
მმართველი პარტიის საარჩევნო სიის პირველი ნაწილს უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში გახდება ცნობილი. ვინ მიიღებს მონაწილეობას „ოცნების" სიის შედგენაში და რა შიდა ჯგუფებს შორის იქნება ამ მხრივ კონკურენცია? ამაზე ანალიტიკოსთა მოსაზრებები განსხვავებულია.
როგორც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გუნდში იქნება განახლება. სრული სიის წარდგენას კი 26 სექტემბერს აანონსებენ.
„ჩვენ ვფიქრობთ სიის დასახელებას უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში. სიახლეები, განახლება გვექნება გუნდში. ეს ყოველ ჯერზე ხდება, ბუნებრივია, ეს არის პოლიტიკის ჯანსაღი შემადგენელი ნაწილი და ამ შემთხვევაშიც გვექნება განახლება.
„რაც შეეხება მთლიანად სიას, ეს მიღებული პრაქტიკაა, რომ სიის წარდგენა ხდება ხოლმე ზუსტად ბოლო დღეს, როცა ეს იურიდიულად არის შესაძლებელი და ეს უწევს 26 სექტემბრისთვის", - განაცხადა პრემიერმა.
რამაზ საყვარელიძის თქმით, სიას ადგენენ ისინი, ვისი ხელისუფლებაშიც ყოფნაც დაგეგმილია და მათ თავისი მხარდამჭერები სჭრდებათ პარლამენტში.
„როგორც წესი, საარჩევნო სიას ადგენენ, როგორც ამბობენ, ლიდერები, ანუ თითოეული მათგანი, ვინც შემდეგ პოლიტიკაში ყოფნას გააგრძელებს. უფრო ზუსტად, ვისი ხელისუფლებაშიც ყოფნა დაგეგმილია. ეს ლიდერები თავიანთ ჯგუფებს წარადგენენ და ასეთი წარდგენების საფუძველზე მთლიანობაში სია ივსება. ფაქტობრივად, გამოდის, რომ ამათ თავიანთი მხარდამჭერები მოჰყავთ პოლიტიკაში, რაც ბუნებრივია", - განაცხადა საყვარელიძემ.
პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ მმართველი პარტიის საარჩევნო სია 5 მთავარი ჯგუფის მიერ შეთავაზებული კანდიდატებისგან იქნება შედგენილი.
„გარდა ბიძინა ივანიშვილისა, პარტიაში კიდევ არის რამდენიმე ჯგუფი, რომლის წარმომადგენლებიც საარჩევნო სიაში მოხვდებიან, ეს არის პრემიერი ირაკლი კობახიძე, რომელიც სანდო და წამყვან ფიგურად ითვლება და მას კანდიდატების ჩამოთვლის უპირატესობა ექნება. ასევე იქ არის თბილისის მერი კახა კალაძე, რომელიც დედაქალაქში წამყვანია და თბილისის ხმები არჩევნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ მას ანგარიშს გაუწევენ და მისი კანდიდატებიც იქნებიან წარმოდგენილი. მესამე იქნება ირაკლი ღარიბაშვილი. იმის მიუხედავად, რომ ბოლო დროს ღარიბაშვილი „ჩააჩოჩეს", ამას ბოლომდე ვერ ახერხებენ და სიაში მისი ხალხიც იქნება. თან მასთან ურთიერთობა სჭირდებათ. ამასთან, როგორც წესი, უსაფრთხოების სამსახურებსაც ეყოლებათ მათი კანდიდატები. ედუარდ შევარდნაძიდან მოყოლებული, უსაფრთოების სამსახურები სიაში თავის ხალხს სვამენ. მაგალითად, საპენსიო ასაკის უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრებს, რომლებიც იმ სისტემაში აღარ იქნებიან, მაგრამ მათი მუშაობა პარლამენტში გამოადგებათ. მე ძირითადად ამ 5 ჯგუფს ვხედავ საარჩევნო სიაში", - აღნიშნავს ზაქარეიშვილი.
ვარაუდით, სხვა ჯგუფები შეეცდებიან ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატების მაქსიმალურად შემცირებას. ამასთან, იგი სიის შედგენისას ირაკლი კობახიძის და კახა კალაძის შორის კონკურენციასაც არ გამორიცხავს.
„რა თქმა უნდა, იქ ბევრი უკმაყოფილება იქნება და შეეცდებიან ღარიბაშვილის კანდიდატურების რაოდენობა მინიმუმზე დაიყვანონ. კონკურენცია უფრო მეტად კალაძესა და კობახიძის შორის იქნება. თვისთავად, შეიძლება ორივე ერთ გუნდს წარმოადგენდნენ და ერთმანეთში კარგად არიან, მაგრამ დადგენის დროს ჩანს ხოლმე ვის მეტი უპირატესობა აქვს.
„შეიძლება კალაძის ხალხის გარკვეულმა ნაწილმა ვერ მიიღონ ის ადგილები, რაც მათ უნდათ. როგორც ვთქვი, კრიტიკულ სიტუაციაში ბოლო გადამწყვეტი სიტყვა ბიძინა ივანიშვილს ეთქმის და ასეთ ვითარებაში მგონი ის უფრო კობახიძის მხარს დაიჭერს, ვიდრე კალაძის", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
რამაზ საყვარელიძე კი, მმართველ გუნდში შიდა კონკურენციასა და დაპირისპირებას გამორიცხავს, რადგან, მისი თქმით, პარტიას სათავეში ძლიერი ლიდერი ჰყავს და ამ პირობებში ეს მოსალოდნელი არაა.
„შიდა „საოცნებო" კონკურენცია დიდად საფიქრალი არაა, რადგან ასეთი კონკურენციები სულ არსებობს. ეს „ოცნების" თავისებურება კი არაა, არამედ პოლიტიკისა. „ნაცმოძრაობაში" კონკურენცია იყო? წესით უნდა თქვათ, რომ იყო, რადგან მერე ვნახეთ როგორ დაიშალნენ. თუკი პარტიაში ლიდერი ძლიერია, ეს კონკურენცია არ ჩანს ხოლმე. ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიძლიერის პერიოდში მის გუნდში შიდა კონკურენცია არ ჩანდა, მაგრამ როგორც კი სააკაშვილი შესუსტდა - გამოჩნდა. ჯერჯერობით მმართველ პარტიაში ბიძინა ივანიშვილის შესუსტება არ ჩანს", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



