
აზერბაიჯანის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ილჰამ ალიევის პარტია იმარჯვებს. სავარაუდოდ, „ახალი აზერბაიჯანი" უმრავლესობას მოიპოვებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მაზაჰირ პანახოვმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტია 120 ადგილიან მილი მეჯლისში 68 მანდატს მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიამ" ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ არსებულ პირობებში არჩევნებში მათ მონაწილებას აზრი არ ჰქონდა.
„არჩევნები ნაწილობრივ გამჭვირვალე მაინც რომ ყოფილიყო, ჩვენ მივიღებდით მონაწილეობას და გავიმარჯვებდით, მაგრამ აქ 1%-იანი გამჭვირვალობაც კი არ არის, რატომ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ამ არჩევნებში? - განაცხადა პარტიის თავმჯომარის მრჩეველმა, მამედ იბრაჰიმმა.
ბოიკოტს შეუერთდა კოალიცია „აზერბაიჯანის დემოკრატიული ძალების ეროვნული საბჭო". მათ არჩევნებს იაფი ფარსი უწოდეს, რომელში მონაწილეობაც, მათი შეფასებით, „არასაჭირო და საზიანოა ეროვნული ინტერესების თვალსაზრისით".
შეგახსენებთ, აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გუშინ ჩატარდა. არჩევნებზე დასაკვირვებლად 112 749 ადგილობრივი დამკვირვებელი იყო რეგისტრირებული. მათგან 65 000-ზე მეტი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელია. ამასთან, რეგისტრირებული იყო 598 საერთაშორისო დაკვირვებელი. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა VI მოწვევის მილი მეჯლისის (პარლამენტის) დაშლისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი 28 ივნისს მოაწერა.
საგარეო ექსპერტის ვახტანგ მაისაიას აზრით, ილჰამ ალიევის პარტიის გამარჯვებას კარდინალური ცვლილები არ მოჰყვება.
„ილჰამ ალიევის პარტიის კვლავ გამარჯვებას მნიშვნელოვანი არაფერი მოჰყვება. უბრალოდ, ალიევმა არჩევნები ჩაატარა იმისათის, რომ შემოერთებული ტერიტორიების შემდეგ (ყარაბახის ტერიტორია) იქ არსებული დეპუტატების ყოფნა უფრო ლეგიტიმური გამხდარიყო, ეს არის და ეს. ამრიგად, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ რაღაც კარდინალური ცვლილებებს ადგილი არ ექნება", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".
ყოფილ სახელმწიფო მინისტრსა და კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ რეგიონში ცვლილებების მოტანა შეუძლია იმას, თუ საქართველო თურქეთთან საერთო ენას იპოვის და დაიწყებს უსაფრთხოებებისა და თავდაცვის ღონისძიებების შესახებ პროექტების განხორციელებას მასთან ერთად. მისივე თქმით, ამ ეტაპზე აზერბაიჯანი რეგიონში ისევ ლიდერი რჩება.
„ალიევის გამარჯვების შემთხვევაში არსებითად არაფერი შეიცვლება. ქართულ-აზერბაიჯანული პოლიტიკა განსაზღვრავს ქართული მხარის პასიურობას. საქართველოს მხოლოდ რეაქტიული პოლიტიკა აქვს, ანუ მიმდინარე მოვლენებზე რეაგირებს.
„ამიტომაც აზერბაიჯანი რეგიონის ლიდერი ხდება და მას მხარს თურქეთი უჭერს, ის რუსეთთან ურთიერთობას ალაგებს და შესაბამისად, წამყვანი სახელმწიფოა იმ ფონზე, როცა სომხეთს თურქეთთან არ აქვს კარგი ურთიერთობა და რუსეთთანაც უკვე რთულდება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე აზერბაიჯანი ძლიერდება. არჩევნები გინდ ჩატარებულა გინდა არა, რჩება ძველი ხელისუფლება და მას არაფერი არ ემუქრება, რადგან ძლიერი ოპოზიცია არ ჰყავთ. ამიტომ ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც იყო.
„ცვლილებები შეიძლება მხოლოდ ორმა ფაქტორმა შემოიტანოს, თუმცა ეს აზერბაიჯანს არ უკავშირდება. ერთი არის ის, რომ საქართველომ თურქეთთან საერთო ენა იპოვოს და დაიწყოს უსაფრთხოებებისა და თავდაცვის ღონისძიებების შესახებ პროექტების განხორციელება მასთან ერთად. ვინაიდან, თურქეთი უსაფრთხოების საკითხებში ეხმარება ყაზახეთს და აფრიკაშიც კი ჩართულია, ანუ თურქეთი ამ საკითხებით დაინტერესებულია.
„ამიტომ ყველაზე მეტად თურქეთს უნდა აწყობდეს შავ ზღვაზე მეზობლის, საქართველოს მხადაჭერა, რადგან შავ ზღვაზე კონკურენციას რუსეთი უწევს. გამორიცხულია თურქეთს არ აინტერესებდეს საქართველოსთან თანამშრომლობა. მგონი რუსეთის მთავარი მიზანიც ეგაა, რომ საქართველო და თურქეთი უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში არ დამეგობრდნენ.
„ამ ფონზე, „ქართული ოცნების" რუსული პოლიტიკა არის ის, რომ ამ საკითხებში თუქრეთთან საერთო გზებს არ ეძებს. ჩვენ გვაყვს სანდო აზიელი პარტნიორი, რომელიც დაინტერესებულია შავ ზღვაზე და კავკასიაში ჰქონდეს თავისი გავლენები ნატოს კონტექსიდან გამომდინარე.
„თან თურქეთი ევროკავშირისკენ მიიწევს, მართალია რთულად, მაგრამ უარს არ ამბობს. ამ ფონზე სწორედ ჩვენ შეგვიძლია კონტექსის შეცვლა კავკასიაში, ასევე შეუძლია სომხეთს, ოღონდ თუ ის თურქეთთან კარგ ურთიერთობას დაიწყებს, თუმცა ეს მათთვის რთულია. ჩვენს შემთხვევაში შედარებით მარტივია, უფრო მოკლე გზა გვაქვს იმისათვის, რომ თურქეთთან ერთად ეს კონტექსი შევცვალოთ, თურქეთს როცა ვამბობ, აქ ვგულისხმობ ნატოს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



