სტამბოლში ბეიოღლუს რაიონში, ერთ-ერთ სასტუმროში ქართველი ქალი მოკლეს - ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალი სასიკვდილოდ შეყვარებულმა სცემა. თურქული გამოძიების მტკიცებით, საქართველოს მოქალაქეს დაზიანებები ჯერ ბლაგვი საგნით მიაყენეს, შემდეგ კი უკვე გარდაცვლილს დანით მრავლობითი ჭრილობა აღენიშნება.ხოლო მკვლელობაში ეჭვმიტანილი მისი შეყვარებული მაშინ დააკავეს, როცა ის მიმალვას ცდილობდა.
ამ დროისთვის სასტუმრო დალუქულია, რადგან ადგილზე გამოძახებულმა პოლიციამ დაადგინა, რომ დაწესებულებას ლიცენზია არ ჰქონდა.
ახალგაზრდა ქალის ვინაობა ცხნობილია. ის ქუთაისის მკვიდრი მაია ალფაიძეა. მისი მეზობლები და ახლობლები თურქული მედიით გავრცელებულ მკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ ქალი მძიმე სენს ებრძოდა. შესაბამისად, ის სავარაუდოდ, ჯერ ცუდად გახდა და წაიქცა, შემდეგ კი გულის შეტევით გარდაიცვალა.
ქალის მეზობლები თურქული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უნდობლობას უცხადებენ, და ამბობენ, რომ მაია ალფაიძე მეგობარ მამაკაცს არ მოუკლავს და მათთვის გაუგებარია რატომ გავრცელდა ეს ვერსია.
„ის რაც მედიით გავრცელდა არასწორია. არ ვიცით გამოძიებას რა მტკიცებულებები აქვს და რაზე დაყრდნობით საუბრობენ, მაგრამ ვიცით ის, რომ წაქცეულა და მომკვდარა. ჩემს ხელში გაზრდილი ბავშვია. სიმსივნე ჰქონდა და მკურნალობდა. როგორც გავიგე, გზაში წაქცეულა და იქვე მომკვდარა. დაეცა, ცუდად გახდა და მერე გულის შეტევას აბრალებენ, რომ თითქოს, გულმა უღალატაო. უჭკვიანესი, უპატიოსნესი გოგო იყო. რატომ წერენ ასე და რა ხდება არ ვიცით", - ამბობს მეზობელი.
თუმცა თურქული მედია აქვეყნებს ვიდეო კადრებს, სადაც ჩანს, რომ მკვლელი შემთხვევის ადგილიდან გაქცევას ცდილობს, თუმცა სასტუმროს ადმინისტრაციის თანამშრომელმა მისი დაკავება მოახერხა, რის შემდეგაც დამნაშავე პოლიციას გადასცეს.
მიმალვის ამსახველი კადრები იქვე დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირეს. ახლა ეს ჩანაწერები თურქი მამაკაცის წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულებაა. სათვალთვალო კამერის ჩანაწერებში კარგად ჩანს, თუ როგორ ცდილობს ახალგაზრდა მამაკაცი დანაშაულის ადგილიდან გაქცევას. თურქული მედიის ინფორმაციით, მამაკაცმა 46 წლის ქალი, სასტუმროს ნომერში ბლაგვი საგნით სასტიკად სცემა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქე სასტუმროს ადმინისტრატორმა ნახა.
"ქალი მთლიანად სისხლში იწვა და თითქმის აღარ სუნთქავდა," - სასტუმროს თანამშრომელი, ჰაკან კარაჩამი ჰყვება, თუ რა მდგომარეობაში იპოვა ქართველი ქალი სასტუმროს ნომერში. მოწმე ამბობს, რომ ოთახიდან ჩხუბის ხმა შემოესმა, რის გამოც ვითარების გადამოწმება ადგილზე სცადა. მოძალადე თურქეთის მოქალაქეა.
"როდესაც ჩხუბის ხმა შემომესმა, სიტუაციის გარკვევა ვცადე, ოთახთან მივედი და ასეთი სურათი დამხვდა. კაცი გარბოდა, მე გავეკიდე, მალევე დავეწიე და დავაკავე, თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს და მერე ქალი საავადმყოფოში წაიყვანეს," - ჰყვება მოწმე.
მაია ალფაიძე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ახლომდებარე კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ექსპერტიზის დასრულების შემდეგ მოკლულის ცხედარს სავარაუდოდ საქართველოში გადმოასვენებენ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე