
საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომიდან თითქმის 2 კვირა გავიდა და ისევ უცნობია, რა გადაწყვეტილებას იღებს „გამჭვირვალეობის კანონზე". ოპოზიცია დროის ასე გაწელვას სასამართლოს იმ სავარაუდო გადაწყვეტილებას უკავშირებს, რაც არჩევნების წინ კანონის შეჩერებას გულისხმობს. სასამართლოს ამგვარი პოზიციის მიზეზებზე ანალიტიკოსების მოსაზრებები განსხვავებულია.
„საკონსტიტუციო სასამართლო რთულ მდგომარეობაშია, რადგან ძალიან ბევრი გარემოებები აწევს ტვირთად: ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობა, საერთაშორისო საზოგადოებისა და წრეების რეაქციები საქართველოსთან მიმართებაში", - აცხადებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან"
ყოფილ სახელმწიფო მინისტრსა და კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს კი მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო კი არ მსჯელობს, რა გადაწყვეტილება მიიღოს, არამედ ხელისუფლება ფიქრობს თუ როგორ გამოვიდეს მდგომარეობიდან.
„რამდენადაც მოულოდნელი იყო პირველადი განხილვის ასე სწრაფად ჩანიშვნა, იმდენად უცნაური და გაუგებარია ამდენ ხანს რატომ იწელება პასუხის გამოცხადება. საკონსტიტუციო სასამართლოში კი არ ფიქრობენ როგორ მოიქცნენ, არამედ ხელისუფლება ფიქრობს რა გადაწყვეტილება მიიღოს და რა მოიმოქმედოს სასამართლომ".
როგორც „სამართლიანობის" ლიდერი ეკა ბესელია ვარაუდობს, შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოს ასეთი გაჭიანურება მიუთითებს იმაზე, რომ არჩევნების წინ კანონის შეჩერებას აპირებენ.
ბესელია დაგვიანების სხვა მიზეზს ვერ ხედავს და ამბობს, რომ "იმდენად ხელისგულზე იდო ყველა არგუმენტი, თუ რატომ უნდა შეჩერდეს კანონი, რომ მხოლოდ სახელი იყო დასარქმევი".
„ახლა პირველად გიზიარებთ აზრს, რომელიც გამიჩნდა. იმდენად ალოგიკურად გადაიდო გამოცხადება, მეთერთმეტე დღეა და არ ჩანს გადაწყვეტილება, ახლა მაქვს ასეთი განცდა, არჩევნების წინ ხომ არ აპირებენ გამოაცხადონ და შეაჩერონ კანონის მოქმედება და ეს იყოს დაკავშირებული არჩევნებთან. თუ არადა ეს გადაწყვეტილება უკვე გამოცხადებული უნდა ყოფილიყო, რადგან სხვაგვარად გაუგებარია. არგუმენტების ძებნა არ სჭირდებათ, ხელისგულზე იდო ყველა არგუმენტი, რატომ უნდა გაჩერდეს ამ კანონის მოქმედება და რატომ უნდა განიხილონ ეს სარჩელი. ამაზე ფიქრისთვის არ სჭირდებათ იმ მოსამართლეებს ამდენი დღე. მათ თვალებში და სახეზე ვკითხულობდი, რომ ყველაფერი ესმოდათ, ახლა მხოლოდ სახელია დასარქმევი, მაგრამ არ გაგიკვირდეთ, რომ ეს მოხდეს ოქტომბერში", - განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ განმწესრიგებელი სხდომა 29 აგვისტოს დაიწყო და 3 დღე გაგრძელდა. სასამართლოში შესულია ოთხი სარჩელი - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის, 38 ოპოზიციონერი დეპუტატის, 121 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციისა და მედიების „მთის ამბები" და „სტუდია მონიტორი".
პრეზიდენტის წარმომადგენლები იყვნენ - კახი სამხარაძე (სახელმწიფო სამართლის სპეციალისტი), ზურაბ მაჭარაძე (პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე), ეკა ბესელია (ყოფილი პარლამენტარი) და გიორგი ბურჯანაძე (სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე); ოპოზიციონერ დეპუტატებს წარმოადგენდნენ თამარ კორძაია და ანა ნაცვლიშვილი; არასამთავრობო ორგანიზაციებს - ქეთევან ირემაძე და გიორგი დავითური, გამომძიებელი ჟურნალისტების პოზიციას კი - გელა მთივლიშვილი და ნინო ზურიაშვილი.
სასამართლოში კანონის მხარდამჭერი „ოცნების" დეპუტატები ანრი ოხანაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და არჩილ გორდულაძე არ მივიდნენ. მოპასუხე მხარეს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლები - ლევან კასრაძე, ლევან ღავთაძე და ქრისტინე კუპრავა წარმოადგენდნენ.
შეჩერდება თუ არა კანონი
პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ოპოზიციის ვერსიას ადასტურებს ის, რომ საკონსტიტუციო სამართლოს შეეძლო პირველადი განხილვა ასე სწრაფად არ ჩაენიშნა.
„ოპოზიციის ვერსია მე საკმაოდ რეალისტურად მიმაჩნია და ეს ჩანს იმაში, რომ სასამართლოს შეეძლო გაეწელა დრო და შედარებით მოგვიანებით ჩაენიშნა პირველადი განხილვა, რაც უკვე გაიარა. თუმცა აშკარად ჩანდა, რომ პროცესის დასაწყებად სახელმწიფო დავალებაც კი ჰქონდათ, რათა თუ საჭირო გახდებოდა, კანონის მოქმედება შეეჩერებინათ, სავარაუდოდ, ასეთი გათვლა იყო. სასამართლო კი ახლა ელოდება ხელისუფლებისგან რაღაც შეტყობინებას", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
ზაალ ანჯაფარიძის აზრით კი, საკონსტიტუციო სასამართლო მდგომარეობიდან გამოსვლის ოქროს შუალედს ეძებს, იმის მიუხედავად, რომ კანონს ვერ გააუქმებენ, სხვა გარემოებიდან გამომდინარე, გამორიცხული არაა, დროებით შეაჩერონ.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანაზე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან წნეხი იზრდება და ზოგიერთი პირდაპირ, ზოგიც კი ირიბად საუბრობს იმაზე, რომ არჩევნები შეიძლება არალეგიტიმურად აღიარონ და ერთ-ერთ პრობლემად „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ასახელებენ. ამიტომაც არის, რომ სასამართლოს ცოტა გაუჭინაურდა გადაწყვეტილების მიღება იმიტომ, რომ ახლა ეძებენ მდგომარეობიდან გამოსვლის ოქროს შუალედს. რაც მე მოვისმინე საკონსტიტუციო სასამართლოში კანონის განხილვისას დისკუსიებს მოსარჩელეებსა და მოპასუხეებს შორის, ჩემი აზრით, კანონს ვერ გააუქმებენ. თუმცა არსებობს სხვა მომენტებიც, რომელიც სასამართლოს მხედველობაში უნდა ჰქონდეს, თუნდაც პოლიტიკური კონტექსტი. ამიტომაც სცენარს, რაც არჩევნების პერიოდში კანონის შეჩერებას გულისხმობს არ გამოვრიცხავ. ეს ჩემი ვარაუდია და არ ვამტკიცებ, თუმცა ეს ვარიანტი რეალურად მიმაჩნია", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



