
რატომ გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა სიის პირველი ნომერი ყოფილიყო და რას შეცვლის ივანიშვილის ფაქტორი „ოცნებისთვის“ საპარლამენტო არჩევნებზე? -მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტობა, ან რაიმე სხვა თანამდებობა არ სურს და "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში მისი პირველ ნომრად დასახელება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას ეფუძნება. ეს მნიშვნელობა კი საკონსტიტუციო უმრავლესობის აღებაშია.
„ოცნებაში“ ამბობენ, რომ ივანიშვილის ფაქტორს მათ ამომრჩეველში და საზოგადოების დიდ ნაწილში გავლენა აქვს, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება გუნდმა ერთხმად მიიღო.
ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ „ოცნებას“ იმდენად გაუჭირდა, იძულებულები გახდნენ მაშველ რგოლად ბიძინა ივანიშვილი გამოეყვანათ. მათი აზრით, თავად ივანიშვილმა ვერ ნახა ვერავინ ისეთი, ვისაც სიის პირველ ნომრად დაასახელებდა. რა თქმა უნდა, პოლიტიკურად არ იყო მომგებიანი დაესახელებინა სიის პირველ ნომრად პრემიერი, რომელიც საჯაროდ სცენიდან სტვენით გააძევეს.
"რა თანამდებობა და რა ბიძინა ივანიშვილი, რაში აინტერესებს საერთოდ" - ირწმუნება მამუკა მდინარაძე და აღნიშნავს, რომ პოლიტიკაში მესამეჯერ შემობრუნებულ ივანიშვილს "აბსოლუტურად არანაირი თანამდებობა არ აინტერესებს".
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ამბობს, რომ საარჩევნო სიაში საპატიო თავმჯდომარის პირველ ნომრად ჩაწერა ერთადერთ მიზეზს, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას ემსახურება.
„აბსოლუტურად შემიძლია გამოვრიცხო, რომ პრეზიდენტი იყოს ბიძინა ივანიშვილი ან ასე შემდეგ. კაცი, რომელიც შემოვიდა პოლიტიკაში, თქვა გარკვეული თარიღი, დრო და გავიდა პოლიტიკიდან თავის დროზე და მერე მობრუნება მოუწია. რა თანამდებობა და რა ბიძინა ივანიშვილი, რაში აინტერესებს საერთოდ.
ამ არჩევნების მნიშვნელობა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ბიძინა ივანიშვილმა და გუნდმა გადაწყვიტა, რომ ის იყოს სიის პირველი ნომერი, ამაში არის რეალობაც, პრაქტიკულობაც, საარჩევნო მიზნებიც, მნიშვნელობის მინიჭების მიზნებიც, გარკვეული სიმბოლიზმიც, ხაზგასმაც, ყველაფერი ამაშია.
„ეს არჩევნები არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ სიის პირველი ნომერი იყოს, ეს იყო ჩვენი თხოვნაც, მათ შორის, რომ ხაზი გაესვას ამ ყველაფერს, მნიშვნელობას ამ არჩევნებისას და იმის მნიშვნელობას, რომ არაჩვეულებრივი უმრავლესობით, საერთოდ რომ ქუდი დავიხუროთ ახლა და სახლში დავსხდეთ, საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ მოვიპოვებთ დღეს, პირდაპირ გეუბნებით, მაგრამ ჩვეულებრივი უმრავლესობის მოპოვება პრობლემა არ არის, მაგრამ ქვეყნის გადარჩენის ინტერესი ემთხვევა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების ინტერესს, აქ უფრო მეტი და მყარი გარანტიაა.
„ბიძინა ივანიშვილის ფაქტორმა, როგორც ბევრი რამე ამ ქვეყნისთვის პოზიტიურად და დადებითად გადაწყვიტა, ასევე გვინდა რომ გადაწყვიტოს, ეს ჩვენი საარჩევნო სურვილია, დიახ, ამიტომ არის სიის პირველი ნომერი, მათ შორის, რომ ასევე გადაწყვიტოს საკონსტიტუციო უმრავლესობის ბედი, რომ ჩვენ მყარი გარანტია ავიღოთ ამ ქვეყანაში მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობის და მხოლოდ ამ გზით ევროკავშირის წევრობის", - ამბობს მდინარაძე.
"ოცნების" ყოფილი წევრი და "სამართლიანობის" ლიდერი ეკა ბესელია ამბობს, რომ მმართველ პარტიას დღეს ძალიან უჭირს და ეს "ოცნების" პარტიულ ღონისძიებამაც ცხადყო. ოპოზიციის წევრის თქმით, ივანიშვილმა ვერ ნახა ადამიანი, ვისაც სიის პირველ ნომრად დაასახელებდა, რადგან ცხადია, რომ არცერთ მათგანს საზოგადოების მხარდაჭერა აღარ აქვს.
ამასთან, ბესელია ამბობს, რომ ივანიშვილმა სიაში ის ადამიანები შეიყვანა, ვინც ყველაზე მეტად მორჩილები არიან.
„ძალიან ცხადად ჩანს, როგორ უჭირს დღეს მმართველ პარტიას. არავინ არ ჰყავს „ქართულ ოცნებას“ ლიდერი, ვერავის ვერ ჩაუყენებდა ამ სიას, იმიტომ, რომ მეორე ნომერი ამ სიის არის ადამიანი, რომელიც თავისუფლების მოედანზე ხალხმა სტვენით გააჩერა. ძალიან სევდიანად და საბრალოდ გამოიყურება 12 წლის შემდეგ ეს ყევლაფერი, იმიტომ, რომ ივანიშვილის გვედით როდესაც დგება კობახიძე, მდინარაძე და ოხანაშვილი, ის ხალხი, რომლესაც არასდროს უბრძოლია არანაირი ღირებულებებისთვის, არასდროს არაფერი ამ ქვეყანაში არ გაუკეთებია ღირებული და ქვეყის სასიკეთო, ამ ადამიანების გვერდით რომ დგება, რა თქმა უნდა, ძალიან ტრაგიკულია.
საერთოდ, ვინ როგორ, რა ნიშნით ხვდება, ამას ერთი ახსნა აქვს: ვინ როგორი მორჩილია. ყველაზე მეტად მორჩილი და ყველაზე ცუდი საქმეების შემსრულებლად ვინც მიაჩნია მათ გუნდში, ისინი დარჩნენ და ამიტომაც შეიძლება არ იყო იქ თალაკვაძე, - ამბობს ეკა ბესელია.
ანალიკოსი რამაზ საყვარელიძე კი „რეზონანსთან“ მიიჩნევს, რომ ივანიშვილის პირველ ნომრად დასახელება ემსახურება იმ მიზანს, რომ ის კვლავ აჩვენებს საზოგადოებას, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და მის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას იღებს. ის არის გარანტორი ქვეყანაში არსებული სიმშვიდის და სტაბილურობის. ამასთანავე საყვარელიძის აზრით, მას ქართულ საზოგადოებაში კვლავ აქვს იმხელა გავლენა, რომ მისი მეშვეობით „ოცნებამ“ დამატებით ელექტორატის მოზიდვა შეძლოს.
„რა თქმა უნდა, ივანიშვილის ფაქტორი ყოველთვის მაინც მუშაობდა ამას ჰქონდა გარკვეული დატვირთვა, მაგრამ, ახლა ქვეყანაში და მის გარეთ ისეთი სიტუაციაა, რომ ივანიშვილი იძულებული გახდა თავი სიის პირველ ნომრად დაესახელებინა. ის საკუთარ ელექტორატს და მთელს დანარჩენ საქართველოს აჩვენებს, რომ ქვეყანაში არსებულ პროცესებზე პასუხისმგებლობას იღებს. თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რომ ის კვლავ პრემიერობას მოინდომებს ან პრეზიდენტობის კანდიდატად იქნება დასახელებული.
„ივანიშვილი პოლიტიკას როგორც თავსატეხს და ამოცანას ისე უყრებს, თუმცა უშუალოდ თავად არასდროს ჰქონდა სურვილი, რომ რომელიმე პოლიტიკური ფიგურა ყოფილიყო. ამიტომ არ ველი, რომ ის პრემიერი გახდება. მგონია, რომ კვლავ საპატიო თავმჯდომარედ დარჩება.
„ვხედავთ დასავლეთიდან რამხელა და რა დონის ზეწოლა მოდის იმაზე, რომ „ოცნება“ ხელისუფლებაში არ დარჩეს. ამიტომაც მის გუნდს გამაგრება და თუნდაც მაშველ რგოლად მისი სიაში პირველ ნომრად ჩაწერა სჭირდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, რომლის წაგების შემთვევაში, ივანიშვილსაც და მის გარემოცვასაც საფრთხე დაემუქრება.
„აქ ფიზიკურ არსებობაზეა საუბარი. ანაგრიშსწორება წავა არა მხოოდ პოლიტიკურ ფიგურეებზე, არამედ ჟურნალისტებზე, ანალიტიკოსებზე და „ოცნების“ მხარდამჭერებზე. სიტუაცია ძალიან რთულია, ამიტომ აქ გასაკვირი არაფერია, რომ „ოცნებასაც“ და ივანიშვილსაც ამ არჩევნების მოგება სურთ“,-ამბობს საყვარელიძე.
მისივე თქმით, თუკი ხელისუფლებაში ოპოზიცია დაბრუნდა და მითუმეტეს ნაციონალური მოძრაობა, რაც ლოგიკურად ასე იქნება „ოცნების“ წაგების შემთხვევაში, მაშინ ქვეყანაში რეპრესიები და ქონების მიტაცება დაიწყება. სწორედ ამ საფრთხეს ხედავს ივანიშვილი, რომელმაც უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და სიის პირველ ნომრად დასახელდა.
„ქვეყნის წინაშე ძალიან დიდი გამოწვევა დგას. მითუმეტეს არსებობს ომში ჩართვის რიკსები და ამაზე არაერთხელ ყოფილა საუბარი. ეს კი ალბათ იმ სცენარის ყველაზე კარგი ვარიანტია, თუკი ნაციონალები ისევ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ.
„ივანიშვილის პირველ ნომრად დასხელება გამოიწვევს თუნდაც იმ ელექტორატის მიმხრობას, რომლებიც ადრე „ოცნების“ მხარდამჭერები იყვნენ და რაღაცაზე განაწყენებულები განუდგნენ.
„არც ის არის გამორიცხული, რომ ამით „ოცნებამ“ გადაუწყვეტელ ამომრჩეველზეც იმუშაოს. ივანიშვილის ფაქტორი ცხადია ბევრ რამეზეა ერთდროულად გათვლილი და „ოცნება“ რომ ამას გამოიყენებდა ამაში უცნაურს და არასწორს ვერაფერს ვხედავ“,-ამბობს საყვარელიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



