
არჩევნების მოახლოვებასთან ერთად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის რიტორიკა მმართველი გუნდის და მისი საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მისამართით უფრო მწვავე სახეს იღებს. პრეზიდენტი უკვე ღიად აცხადებს, რომ ოლიგარქისა და მისი თანაგუნდელების მიერ ოპოზიციური სპექტრის გაქრობის მუქარით, „ოცნებამ“ ომი, პრაქტიკულად, არა მხოლოდ დასავლელ პარტნიორებს, არამედ საკუთარ ხალხსაც გამოუცხადა, ხოლო „ქართული ოცნება“ „კოშმარად“ იქცა.
თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში ყველაზე მწვავე და კრიტიკული განცხადება მმართველი გუნდის მიმართ სალომე ზურაბიიშვილმა 2 სექტემბერს თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე „გარდამტეხი წელი“ სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
„მმართველი პარტია ჯერ ნაბიჯ-ნაბიჯ, შემდეგ კი დაჩქარებული გზით მიიწევს რაღაცისკენ, რაც სრულიად უცხოა ქვეყნისთვის" - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
ამასთან, პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის აღსრულების შეჩერებასთან დაკავშირებით გამართულ პროცესს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „სასამართლო ცდილობს, მთელი რეალობის საწინააღმდეგოდ გაამართლოს რუსული კანონი, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს ართმევს".
ზურაბიშვილის ამ მწვავე განცხადებებს მმართველი გუნდი უკვე გამოეხმაურა. ირაკლი ზარქუა საქართველოს პრეზიდენტს გადადგომას ურჩევს და ამტკიცებდა, რომ სალომე ზურაბიშვილს „საზოგადოებაში ნულის ფასი აქვს“.
„მადამ პრეზიდენტ, ჩამოყალიბდით თქვენს მესიჯებში. რა გინდათ, ამ ქვეყანას რატომ აწვალებთ. პრეზიდენტი ხართ, რომელსაც 10 კაცი არ ჰყავს მხარდამჭერი. ბილბორდებიდან თქვენი ფოტოები ჩამოვხსენით, იმიტომ, რომ მიუღებლად მიგიჩნიათ ქართულმა საზოგადოებამ და ძალით აგირჩიეს, ძალით, ჩვენი ლიდერების ფოტოებით და ამის შემდეგ თავმოყვარე პრეზიდენტი, რომელსაც გააჩნია სინდისი, ღირსება, გადადგებოდა და იტყოდა - მოდი, ჩავნიშნოთ ვადამდელი. აი, იქ მივხდებით თქვენს რეალურ შანსს, რეალურ გავლენას და რეალურ ავტორიტეტს საზოგადოებაში - ნული. შემიძლია ფრანგულადაც გითხრა, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ამის შესახებ გსმენიათ, იცით და უტიფრად მაინც რადიკალებთან, უსამშობლოებთან და ჩახდილებთან იქონიეთ თქვენი საბოლოო პოლიტიკური ადგილსამყოფელი. აი, ეს ხართ თქვენ, უსამშობლოებთან და ჩახდილებთან უნდა მდგარიყავით და დგახართ“, - განაცხადა ზარქუამ.
გამწვავებული რიკოტიკა და არჩევნები
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის არჩევნების მოახლოებასთან ერთად გააქტიურება და მისი მწვავე განცხადებები „ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის მისამართით უფრო ხშირ სახეს მიიღებს.
„ადრეც გვისაუბრია ამაზე და ახლაც ამას გავიმეორებ, რომ სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა და გარკვეულ დასავლურ წრეებში დასავლელი ლიდერის იმიჯი შეიქმნა. მან მიაღწია ასეთ იმიჯს, რომ აი, საქართველოში ხელისუფლების ვითომ საგარეო პოლიტიკის კურსის ცვლილების ფონზე, მან სიმამაცე გამოიჩინა და მმართველ გუნდს ღიად დაუპირისპირდა. ის დასავლეთს არწმუნებს, რომ თავგანწირვით იბრძვის, რათა ქართველი ერი და სახელმწიფო კრემლის კლანჭებისგან იხსნას.
„ეს იმიჯი მან ბოლო ორი წელია, რაც შეიქმნა. მე პირადად მქონია დასავლეთში ასეთი შემთხვავ, როცა მოდიოდნენ და მილოცავდნენ, რომ როგორი კარგი პრეზიდენტი გყავთ და რამხელა გამბედაობას იჩენსო. ამიტომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მისი რიტორიკა კიდევ უფრო მწვავე სახეს მიიღებს.
„არაერთი წყაროს მიხედვით და შიდა ინფორმაციებით ცნობილი ხდება, რომ სალომე ზურაბიშვილს ოპოზიცია, დახმარების სანაცვლოდ, პრეზიდენტის მეორე ვადით არჩევას დაპირდა. ჩვენ ვნახეთ შემდეგ ამაზე ხმამაღალი განცხადებებიც და მიხეილ სააკაშვილის მინიშნებებიც. ამიტომ ის ამ განცხადებებს მიზანიმართულად, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს. პარალელურად კი იკეთებს პროდასავლური ლიდერის იმიჯს“, -ამბობს მამრაძე.
მისივე თქმით, ზურაბიშვილს ქვეყნის შიგნით არანაირი რეიტინგი არ აქვს და ტყუილია იმაზე საუბარი, რომ მას ელექტორატი ჰყავს. მამრაძის აზრით, ზურაბიშვილი პრეზიდენტის სტატუსით რომ არ სარგებლობდეს, მის მიმართ ინტერესი არც ოპოზიციას და არც დასავლეთში ექნებოდათ. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ თუკი ის რეალურად ქვეყნის ბედით არის დაინტერესებული და არა პირადი ინტერესებით მოქმედებს, მაშინ მისი იმპიჩმენტის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ თანამდებობა უნდა დაეტოვებინა.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი მიიჩნევს, რომ პრეზიენტი ზურაბიშვილი პრაგამტული მოსაზრებებისა და საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.
„თავის დროზე, როდესაც ზურაბიშვილი საკაშვილის ოპოზიციაში იყო, საუბრობდა იმაზე, რომ ომი საქართველომ დაიწყო და საკუთარ ტერიტორია დაბომბა. შემდეგ, როცა „ოცნება“ დასჭირდა და პრეზიდენტობა უნდოდა, ვითომ დამოუკიდებელმა კანდიდატმა „ოცნების“ დახმარებით პრეზიდენტის სკამი დაიკავა. ვაღიაროთ, რომ ზურაბიშვილმა კარგად იცოდა რას წარმოადგენდა „ოცნებაც“ და ბიძინა ივანიშვილიც. უბრალოდ მაშინ მას ასე სჭირდებოდა. აქედან გამომდინარე, ეს გათვალისწინებული უნდა იყოს, როცა პრეზიდენტი „დემოკრატობანას“ გვეთამაშება და ვითომ ქვეყნის გადარჩენა უნდა. კი, ბატონო, შესაძლოა ამ ეტაპზე მის განცხადებებს ვეთანხმებოდეთ, მაგრამ კითხვა ხომ ჩნდება? როდის ამბობდა ეს ქალბატონი სიმართლეს - მაშინ, როცა ქვეყანას საკუთარ ტერიტორიაზე ომის დაწყებას აბრალებდა, თუ ახლა, როცა ივანიშვილს და „ოცნებას“ აკრიტიკებს.
„წარსული ხომ ყველამ კარგად ვიცით და ვნახეთ როგორი არამყარი პოლიტკოსია. ედუარდ შევარდნაძე, რომელიც მთელი ცოხვრება კომუნისტურ პარტიას ემსახურებოდა, მისი დაშლის შემდეგ მოინათლა და განაცხადა, რომ ბავშვობიდან მორწმუნე იყო. მე ვფიქრობ, რომ ზურაბიშვილსაც ასე შეუძლია პოზიციების შეცვლა და არაა სანდო ფიგურა. შესაძლოა პრორუსული ლიდერი აღარ გახდეს და რაღაც მკვეთრი ცვლილება არ მოხდეს, მაგრამ მას ნებისმიერ დროს შეუძლია საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოს.
„საქმე კიდევ ისაა, თუ რამდენად სასარგებლოა ასეთი პოლიტიკური ფიგურა ქვეყნისთვის. კი, ბატონო, პოლიტიკოსმა ლავირება უნდა გააკეთოს, მაგრამ მისი წარსული განცხადებები ქვეყნის საწინააღმდეგოდ არის გაკეთებული. ზურაბიშვილმა ახალი ნიშა აიღო და ამით საკუთარი პოლიტიკური იმიჯის შექმნას ცდილობს. რა თქმა უნდა, ამის ერთ-ერთი მიზანია, რომ ის ერთიანი ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი იყოს. დასავლეთში ნამდვილად ბევრი ფიქრობს, რომ ის დიდი დემოკრატია და მან ამაში ბევრი პოლიტიკოსი დაარწმუნა, რაც, რა თქმა უნდა, მცდარი აზრია“, - ამბობს ჩიტაძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



