თამთა ჩაჩანიძე
(03.09.2024)

საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომის დასრულებიდან ორი დღეა გასული, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების რეგისტრაციის ვადაც ამოიწურა და ჯერ კიდევ არაა ცნობილი რა გადაწყვიტა პლენუმმა „გავლენების კანონთან" დაკავშირებულ ოთხ სარჩელზე - მიიღებს მას წარმოებაში და შეაჩერებს თუ არა კანონის მოქმედებას. იუსტიციის სამინისტროს კი უკვე აქვს უფლება კანონით გათვალისწინებული ზომები გაატაროს. რატომ აჭიანურებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებას და არასამთავრობოების რა ნაწილი დარეგისტრირდა ამ კანონით გათვალისწინებულ რეესტრში?

როგორც ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ, გაჭიანურების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ საქმის სამართლებრივი თუ პოლიტიკური დატვირთვიდან გამომდინარე, ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ ამ გადაწყვეტილებას ბევრი ელოდება და „როგორც ჩანს, საკონსტიტუციო სასამართლოს სურს მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ნაკლებ კრიტიკას და ნაკლებ ვნებათაღელვას გამოიწვევს, ოღონდ ისე, რომ სამართლებრივი ჩარჩოდან არ გავიდეს".

რაც შეეხება არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების შესაბამის რეესტრში რეგისტრაციის პროცესს, ეს ვადა 2 სექტემბერს დღის ბოლოს ამოიწურა. ხელისუფლების წარმომადგენლები და ოპოზიცია კი დღეს იმაზე კამათობენ, თუ არასამთავრობოების რამდენმა პროცენტმა მიმართა „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრს" რეგისტრაციისათვის.

რამდენი არასამთავრობოა საქართველოში და რამდენმა გაიარა რეგისტრაცია

„საქსტატის" 2024 წლის 1-ელი ივლისის მონაცემებით, ოფიაიცლურად მოქმედ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რაოდენობა 32 660-ია, რომელთაგან აქტიურია 3 758. ამაში შედის სამთავრობო აიპ-ები და მათი რიცხვი დაახლოებით 1 500-მდეა. შესბამისად, ამ მონაცემების შეჯერებით გამოდის, რომ აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების რაოდენობა დაახლოებით 2 300-ია.

2 სექტემბერს საღამოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თამარ ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ იმ მომენტისთვის „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში" რეგისტრაციისთვის ნებაყოფლობით 469 ა(ა)იპ-მა მიმართა. ტყეშლაშვილმა დასძინა, რომ ჯერ კიდევ იყო რიგი იუსტიციის სახლში.

„ამ წუთის მდგომარეობით, ჩვენთან მომართული აქვთ შესაბამისი განცხადებით 469 ა(ა)იპ-ს ამასთან, ამ წუთსაც კი, იუსტიციის სახლში არის რიგი, ჯერჯერობით არ ამოწურულა ეს რიცხვი და დღის ბოლოს, საბოლოო რიცხვს გავაჟღერებთ, ვინც ნებაყოფლობით მოგვმართა განცხადებით შესაბამის რეესტრში რეგისტრაციის მიზნებისათვის.

„ვახსენეთ, რომ დღეს სრულდება ვადა. არ მინდა ეს იყოს იმგვარად გაგებული, რომ საერთოდ სრულდება მომართვის ვადა. სრულდება ნებაყოფლობით მომართვის ვადა, თუმცა ხვალაც, ზეგაც და შემდგომაც რჩებათ დრო, რომ კიდევ მოგვმართონ. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, იქნება უკვე არანებაყოფლობითი მომართვა და უკვე სხვა რეჟიმი ამოქმედდება ამ ორგანიზაციების მიმართ იმ კუთხით, რომ გამოიწვევს გარკვეულ ჯარიმას, ვადის დარღვევით მომართვის შემთხვევაში", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ 2 სექტემბერს „იმედის" ეთერში.

„ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ კი 3 სექტემბერს განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მხოლოდ 1.5% დარეგისტრირდა იუსტიციის სამინისტროში.

„არასამთავრობო ორგანიზაციების მხოლოდ 1.5% დარეგისტრირდა იუსტიციის სამინისტროში რუსული კანონის მოთხოვნის შესაბამისად. მივესალმები ყველას, ვინც უარი თქვა რუსული წესებით და კანონებით ცხოვრებაზე. საქართველო საქართველოა და არა - რუსეთი!" - წერს სოც ქსელში ხაზარაძე.

„ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ამას „ბინძური ტყუილი" უწოდა. მისი თქმით, საქართველოში „30 ათასი ენჯეო მხოლოდ ფურცელზეა" და ყველა მოქმედი არაა. მისივე თქმით, ის ორგანიზაციები, რომლებიც არ დარეგისტრირდნენ კანონის ფარგლებში, „მათ აქვთ გაუმჭვირვალობის მიზანი".

„რეალობა მდგომარეობს შემდეგში - როდესაც ჩვენ გავიგებთ ზუსტ რაოდენობას, რამდენი რეალურად მოქმედი და არა ფურცელზე, ფორმალურად არსებული, „ენჯეოა" საქართველოში და აქედან რამდენი იღებს 20%-ზე მეტ დაფინანსებას უცხოეთიდან, ანუ მას ევალება რეესტრში რეგისტრაცია, აქედან დათვალონ შემდეგ პროცენტები. რამდენჯერაც 1%-ს იტყვიან, თავის თავს ლუსტრირებას გაუკეთებენ, რომ ისინი არიან მატყუარები", - განაცხადა მდინარაძემ.

ანალიტიკოსთა გამოთვლები

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, დღეისათვის ქვეყანაში 2 500-მდე აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციაა, თუმცა, ყველა მათგანს საერთაშორისო დაფინანსება არ აქვს, ან თუკი აქვს, ეს მისი საერთო შემოსავლის 20%-ზე ნაკლებია, ასეთებს კი კანონი დარეგისტრირებას არ ავალდებულებს.

„ესაა ტყუილი და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა, როგორც ოპზიციური პარტიების, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. ვინ ვინ და თავად არასამთავრობო ორგანიზაციებმაც კარგად იციან, რომ საქართველოში დარეგისტრირებული 30 111 ორგანიზაციიდან რეალურად აქტიური და მოქმედი არის, ყველაზე უფრო ოპტიმისტური დათვლებით, სადღაც 2 000-2 500 არასამთავრობო ორგანიზაცია.

„ამ 2 500 არასამთავრობო ორგანიზაციიდან, რა თქმა უნდა, ყველას საერთაშორისო დაფინანსება არ აქვს, ან აქვს საერთაშორისო დაფინანსება, რომელიც 20%-ზე ნაკლებია. შესაბამისად, საქართველოში დარეგისტრირებული „ენჯეოების" მთლიანი რაოდენობიდან პროცენტის გამოყვანა, უბრალოდ ხალხის მოტყუებაა და მეტი არაფერი. მოკლეფეხებიანი ტყუილია, რომელიც ძალიან მარტივად გასაბათილებელია", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოს დავით ზურაბიშვილის შეფასებით კი, ხელისუფლებას სურს ვითარება ისე წარმოაჩინოს, რომ თითქოს არასამთავრობოები დასარეგისტრირებლად რიგში დგანან, რაც ასე არაა და მათგან „აბსოლუტური უმრავლესობა არ რეგისტრირდება უცხოური ინტერესების მსახურად".

„ეს სტატისტიკური მონაცემები არ მაქვს. 30 ათასი არის ოფიციალურად რეგისტრირებული, ახლა იქიდან რამდენია ფორმალური და რამდენია „მკვდარი", რომელიც მხოლოდ ქაღალდზეა, მე არ ვიცი. დარეგისტრირებულთა შორის აბსოლუტური უმრავლესობა ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც პრაქტიკულად ხელისუფლების დაარსებულია და ასეთი საკმაოდ ბევრი გვაქვს. ასეთი აიპ-ები ძალიან ბევრი გვაქვს, განსაკუთრებით რეგიონებში, ისინი უცხოურ გრანტს რამდენად იღებენ, არ ვიცი, მაგრამ ბევრია.

„ფაქტია, რომ ყველაზე „ისეთი" დათვლებითაც კი, არასამთავრობო ორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობა არ რეგისტრირდება უცხოური ინტერესების მსახურად, ეს ფაქტია. ხელისუფლებას ეს ისე თუ უნდა წარმოაჩინოს, რომ არიქა და ყველა რიგში დადგა და ეს მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება და მეტს არაფერს, ეს ფაქტი მათ სასარგებლოდ არ მეტყველებს",- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა „რეზონანსთან".

რატომ აჭიანურებს საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებას

საკონსტიტუციო სასამართლოში შესულია ოთხი სარჩელი - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის, 38 ოპოზიციონერი დეპუტატის, 121 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციისა და მედიების „მთის ამბები" და „სტუდია მონიტორი". განმწესებელი სხდომა 29-30-31 აგვისტოს ჩატარდა, რა დროსაც პრეზიდენტის, ოპოზიციონერების, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის წარმომადგენლებმა თავიანთი არგუმენტები წარმოადგინეს. მოპასუხე მხარეს წარმოადგენდნენ პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლები.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" შესაძლო მიზეზზე საუბრობს, რის გამოც შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას აგვიანებდეს.

„საკონსტიტუციო სასამართლოს ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ საქმის სირთულიდან, სამართლებრივი და პოლიტიკური დატვირთვიდან გამომდინარე, მის გადაწყვეტილებას ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. ჩემი ვარაუდია, რომ, როგორც ჩანს, საკონსტიტუციო სასამართლოს სურს მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მოცემულ შემთხვევაში ყველაზე უფრო მიზანშეწონილი იქნება, რომელიც ნაკლებ კრიტიკას და ნაკლებ ვნებათაღელვას გამოიწვევს, ოღონდ ისე, რომ სამართლებრივი ჩარჩოდან არ გავიდეს.

„გასაგებია, რომ სასამართლო მხედველობაში ყველა ფაქტორს იღებს - ადგილობრივს თუ საერთაშორისოს. არაა გამორიცხული, რომ სასამართლომ კანონი ანტიკონსტიტუციურად არ სცნოს, რასაც ითხოვენ მოსარჩელეები, მაგრამ არჩევნების მიმდინარეობის პერიოდში, გარკვეული დროით კანონის მოქმედება შეაჩეროს - ასეთ ვერსიას არ გამოვრიცხავ, მაგრამ ეს ვერსიაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება იქიდან გამომდინარე, თუ რა სამართლებრივი საფუძვლით აჩერებ შენ ამ კანონის მოქმედებას. ამ კანონის აღსრულება არასამთავრობო ორგანიზაციას არ უშლის ხელს იმაში, რომ თავიანთი ჩვეული საქმიანობა განახორციელოს. მას შეუძლია დარეგისტრირდეს, წარადგინოს დეტალური ფინანსური ანგარიში და აკეთოს ის, რასაც ადრე აკეთებდა, ეს ჟურნალისტური გამოძიება იქნება, დემოკრატიის ხელშეწყობა, მოქალაქეთა ჩართულობა თუ ა.შ. მაგრამ, როგორც ჩანს, აქ პრინციპების ჭიდილზე მიდგა საქმე და ახლა მიდის უკვე ნერვების ომი", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სასამართლოს „რამე ღრმა ჩანაფიქრები არ ექნება" და ეს გაჭიანურებაც „ჩვეულებრივი პრაქტიკაა".

„ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, გადაწყვეტილება არასდროს იმავე წუთს არ მიიღება ხოლმე, რამდენიმე დღე სჭირდება. ალბათ მალე მიიღებენ გადაწყვეტილებას. არ მგონია, რომ რამე ღრმა ჩანაფიქრები იყოს", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე