელიც თავის დროზე კომუნისტურ სისტემაში შეასრულეს ლენინმა, სტალინმა, შევარდნაძემ, მიხეილ სააკაშვილმა.

რაც შეეხება სპორტსმენებს, მსოფლიო პრაქტიკაში ასეთი შემთხვევები იშვიათია. სპორტსმენებმა პარლამენტში რა უნდა აკეთონ? მე მათ პატივს ვცემ. ისინი სპორტის მიმართულებით მოაზროვნეები არიან, თუმცა პოლიტიკის სიღრმესთან არავითარი კავშირი არ აქვთ. ამიტომ არასწორად მიმაჩნია მათი პოლიტიკის სივრცეში შემოყვანა. ეს იყო პრაქტიკა, რომელიც შევარდნაძის დროს ხდებოდა. სხვათაშორის სააკაშვილსაც ჰქონდა მცდელობები, მაგრამ ბევრი არა. ეს გათვლილია იმაზე, რომ საზოგადოებაზე გავლენა მოახდინონ. მსოფლიო ჩემპიონი პოლიტიკაში კი შემოიყვანეს, მაგრამ ეს ეს იქნება თუ არა ჩემპიონი პოლიტიკურ სივრცეში? აქ მხოლოდ პიროვნებაზეა ლაპარაკი, მარტო ადგება- დაჯდება. არა მგონია, ისე წავიდეს „ოცნების" საქმე, რომ ეს ცნობილი სპორტსმენები თავდაცვის საშუალებად გამოიყენონ. სად არიან მეცნიერები? ერთი ცნობილი მეცნიერი მაინც რატომ არ ჰყავთ პარლამენტში? აქ საუბარია ცნობილზე და არა გამოჩენილზე, რომლის სერიოზული დეფიციტია.

„რ": რას შეცვლის ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი „ოცნებისთვის" საპარლამენტო არჩევნებში? იქნება თუ არა პრემიერობის ან პრეზიდენტობის კანდიდატი?

ი.კ: თუ ჩვენ პრემიერებს სახელმწიფო მართვის ცოდნის თვალსაზრისით ავიღებთ, ერთ-ერთი გამორჩეული გიორგი გახარია იყო. დღევანდელი პრემიერი არადიპლომატიურია. მას არ აქვს შესაბამისი განათლება და ვერ ერკვევა სახელმწიფოთო ურთიერთობების დეტალებში. მე მგონია, რომ თუ ბიძინა ივანიშვილის გუნდი მოვიდა და მას პრემიერობის არჩევის შანსი მიეცა, ეს თვითონ ივანიშვილს სჭირდება და არა პრემიერ ირაკლი კობახიძეს. კობახიძემ თავისი მოღვაწეობა დაამთავრა. მისი არც ერთი გამოსვლა არა რის საქართველოს სასარგებლოდ გათვლილი.

ივანიშვილის ფაქტორი ისეთი აღარ არის, როგორც 2012 წელს იყო, უფრო სწორად მიახლოებულიც არაა. თუმცა ის მაინც წარმოადგენს ამომრჩეველთა 6-8%-ს. მას უზარმაზარი კაპიტალი აქვს და პარტიაში პირველი კაცია. ამიტომ ის პრობლემების გადაწყვეტას პოლიტიკით კი არ აპირებს, არამედ ფულით. თუ მოხდა ისე, რომ ბიძინა ივანიშვილი ვერ დარჩა ხელისუფლებაში, ან ნახევრად დარჩა, ჩვენ მივიღებთ საწინააღმდეგო შედეგს. მას ჩამოსცილდებიან ადამიანები, რომლებიც ერთ დროს მის გვერდით იდგნენ და ვერ მიიღეს შესაბამისი სარგებელი. ასევე, ჩამოსცილდებიან ისინიც, ვინც სარგებელი მიიღო, რადგან ისინი შეჩერდებიან და ნეიტრალურ პოზიციაში დადგებიან, იმის გათვალისწინეთ, რომ ახალმა ხელისუფლებამ არ დაიწყოს მათი პოლიტიკური თუ არა, მათი საბიზნესო გამოძიება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე