თამთა ჩაჩანიძე
(11.09.2024)

„ქართულმა ოცნებამ" ოქტომბრის არჩევნებში სიის პირველ ნომრად პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშილი წარადგინა. ჯერ ცნობილია მხოლოდ ოცეული, სადაც შედიან, როგორც ოლიმპიური მედალოსანი სპორტსმენები, ისე ცნობილი თუ ახალი პოლიტიკური სახეები. ოპოზიცია ოცეულს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ივანიშილის სათავეში მოქცევა და ცნობილი მედალოსნების შეყვანა ნიშნავს, რომ მმართველ პარტიას გაუჭირდა.

„ეს არის ისტორიული არჩევნები და იმაზე მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე 2020 წელს ჰქონდა... შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკური და მართებულია, რომ „ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი სიის პირველ ნომრად მოგვევლინა",- აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

„ოცნებას" გაუჭირდა, თავად პარტიაც და ბიძინა ივანიშვილიც 2012 წლის რეალობით ცხოვრობს. მას მერე რეალობა შეიცვალა, ხალხი გაწბილებულია ბირველ რიგში თავად ბიძინა ივანიშვილით. არ გამოვრიცხავ უკურეაქცია მიიღოს ხალხისგან",- აცხადებს ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან".

„ოცნებამ" ოცეული 10 სექტემბერს პრეზენტაციაზე დაასახელა სადაც არიან - ბიძინა ივანიშვილი; ირაკლი კობახიძე; ირაკლი ღარიბაშვილი; შალვა პაპუაშვილი; მამუკა მდინარაძე; თეა წულუკიანი; ლაშა ტალახაძე; ვახტანგ თურნავა; მაკა ბოჭორიშვილი; გენო პეტრიაშვილი; სოზარ სუბარი; მარიამ ქვრივიშვილი; ანრი ოხანაშვილი; ნიკოლოზ სამხარაძე; ეკა ჭიჭინაძე; შოთა ბერეკაშვილი; ლევან მახაშვილი; მიხეილ ყაველაშვილი; გიორგი გაბუნია; ლიკა შარტავა.

„როგორც ხედავთ, ჩვენი საარჩევნო სიის ოცეული შედგება პოლიტიკური გუნდის სტაჟიანი და ახალი წევრებისგან, ახალი სახეებისგან, ყველა ასაკის წარმომადგენლებისგან, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანებისგან", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არ არის უბრალო არჩევნები.

„ეს არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც საზოგადოებამ საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, ირჩევს ომს თუ მშვიდობას, ირჩევს საზოგადოების მორალურ გადაგვარებას თუ ტრადიციულ ფასეულობებს, ირჩევს ბნელ წარსულს თუ საქართველოს ნათელ, ევროპულ მომავალს. დარწმუნებული ვართ, ქართველი ხალხის მხარდაჭერით გაიმარჯვებს ჩვენი პოლიტიკური გუნდი, რაც საქართველოში მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობისა და საქართველოს ნათელი, ევროპული მომავლის გამარჯვებას ნიშნავს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, 26 ჩვენი დღეა და 26 ოქტომბერს აუცილებლად საქართველო გაიმარჯვებს", - განაცხადა კობახიძემ.

რა პრინციპით შეირჩა ოცეული და რას ნიშნავს პირადად ივანიშვილის ჩართვა

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ არჩევნებს იმაზე მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე წინა შემთხვევებში იყო და ბიძინა ივანიშილის პირადად ჩართვა ამიტომაც გახდა აუცილებელი.

„მმართველი პარტიის მხრიდან არაერთხელ ითქვა, რომ ეს არის ისტორიული არჩევნები და იმაზე მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე 2020 წელს ჰქონდა, რათა ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენა, სუვერენიტეტისა და მავნებლური პროპაგანდებისგან დაცვა იქნას უზრუნცველყოფილი. ამისთვის „ქართული ოცნების" ამომრჩევლების მაქსიმალური მობილიზება უნდა იყოს, რათა გარანტირებული გამარჯვების გარდა, მიღებულ იქნას საკონსტიტუციო უმრავლესობა.

„შესაბამისად, აბსოლუტური და ლოგიკური და მართებულია, რომ „ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი სიის პირველ ნომრად მოგვევლინა. ასევე ამ ოცეულში წარმოდგენილნი არიან ის ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც მმართველ პარტიაში არიან - ხელისუფლების სხვადასხვა შტოებში.

„რასაკვირველია, პრეზენტაციაზე ახალი პოლიტიკოსებისა და წარჩინებულ სპორტსმენთა წარდგენა მეტყველებს იმაზე, რომ ძლიერ პარტიას ძლიერი პიროვნებები სჭირდება ყველა სეგმენტიდან. ეს, რა თქმა უნდა გამართლებულია, როგორც პიარტექნოლოგიურად, ასევე იმ მხრივაც, რომ პრინციპულ არჩევნებს უძლიერესი პოლიტიკოსები სჭირდება, რომლებიც ოცეულის მიღმაც იქნებიან. ამ ყველაფერს ძლიერი საარჩევნო პროგრამა ესაჭიროება, რომლის პრეზენტაცია 1-ელ ოქტომბერს იქნება.

„რაც შეეხება რადიკალური ოპოზიციიდან ძალიან მავნებლურ და პარაზიტულ გამოხმაურებებს, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი უკვე წაგებულნი არიან. თუ თავები გამარჯვებულებად მიაჩნიათ, რატომ არიან გაბოროტებულები, როგორც „ქართულ ოცნებაზე", ისე მის მხარდამჭერებზე? წაგებულ მარგინალებს სხვა არაფერი არ დარჩენიათ, თუ არა წყევლა-კრულვა და უსაქციელო რეპლიკები.

„ეს მათი სავიზიტო ბარათია, რადგან ამ ტოქსიკურ ჭაობში ისინი მიიყვანა უსამშობლობამ, ანგარებამ და აგენტოკრატიის მსახურებად ყოფნამ. უდიდესი ალბათობით „ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება და ეტაპობრივად შესრულდება ის ძირითადი დაპირებები, რაც „ქართული ოცნების" ლიდერებმა უკვე დასახეს და რაც საქართველოს სააზოგადოების უდიდესი ნაწილის სურვილებსა და ნებას შეესაბამება",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ოცნებას" გაუჭირდა და ამიტომაც მოაქცია ივანიშვილი სიის სათავეში, ხოლო ცნობილი სპორტსმენები ოცეულში.

„ოცნებას" გაუჭირდა, თავად პარტიაც და ბიძინა ივანიშვილი 2012 წლის რეალობით ცხოვრობს, როცა მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა ხმა მისცა, არა იმდენად „ქართულ იცნებას", არამედ უშუალოდ ივანიშვილს, უფრო სწორად მის ფულს, რადგან ის არც ილია ჭავჭავაძე არაა და არც ექვთიმე თაყაიშვილი. მას მერე რეალობა შეიცვალა, ხალხი გაწბილებულია ბირველ რიგში თავად ბიძინა ივანიშვილით.

„თავად „ოცნების" არგუმენტი თუ რისთვის მოაქციეს ივანიშვილი სიის სათავეში, რა თქმა უნდა, არადამაჯერებლად ჟღერს. „ოცნების" წევრები მლიქვნელობენ, როცა იძახიან, რომ თითქოს, სტაბილურიბის, მშვიდობის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარანტია ბიძინა ივანიშვილია და ამ მიზეზის გამო, ის სიის სათავეში უნდა იყოს. ალბათ ან თავად ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ პირველი ნომერი იყოს, ან დავალება რუსეთიდან მიიღო და ვერავინ ვერ შეეწინააღმდეგა.

„ალბათ სია იმ პრინციპით შედგა, რომ ხალხისთის მიმზიდველი ყოფილიყო, ჩაიყვანონ სხვადასხვა რეგიონებში და ხალხს აჩვენონ - აი, ნახეთ ვინ არის ჩვენს გვერდზეო. ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია და ალბათ იფიქრეს თუ მასთან დაკავშირებით კითხვები არ იქნებოდა. იგივე გენო პეტრიაშილზე ვიცით, რომ თავის დროზე რუსებს ჰყავდათ ტყვედ და „ოცნების" სიაში მისი ყოფნა უცნაურია. მათ სურთ ამ სპორტსმენების გამოყენება და ეს ხშირად ხდებოდა, როცა ისინი ხალხში უფრო მეტად პოპულარულები არიან.

„არ გამოვრიცხავ, რომ რაც ამ სიის შედგენისას „ქართულმა ოცნებამ" ჩაიფიქრა, უკურეაქცია მიიღოს ხალხისგან. მისახლეობას სურს, რომ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები გადაიჭრას და ხვდება, რომ ამ სიით პრობლემები ვერ გადაიჭრება. თან მოსახლეობისთვის სპორტსმენის პოლიტიკაში წასვლა, როგორც ჩანს, მიუღებელია",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

პოლიტიკური შეფასებები

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის სიის სათავეში მოქცევა მეტყველებს იმაზე, რომ „ოცნება" წაგებისთის ემზადება, ივანიშვილს კი იმუნიტეტი სურს დეპუტატობით.

„ოცნება" ამ არჩევნებს აგებს, ამაზე მეტყველებს სიაში ბიძინა ივანიშვილის პირველ ნომრად ყოფნა. ეშინია მას და იმუნიტეტი სურს, პირველი - ბიძინა ივანიშვილს სურს გარკვეული იმუნიტეტის მოპოვება შემდგომი დეპუტატობით, მეორე- თვითონვე აქვს ნათქვამი, მეორედ მობრუნება არ უნდა დამჭირდეს, ესე იგი არასწორად გამიკეთებია რაღაცო. მეორედ, მესამეჯერ რომ მობრუნდები საპატიო თავმჯდომარედ, ესე იგი არასწორია შენი პოლიტიკა.

„აგებს „ოცნება" ამ არჩევნებს, ამაზე მეტყველებს სიაში მისი პირველ ნომრად ყოფნა, ეშინია ივანიშვილს და იმუნიტეტი სურს, ამაზე მეტყველებს მისი პირველ ნომრად ყოფნა და "ქართული ოცნება" უკეთესს შემთხვევაში ალბათ გაიყვანს 40-მდე დეპუტატს. "ქართული ოცნება" იქნება ოპოზიციაში, ხოლო ივანიშვილი შეასრულებს მამუკა მდინარაძის როლს პარლამენტში და იქნება უმცირესობის ლიდერი, ივანიშვილის პირველი ნომრობა ნიშნავს შემდგომი მოწვევის პარლამენტში მის მდინარაძეობას." - განაცხადა ჩიხლაძემ.

„ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ კი განაცხადა, რომ სპორტსმენების ბულინგი სამარცხვინოა და რომ მათ მიმართ ხალხის ნდობა და სიყვარული ძალიან დიდია.

"სპორტსმენების ბულინგი სამარცხვინოა. სპორტსმენები სწორედ ის ხალხი არიან, ვისაც ყველაზე კარგად ესმის შრომის ფასი და ვისაც თავის შრომის ფასად უდიდესი წარმატებები აქვთ მიღწეული. ამ ადამიანების მიმართ ხალხის ნდობა და სიყვარული ძალიან დიდია. საზოგადოება შედგება სპორტსმენებისგან, მუსიკოსებისგან, შემოქმედთაგან, ინჟინრებისგან, ეკონომისტებისგან და რა არის გაუგებარი, რომ რამდენიმე ადამიანი წარმოადგენდეს საქართველოს პარლამენტში თავის სფეროს და იღვაწოს იმისთვის, რომ გააუმჯობესოს მდგომარეობა ზოგადად, ქართულ სპორტში?" - აღნიშნა ოდიშარიამ.

მისი თქმით, წარმატებული ადამიანების "ქართული ოცნების" სიაში ყოფნა, ძალიან ბუნებრივი მოვლენაა.

"ჩვენ სიაში "ლუზერებს" არ ვწერთ, მხოლოდ წარმატებულ ადამიანებს ვწერთ განსხვავებით მარგინალური ოპოზიციისგან. შესაბამისად, წარმატებული ადამიანების "ქართული ოცნების" სიაში ყოფნა, ძალიან ბუნებრივი მოვლენაა", - განმარტა მან.

რაც შეეხება კითხვას პარტიის საარჩევნო სიის პირველ ნომერთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, დეპუტატმა აღნიშნა, რომ მისი სიაში ყოფნა ბუნებრივია.

"მე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილის ყოფნა ძალიან ბუნებრივია. ადამიანი არის პოლიტიკაში, უპირობო ლიდერი და ავტორიტეტი "ქართული ოცნებისთვის" და ჩვენი მრავალ ათასიანი მომხრეებისთვის. ამიტომ, ყველას სურვილი და მისი შესაბამისი გადაწყვეტილება იყო, რომ ის საარჩევნო სიის პირველი ნომერი ყოფილიყო. "ქართულ ოცნებას" აქვს 60%, რაც უმეტესწილად განპირობებულია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით. რა არის აქ გასაკვირი?", - განაცხადა ოდიშარიამ.

კითხვაზე, იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი, ოდიშარიამ უპასუხა, რომ ის პარლამენტის წევრი აუცილებლად გახდება, ხოლო თანამდებობებზე იქნება ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე თუ სხვები, გადაწყვეტილებები მომავალში იქნება.

"რა თქმა უნდა, ეს კონსულტაციები გაიმართება ძალიან მალე, არჩევნებთან მიახლოებულ თარიღებში და შესაძლოა, პოლიტიკურმა საბჭომ, პრემიერ-მინისტრმა თავად განაცხადოს ასეთი გადაწყვეტილებების შესახებ. ვიდრე პარტიის ლიდერები და პოლიტსაბჭოს წევრები არ იტყვიან, მე თავს შევიკავებ ასეთი კომენტარისგან", - აღნიშნა ოდიშარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე