თამთა ჩაჩანიძე
(06.09.2024)

„ძლიერმა საქართველომ" საარჩევნო პროგრამა „ილიას გზა" წარადგინა, რომელიც 9 რეფორმას მოიცავს. ალიანსი მოსახლეობას კვლავ ათასლარიან პენსიას, სამუშაო ადგილებს, ხელფასის ზრდას და სხვადასხვა ეკონომიკურ სარგებელს ჰპირდება, მათ შორის ანაკლიის პორტის განვითარების ხელშეწყობას. მმართველი პარტია კი „ლელოს" პლატფორმას განსაკუთრებით პენსიისა და პორტის თემებზე აკრიტიკებს.

„ფინანსისტი არ ვარ, მაგრამ იმდენად მკაფიოდ და კარგი გაგებით ჯიუტად მიჰყვებიან ამ გზას, რომ აშკარად წარმოდგენა აქვთ როგორ შეიძლება ათასლარიანი პენსიის დანიშვნა და ამ პოლიტიკის გატარება. პარტია დიდი ხანია ლაპარაკობს და მაშინ ვინც ამას აკრიტიკებს, მათ დამაჯერებელი არგუმენტები უნდა მოიტანონ", - განაცხადა ყოფილმა სახელწიფო მინისტრმა და კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

პროგრამის პრეზენტაცია საგურამოში, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან გაიმართა.

"რუსული ოკუპაციისგან, რუსული გავლენისგან უნდა დავიხსნათ ქვეყანა. გვაქვს 9 რეფორმა, როგორ უნდა გავერთიანდეთ სწრაფად და გავწევრიანდეთ ევროკავშირში - ეს ეხება ვიზების შემოღებას, ფრენების რეგულირებას, ჩვენი მიწების რუსებზე გაყიდვის აკრძლავას; ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, შევქმნათ ამ ქვეყანაში 200 000 სამუშაო ადგილი. რომელიც ამ ქვეყანას ჰაერივით სჭირდება. გვაქვს გაწერილი გეგმა, როგორ ავაყვავებთ პროექტებს, როგორიცაა ანაკლია. ჩვენ ამ პროექტს დავძრავთ და ავაშენებთ; 1000 ლარიანი პენსია - ვინმეს არ ეგონოს წინასაარჩევნო დაპირება - ესაა კონკრეტული დეტალური გეგმა იმისა, რომ ჩვენს პენსიონერებს, ამ ქვეყანაში მცხოვრებ ჩვენს ბებიებს და ბაბუებს, დედებს და მამებს მივცეთ ელემენტარული საშუალება იმისა, რომ სიბერე ჰქონდეთ უზრუნველყოფილი. ამას გავაკეთებთ ყოველწლიური ინდექსაციით და იმ საშუალებებით, რაც არსებობს კორუფციის პირობებში, აზარტული თამაშების დაუბეგრავ ბიზნესში",- თქვა "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.

"თავისუფლების მოედნის" ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ კი განაცხადა, რომ პლატფორმა საზოგადოებას სთავაზობს, რომ არსებობდეს სახელმწიფო მინისტრი, რომელიც ვალდებული იქნება ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებზე.

"ინსტიტუციური ცვლილებები, დემოკრატიის თავისუფლების მაღალი ხარისხის, კარგი არჩევნების, კანონმდებლობის დახვეწისა და მიღების გარეშე ევროკავშირში ვერ გავწევრიანდებით. ჩვენ ვთავაზობთ ქართულ საზოგადოებას, რომ არსებობდეს სპეციალური სახელმწიფო მინისტრი, რომელიც ვალდებული იქნება, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებზე კოორდინატორის და ლიდერის ფუნქციით; ვაჭრობის, ექსპორტის ზრდა ევროკავშირთან - გვექნება შესაძლებლობა ნაკლებად დამოკიდებული გავხდეთ რუსეთზე, გავხდეთ უფრო ძლიერები, უსაფრთხო სახელმწიფო, სწრაფად განვითარებული სახელმწიფო, თავი დავაღწიოთ ჰიბრიდული დემოკრატიის და განვითარებადი სახელმწიფოების რიგს. ახალგაზრდების მობილობის გაძლიერება - ვგეგმავთ გავახუთმაგოთ გავცლითი პროგრამების ევროკავშირთან და ავამოქმედოთ პირდაპირი ფრენები ბევრ ევროპულ დედაქალაქში", - თქვა ლევან ცუცქირიძემ.

„პრინციპებსა და ღირებულებებზე როცა ვსაუბრობთ, ეს ხაზარაძის გარშემო გაერთიანებული ადამიანების შემთხვევაში ისეა, როგორც ზეთი და წყალი", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ. მისივე თქმით, ღირსება, თავმოყვარეობა, სამშობლო და ეროვნულობა მათთან კორელაციაში არ მოდის.

„კრედიტებს რაც შეეხება, სესხებს და ასე შემდეგ, არ ვიცი, ალბათ, პირადი კრედიტების ამბავი მოგვარდა. მათ კარგად დაერქვათ სახელი - „პრინციპულები"", - განაცხადა ირაკლი კირცხალაიამ.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ რაც „ლელომ" წარადგინა, მეტ-ნაკლებად შესრულებადია, მათ შორის ათას ლარიანი პენსიისა და ანაკლიის პორტის პროექტი.

„რაც „ლელომ" წარმოადგინა, მეტ-ნაკლებად ლოგიკური და შესრულებადია, ფანტასტიკა მანდ ცოტაა. იგივე ათასლარიან პენსიებზე დიდი ხანია ლაპარაკობენ და რამოდენიმე წლის განმავლობაში, ამა თუ იმ ფორმით ხედვა ჩამოაყალიბეს, თუ როგორ ხედავენ ამას. ფინანსისტი არ ვარ, მაგრამ იმდენად მკაფიოდ და კარგი გაგებით ჯიუტად მიჰყვებიან ამ გზას, რომ აშკარად წარმოდგენა აქვთ როგორ შეიძლება ათასლარიანი პენსიის დანიშვნა და ამ პოლიტიკის გატარება. პარტია დიდი ხანია ლაპარაკობს და მაშინ ვინც ამას აკრიტიკებს, მათ დამაჯერებელი არგუმენტები უნდა მოიტანონ.

„ანაკლიის პორტიც მათი თემა იყო და კარგად იციან რას აკეთებდნენ. ბევრი კითხვები იბადებოდა, მაგრამ ვნახეთ რომ ეს პროექტი მუშაობდა. დღეს რომ ანაკლიაში ჩავიდეთ, ვნახავთ, რომ რაღაცეები გაკეთებულია, ანუ ეს ჰაერში გადაყრილი ფული არ იყო. მას შემდეგ, როცა ხელისუფლებამ ანაკლიის პროექტი დახურა და ვერაფერი ვერ წარმოადგინა და ერთი მეტრით წინ არ წაიწია. ამავე დროს, როცა ვხედავთ „ლელოს" მესვეურების მიერ ნახევრადგაკეთებულ საქმეს, ძნელია არ დაუჯერო და დაუჯერო მაინცდამაინც „ქართულ ოცნებას", რომელსაც არაფერი არ გაუკეთებია, თვითონ ხელისუფლებაშია და შეეძლო გაეკეთებინა. ხან ჩინურ კომპანიაზე საუბრობენ, ხან რაზე, მაგრამ არაფერი არ ჩანს. როცა ვიღაცა აკრიტიკებს, მისი მხრიდან არაფერი არ ჩანს და ვინც ამბობს, ის რაღაცას მაინც აჩვენებს, თუმცა არა ბოლომდე შესრულებულს, მე პირადად განცდა მაქვს, რომ ამ ნახევრადგაკეთებულ საქმეს მაინც ვენდო, ვიდრე სულ არგაკეთებულს.

„ილიას სახელს ყველა იყენებს, წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. მიმაჩნია, რომ ამით ყველაზე სამარცხვინოდ „ქართული ოცნება" სპეკულირებს. ახალგაზრდებს ედავებოდნენ, რომ თავისუფლების მოედნიდან ეს ტრიადა შეცვალეს და სარწმუნოების ნაცვლად, ერთობა ჩასვეს. ამ ფონზე, უცებ გურიაში ივანიშვილმა გამოსვლისას სარწმუნოება - მართლმადიდებლობთ შეცვალა. ილიას ეს არ უგილისხმია, სარწმუნოებაში სხვადასხვა რელიგია იგულისხმა, რითაც ყველასადმი პატივისცემა გამოხატა. ზოგადად ტრიადის შეცვლა ტრაგედია არაა, თავის დროზე ილიამაც შეცვალა - საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციიდან წამოყოლილი ლოზუნგი იყო. ახალგაზრდებს ედავებოდნენ და საქართველოს ხელისუფალი ამ ტერმინს ავიწროვებს და თითქოს არაფერი არ მომხდარა, არადა ძალიან დიდი რამ მოხდა, რაც შეიძლება გამაღიზიანებელი და დამაფიქრებელი იყოს",- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

„საქართველო ისტორიულად ამაყობს, ერთი მხრივ, რელიგიური ტოლერანტობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციით და, მეორე მხრივ, მართლმადიდებლობით, რომელიც, მამულთან და ენასთან ერთად, ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია. ისიც კარგად მოგეხსენებათ, რომ არ წყდება თავდასხმები მართლმადიდებელ ეკლესიაზე, რისი მიზანიც სწორედ საქართველოს იდენტობის შერყევაა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 1995 წლიდან მოქმედი კონსტიტუციური ჩანაწერი რელიგიისა და ეკლესიის შესახებ სათანადოდ არ ასახავს იმ როლს, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია ქვეყნის ცხოვრებაში ასრულებს",- აღნიშნა „ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ოზურგეთში, საარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას 31 აგვისტოს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის 30 ივლისს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" სარჩელი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, მისი თქმით, არბიტრაჟმა მოსარჩელეს 1,5 მილიარდი დოლარის ანაზღაურებაზე უარი უთხრა და მთავრობის სასარგებლოდ 650 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა. დაახლოებით ერთი კვირის წინ კი იუსტიციის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ამ დრომდე ხაზარაძეს ჯარიმა არ გადაუხდია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე