ნატალია ჯვარიძე
(04.09.2024)

რუსლან აბაშიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს - „მინდა საზოგადოებას ჩემი გადაწყვეტილების შესახებ ვაცნობო. დღეს მე ვტოვებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას.

2019 წლიდან დღემდე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ჩემს გუნდთან ერთად, ჩვენი საზოგადოების ინტერესების დასაცავად ბევრ გამოწვევას ღირსებულად ვუპასუხეთ. საფუძველი ჩავუყარეთ ბევრ ახალ ინიციატივას და გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები.

მადლობა მინდა გადავუხადო აფხაზეთის მთავრობის წევრებს, ერთობლივად განხორციელებული საქმიანობისთვის, სამშვიდობო პოლიტიკის, ინსტიტუციური გაძლიერების, დევნილი მოსახლეობის ჯანმრთლებოსი დაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის, ეკონომიკური საქმინობისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული უმნიშვნელოვანესი პროგრამებისა და პროექტებისთვის. განსაკუთრებული თანადგომისა და მხადაჭერისთვის მადლობა მინდა გადავუხადო აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს. მადლობა საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას ჩვენი საქმიანობის მხადაჭერისთვის.

მადლობას ვუხდი საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომელთა ჩართულობით, ამ წლების განმავლობაში, აფხაზეთიდან დევნილი მოსახელობის მხარდასაჭერად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და ღონისძიება განხორციელდა.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო აფხაზეთის საზოგადოებას. ჩემთვის დიდი პატივი და ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა იყო ვყოფილიყავი მათ სამსახურში და ერთად გვეკეთებინა საქმე, რომელიც კიდევ უგრო მიგვიახლოვდა მიზანთან, რომელსაც გაყოფილი საზოგადოებების გაერთიანება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა წარმოდგენს. მჯერა რომ, ჩვენი ხელისუფლების თანმიმდევრული სამშვიდობო პოლიტიკითა და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით, მოხდება ჩენი ერთობლივი მიზნის განხორციელება - ქვეყნის დეოკუპაცია, მშვიდობიანი განვითარება და სტაბილურიბის უზრუნველყოფა. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ჩემი გუნდის წევრებსმ უდიდესი მადლობა ჩემს ოჯახს", - წერს რუსლან აბაშიძე.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ რუსლან აბაშიძე კიდევ დიდხანს დარჩებოდა რომ არა ახალი კანდიდატი, რომელიც სავარაუდოდ, პრემიერის სიძე იქნება. როგორც იგი აღნიშნავს, ეს ინსტიტუტი ჰგავს მანქანაზე მეხუთე საბურავს, რომელსაც არაფრის შეცვლა არ შეუძლია.

„ავტონომიური რესპუბლიკა ძველი კონსტიტუციიდან მოდის, ვიდრე ახალ კონსტიტუციას მივიღებდით, ედუარდ შევარდნაძის პერიოდიდან. მას მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა აქვს, რომ არსებობს მთავრობა, რომელიც აფხაზეთში არჩეულია. მათ არც არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ და არც არაფრის გაფუჭება. იქ ჩემი ძალიან ბევრი მეგობარია, ერთად ვიყავით აფხაზეთში და პიროვნულად ყველას დიდ პატივს ვცემ.

„რუსლან აბაშიძე იქნება, თუ ვინც იყო აქამდე, ან ამის შემდეგ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ კულუარული და პოლიტიკური კონტექსტი, მეტი არაფერი. ამით არაფერი არ იცვლება, არც ვინმეს დანიშვნით, არც არსებობით და არც გაუქმებით. ეს არის ყოველ შემთხვევისთვის არსებული ინსტიტუტი. ამიტომ მე ეჭვი მეპარება ამ ინსტიტუტის გამოყენებით კონფლიქტი მოგვარდეს. მე ამ ორგანოს არც ვაკრიტიკებ და არც ვაქებ და არც კარგს ველი და არც ცუდს, რადგან თავისი ფუნქცია არ აქვს. ეს არის მანქანის მეხუთე საბურავი, რომელიც არაფერს არ ცვლის.

„ეს ცვლილება, რუსლან აბაშიძის წასვლა არანაირ მნიშვნელოვან ფაქტორთან არაა დაკავშირებული. „ქართულ ოცნებაში" ზემოთ, ალბათ პრემიერ ირაკლი კობახიძის დონეზე, რომელიღაცა პოლიტიკურმა დაჯგუფებამ ჩათვალა, რომ საკმაოდ სარფიანი ადგილია და სავარაუდოდ, გადაწყვიტეს არჩევნების წინ თავისიანის დანიშვნა, რუსლან აბაშიძე სხვისი იყო. მანდ კიდე ცალკე კონფლიქტების თუ შერიგების სამინისტროა, სადაც ირაკლი კობახიძის სიძე მუშაობს და მე არ გამოვრიცხავ, რომ ახლა აბაშიძე მან ჩაანაცვლოს. აბაშიძეს არც არაფერი გაუკეთებია და არც გაუფუჭებია და ის კიდევ დიდხანს დარჩებოდა რომ არა ვიღაც ახალი კანდიდატი", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე