თამთა ჩაჩანიძე
(04.09.2024)

3 სექტემბერს „ლელოს" ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი კუპრაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტო, სადაც „ძლიერი საქართველოს" ლიდერებთან ერთად, ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დგას. უერთდება თუ არა ამ პლატფორმას მარგველაშვილი, ამაზე თავად კომენტარისგან თავს იკავებს, თავად ალიანსშიც არ ადასტურებელ აღნიშნულ ინფორმაციას, თუმცა ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს მომავალში ეს ნაბიჯი გადადგას მარგველაშვილმა.

მარგველაშვილის „ლელოსთან" გაერთიანების არ უკვირს „ქართულ ოცნებას", უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ არ აქვთ იმის მოლოდინი, რომ კოალიცია გიორგი „მარგველაშვილისგან რაიმე სარგებელს მიიღებს".

„წინ მხოლოდ გამარჯვებაა", - ამ სათაურით აქვეყნებს ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში ფოტოს, სადაც მასთან და გიორგი მარგველაშვილთან ერთად არიან „ძლიერი საქართველოს" ლიდერები - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, ფიქრია ჩიხრაძე და დავით გამყრელიძე.

რას ამბობს „ოცნება"

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი არ ელის, რომ „ძლიერი საქართველოს" კოალიცია გიორგი მარგველაშვილისგან რაიმე სარგებელს მიიღებს.

„ეკლექტიკა იმდენად ძლიერია, რომ რაღაც კომედიურ ჟანრში უფრო გადადის ხშირ შემთხვევაში. ვერც წარმოედგინა ვერავის, რომ ალეკო ელისაშვილი, რომელიც ყოფილი ბანკირების გაერთიანებას ხალხის მძარცველებს და მევახშეებს უწოდებდა და ისინი ეუბნებოდნენ, რომ ხელის ჩამორთმევის ღირსი არ არის ალეკო თავისი უღირსობის გამო და შემდეგ ამ ხელს წევენ ანა დოლიძის მონაწილეობით, რომელიც ასევე ბანკებს ესხმოდა თავს. რასაკვირველია, მარგველაშვილის შეერთება არავის გაჰკვირვებია. მე ვფიქრობ, მარგველაშვილისგან დივიდენდის მიღებას არ უნდა ველოდოთ, გარდა იმისა, რომ რაოდენობა შექმნეს სხვადასხვა ადამიანებისა.

„ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი ბანკირი, ყოფილი ოპოზიციონერი და ეს მუშაობს გარკვეულწილად საზღვარგარეთ ადამიანების შეცდომაში შეყვანისთვის, ვინც ვერ ერკვევა სიტუაციაში, რომ რაოდენობრივად თითქოსდა, ეს ბევრია, რეალობაში, ეს არის ერთი „ნაცმოძრაობა" და ამას კიდევ დაემატა მარგველაშვილი, რომელმაც შეიძლება ერთი-ორი სადღეგრძელო ასწავლოს უკეთესი," - განაცხადა ვოლსკიმ.

"ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ კი განაცხადა, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი უავტორიტეტო იყო და „ოცნებამ" ხალხს ძალით აარჩევინა.

„მარგველაშვილს რა შანსები უნდა ჰქონდეს ახლა, ნუ გადამრიეთ. თვითონ ხაზარაძის პარტიას 4%, თუ 3% აქვს და იმას არ აქვს შანსი. პირიქით, „მკვდარი მკვდარს აეკიდაო". რა შანსი უნდა ჰქონდეს?! უავტორიტეტო პრეზიდენტები გვყავდა. ხალხს ძალით ავარჩევინეთ. რატომ? იმიტომ, რომ იმ მოცემულობაში სიტუაციას ასე სჭირდებოდა. ახლა თავისი მეზობლები არ აძლევენ ხმას, რა სარგებელი უნდა მოიტანოს? არაფერი. აგროვებენ, როგორც ბაქრაძემ თქვა, „ნახმარ სახეებს", ჩვენებურად რომ ვთქვათ, ცნობად სახეებს და იქნებ მერე რაღაცა მიტინგებზე გამოიყვანონ.

რჩევა მაქვს - ფხიზელი დადგეს. მეტი რა სხვა რესურსი აქვთ ამათ? როგორ შეიძლება უთავმოყვარეოები, უსამშობლოები, საზოგადოებისგან ყველანაირად გარიყული კოალიციით რა უნდა გამოუვიდეთ? არაფერი", - განაცხადა ზარქუამ.

რას შემატებს „ძლიერ საქართველოს" მარგველაშვილის შეერთება

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მარგველაშვილი წონადი ფიგურაა და „ლელოს" „როგორც მინიმუმ გააძლიერებს".

„ლელო" ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგრამ მეთოდურად მიდის იმ მიმართულებით, რომ გაძლიერდეს. შესაძლოა ცალკე აღებული მარგველაშვილი მომხიბლავი ორიენტირი მართლაც არ იყოს, მაგრამ როცა გუნდის შეკვრაზეა ლაპარაკი, იქ მარგველაშვილი საკმაოდ წონადი ფიგურაა.

„განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან საპრეზიდენტო ვადა ამოწურა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკმაოდ აქტიურად მონაწილეობდა. ამიტომ „ლელოს" გუნდთან მისი შეერთება როგორც მინიმუმ გააძლიერებს და უფრო მიმზიდველს გახდის. ეს სწორი ნაბიჯი იქნება. ამ მიმართულებით „ლელოში" ნაბიჯებს ვფქრობ კიდევ გადადგამენ.

„გამოდის, რომ ოპოზიციური ფლანგიდან უკვე სამი პრეზიდენტი ებრძვის „ქართულ ოცნებას", რომელთაგან ორი, მათი არჩეული კანდიდატია. ეს იმას ნიშნავს, რომ „ოცნება" თავიანთი კანდიდატებისაგან და წევრებისაგან უბრალოდ მორჩილებას ითხოვს. „ოცნების" წევრებს საკუთარი აზრის გამოთქმის თუ გამოხატვის უფლება ჩამორთმეული აქვთ და ისინი ერთი მიმათთულებით მიდიან და ერთი პიროვნების მითითებებით საქმიანობენ.

„ეს პრეზიდენტები, რომლებიც „ქართული ოცნებიდან" იყვნენ მხარდაჭერილები ის ხალხია, რომლებმაც გარკვეული დროის შემდეგ მიხვდნენ, რომ მათი პოლიტიკური გზები თანხვედრაში არ იყო, ხმა ამოიღეს და საკმაოდ წარმატებითაც. განსაკუთრებით ზურაბიშვილმა, რომელიც დღეს ერთ-ერთი მიზიდულობის ცენტრი და გარკვეული ორიენტირია ჩვენი ოპოზიციის, ქართული ოპოზიცის და საზოგადოების",- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მარგველაშვილი დაბალრეიტინგიანი პოლიტიკური ფიგურაა, თან ბოლო დროს პასიური და აარაა იმის მოლოდინი, რომ მისმა „ლელოში" გაერთიანებამ რამე შემატოს პარტიას.

„მარგველაშვილი თავის დროზე იმ რეიტინგის მქონე არ იყო, რომ გავლენა მოეხდინა მის ამა თუ იმ ფლანგზე ყოფნას და ახლა დიდი ხანია პასიურია, არ ჩანს, არც „ლელოს" შემადგენლობაა ისეთი, რომ თქვან - აი მარგველაშვილი აკლიაო. ამდენად არ მგონია რაიმე სერიოზული გეგმების ნაწილი იყოს მათი ერთად ყოფნა. არც ის მგონია, რომ რაიმე რეიტიონგი შემატოს „ლელოს".

საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც ადამიანებს ე.წ. დაუნახაობა არ უყვართ და დაპირისპირება იმ ადამიანთან, ვინც პრეზიდენტი გახადა. ივანიშვილს მარგველაშვილი პიროვნულად უყვარდა, მოსწონდა და მარგველაშვილის მასთან დაპირისპირება კი არ იყო გამყარებული ისეთი არგუმენტებით, რომ საზოგადოებას მისი მხარე დაეჭირა და ამიტომ რეიტინგიც არ გაეზარდა.

„ახლა „ოცნებასთან" დაპირისპირებული პრეზიდენტების რიცხვი გასამდება - მოქმედი, იმის წინანდელი და სააკაშვილი, რომელიც „ვივა-მედიდან" უპირისპირდება „ოცნებას". ვნახოთ რამდენად გამოადგებათ ეს გასამება",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე