თამთა ჩაჩანიძე
(02.09.2024)

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის თავდაცვის მინისტრს სურენ პაპიკიანს შეხვდა. შეხვედრა დროში ემთხვევა პრემიერ ნიკოლ ფაშნიანის განცხადებას, რომ სომხეთმა გაყინა მონაწილეობა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში(ოდეკაბე) ყველა დონეზე. ანალიტიკოსთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ რაიმე რეგიონალურ ალიანსს ეყრებოდეს საფუძველი, თუნდაც თავდაცვის კუთხით, ნაწილი კი ამას გამორიცხავს და ამბობს, რომ ეს მორიგი ჩვეულებრივი შეხვედრაა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კობახიძე-პაპიკიანის შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ კავშირებსა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია კარგ საფუძველს ქმნის სხვადასხვა მიმართულებით საქართველოსა და სომხეთის პარტნიორობის გასაღრმავებლად.

საუბარი შეეხო მსოფლიოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და გამოწვევებთან გასამკლავებლად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას.

რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს საქართველო-სომხეთის ლიდერების შეხვედრას

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანასთან" აცხადებს, რომ ესაა ჩვეულებრივი საქმიანი შეხვედრა და მოსაზრება იმის შესახებ, რომ რეგიონში რაიმე სახის სამხედრო ალიანს შეიძლება ეყრებოდეს საფუძველი, სწორი არაა.

„საქართველოს საგარეო პრიორიტეტებია, რომ ყველა მეზობელთან სიღრმისეული ურთიერთობა გვქონდეს მრავალი მიმართულებით. ამას მოქმედი ხელისუფლება მრავალვექტორულ პოლიტიკას ეძახის, შესაბამისად, საქართველოს თავის მეზობლებთან საკმაოდ მტკიცე ურთიერთობა აქვს ნებისმიერი მიმართულებით და ორმხრივი ურთიერთობები ასევე აისახება სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმებზე.

„შესაბამისად, მოსაზრება იმის შესახებ,რომ რაღაც სამხედრო ბლოკი იქნება კავკასიაში თუ ფართო რეგიონში, არ მიმაჩნია, რომ ეს აქტუალურია, ან დღის წესრიგში განხილვადი. ეს არის ჩვეული, საქმიანი რეჟიმის მქონე შეხვედრები. ასეთი ვიზიტები ხორციელდება როგორც თბილისში სხვადასხვა ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირებისგან, ასევე, ქართველი მაღალჩინოსნების მხრიდან სხვადასხვა დედაქალაქში.

„საქართველო მეგობრობს ყველასთან, ვინც ჩვენ ეროვნულ ინტერესებს და სუვერენიტეტს არ ეწინააღმდეგება. შესაბამისად, ეს მულტიპოლარული ურთიერთობა და მითუმეტეს, სიღმისეული ურთოერთობა ჩვენს ძირძველ მეზობლებთან და მეგობრებთან, გასაკვირი არ უნდა იყოს.

„ამაზე შესაძლოა იყოს გარკვეული ინსინუაციები, სპეკულაციები სხვადასხვა ქვეყნების მედიაშიც კი, მაგრამ ეს ასე არაა. ურთიერთობა ისეთი პროცესია, რომელიც მუდმივად საჭიროებს განვითარებას, ასეთი რამ ხდება, როგორც კავკასიაში და ფართო რეგიონში, ისე ევროპისა და ჩრდილო ამერიკის კონტინენტზე",- განაცხადა აბაშიძემ.

კითხვაზე, რას ნიშნავს საქართველოსა და სომხეთს შორის თავდაცვის სფეროში ურთიერთობების გაღრმავება, აბაშიძემ გვითხრა:

„თავდაცვის სფეროს თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტიკაზე უნდა ისაუბრონ კონკრეტული უწყებების თავკაცებმა და ხელმძღვანელებმა. მე შესაძლოა ვარაუდები გამოვთქვა იქიდან გამომდინარე, რომ ურთიერთობა ის პროცესია, რომელიც მუდმივად უნდა განვითარდეს, მაგალითად ეს იქნება სამხედრო სფეროში - ერთობლივი წვრთნები, თუ გამოცდილების ურთიერთგაზიარება არა მხოლოდ სამხედრო, არამედ, სახელმწიფო აღმშენებლობის თუ სხვადასხვა ინსტიტუტის სფეროში. ეს ჩვეული მოვლენაა მეგობრებს შორის და ასეთი ტიპის ურთიერთობები დღემდე ვითარდება ევროკავშირის სივრცეშიც",-განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი „რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ „კავკასიური სამეულის" იდეას ეყრებოდეს საფუძველი.

„უფრო მგონია, რომ კავკასიური სამეულის იდეას ეყრება საფუძველი, ალბათ მმართველ პოლიტიკურ ძალას სურს, რომ ამ კუთხით რაღაც აქტოვობა დაიწყოს, საუბარია საქართველო-სომხეთი-აზერბაიჯანი. სომხეთთან თავდაცვის სფეროში დიდი საერთო არა გვაქვს, მარტო სამხედრო სამედიცინო, ჰუმანიტარული, სამშვიდობო ოპერაციები და ა.შ.ისეთი ინტენსივობა მაინცდამაინც არ გვაქვს.

„სომხეთმა დასავლეთისკენ ახლა დაიწყო სვლა და ჩვენ პირიქით, ვშორდებით, ეს ცოტა შეუსაბამო მომენტია. თუმცაღა, „ქართული ოცნების" მთავრობა მაინც ცდილობს, რომ ფაშინიანის მთავრობასთან რაღაცნაირად ურთიერთობები გააღრმავოს. კი გაყინა ურთიერთობები სომხეთმა „ოდეკაბესთან", მაგრამ მაინც ფორმალურად რუსეთის გავლენის ქვეშაა და ორგანიზაციიდან გამოსვლაზე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

„რთულია იმაზე საუბარი სომხეთი რამდენად განაახლებს ურთიერთობას „ოდეკაბესთან", თან ამის პარალელურად სომხეთს დასავლეთიდან უსაფრთხოების გარანტიები არ აქვს. ყველა ვარიანტში, სომხეთი ევრაზიულ საგარეო პოლიტიკურ კურსს მაინც ატარებს და რუსეთთან ურთიერთიბებს რაღაც დონეზე მაინც ინარჩუნებს",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

რა თქვა მანამდე სომხეთის პრემიერმა

„სომხეთმა მონაწილეობა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ყველა ორგანოში გაყინა", - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„თქვენ იცით, რომ სომხეთმა „ოდეკაბე"-ში ყველა დონეზე მონაწილეობა გაყინა და ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება საკმარისად მიგვაჩნია. სხვა გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას არ ვხედავთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ დავინახავთ სხვა გადაწყვეტილების მიღების საჭიროებას სხვა მომენტში", - აღნიშნა ფაშინიანმა.

მისი თქმით, ვერ დაასახელებს იმ დღეს, როდესაც სომხეთი მთლიანად გამოვა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან.

შეგახსენებთ, ივნისის შუა რიცხვებში ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი „ოდეკაბე"-ს დატოვებას გეგმავს. მისი თქმით, ერევანი ამას მაშინ გააკეთებს, როცა საჭიროდ ჩათვლის. მაისის დასაწყისში კი სომხეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ორგანიზაციის დაფინანსებას შეწყვეტდა.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ სომხეთმა აზერბაიჯანს სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად ახალი წინადადება წარუდგინა.

„მინდა თქვენი ყურადღება ფუნდამენტურად ახალ წინადადებაზე გავამახვილო, რომელიც სომხეთმა აზერბაიჯანს წარუდგინა. ვაღიარებ, რომ ეს გუშინ მოხდა და ობიექტურად, ოფიციალურ ბაქოს ამ წინადადების არსის გაცნობისთვის დროც კი არ ჰქონია", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების ბოლო პროექტში 17 მუხლიდან 13 სრულად შეთანხმებულია.

„ჩვენი წინადადების არსი ასეთია: ჩვენ ყველა შეთანხმებულ მუხლსა და ფორმულირებას ვიღებთ და მათ, როგორც სამშვიდობო ხელშეკრულებას, ხელს ვაწერთ. ჩვენ ეს შესაძლებლად მიგვაჩნია, რადგან მათში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის ყველა ფუნდამენტური პრინციპია ასახული", - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე