თამთა ჩაჩანიძე
(05.09.2024)

ბოლო პერიოდში „ქართულმა ოცნებამ" რამდენიმე განცხადება გააკეთა, რაც მიუთითებს, რომ მმართველი პარტია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გარკვეული სცენარებისთვის ემზადება. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არჩევნების შედეგებს გარანტირებულად არალეგიტიმურად სცნობს. მანამდე „ოცნებამ" ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ოქტომბრის არჩევნებზე დაკვირვებისთვის ემზადებიან, ოპოზიციის დაფინანსებასა და საარჩევნო პროცესებში ჩარევაში პირდაპირ დაადანაშაულა.

ანალიტიკოსთა შეფასებით, ამ განცხადებების მთავარი მოტივი ისაა, რომ „ოცნება" ამ ორგანიზაციებისგან უარყოფით დასკვნაზე ელიდება არჩევნებზე და „წინასწარ თავს იზღვევს". იმ შემთხვევაში კი, თუ მოხდა ისე, რომ პრეზიდენტმა არცევნები არალეგიტიმურად ცნო, ანალიტიკოსები „მაიდანის მსგავსი პროცესების" დაწყებას ელოდებიან.

„ქართული ოცნება" ოპოზიციის დაფინანსებასა და წინასაარჩევნო პროცესებში ჩარევაში პირდაპირ ადანაშაულებს „ენ-დი-აი"-სა („ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტი) და „აი-არ-აი"-ს („საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტი). ამაზე საგანგებო განცხადება 27 აგვისტოს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა გააკეთა, 29 აგვისტოს კი - საპარლამენტო უმრავლესობამ.

4 სექტემბერს „სამართლიანმა არჩევნებმა" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების არაოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 1 ივნისი - 26 აგვისტოს პერიოდს მოიცავს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას საქართველო „ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციის" პირობებში ხვდება. ორგანიზაცია აკრიტიკებს საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს და სხვადასხვა გამოწვევაზე საუბრობს.

„ქართული ოცნება" „სამართლიანი არჩევნების" წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიშს „სრულიად აბსურდულსა და უსაფუძვლოს" უწოდებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ „სამართლიანი არჩევნების" ანგარიშში ქვეყანაში არსებულ ძლიერ პოლარიზაციაზეა საუბარი, თუმცა, „არაფერია ნათქვამი რამდენიმე არასამთავრობოს მიერ ღიად წარმოებულ ცრუ კამპანიაზე, რომელიც სწორედ საზოგადოების პოლარიზებას უწყობს ხელს". მიქანაძე „სამართლიან არჩევნებს" „რეპუტაციაშელახულ ორგანიზაციას" უწოდებს, რომლის მხრიდან „მსგავსი მიკერძოებული მიდგომა გასაკვირი არ არის".

ამასთან, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, გარანტირებული სცენარია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების შედეგები არალეგიტიმურად ცნოს. მისი თქმით, „ეს იქნება მისი ბოლო დავალება, რომელსაც რეალურად წარმატებით ვერ შეასრულებს, რადგან არავითარი ფასი არ აქვს მის არცერთ სიტყვას".

რისთვის ემზადება „ოცნება"

როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, „ოცნება" ელოდება, რომ ამ განცხადებებში მოხსენიებული ორგანიზაციები არჩევნებზე უარყოფით დასკვნას დადებენ და მმართველი პარტიის ეს განცხადებებიც წინასწარ თავის დაზღვევის ნიშანია.

„ჩემი აზრით, ამ განცხადებების ერთ-ერთი მთავარი მოტივი და მიზეზი ისაა, რომ „ქართული ოცნება" ელოდება, რომ აღნიშნული ორგანიზაციები არჩევნებზე უარყოფით დასკვნას დადებენ. შესაბამისად, წინასწარ ქმნის საზოგადოებაში იმის განწყობას, რომ ეს ორგანიზაციები მიკერძოებულები არიან, მათი ნდობა არ შეიძლება და მათი დასკვნები ვერ იქნება ობიექტური, სამართლიანი და მოუკერძოებელი. ვფიქრობ ესაა საკმაოდ გამიზნული ქმედება, რომ წინასწარ თავი დაიზღვიონ.

„ჯერჯერობით ბევრი რამ სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ეს ორგანიზაციები არჩევნებზე უარყოფით დასკვნებს დადებენ, რაც შემდეგ შესაძლოა გახდეს არჩევნების არალეგიტიმურად ცნობის ერთ-ერთი საფუძველი. არჩევნების არალეგიტიმურად ცნობის ვერსია დღის წესრიგიდან არ მოხსნილა", - განაცხადა ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძეც ასევე ფიქრობს, რომ „ოცნება" თავს იზღვევს და ამზადებს ნიადაგს იმ შემთხვევისთვის, თუ სიტუაცია მათთვის სასურველი სცენარით არ განვითარდა.

„ასეთი განცხადებები მხოლოდ ერთი რამის მანიშნებელია - „ოცნებამ" იცის რა რეაქცია მოჰყვება იმას, თუ არჩევნები გააყალბეს. ამიტომ წინასწარ საზოგადოებრივ აზრს ამუშავებენ, რომ აი, ესენი არჩევნებისთვის კი არა, არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის ემზადებიანო. თუმცაღა რეალობა სხვა არის - მათარა თუ საკონსტიტუციო უმრავლესობის, არამედ უბრალო უმრავლესობის მოპოვებაც გაუჭირდებათ, თანაც ძალიან გაუჭირდებათ.

„ოცნება" ამიტომაც თავს იზღვევს და წინასწარ აანონსებს იმას, თუ რას გააკეთებს. იცის რა შედეგებიც მოჰყვება. რა თქმა უნდა, არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ თუ „ოცნება" არჩევნებს გააყალბებს, სადამკვირვებლო მისიები იტყვიან, რომ გაყალბდა და არ მისცემენ ლეგიტიმაციას. რადგან ეს იცის, „ოცნება" წინასწარ იზღვევს თავს და ამზადებს ნიადაგს საპირისპირო მიმართულებით", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

რა შემთხვევაში გამოაცხადებს პრეზიდენტი არჩევნებს გაყალბებულად და რა მოჰყვება ამას

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პრეზიდენტი ასეთ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად არ მიიღებს.

„ვიდრე პრეზიდენტი არჩევნებთან დაკავშირებით გააკეთებს განცხადებას, მანამდე კონსულტაციებს თავის დასავლელ კურატორებთან გაივლის. განცხადებას მათთან შეთანხმებით გააკეთებს, თუ იქიდან წამოსული დირექტივები როგორი იქნება - გამოვიდეს და თქვას, რომ არჩევნები გაყალბდა, ნეიტრალური განცხადება გააკეთოს თუ საერთოდაც არაფერი არ თქვას.

„პრეზიდენტის პოზიციები მთლიანად იმ გარე წრეებზეა დამოკიდებული, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს მართავენ და ის წარმოუდგენიათ, როგორც ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იმ შემთხვევისთვის, თუ, ვთქვათ, დასავლეთი ჩამოყალიბდა იმ მისაზრებაში, რომ ეს არჩევნები არ აღიაროს და არ შეუწყოს ხელი „ქართული ოცნების" გამარჯვებას, თუ „ოცნებამ" მოიგო", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

კითხვაზე, თავად დასავლეთი რას დაეყრდნობა, ანჯაფარიძემ გვითხრა:

„ბოლოს და ბოლოს დამკვირვებელთა მისია არსებობს, აბსოლუტურად ყველანაირი წვდომა აქვთ ყველა პროცედურასა და პროცესზე, რაც არჩევნებთანაა დაკავშირებული, დაწყებული უბანზე ხმის მიცემისა და ხმის დათვლით. წინასაარჩევნო პროცესში ვნახეთ, რომ ცესკოს ძალიან ინტენსიური ურთიერთიობა აქვთ მათთან და ლამის ყოველ კვირა ანგარიშს აბარებს, რაც, ჩემი აზრით, უპრეცედენტო ამბავია.

„მათ აქვთ სრული წვდომა ინფორმაციებზე და ძალიან რისკზე უნდა წავიდნენ და საკუთარ თავს რეპუტაციული ზიანი უნდა მიაყენონ, რომ თუ ყველაფერი კარგად ჩატარდა და დარღვევები მინიმალური იყო, გამოაცხადონ, რომ არჩევნები ქართველი ხალხის ნებას არ ასახავდა. ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სუფთად ჩატარდება არჩევნები და რამდენად დააზღვევს ხელისუფლება თუნდაც თავისი ტრუქტურებით, რომ არ მოხდეს რაღაც ისეთი ინციდენტები და ექსცესები, რომ ამან შეფასებაზე გავლენა იქონიოს.

„თუნდაც „ნაცმოძრაობის" გლდანის ერთ-ერთი აქტივისტების დაკავება, რომელიც, როგორც ოფიციალური წყაროები იტყობინებიან, საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას ხელს უშლიდა, ეს სწორედ იმის გამოვლინებაა, რომ ხელოვნურად ცდილობენ, რომ ხელისუფლებას მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების გამოყენება აიძულონ და მერე თავი ჩაიყენონ მსხვერპლის როლში.

„თუ პრეზდეტი გამოვიდა და ეს განაცხადა (არჩევნები გაყალბდა), ველოდები, რომ ქუჩაში ზუსტად ის ხალხი და შემადგენლობა დადგება, რაც „გამჭვირვალობის კანონის" გასაპროტესტებლად იდგა. იგივე სპიკერები და ის დატრენინგებული ახალგაზრდები იქნებიან, რომლებიც გადიან ტრენინგს „აი-არ-აის", „ენ-დი-აის" და სხვა დონორების მიერ მოწყობილ ახალგაზრდულ ბანაკებში. ახალგაზრდა დამკვირვებელთა სხვადასხვა ჯგუფებია შექმნილი, რომლებმაც უნდა მოაგროვონ ფაქტები არჩევნების გაყალბების თაობაზე და ალბათ, სავარაუდოდ, ამას მიტინგზე გააჟღერებენ და ალბათ დაიწყება მაიდანის მსგავსი პოცესები", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პრეზიდენტი საარჩევნო პროცესს აკვირდება და გაყალბებულად მაშინ გამოაცხადებს, თუ მართლაც რეალურად დაინახა ამის ნიშნები.

„პრეზიდენტი აჩევნებს გაყალბებულად იმ შემთხვევაში გამოაცხადებს, თუ ნახავს რეალურად გაყალბდა თუ არა. დღეის გადასახედიდან არ ვიცით რა იქნება. პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, თუნდაც ის, რაც ეძგვერაძის და ნადირაძის თავს ხდება, რომ დაიწყეს შანტაჟი, დაშინება და ა.შ., ეს ნელ-ნელა ძალას იკრებს. შევხედოთ როგორი იქნება საარჩევნო კამპანია. მთელი სახელისუფლებო რესურსია მობილიზებული, ხელისუფლების მხრიდან უდიდესი ფული ტრიალებს, შევხედოთ პროცესს, ვნახოთ რა იქნება არჩევნების დროს და დასკვნები შენდეგ გაეთდება.

„მესმის, რომ „ოცნება" ამისთვის (გაყალბებისთვის) ემზადება, თითქოს ყველა პირობას ამისთვის ამზადებს - საარჩევნო კომისიაში თავმჯდომარის მოადგილის ფუნქციის გაუქმება, საარჩევნო უბნებზე ახალი, ვითომ ნეიტრალური წევრების არჩევა და ა.შ. ჯერჯერობით წვრილ-წვრილი მომენტების მთელი კასკადია. საბლოო ჯამში კომპლექსურად სწორედ არჩევნების გაყალბებისთვის მიდის მზადება. ჯერჯერობით ეს ჩანს, მაგრამ უშუალოდ არჩევნები გაყალბდება თუ არა, ეს არ ვიცით.

„შევხედოთ რა იქნება. პროცესს აკვირდებიან როგორც უშუალოდ დამკვირვებლები, ისე პრეზიდენტი და შემდეგ გააკეთებენ განცხადებებს. რაღაც სიმპტომები არის, რომელიც თითქოს მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლება გასაყალბებლად ემზადება, მაგრამ წინასწარ ვერდიქტის გამოტანა, რომ აუცილებლად გააყალბებს, არ შეიძლება", - განაცხადა ძაბირაძემ.

კითხვაზე, თუ პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ არჩევნები გაყალბდა, რა პროცესები მოჰყვება ამას, ანალიტიკოსმა გვითხრა:

„ერთია რა განცხადებას გააკეთებს ზურაბიშვილი, რომელიმე დამკვირვებელი, ექსპერტი თუ პოლიტილოგი და მეორეა ის, თუ საზოგადოება რამდენად გააცნობიერებს, რომ არჩევნები გაყალბდა. თუ საზოგადოებამ და მოსახლეობის უმრავლესობამ ჩათვალა, რომ არჩევნები მართლა გაყალბდა, მაშინ საპროტესტო აქციები იქნება. არა ისეთი, როგორიც 2020 წელს იყო, არამედ გაცილებით მძლავრი და ძლიერი.

„აქციები რა შედეგს მოიტანს, რთული სათქმელია, მაგრამ როცა ხელისუფლებას მოსახლეობაში საყრდენი არ აქვს, ის მუდამ ბეწვის ხიდზე ჰკიდია და როდის ჩაწყდება, არავინ იცის", - განაცხადა ძაბირაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე