
რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ ბიუჯეტიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება და რა არის რეალურად ამ შეთავაზების მიზანი? ანალიტიკოსებს ამაზე განსხვავებული მოსზრებები აქვთ. ნაწილი ფიქრობს, რომ ასეთი შეთავაზება „ოცნებას“ ჯერ კიდევ 2012 წელს უნდა გაეკეთებინა და ახლა არ გვექნებოდა ასეთი მწვავე დაპირისპირება ხელისუფლებასა და არასამთავრობო სექტორს შორის. მეორე ნაწილის აზრით კი, ხელისუფლებამ „გამჭვირვალობის კანონით“ ის შედეგი ვერ მიიღო, რასაც ელოდა და ახლა გამოსავალს ეძებს.
გარდა ამისა, ხელისუფლების ოპონენტები ამ შეთავაზების აბსურდულობაზეც საუბრობენ. მათი შეფასებით, არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობის მთავარი არსი ისაა, რომ ისინი არც ფინანსური და არც სხვა თვალსაზრისით არ არიან დამოკიდებული მთავრობაზე.
გარდა ამისა, დღეს „ქართული ოცნება“ სახელმწიფო გრანტებს სთავაზობს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც „უცხოური გავლენის ორგანიზაციათა რეესტრში“ დარეგისტრირდნენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სახელმწიფო საგრანტო პროგრამას შექმნის.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დავაფუძნოთ საგრანტო პროგრამა, რომელიც სრულად ქართველი გადასახადის გადამხდელის ფულით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება...
„რეგისტრაციას არ ერიდებიან უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში არც პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ცდილობენ, არც რევოლუციური გეგმების რეალიზებაში მონაწილეობენ, არც ქვეყნის რელიგიური იდენტობის შერყევას ცდილობენ, არც ლგბტ-პროპაგანდით არიან დაკავებული და არც სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტების მშენებლობისთვის ქმნიან ხელოვნურ დაბრკოლებებს“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ზოგიერთი დონორი არასამთავრობო ორგანიზაცებს დაემუქრა და დააშანტაჟა, რათა არ დარეგისტრირებულიყვნენ რეესტრში:
„მრავალ არასამთავრობო ორგანიზაციას კონკრეტული უცხოელი დონორები დაემუქრნენ დაფინანსების შეწყვეტით იმ შემთხვევაში, თუ ისინი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციას გაივლიდნენ“.
პრემიერის თქმით, ბიუჯეტის ფულით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება იქნება გამჭვირვალე. მას არ დაუსახელებია კონკრეტული თანხა, რომელიც გრანტების გაცემისთვის გამოიყოფა, თუმცა თქვა, რომ ეს იქნება რამდენიმე მილიონი ლარი. მისი თქმით, უახლოესი ორი თვე შესაბამისი პროცედურების მოგვარებას დასჭირდება, პირველი საგრანტო პროექტი 2025 წლის იანვრიდან დაფინანსდება.
პოლიტიკური შეფასებები
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბეჟაშვილი მთავრობის ამ გადაწყვეტილებას „ცინიკურს“ უწოდებს. მისივე შეფასებით, მთავრობის ეს ნაბიჯი არა არჩევნების ხელშემწყობი ღონისძიება, არამედ მისი გაყალბებისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
„ცინიკურია პრემიერ-მინისტრის განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე. ცხადზე უცხადესია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები დამოუკიდებლობას ვერ შეინარჩუნებენ, თუ ხელისუფლების ფინანსებზე იქნებიან დამოკიდებული. მათი საქმიანობა სწორედ ობიექტურობას და დამოუკიდებლობას უკავშირდება. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წვლილი სამოქალაქო სექტორების განვითარებაში.
„ეს 200 მილიონი გასაგებია, რომ გამოყენებული იქნება პროსამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებისათვის, ასევე ამომრჩევლების მოსყიდვისთვის. ბუნებრივია, ეს კიდევ დამატებითი ფაქტორი იქნება, თუ რატომ არ შეიძლება ჩაითვალოს ხელისუფლების ეს ნაბიჯი არჩევნების ხელშემწყობ ღონისძიებად. პირიქით, ეს იქნება არჩევნების გაყალბებისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის გვერდით დაუდგება ისეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს ან ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან და არა სხვისას.
„არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მართლაც კეთილ საქმეს აკეთებენ, რატომაც არა, ყველანაირად ხელს შევუწყობთ - დავეხმარებით, დავაფინანსებთ. გუშინ პრემიერმა ძალიან ვრცელად ისაუბრა აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ის შანტაჟი, რომელიც უცხოეთიდან მოდიოდა ამ ორგანიზაციების მიმართულებით, რომ „აი, თქვენ თუ დარეგისტრირდებით, ჩვენ არ დაგაფინანსებთ“, ეს ძალიან მძიმეა. შესაბამისად, ვისაც მართლა სურვილი აქვს, რომ კარგი საქმე აკეთოს ამ ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის, ემსახუროს ამ ქვეყანას და არა ვიღაც სხვას, გაატაროს არა რომელიმე სხვა ქვეყნის ინტერესები, არამედ გაატაროს მისი სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის ინტერები, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის გვერდით დაუდგება ასეთ ორგანიზაციებს თუ ადამიანებს“, - განაცხადა კალაძემ.
ვისზეა გათვლილი პრემიერის ინიციატივა
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ პრემიერ ირაკლი კობახიძის შეთავაზება არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის უაღრესად დადებითია და წამყვან ევროპულ ქვეყნებში სწორედ ასეთი სისტემა მუშაობს. მისი აზრით, „ოცნებას“ მსგავსი შეთავაზება მესამე სექტორისთვის 2012 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის თანავე უნდა გაეკეთებინა. მამრაზე მიიჩნევს, რომ მაშინ ხელისუფლებამ ეს შეცდომა დაუშვა და ახლა ამის შედეგებს იმკის.
„თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ 2012 წლიდანვე მმართველი გუნდი მესამე სექტორს ამას შესთავაზებდა. ეს რომ მომხდარიყო, დღეს ამ მხრივ სრულიად სხვა რეალობა გვექნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ამიტომ ძალიან მისასალმებელია პრემიერის ეს ინიციატივა და ამაში ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავ.
„მაშინვე შესანიშნავად იცოდა ყველამ, რას წარმოადგენდა ის რამდენიმე „ენეჯო“, რომლებზეც უცხო ექსპერტები შესანიშნავად წერდნენ, რომ საქართველოში „ენჯეოკრატიაა“. ძალიან მავნე რამეა ეს ენჯეოკრატია, რომელიც მაშინდელი სააკაშვილის რეჟიმის ხელში ინსტურმენტი იყო.
„ისინი ახლა ოპოზიციაში ყოფნის დროს ამ ინსტრუმენტს კვლავ შესანიშნავად იყენებენ. რომ გამოცხადდება გრანტები, საერთოდ ახალი ენჯეო სექტორი შეიქმნება. სულ მცირე სახელმწიფოს დაფინანსებით იმაზე კარგ რეალობას მივიღებდით სამოქალაქო და პოლიტიკური თვალსაზრისით, ვიდრე ახლა გვაქვს“
„მე ხაზს ვუსვამ და ვამბობ - მხოლოდ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროინდელი (ყოფილი ჩინოვნიკები) და მისი მხარდამჭერი ადამიანები არიან გაწევრიანებული. მათ საერთო არაფერი აქვთ მესამე სექტორთან“, - ამბობს მამრაძე.
მისივე თქმით, რეალურად ვინც საქმეს აკეთებენ - ჯანდაცვაში, განათლებაში, ეკოლოგიაში - თავისთვის ჩუმად არიან და მათ ამ რეესტრში დარეგისტრირებაც არ უჭირთ.
„ვნახოთ ახლა ვინ პასუხობს პრემიერს - ზუსტად ის ადამიანები, ვინც უკვე ვახსენე. ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას ცდილობენ და ე.წ. ტექნიკურ მთავრობას ნიშნავდნენ. აბა, ის ხალხი, რომელიც რეალურად საქმეს აკეთებენ და თავის დარგში მართლა დაინტერსებული არიან ამ გრანტების გამოყენებით, საერთოდ ხმას არ იღებენ.
„მეორე - ვინ ეძახის ამ ადამიანებს აგენტებს? კანონში სიტყვა „აგენტი“ საერთოდ არ არის მოცემული. მითუმეტეს, საქართველოს კანონი განსხვავებით ამერიკული და სხვა კანონებისგან, რუსულზე არაფერს აღარ ვამბობ. ის მიმართულია მხოლოდ ორგანიზაციაზე, რომ ჯარიმა გადაიხადოს. პიროვნებას ხომ არავინ ეხება. ამიტომ იმის ჩვენება, რომ საქართველოში დიქტატურაა, აბსურდია“, - ამბობს მამრაძე.
„ოცნებამ“ ბოლომდე ვერ გათვალა და ახლა პანიკაშია“
ყოფილი სახელწმიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი ამბობს, რომ ხელისუფლებას „გამჭვირვალობის კანონის“ ირგვლივ დასახული მიზნები საბოლოოდ ჩაუვარდა და ახლა ამის რაღაცანაირად გამოსწორებას ცდილობს. მისივე შეფასებით, შესაბამის რეესტრში მხოლოდ 400 დარეგისტრირდა და „ოცნებისთვის“ ეს კატასტროფაა, რადგან სამოქალაქო საზოგადოებამ მათ მიერ შემოღებულ კანონს დასცინა და ზურგი შეაქცია.
„ეს ხელისუფლებისთვის ძალიან დიდი გამოწვევა და იმედგაცრუებაა. ამიტომ ახლა მოიფიქრეს ეს, რომ იქნებ როგორმე ვინმეს გული მაინც მოიგონ და ანკესზე წამოაგონ. ეჭვი მეპარება ასე მოხდეს, რადგან დრო გავიდა და ახლა ორგანიზაციები დარეგისტრირდებიან თუ არა, აზრი აღარ აქვს, რადგან 3 სექტმებრის შემდეგ, 25 ათასი ლარი ჯარიმა მაინც უნდა გადაიხადონ.
„ოცნებამ“ ბოლომდე მაინც ვერ გათვალა, რომ მესამე სექტორი ზურგს შეაქცევდა. ახლა პანიკაში არიან, რადგან რაც წამოიწყეს, ყველაფერი ჩაუვარდათ. კრახი განიცადეს ეკლესიასთანაც, ისიც კი არ იცოდნენ, რომ ჟვანიას და შევარდნაძის დროს ეს თემა უკვე გავლილი იყო და საპატრიარქოს თავისი პოზიცია მკაფიოდ ჰქონდა ჩამოყალიბებული.
„ამიტომ ასე ყველაფერში ხელმოცარულები სხედან ახლა და ფიქრობენ რა გააკეთონ, რომ ასე ყველაფერზე დასაცინები არ იყვნენ. ახლა ხომ წარმოუდგენელია ადამიანებს, რომლებსაც სხვა ქვეყნის აგენტებს ეძახდნენ, მოუნდეთ და მათგან ფულია იღონ, ვითომ არაფერი და ასე ბედნიერად დასრულდეს ეს ამბავი.
„კი ბატონო, კობახიძეს არ თქვა ისეთი არაფერი, რაც სხაგან არ არის. არის ევროპულ ქვეყნებში, რომ არასამთავრობო სექტორს ხელისუფლება რიგ პროექტებზე სამუშაოდ ქირაობს. ამაში უხდის ბიუჯეტიდან ფულს. როგორც გინდა არ ეთანხმებოდეს, მაინც ქირაობს. ამათ ახლა ეს კი არ ადარდებთ რეალურად, ანაღვლებთ ის, რომ საქვეყნოდ არიან დასაცინები და აღარ იციან რა მოიფიქრონ“, - ამბობს ზაქარეიშვილი.
მისივე თქმით, ხელისუფლებას ახლა ეზარება კატა-თაგვობანას თამაში მესამე სექტორთან, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციები საკმაოდ ბევრი არიან და მათი მუდმივად დევნა და დაჯარიმება რთული იქნება. მეორე მხრივ კი ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს საზღვარგარეთ შეუძლიათ დარეგისტრირება და მაშინ მმართველი გუნდი ისევ იძულებული გახდება ამ კანონში რუსეთის მსგავსად ცვლილებები შეიტანოს და მესამე სექტორის დევნა ახლა საზაღვარგარეთ გააგრძელოს. ეს კი დიდ ადმინისტრაციულ რესურს და შესაძლებლობებს მოითხოვს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



