თამთა ჩაჩანიძე
(11.09.2024)

სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, ქვეყანა მომავალ პრეზიდენტს უკვე 300-კაციანი კოლეგიით აირჩევს. თავად ზურაბიშვილი თანახმაა, რომ მეორეჯერაც იყაროს კენჭი. უნდა აღინიშნოს, რომ შანსები მას ეძლევა საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, თუმცა აქაც პრობლემაა, რადგან ენმ-ში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის მიდგომა - „ჯერ ოპოზიციამ გაიმარჯვოს და მერე მომაკითხეთ", გამართლებული არაა.

ანალიტიკოსთა ნაწილი ამბობს,რომ მიუხედავად ყველაფრისა, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ზურაბიშვილს შანსი აქვს, ნაწილი კი აცხადებს, რომ მხოლოდ ერთი ვადით მოუწევს მას პრეზიდენტობა.

საპრეზიდენტო არჩევნები, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩატარდება, 300 კაციან კოლეგიაში შედიან, საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და აჭარის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი და წარმომადგენლები მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან. პრეზიდენტი არჩეულად ითვლება თუ მიიღო ხმების ორი მესამედი.

რა შანსები აქვს ზურაბიშვილს

როგორც ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, საპრეზიდენტო არჩევნები თუნდაც პირდაპირი წესით რომ ტარდებოდეს და კანდიდატს ხალხი ირჩევდეს, სალომე ზურაბიშვილი მეორე ვადით ვეღარ მოვა, რადგან მას რეიტინგი არ აქვს საზოგადოებაში.

„ეს არის კოჯრის ტყის სიზმრები. თავიდან ბოლომდე არაადეკვატურია, ჯერ ერთი, რომელი ოპოზიციის გამარჯვებაზე შეიძლება ლაპარაკი, მეორეც, ვინ დაუჭერს მას მხარს და ხმას ვინ მისცემს? თავად ოპოზიციაშიც არავინ ჰყავს მხარდამჭერი. მისი გამოყენება და შემდეგ მოსროლა უნდათ, თუმცა ის გამოსაყენებელიც აღარაა და ის პოლიტიკური გვამია.

„გინდ შეიტანეთ, გინდ გამოიტანეთ ეგ თქვენი რუმბივით ფალავანიო" - „ბაში-აჩუკში" რომ არის, ასეა ზურაბიშვილის საქმეც. არჩევნები პირდაპირი წესით რომ ტარდებოდეს, სამი წლის ბავშვი მოუგებს მას. მისი რეიტინგი მინუსებშია",- განაცხადა გვენეტაძემ.

კითხვაზე, როცა 2018 წელს პრეზიდენტად აირჩიეს, მაშინ თუ ჰქონდა რეიტინგი, გვენეტაძემ განაცხადა, რომ ზურაბიშვილს მაშინაც არ ჰქონდა ხალხში მხარდაჭერა და ამიტომაც „ოცნება" იძულებული გახდა, საარჩევნო პლაკატებზე პარტიის ლიდერები დაებეჭდათ.

„მაშინაც არ ჰქონდა რეიტინგი და ეს კანდიდატურა მაშინაც შემოგდებული იყო. მე მიკვირდა და მუდამ იმას ვლაპარაკობ, მაშინ „ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტობის კანდიდატად ეს უბადრუკი დედაკაცი რატომ დააყენა. წარმოუდგენელი სიტუაცია იყო, როცა ბილბორდებზე სალომე ზურაბიშვილის სახე გამოსახული არ იყო.

„პლაკატებზე მის მაგივრად „ოცნების" ლიდერები იყვნენ გამოსახულები და ჰქონდა წარწერა - სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად. ადამიანებს ამ ქალბატონზე ალერგია ჰქონდათ, მისი დანახვა არ უნდოდათ. ახლა მასზე უარესად აქვთ ალერგია. ვურჩევდი, რომ როგორც კი საპრეზიდენტო ვადას დაასრულებს, ადგეს, ჩაალაგოს ბარგი და წავიდეს იქ, სადაც მისი ადგილია",- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ახალი სისტემის პირობებში, ზურაბიშვილს შანსები აქვს.

„ვიღაცას უნდა თუ არა, ზურაბიშვილს გარკვეული შანსები აქვს, შესაძლოა ოპოზიციაში გარკვეული კრიტიკა არის, მაგრამ მის კანდიდატურას მხარს მაინც უჭერს. აღნიშნულის შესახებ მათ განაცხადეს კიდეც. მოსახლეობა რომ ირჩევდეს, მას ნაკლები შანსები ექნებოდა, 2018 წელს ივანიშვილის მხარდაჭრით აირჩიეს",- განაცხადა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

რას ამბობს ზურაბიშვილი

„მზად ვარ, ავიღო დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის, მეორე ვადით, რათა საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას. თუ ჩემს მიერ შეთავაზებული ქარტია ამოქმედდება, მზად ვარ, ვიყო მომლაპარაკებელი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან",-ამბობს სალომე ზურაბიშვილი „ლე ფიგაროსთან" ინტერვიუში.

ამბობს, რომ ქვეყანა ახლა „ეგზისტენციალური არჩევანის წინაშეა - 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით მიჰყვება თავის ევროპულ ბედს, ან რუსეთის მსახურებაში დაბრუნდება, პუტინის რეჟიმის მოდელირებული რეჟიმით".

მისი თქმით, „ქართული ოცნება" გამჭვირვალობის შესახებ მიღებული კანონით ცდილობს, „ქვეყანა ევროპას მოჰკვეთოს და რუსეთის პროტექტორატის ქვეშ მოაქციოს. სწორედ ამ კანონით დაიმორჩილა პუტინმა თავისი სამოქალაქო საზოგადოება, საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები კი სრულყოფილად შეესაბამება იმას, რასაც პუტინი თავისთან აკეთებს".

კითხვაზე, ურევია თუ არა მოსკოვის ხელი საკამათო კანონის მიღებაში, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მკაფიო არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ გააკეთა.

„საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არის ძალიან მკაფიო არჩევანი მოსკოვთან დაახლოებისკენ. ეს ნათელი გახდა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. მას შემდეგ დასავლეთის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წინააღმდეგ თავდასხმებმა სისტემატური სახე მიიღო. ხელისუფლებამ მიატოვა ისტორიული პროდასავლური პოზიციონირება მოსკოვთან კავშირის სასარგებლოდ.

„სწორედ ამის გამო რუსეთის ლიდერები ქართველ კოლეგებს რეგულარულად ულოცავენ გადაწყვეტილებებისა და განცხადებების გამო. არის თუ არა ეს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების", ერთადერთი ინიციატივა თუ კრემლის ზეწოლა,- ძნელი სათქმელია. მაგრამ ცხადია, რომ ეს პოლიტიკა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერაა ნაკარნახევი, რომლის მოსკოვთან ურთიერთობაც ყველაზე გაუმჭვირვალეა.

„ხელისუფლებისგან წინასაარჩევნოდ ყველაფერს უნდა ველოდოთ, მაქინაციებს, როგორიცაა დაბრკოლებების შექმნა, რათა ხელი შეეშალოს დიასპორას ხმის მიცემაში, რომელიც ამომრჩეველთა დაახლოებით, მესამედს წარმოადგენს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ქართველების შიშებზე გათვლილი პროპაგანდა - ომი თუ ლგბტ საკითხი" - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილი დასძენს, რომ „ოცნება" დასუსტებულია და 25%-ზე მეტს ვერ იღებენ". მისი თქმით, „ქვეყნის მომავალი სტაბილურობა 26 ოქტომბერს პროდასავლური ოპოზიციის აშკარა გამარჯვებაზე გადის".

პოლიტიკური შეფასებები

როგორც „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, ოპოზიციის მხარდაჭერა პრეზიდენტობის იმ კანდიდატს ექნება, რომელსაც კარგი გეგმა და სხვადასხვა პარტიებთან შესაბამისი კომუნიკაცია ექნება.

„პირველ რიგში, ეს არჩევნები მოსაგებია, წარმატება მართლაც ერთი ხელის გაწვდენაზეა, მაგრამ, ამას ძალიან ბევრი, ნაყოფიერი მუშაობა უნდა. „ოცნებას" არ უნდა მივცეთ საშუალება წინასაარჩევნო პერიოდში გაყალბებისთვის მოემზადოს და თვითონ არჩევნების დღეს ოქმები გადაწეროს, არჩევნები გააყალბოს. ამისათვის ყველა პარტიამ, მათ შორის, თვითონ პრეზიდენტმა, მისმა ადმინისტრაციამ, ადამიანებმა, რომლებიც მის გვერდში არიან და მუშაობენ, მოქალაქეებს უნდა მოვუწოდოთ, თავიანთი საცხოვრებელი მისამართები გადაამოწმონ, ნახონ რამდენი უცხო პირია ამ მისამართზე მიწერილი.

„ჩავთვალოთ, რომ ყველა ეს ადამიანი, რომელიც უცხო ბინაზე, ან კერძო სახლში არის მიწერილი, „ოცნების" გამყალბებელია. ეს ადამიანები ე.წ. კარუსელზე მოვლენ და ჩვენი ემიგრანტების ნაცვლად, ხმას „ოცნების" სასარგებლოდ მისცემენ. ამიტომ, ახლა ჩვენ კამპანია იმასთან დაკავშირებით კი არ უნდა გვქონდეს გაჩაღებული, არჩევნებს რომ მოვიგებთ, პრეზიდენტი ვინ გახდება და ოპოზიცია მხარს ვის დაუჭერს, არამედ როგორ არ გავამარჯვებინოთ, როგორ არ გავაყალბებინოთ „ოცნებას" ეს არჩევნები.

„ამისათვის, მხოლოდ ბოლო დღეს დაკვირვება იმ საარჩევნო პროცესის, კომისიების დაკომპლექტება და თუნდაც, ბევრი დამკვირვებლის იქ მიყვანა, საკმარისი არ არის. „ოცნება" წინასწარ შეამზადებს ველს იმისთვის, რომ საერთოდ ვერავინ აზრზე ვერ მოვიდეს, ისე შევიდეს გამყალბებელი თავისი პირადობით, სხვა მისამართზე ჩაწერით, უბანზე სიაში ყოფნით და ხმა ლეგალურად ისე მისცეს, რომ დამკვირვებლის ყურადღების მიღმა აღმოჩნდეს.

„ამაზეა დღეს სამუშაო, გამარჯვებაა მოსაპოვებელი. ამის შემდეგ, გაერთიანებულად, ოპოზიცია, ახალი კოალიციური უმრავლესობა მხარს ალბათ იმას დაუჭერს, ვისაც კარგი გეგმა, კარგი პროგრამა, შესაბამისი კომუნიკაცია ექნება სხვადასხვა პარტიებთან. სწორედ ის იქნება ადამიანი, ვისაც ოპოზიციისგან საპრეზიდენტო მხარდაჭერა ექნება", - განაცხადა ცისკარიშვილმა.

ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომ მზად არის, აიღოს პასუხისმგებლობა, მათ შორის, მეორე ვადით, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და რეალობას მოწყვეტილია.

"მახსოვს, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობდა, ჩვენ სალომე ზურაბიშვილს მხარი დავუჭირეთ, როგორც არაპარტიულ კანდიდატს. მაშინ გავიხსენოთ განცხადებები, რა განცხადებებს აკეთებდა ეს ქალი, რომ ომი საქართველომ დაიწყო და ა.შ. ხომ გახსოვთ ეს მძიმე განცხადებები. ეს არ იყო ქვეყნის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები მისი მხრიდან? რომელი ერთი ჩამოვთვალო...

„როგორ წარმოგიდგენიათ, გერქვას ქვეყნის პრეზიდენტი, უცხოურ მედიაში საუბრობდე და ამბობდე, რომ სამშობლო, სადაც დაიბადე, გაიზარდე, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს როგორი დამოკიდებულება გაქვს პრემიერ-მინისტრთან, ხელისუფლებასთან, ყველაფრის მიუხედავად, გამოდიოდე და ამბობდე, რომ შენი საკუთარი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს. რისი ღირსია ახლა ამის შემდეგ ეს კონკრეტული ადამიანი და ამ ტიპის პოლიტიკოსები", - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა 26 ოქტომბერს „ამ რადიკალურ დაჯგუფებას სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით შესაბამის პასუხს გასცემს".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე