თამთა ჩაჩანიძე
(02.09.2024)

ცესკო-ში 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიების რეგისტრაცია დასრულდა, შემდეგი ეტაპი მოიცავს პარტიული სიების წარმოდგენას, რისთვისაც მათ ვადა 26 სექტემბრამდე აქვთ. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ თანდათან უფრო შესამჩნევი ხდება, რომ საარჩევნო პროცესი ცხელ ფაზაში შედის და იქიდან გამომდინარე, რომ მხარეები ამ არჩევნებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ სიტუაცია განსაკუთრებულად დაიძაბოს უშუალოდ არჩევნების პერიოდში, მათ შორის ვიხილოთ არასასურველი სცენარებიც.

„უპირველეს ყოვლისა, ველოდები ოპოზიციისგან სიტუაციის გამძაფრებას. მათ მიერ თავის წარმოჩენას, რომ თითქოსდა დაჩაგრულნი არიან და ამის პარალელურად, სხვადასხვა სახის პროვოკაციებს",- ამბობს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე.

„რაც უფრო მივუახლოვდებით არჩევნებს, სიტუაციის დაძაბვა მოსალოდნელია. თავდასხმები და დაპირისპირებები შესაძლებელია, რაც პირველ რიგში შეიძლება უკავშირდებოდეს „ქართული ოცნების" საქმიანობას. შესაძლებელია გარკვეული ე.წ. ტიტუშკების მიგზავნაც, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს მოსახლეობასთან შეხვედრა ჩაეშალოთ",- განაცხადა ანალიტიკოსმა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

რა მნიშვნელობას ანიჭებენ მხარეები ოქტომბრის არჩევნებს

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი აცხადებს, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გადაწყდება, როგორ წავა ქვეყანა - გავხდებით ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი, თუ კვლავ ვიტრიალებთ რუსეთის ორბიტაზე.

„მე ვფიქრობ, ძალიან ნათელია, რატომ არის ეს წელი და ეს არჩევნები გადამწყვეტი, იმიტომ, რომ ამ არჩევნებზე საქართველომ და ჩვენმა საზოგადოებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, როგორ წავა ქვეყანა წინ, როგორ იქნება ის ინტეგრირებული დასავლეთთან, ვიქნებით თუ არა ჩვენ მომავალში ევროკავშირის წევრი, ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი, გვექნება თუ არა ამის პერსპექტივა, თუ ჩვენი პერსპექტივა იქნება ისევ ვიტრიალოთ რუსეთის ორბიტაზე და ვიყოთ დისტანცირებული დასავლეთისგან, რაც მხოლოდ და მხოლოდ ერთი მომავლის და პერსპექტივის მომტანია - ეს იქნება ქვეყნის უკუსვლა და ეს მოიტანს ძალიან მძიმე შედეგებს ქვეყნისთვის.

„ამიტომ ეს არის სწორედ გადამწყვეტი საარჩევნო წელი და ვფიქრობ, ჩვენს ამომრჩეველს კარგად ესმის, სად არის წყალგამყოფი და რა შედეგს მოიტანს არჩევნების შემდეგ ერთი - ოპოზიციის გამარჯვება და მეორე - ხელისუფლების გაგრძელება," - განაცხადა გიგი წერეთელმა.

„ავტორიტარიზმის ფესტივალი ჩაიშალა და რაც მთავარია, საბოლოოდ ავტორიტარიზმის ფესტივალის მოწყობის მცდელობა ჩაიშლება ამ ქვეყანაში 26 ოქტომბერს, როდესაც ქართველი ხალხი გამოვა არჩევნებზე და სწორედ ავტორიტარიზმის ფესტივალის დაბრუნებას ეტყვის უარს", - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში 9 წლის განმავლობაში იყო ავტორიტარიზმის ფესტივალი, 2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით და ქვეყანაში ავტორიტარიზმის ფესტივალს ვერავინ დააბრუნებს.

„ყველაზე სამწუხარო აქ ის არის, რომ უცხოური დაფინანსებით ტარდებოდა ეს ფესტივალი, ეს იყო დანიური დაფინანსება. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც ვიღაც გარედან ცდილობს ასე უხეშად ჩაერიოს საარჩევნო პროცესებში. ეს არის უკიდურესად მიუღებელი და მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი უნდა მოხვდეს საარჩევნო ანგარიშებში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორი წინასაარჩევნო გარემო გველის

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თანდათან შესამჩნევია, რომ აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიაში შვდივართ და რაც უფრო მივუახლოვდებით არჩევნებს, სიტუაცია მით მეტად შეიძლება დაიძაბოს, მოსალოდნელია დაპირისპირებები, მათ შორის ფიზიკურიც.

„რაც უფრო მივუახლოვდებით არჩევნებს, სიტუაციის დაძაბვა მოსალოდნელია, თავდასხმები და დაპირისპირებები შესაძლებელია, რაც პირველ რიგში შეიძლება უკავშირდებოდეს „ქართული ოცნების" საქმიანობას. შესაძლებელია გარკვეული ე.წ. ტიტუშკების მიგზავნაც, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს მოსახლეობასთან შეხვედრა ჩაეშალოთ. ამას იქიდან გამომდინარე ვსაუბრობ, რომ წინა არჩევნების დროსაც იყო შემთხვევები. ამის გამო, ერთის მხრივ სიფრთხილეა საჭირო და მეორეს მხრივ გამბედაობაც, რომ პოლიტიკურმა ძალებმა მაინც იბრძოლონ იმ დესტრუქციული პოლიტიკის მიუხედავად, რომელსაც დღეს „ქართული ოცნება" ახორციელებს.

„უკვე ეტყობა, რომ აქტიურ წინასაარჩევნო პროცესში შევედით, უკვე ხალხიც შვებულებებიდან ბრუნდება. განსაკუთრებით ცხელი ფაზა უფრო ოქტომბრის დასაწყისიდან იქნება. რაც შეეხება უშუალოდ არჩევნების დღეს, როგორც წინა სხვა არჩევნებზე ჰქონდა ადგილი საარჩევნო უბნებთან დაპირისპირებას, ასევე ახლაც არაა გამორიცხული.

„ქართული ოცნების" გაღიზიანების მთავარი მიზეზი ისაა, რომ წინა არჩევნებისგან განსხვავებით, დღეს განსაკუთრებულ საფრთხეს ხედავენ, რომ მათ შეიძლება ძალაუფლება დაკარგონ, ამიტომ მათი და მათი მხარდამჭერების რეაქციები შესაძლოა უფრო მწვავე იყოს. სხვა წინა არჩევნებში დარწმუნებულები იყვნენ, რომ გაიმარჯვებდნენ, მაშინაც გაღიზიანებულები იყვნენ, მაგრამ, არა იმდენად.

„დღეს უკვე შეშინებულებიც არიან და ყველა ხერხით ცდილობენ ხელისუფლებაში დარჩენას, იგივე მართლმადიდებლობისა და ომის თემით. ამას სპეციალურად აკეთებენ და ხალხში სოციალურ-ეკონომიკურ საკითხს აღარ განიხილავენ, რადგან მერე მოსახლეობა იკითხავს, რომ სად იყავი 12 წელიო? ახლა კი, ამის თავიდან არასრიდებლად, იმის წარმოჩენა სურთ, რომ თითქოს ისინი ძალიან ეროვნული და რელიგიური მღვაწეები არიან",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ აქტიური კამპანია უკვე დაიწყო და რაც უფრო მივუახლოვდებით არჩევნებს, სიტუაციის დაძაბვა მოსალოდნელია. გვენეტაძე აცხადებს, რომ სიტუაციის გამძაფრება უპირველეს ყოვლისა, ოპოზიციისგან წამოვა.

„აქტიური საარჩევნო ფაზა უკვე დაიწყო და უპირველეს ყოვლისა, ველოდები ოპოზიციისგან სიტუაციის გამძაფრებას. მათ მიერ თავის წარმოჩენას, რომ თითქოსდა დაჩაგრულნი არიან და ამის პარალელურად, სხვადასხვა სახის პროვოკაციებს. როგორც გერმანელი ნაცისტები აკეთებდნენ - გამოიძახებდნენ მოიერიშე ბრიგადებს და საკუთარ თავს და მომხრეებს აცემინებდნენ, არ გამოვრიცხავ, რომ ასევე გააკეთოს ე.წ.-მა ოპოზიციამ.

„სინამდვილეში ეს ე.წ. ოპოზიცია არის „მეხუთე კოლონა", რომელმაც იცის, რომ არანაირი გამარჯვების საშუალება არ აქვს გარდა ერთადერთის - სიტუაციის დაძაბვის და არჩევნების შემდგომ პერიოდში, სახელმწიფო გადატრიალების. მეტი არანაირი შანსი არ აქვთ, მათ დავალება აქვთ გარე ძალებისაგან. ისინი რომ ქვეყნის კეთილდღეობისთვის არ იბრძვიან, ეს არაერთხელ დაამტკიცეს.

„2022 წლიდან დღემდე მათი რიტორიკაა, რომ საქართველო მიმდინარე ომში უნდა ჩაებას, რომელიც რუსეთ-უკრაინას შორის მიდის. ერთი მათი წარმომადგენელია, ოდიოზური ფიგურა - გირჩი-ზურაბა, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ საქართველომ რომ ფრონტი გახსნას, აქ ერთი ათი ათასი რუსი ჯარისკაცი მაინც დაკავდება და ამით უკრაინელებს შვება მიეცემაო. ეს ხომ მე არ მომიგონია და ფაქტია?! ასეთი კი უამრავი შეიძლება ითქვას.

„უშუალოდ არჩევნების დღეს მიზამნიმართულ პროვოკაციებს ველოდები, რომელიც უპირველეს ყოვლისა მიმართული იქნება იქითკენ, რომ საარჩევნო სიტუაცია დაიძაბოს, ამავე დროს მოხდეს შეტაკებები და ა.შ. ამისთვის მე დარწმუნებული ვარ მაგათ სპეციალური ჯგუფებიც ეყოლებათ ჩამოყალიბებული, თუმცა ჩვენ სახელმწიფო ვართ და მაქსიმალური, მყისიერი რეაგირება გვქონდეს და „ვირის აბანოში" უკრან თავი მათ, ვინც იქნებიან ხელმძღვანელ-შემსრულებლები.

„ეს არჩევნები არის არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის, საქართველოში არიან ძალები, რომლებიც ომს ემხრობიან, ისინი ამ დავალების შესრულებაში ფულს იღებენ და ფულისთვის ესენი ყველაფერს იკადრებენ. თუ მყიდველი გამოუჩნდა, საკუთარ დედებსაც გაყიდიან, ესაა მათი მთელი ცხოვრებისეული ფილოსოფია",- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე