
სკანდალურ განცხადებას ავრცელებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე - ამბობს, რომ „ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გარდა, თავდასხმის რისკის ქვეშ არიან ოპოზიციის ლიდერებიც. აღნიშნულს დიდი გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციისგან, მათი შეფასებით, პრემიერის ნათქვამი „პირდაპირი მუქარაა" მათი მისამართით. „გლობალურ ომის პარტიაზე საუბარი კი „ანტიდასავლური რიტორიკაა".
„შესაძლოა გათვლა იყოს ასეთი - ირიბი მუქარა ოპოზიციის მიმართ, რომ ჩვენ შეგვიძლია მოვაწყოთ თავდასხმა (ისინი განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებზე აწყობდნენ კიდეც თავდასხმებს), მაგრამ ეს დაბრალდება გარეშე ძალებს, მაგალითად ე.წ. გლობალურ ომის პარტიას და ა.შ."- აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე.
„პირველ რიგში საფრთხე არსებობს, რომ საქართველოში არეულობა მოხდეს, მეორეც ის, რომ თავად რევანშისტ ნაცოპოზიციას აწყობს ის, რომ აქ არეულობა იყოს, ზოგიერთი მათგანი თავადაც არ დაფიქრდება, რომ გაწირონ ნებისმიერი მათი ე.წ. თანაგუნდელი, რათა პოლიტიკური დივიდენდები მიიღონ, დაბრალდეს ხელისუფლებას, დაბრალდეს რუსულ სპეცსამსახურებს და ა.შ."- აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი გია აბაშიძე.
რა საფრთხე არსებობს
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საფრთხე მართლაც არის, არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ოპოზიციონერი ლიდერების მისამართით. მისი თქმით, „გლობალური ომის პარტიის" „ინტერესებშია", რაც შეიძლება მეტი ქვეყანა მოაქციონ მათი გავლენის ქვეშ.
„ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ „გლობალური ომის პარტია", რომელიმე კონკრეტული იურიდიული საჯარო პირი, ან რომელიმე ქვეყანაში რეგისტრირებული არ არის. ეს არის გავლენიან, ფულიან პოლიტიკოსთა, ბიზნესმენთა გაერთიანება, რომლებიც არიან იარაღის მრეწველობის სფეროში, გლობალურ მსხვილ კორპორაციებში. მათ გავლენა აქვთ, როგორც ამერიკელ, ისე ევროპელ პოლიტიკოსებზე.
„ცხადია, ამ „გლობალური ომის პარტიის" ინტერესებშია, რომ რაც შეიძლება მეტი ქვეყანა იყოს მათ გავლენის ქვეშ და რაც შეიძლება მეტ ქვეყანაში ჰყავდეთ მარიონეტული ხელისუფლება, რაც „ნაცმოძრაობის" ხელისუფლების პირობებში იყო. თუმცა, „ქართული ოცნების" 12 წლიანმა მმართველობამ, განსაკუთრებით ბოლო წლებში, დაადასტურა, რომ მმართველი გუნდი სუვერენულ საქართველოს დაიცავს და არანაირ დიქტატს და ინსტრუქციებს არ დაემორჩილება „გლობალური ომის პარტიიდან".
„როცა, ამ ბოლო 12 წლის განმავლობაში, ვერცერთ არჩევნებში რადიკალური ოპოზიციის გამარჯვება ვერ მოხერხდა, ასპარეზზე შემოდის ის საშინელება, რასაც ფიზიკური ლიკვიდაცია, ტერორისტული აქტი და ძალადობრივი ექსტრემიზმი ჰქვია. დღემდე გამოუძიებელია ის მოტივი თუ რატომ მოხდა 13 ივლისს დონალდ ტრამპზე თავდასხმა, მისი პირადი დაცვა ასეთი სუსტი რატომ იყო. ამერიკაში შეკითხვები ძალიან ბევრია - პასუხები არ არის.
„ჩვენ ასევე ვნახეთ, რომ ფსევდოლიბერალი ექსტრემისტი, სლოვაკეთის პრემიერ ფიცოს თავს დაესხა, ფიცო ძლივს გადაურჩა, იქაც დაცვის ჩავარდნა იყო. შესაბამისად, აუცილებელია, რომ მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი სახელმწიფო დაცვის სასმახურის მიერ, როგორც ბიძინა ივანიშვილის, ისე სხვა მაღალჩინოსნების დაცვა. ეს ეხება არა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს, არამედ ცალკეულ აქტიურ პოლიტიკოსთა დაცვას",- განაცხადა აბაძიძემ.
ანალიტიკოსი ამბობს, რომ რომელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზეა საუბარი, უცნობია.
„დაკონკრეტებით ვერ დავაკონკრეტებ, იქიდან გამომდინარე, რომ სპაცსამსახურების მუშაობა ფარულია, ისინი ეწევიან პრევენციას, პროფილაქტიკას და ა.შ. გავიხსენოთ რამდენიმე წლის წინანდელი შემთხვევა, როცა ქართულმა სპეცსამსახურებმა გამოავლინეს შეთქმულება ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობის მოტივით. მაშინ ეს ფაქტი თავიდან იქნა აცილებული ჩვენი სპეცსამსახურების პროფესიონალების მხრიდან.
„პირველ რიგში საფრთხე არსებობს, რომ საქართველოში არეულობა მოხდეს, მეორეც ის, რომ თავად რევანშისტ ნაცოპოზიციას აწყობს ის, რომ აქ არეულობა იყოს, ზოგიერთი მათგანი თავადაც არ დაფიქრდება, რომ გაწირონ ნებისმიერი მათი ე.წ. თანაგუნდელი, რათა პოლიტიკური დივიდენდები მიიღონ, დაბრალდეს ხელისუფლებას, დაბრალდეს რუსულ სპეცსამსახურებს და ა.შ.
„ის ტრაგიკომიკური განცხადებებიც გვახსოვს, როცა სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში იყო და სააკაშვილის ახლო გარემოცვიდან და თუნდაც ნიკა გვარამიასგან სამარცხვინო რეზინფორმაცია, რომ თითქოს სპეცრაზმი შეჭრას და სააკაშვილის გატაცებას, ან ფიზიკურ განადგურებას აპირებდა.
„ეს ყველაფერი ერთობლიობაში და კიდევ ის ფაქტები, რომლებიც ზედაპირზე არ ჩანს, სპეცსამსახურებს და სამართალდამცველებს იმის სამართლიან საფუძვლებს აძლევს, რომ გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები, ღიად რომელიც საზოგადოებისთვის ჩანს და ფარულად, რომელიც უსაფრთხოების დაცვისა და ქვეყანაში მშვიდობის განმტკიცებისთის აუცილებელია",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".
შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს უფრო მუქარას ჰგავს ოპოზიციის მისამართით. მისი თქმით, ახლა „ოცნების" რეიტინგი დაცემულია და ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერზე მიდიან.
„შესაძლოა გათვლა იყოს ასეთი - ირიბი მუქარა ოპოზიციის მიმართ, რომ ჩვენ შეგვიძლია მოვაწყოთ თავდასხმა (ისინი განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებზე აწყობდნენ კიდეც თავდასხმებს), მაგრამ ეს დაბრალდება გარეშე ძალებს, მაგალითად ე.წ. გლობალურ ომის პარტიას და ა.შ.
„გლობალური ომის პარტია" გათვლაა ისეთ ხალხზე, ვისაც ეს სჯერა, როგორც მანამდე დააჯერეს, რომ თითქოს მასონები ებრძვიან საქართველოს და მთლიანად მსოფლიოში უნდათ ომი, ან კოვიდის დროს რომ საუბრობდენენ, რომ თითქოს აცრისას ადამიანებს ჩიპებს უკეთებდნენ, ახლაც „გლობალური ომის პარტია" გამოიგონეს. სამწუხაროდ არიან ადამიანები, რომლებიც ამას იჯერებენ. ბევრი ადამიანი წყაროს არ ითხოვს და არ კითხულობს - მართლა არსებობს თუ არა ე.წ. გლობალური ომის პარტია.
„შესაძლოა მართლაც მოხდეს თავდასხმები, ხედავენ, რომ „ქართული ოცნების" რეიტინგი დაცემულია და შეიძლება ოპოზიციონერები ამით დააშინონ. მინიშნებაა, რომ ჩვენ შეგვიძლია, რესურსი გვაქვს, რომ თქვენზე თავდასხმა მოვაწყოთ, ოღონდ სხვას დაბრალდება ყველაფერი და მსხვერპლი თქვენ იქნებითო. ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერზე მიდიან",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
რა თქვა პრემიერმა
როგორც ირაკლი კობახიძემ თქვა, თავდასხმის რისკის ქვეშ არიან განსაკუთრებით ის ოპოზიციონერი ლიდერები, რომლებზე თავდასხმაც საარჩევნო პროცესისა და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის ყველაზე ეფექტიანად შეიძლება იქნას გამოყენებული.
„უნდა აღინიშნოს, რომ პარტიის საპატიო თავმჯდომარის გარდა, თავდასხმის რისკის ქვეშ არიან რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, განსაკუთრებით ის პოლიტიკოსები, რომლებზე თავდასხმაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობისა" და მისი მფარველების მხრიდან საარჩევნო პროცესისა და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის ყველაზე ეფექტიანად შეიძლება იქნას გამოყენებული. ვაფრთხილებთ ყველას, რომ ნებისმიერი ამგვარი მცდელობა კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება.
„ასევე, გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალურ ოპოზიციაში აქტიურად მსჯელობენ იმგვარი სცენარის ხელოვნურ განვითარებაზე, რომელსაც საზოგადოების მღელვარება შეიძლება მოჰყვეს. იგულისხმება იმგვარი მოვლენები, როგორიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულს მოჰყვა, აგრეთვე რეზონანსული კრიმინალური აქტის ინსცენირება და ა.შ. ამ შემთხვევაშიც ყველას მკაცრად ვაფრთხილებთ, რომ საქართველოში არეულობის ხელოვნურად შემოტანის ნებისმიერი მცდელობა უმკაცრესად დაისჯება", - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, საიდან აქვს მმართველ ძალას ამგვარი ინფორმაცია, რომ ოპოზიციონერი ლიდერები თავდასხმის რისკის ქვეშ არიან, კობახიძემ აღნიშნა, რომ როდესაც "ოპოზიცია დასუსტებულია, ინფორმაცია გარეთ საცერივით გამოდის".
„ასეთ თემებზე არის მუდმივად საუბარი ოპოზიციური პარტიების შიგნით. ასევე, ჩვენ გვაქვს წარსული გამოცდილება, თქვენ გახსოვთ, რა მოხდა გივი თარგამაძესთან დაკავშირებით, როდესაც უშუალოდ არჩევნების წინ მოაწყვეს აფეთქება და ბედზე გადარჩა მაშინ გივი თარგამაძე, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი აქტი უარყოფითად აისახებოდა არჩევნების მიმდინარეობაზე. როდესაც ოპოზიცია არის დასუსტებული, იქ ძალიან მარტივად, საცერივით გამოდის გარეთ ინფორმაცია.
„შესაბამისად, ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვიღებთ ინფორმაციას ოპოზიციური პარტიებიდან და გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია, რომ ასეთ თემებზე იქ მუდმივად მიდის საუბარი, სხვადასხვა პარტიაში თან, არა მხოლოდ „ნაცმოძრაობაში", სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიაში გამუდმებით მიდის საუბარი შესაძლო პროვოკაციებსა და ასეთი ტიპის ინციდენტებზე. მიზეზი ძალიან მარტივია, მთელი კოლექტიური "ნაცმოძრაობის" ჯამური რეიტინგი დღეს არის, დაახლოებით, 25%. ასეთ პირობებში ისინი ეძებენ გზებს იმისთვის, რომ რამენაირად არიონ ვითარება. ასეთი ინციდენტების დაგეგმვაც არის ამ ყველაფრის შემადგენელი ნაწილი", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერი ამბობს, რომ შესაბამისი სამსახურები იღებენ განსაკუთრებულ დაცვის ზომებს პარტიის საპატიო თავმჯდომარის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად - ბიძინა ივანიშვილი არ გადაადგილდება ვერტმფრენით და შეკრებებზე უზრუნველყოფილია მისი უსაფრთხოების დაცვა შუშის ბარიერით.
„როგორც გლობალური ომის პარტიისთვის, ისე ხელისუფლებისა და ქართველი ხალხისთვის სასწორზე იმდენად მნიშვნელოვანი რამ დევს, რომ ამ ფონზე რისკები ერთი ათადაა მომატებული. ყველა ვხედავთ, რა მოვლენები ვითარდება ევროპასა და ამერიკაში, სლოვაკეთში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო კანდიდატი გაიმეტეს სასიკვდილოდ. ყველას გახსოვთ ღია მუქარაც, რომელიც ერთ-ერთი ევროკომისრის პირით შემოგვითვალეს. გარდა ამისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში წარიმართება გამოძიება ბატონ ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმის მომზადების საქმეზე.
„ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენი პოლიტიკური გუნდი იღებს განსაკუთრებულ ზომებს, პარტიის საპატიო თავმჯდომარის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომელიც საქართველოში მშვიდობის უმთავრესი გარანტია. სწორედ ამიტომ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ გადაადგილდება ვერტმფრენით, საარჩევნო შეკრებებზე უზრუნველყოფილია მისი უსაფრთხოების დაცვა შუშის ბარიერით, რაც რადიკალური ოპოზიციის განსაკუთრებული გულის წუხილის მიზეზია და ა.შ.", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რას ამბობს საპასუხოდ ოპოზიცია
კობახიძის განცხადებას ეხმიანება „ევროოპტიმისტების დეპუტატი რომან გოცირიძე, მისივე თქმით, პრემიერის ნათქვამი რომ „შესაძლოა, ოპოზიციის ლიდერები დაზიანდნენ", ოპოზიციისადმი პირდაპირი მუქარაა.
„ჩვენ მოვისმინეთ მორიგი აბსურდული განცხადება. თურმე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ჩვენი მოკავშირეები - ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი, რომლებსაც ზოგადად, „გლობალური ომის პარტიას" უწოდებენ, აპირებენ ბიძინა ივანიშვილის მოკვლას და ამიტომ ბიძინა ივანიშვილი არ დაფრინავს ვერტმფრენით, ვინაიდან, საფრთხე ემუქრება მას. კი არ ამბობენ, რომ რუსეთმა შეიძლება ააფეთქოს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი, არა. რუსეთი აქ არაფერ შუაში არ არის, „გლობალური ომის პარტია", ანუ დასავლეთი ებრძვის ბიძინა ივანიშვილს და ამიტომ დადის ამ „დუშკაბინით" და დაჯავშნილი შუშით და შემდეგ დააქვს პერსონალური უნიტაზი.
„ეს არის დანაშაულებრივი განცხადება, პირდაპირ არის ანტიდასავლური რიტორიკის გაგრძელება. ფაქტობრივად, ეს რუსეთისადმი ირიბი მხარდაჭერაა და აბსურდულიც არის და კომიკური. მაგრამ განცხადების მეორე ნაწილი, სადაც საუბარია იმაზე, რომ თურმე ოპოზიციის ლიდერები შეიძლება დაზიანდნენ, ეს არის პირდაპირი მუქარა ოპოზიციისადმი, რომ ჩვენ თქვენ აგაფეთქებთ, მოკლავთ ან რაღაცას მოგიწყობთ და მერე ეს ყველაფერი დაბრალდება "გლობალური ომის პარტიას".გასამართლდება ყველა ის ადამიანი, რომელიც ღალატობს ქვეყანას და კონსტიტუციის, ვინაიდან უკვე აუტანელი ხდება ის განცხადებები, რაც ჩვენ "ქართული ოცნების მხრიდან გვესმის," - განაცხადა გოცირიძემ.
ენმ-ს საგარეო მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ თუ ვინმეს აწყობს საქართველოში არეულობა და დაპირისპირება, ეს „ოცნება" და ივანიშვილია.
„სამწუხაროდ, თუ ვინმეს აწყობს საქართველოში დაპირისპირება და არეულობა, თუ ვინმეს აწყობს, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თავი ვერ იგრძნონ უსაფრთხოდ, ეს მხოლოდ „ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილია. ისინი თავიანთ კორუფციულ სქემებსა და მაფიოზურ მმართველობას იცავენ, ჩვენ კი საქართველოს მოქალაქეებს გვინდა, რომ გამოვიდეთ ამ იზოლაციიდან და ჩიხიდან, გავაგრძელოთ გზა ევროკავშირის წევრობისაკენ. და არამხოლოდ წევრობა, რომელიც აუცილებლად იქნება, არამედ წევრობის გზაზე სიარულიც თითოეულ მოქალაქეს მოუტანს ძალიან დიდ სარგებელს", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



