
არჩევნებამდე თვენახევრით ადრე, პოლიტიკურ პარტიებს შორის „პლაკატების ომი" დაწიყო. „ქართული ოცნება" ვიდეომასალას ავრცელებს, სადაც, მათი ინფორმაციით, „ახალის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები „ოცნების" პლაკატებს ანადგურებენ. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ეს არის საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლის პირდაპირი მტკიცებულება და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ. ბრალდებას „ახალიდან" ჯერჯერობით არავინ უპასუხა.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ ეს დაპირისპირება მხოლოდ პლაკატების ომით არ შემოიფარგლოს და უფრო „მძაფრი ექსცესებიც ვიხილოთ", იქიდან გამომდინარე, რომ ოქტომბრის არჩევნებზე ფსონები დიდია და ბრძოლა გაცილებით მძაფრია.
რაც შეეხება საკითხს, თუ როგორ აღიქმება ეს დაპირისპირება ამომრჩევლის თვალში, ანალიტიკოსის აზრით, წინა არჩევნების გამოცდილებიდან გამომდინარე, სურათი დიდად არ შეცვლილა და ელექტორატი ამ დაპირისპირებას დადებითად არ აღიქვამს. თუმცა დასძენს, რომ ამას ამომრჩევლები „იმდენად მიეჩვინენ", რომ შეიძლება ერთგვარი იმუნიტეტიც კი გამოუმუავდათ და მიიჩნევენ, რომ ეს საქართველოში არჩევნების თანმდევი პროცესია.
„ყურადღებით დავაკვირდებით, თუ როგორი რეაქცია ექნებათ არასამთავრობო ორგანიზაციებს და სადამკვირვებლო მისიებს ვიდეოკადრებზე, რომლითაც დასტურდება, რომ „ქართული ოცნების" სააგიტაციო მასალის განადგურებას პარტია „ახალის" წევრები აორგანიზებენ და ახორციელებენ. მოვითხოვთ, რომ მკაცრო რეაგირება ჰქონდეთ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდს აკვირდებიან", - აცხადებენ „ქართულ ოცნებაში" .
უნდა აღინიშნოს, რომ „პლაკატების ომი" პრაქტიკულად ყველა არჩევნებზე თითქმის ერთნაირი ინტენსივობით მიდიოდა, თუმცა არ იყო მძაფრი. მაგალითად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ზუგდიდის ოლქში, „ევროპული საქართველოს" მაშინდელი კანდიდატი გიგი უგულავა ჩიოდა იმის გამო, რომ მათ საარჩევნო პლაკატებს „ქართული ოცნების" საარჩევნო პლაკატები გადააკრეს. ამას „ევროპულმა საქართველომ" იმით უპასუხა, რომ გადააკრა პლაკატები, სადაც კარიკატურულად იყო გამოსახული ბიძინა ივანიშვილი.
„შესაძლოა ვიხილოთ უფრო მძაფრი ექსცესებიც"
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ წინა არჩევნებზე პლაკატების ჩამოხევა-გადაკვრას დიდად ინტენსიური სახე არ ჰქონდა, თუმცა ახლა მოსალოდნელია, რომ ეს დაპირისპირება მხოლოდ ამით არ შემოიფარგლოს.
„პლაკატების ჩამოხევის პრაქტიკა ყველა წინა არჩევნებზე იყო - ზოგან მეტად, ზოგან ნაკლებად. ამაში რაიმე სიახლე არაა წინასაარჩევნო ბატალიებისთვის. არ მახსენდება, რომ წინა არჩევნებზე ამას ინტენსიური სახე ჰქონოდეს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ამ არჩევნებზე ფსონები დიდია და ცნობილი მიზეზების გამო, ბრძოლა გაცილებით მძაფრია, არ გამოვრიცხავ, რომ ეს დაპირისპირება მარტო პლაკატების ჩამოხევით არ შემოიფარგლოს.
„შესაძლოა ვიხილოთ უფრო მძაფრი ექსცესებიც. მაგალითად, ერთმანეთისთვის საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლა, ერთმანეთის მიტინგებზე საკუთარი პარტიული აქტივისტების მიგზავნა და იქ შეურაცხმყოფელი შეძახილები და ყველა საშუალებები, რომლებიც ამ ორგანიზაციებს აპრობირებული აქვთ და რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ წინასაარჩევნო კამპანიებს ხელი შეუშალოს.
„ამისთვის ძალიან ბევრი ასორტიმენტი არსებობს, თუნდაც, მაგალითად, ვინმე მივიდეს და რომელიღაც პარტიის საარჩევნო მიტინგზე დადგეს რაღაცა პლაკატით ხელში. გასაგებია, რომ მის მიმართ პროტესტი წამოვა, რაც შემდგომ შეიძლება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. დაახლოებით ასეთი მოვლენები, პრინციპში, წინა არჩევნების დროსაც გვინახავს",- განაცხადა ანჯაფარიძემ.
მისივე თქმით, პლაკატებზე დატანილი ლოზუნგები წესით ელექორატის ინფორმირებას უნდა ემსახურებოდეს, თუმცა წინა გამოცდილებებიდან გამომდინარე, ამ მხრივ ბევრ პარტიას ფული ტყუილად აქვს გადაყრილი.
„პარტიას გადასაყრელი ფული არ უნდა ჰონდეს, რომ პლაკატებს ამხელა ტირაჟით ბეჭდავს. პარტიებმა იციან, რომ მათმა ოპონენტებმა შეიძლება მათი რაღაც ნაწილი ჩამოხიონ, ან ზემოდან საკუთარი პლაკატები გადააკრან. ამიტომაც ბეჭდავენ ამდენს და რაც შეიძლება მეტ ადგილას აკრავენ. ყველა პლაკატს ვერ ჩამოხევ და ყველას ვერ გადააკრავ.
„თუმცაღა გააჩნია პლაკატის შინაარსს. პოლიტიკური ტექნილოგიის და პოლიტიკური პიარის ხელოვნებაა, თუ შენ პლაკატზე რას დაიტან - რა ლოზუნგს, რა მოწოდებებს, რომ ამან ამომრჩევლის გონებასა და გულებზე რაც შეიძლება ეფექტურად იმოქმედოს. მე პირადად წინა არჩევნებზე არაერთი საარჩევნო პლაკატი მინახავს (პოლიტიკური კომუნიკაციების სპეციალისტი ვარ), შემიფასებია და მინდა გითხრათ, რომ ბევრ პარტიას უბრალოდ ტყუილად აქვს გადაყრილი ფული - ის, რაც პლაკატებზე ეწერა, ამომრჩევლისთვის ვერანაირად გახდებოდა მოტივატორი, რომ კონკრეტული პარტიისთვის და კანდიდატისტის მიეცა ხმა. სტანდარტული, მოყირჭებული ფრაზები, რომელიც ზოგჯერ კომიკურადაც კი გამოიყირებოდა...
„ახლა სიმართლე გითხრათ ქუჩებში პარტიების პლაკატები არ დამითვალიერებია, მაგრამ წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, მაინცდამაინც დიდი კრეატიულობით არ გამოირჩევა.
„(პლაკატების ომი) როგორ აღიქმება ამომრჩევლის თვალში, ამის თქმა რთულია. გამოკითხვა უნდა ჩატარდეს, რომ მათი აზრი გავიგოთ. თუმცაღა, წინა არჩევბნებისა და ადრე ჩატარებული გამოკითხვებიდან გამომდინარე, სურათი დიდად არ შეცვლილა იმ კუთხით, რომ ამომრჩევლები ამ დაპირისპირებას მაინცდამაინც დადებითად არ უყურებენ. თუმცა, ამ პროცესს იმდენად მიეჩვინენ, რომ, ჩემი ვარაუდოთ, შეიძლება იმუნიტეტიც კი გამოუმუავდათ - მიიჩნევენ, რომ ეს დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა საქართველოში არჩევნების თანმდევი პროცესია", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



