
ქართულ პოლიტიკურ რეალობაში წინასაარჩევნო დებატების საკითხი თანდათან აქტუალური ხდება - პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამის მთავარი სივრცე პარლამენტია, ოპოზიციას კი მინიმუმ ექვსჯერ ჰქონდა მასთან დებატების შანსი, თუმცა „გაურბის". რაც შეეხება სატელევიზიო დებატებს, პრემიერი ამბობს, რომ ამისთვისაც მზად არის, თუმცა განცხადებას ოპოზიციისგან გამოხმაურება არ ჰქონია.
„როგორც მაყურებელს, დამაინტერესებდა კობახიძის დებატები ადამიანთან, რომელსაც თვითონაც აქვს დებატებში მონაწილეობის უნარი (და არა გინების უნარი მხოლოდ) - ასეთია გახარია", - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე.
„სატელევიზიო დებატები ჩემთვის პრობლემა არაა, არავითარი სირთულე არ არის, ოპოზიციას იმდენად არაფერი აქვს სათქმელი საზოგადოების წინაშე, რომ უცხოელები ატარებენ მათ მაგივრად კამპანიას, რა დებატების თავი აქვთ?!" - ასე უპასუხა კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, დაჯდება თუ არა ოპოზიციასთან სატელევიზიო დებატებში. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დებატებისთვის მთავარი სივრცე არის პარლამენტი, ხოლო რაც შეეხება სატელევიზიო დებატებს, თავად მზად არის, თუმცა ოპოზიცია გაურბის დებატებს, რადგან მისი თქმით, მათ საზოგადოების წინაშე არაფერი აქვთ სათქმელი.
„პარლამენტი არის დებატების მთავარი სივრცე, მათ ჰქონდათ შანსი თებერვალში, მარტში, აპრილში, მაისში, შემდეგ იყო ივნისი, ახლა უკვე სექტემბერია. 6-ჯერ ჰქონდათ შანსი, რომ ჩემთან გამართულიყო საპარლამენტო დებატები, ექვსივეჯერ გაექცნენ. რაც შეეხება სატელევიზიო დებატებს, კი ბატონო, ჩემთვის არავითარი პრობლემა არაა, არავითარი სირთულე არ არის, იმდენად არაფერი აქვთ სათქმელი საზოგადოების წინაშე, უცხოელები ატარებენ მათ მაგივრად კამპანიას, რა დებატების თავი აქვთ?!" - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის შეფასებით, ამის არავითარი რესურსი არცერთ ოპოზიციონერს არ აქვს, რომ ბიძინა ივანიშვილს დებატებში დაუჯდეს.
„ძალიან დიდი კადნიერება იქნებოდა ოპოზიციის მხრიდან ამაზე ფიქრიც კი, რომ რამენაირად მოინდომონ ბიძინა ივანიშვილთან დებატებში დაჯდომა, უბრალოდ მისი ფრჩხილის ფასად არ ღირს არცერთი ოპოზიციონერი, რაც ძალიან კარგად იცით. უნდა გქონდეს ელემენტარულად ისეთი რეპუტაცია შექმნილი, რომ გაბედო და შესთავაზო დებატები ბიძინა ივანიშვილს, ამის არავითარი რესურსი არცერთ ოპოზიციონერს არ აქვს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საქართველოში დებატების ტრადიცია ნაკლებად არის და ჩვენი პოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე, ძნელი სათქმელია კამათი საით წავა და რა სახეს მიიღებს, ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე ვის როგორი ფსიქოლოგიური ფორმა ექნება.
„ჩვენ დებატების ტრადიციები ნაკლები გვაქვს და შედეგიანობაც ნაკლებია-ხოლმე. ის კი არა, ტრამპისა და ჰარისის დებატების შედეგებზე ვერ ლაპარაკობენ. ამბობენ, რომ ჰარისმა მოიგო, მაგრამ დებატები იმდენად ბევრი ელემენტისგან შედგება, რომ ცალსახად ვინ მოიგო, ძნელი სათქმელია.
„დებატების კულტურა არ იყო, ამერიკელებმა მერე შემოიტანეს და ეს ინიციატივა იმით იყო განპირობებული, რომ შეამჩნიეს, ადამიანები ყურადღებას არ აქცევენ პოლიტიკური პლატფორმის პროგრამის შინაარსს და აქცენტს გარეგნულ რაღაცეებზე აკეთებენ. დროთა განმავლობაში კი, დებატები შოუს რეჟიმში გადავიდა.
„აქედან გამომდინარე, ძნელი სათქმელია ჩვენი დებატები საით წავა - თუკი შოუს სახეს მიიღებს, სავარაუდოა, რომ ეს ოპოზიციისთვის უფრო ხელსაყრელი იქნება, რადგან განსაკუთრებით ბოლო ხანებში მათი სტილია, რომ ცდილობენ შეურაცხყოფა მიაყენონ ოპონენტს. ახლა ეს მეთოდი ჰარისმა გამოიყენა, გამოუვიდა იმ მხრივ, რომ კამათისას ტრამპი მართლა აღელდა და ამის ფონზე უკვე წამგებიანი ნაბიჯები გადადგა. აქაც ეგ არის-ხოლმე გათვლილი, რომ კამათში მეორე მხარე მწყობრიდან გამოიყვანონ და ამითი მომგებიანი პოზიცია გაუჩნდეთ. დებატები თუ ამ მიმართულებით წავიდა, ოპოზიციისთვის ეს სტილი მომგებიანი იქნება.
„კობახიძემ ჟურნალისტებთან კამათისას აჩვენა, რომ მას შეუძლია ნეიტრალური დარჩეს უტაქტობისა და შურაცხყოფის პირობებში, რაც პოლიტიკოსისთვის ძალიან საყურადღებო და მნიშვნელოვანი თვისებაა. დიდი შანსია, რომ ოპონენტები დებატებს მოითხოვენ სწორედ შეურაცხყოფის რეჟიმის გამო და თუკი ოპოზიციას ოპონირებას პერსონალურად კობახიძე გაუწევს, მისი ეს თავშეკავებული პოზიცია მმართველი პარტიისთვის მომგებიანი იქნება. ემოციური თვალსაზრისით შეუძლია იყოს თანამიმდევრული და თავშეკავებული. ამ თვისების გარეშე, დებატები ოპოზიციისთვის იქნებოდა მომგებიანი. თუმცა ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე თუ ვის როგორი ფსიქოლოგიური ფორმა ექნება", - განაცხადა საყვარელიძემ.
ამბობს, რომ როგორც მაყურებელი, საინტერესოდ მოსასმენი და საყურებელი იქნებოდა კობახიძე-გახარიას დებატები.
„მე მაგალითად, როგორც მაყურებელს დამაინტერესებდა კობახიძის დებატები ადამიანთან, რომელსაც თვითონაც აქვს დებატებში მონაწილეობის უნარი (და არა გინების უნარი მხოლოდ) - ასეთია გახარია. შეურაცხყოფის მიყენება თუ გახდა ძირითადი ინსტრუმენტი, მაშინ სულ ერთია ვინ იქნება", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



