თამთა ჩაჩანიძე
(01.09.2024)

მიიღებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო წარმოებაში „გავლენების კანონზე" სარჩელებს და რაც მთავარია, შეაჩერებს თუ არა კანონის მოქმედებას განხილვის დასრულებამდე - ეს, სავარაუდოდ, ორშაბათს გაირკვევა. ასევე ორშაბათს იწურება ვადა, როდესაც ის ორგანიზაციებს, რომლებზე ეს კანონი ვრცელდება, შესაბამის რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ. არასამთავრობოები და პოლიტიკოსები დაძაბულ მოლოდინში არიან. ანალიტიკოსების პროგნოზები კი სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განსხვავებულია.

დავით ზურაბიშვილის პროგნოზით, საკონსტიტუციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს სარჩელებს, მაგრამ კანონის მოქმედებას არ შეაჩერებს. ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ უწყება დამოუკიდებლად არ მოქმედებს, მმართველ პარტიას და ბიძინა ივანიშვილს კი დღეს კანონის შეჩერება არ აწყობს.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ მომჩივანების მხრიდან ძირითადი სულისკვეთება პოლიტიკური იყო და არა იურიდიული და თუ სასამართლომ პოლიტიკური საფუძველი გაითვალისწინა, დემოკრატიის ჭრილში, მაშინ არაა გამორიცხული, რომ საქმე წარმოებაშიც მიიღოს და კანონის მოქმედებაც შეაჩეროს საბოლოო გადაწყვეტილებამდე.

სასამართლოში შესულია ოთხი სარჩელი - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის, 38 ოპოზიციონერი დეპუტატის, 121 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციისა და მედიების „მთის ამბები" და „სტუდია მონიტორი".

განმწესრიგებელი 29 აგვისტოს დაიწყო, პრეზიდენტის წარმომადგენლები იყვნენ - კახი სამხარაძე (სახელმწიფო სამართლის სპეციალისტი), ზურაბ მაჭარაძე (პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე), ეკა ბესელია (ყოფილი პარლამენტარი) და გიორგი ბურჯანაძე (სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე); ოპოზიციონერ დეპუტატებს წარმოადგენდნენ თამარ კორძაია და ანა ნაცვლიშვილი; არასამთავრობო ორგანიზაციებს - ქეთევან ირემაძე და გიორგი დავითური, გამომძიებელი ჟურნალისტების პოზიციას კი - გელა მთივლიშვილი და ნინო ზურიაშვილი.

სასამართლოში კანონის მხარდამჭერი „ოცნების" დეპუტატები ანრი ოხანაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და არჩილ გორდულაძე არ მივიდნენ. მოპასუხე მხარეს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლები - ლევან კასრაძე, ლევან ღავთაძე და ქრისტინე კუპრავა წარმოადგენდნენ.

მხარეთა შემაჯამებელი განცხადებები

განმწესრიგებელი სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოშ 3 დღეს გაგრძელდა. იყო ემოციური კამათიც და ძალაბული მომენტებიც, თუმცა მხარეები აკადემიურ ჩარჩოებს არ გასცილებიან.

უჩვეულოდ ხანრძლივი აღმოჩნდა განმწესრიგებელი სხდობის მესამე დღე, რომელსაც ისევ რვა მოსამართლე ესწრებოდა: თავმჯდომარე მერაბ ტურავა, ვასილ როინიშვილი, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, თეიმურაზ ტუღუში. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ისევ ვერ ესწრებოდა მოსამართლე ირინე იმერლიშვილი.

31 აგვისტოს დღის ბოლოსკენ მხარეებს დასკვნითი შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლის საშუალება მიეცათ. პრეზიდენტის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ კანონის დამცველების მხრიდა ვერ დაინახა ვერცერთი საფუძვლიანი არგუმენტი.

„ჩავთვალე და დავინახე, რომ არ არის არც ერთი სერიოზული, პასუხისმგებლობიანი არგუმენტი, რომელიც დაიცავს ამ კანონს და ამ ვითარებაში, როდესაც ამდენი რამ დევს სასწორის ამ მხარეს. მე უბრალოდ არ მჯერა და არ მაქვს განცდა, რომ სასამართლომ ეს ვერ დაინახა.

„მგონია, რომ ყველაფერს კარგად ხედავთ და ახლა ჯერი თქვენზეა. ერთი რამ ვიცი - ბევრი რამ მინახავს ამ ქვეყანაში, ბევრი ტრანსფორმირება გვინახავს. ახლა მე არ მინდა ვინანო ის, რომ ნდობის მანდატი გამოვუცხადე ამ სხდომაზე მყოფ რამდენიმე მოსამართლეს. ახლა არჩევანი თქვენზეა და თქვენ გადაწყვიტეთ", - განაცხადა ბესელიამ.

საკონსტიტუციო სასამართლოს კანონის მოქმედების შეჩერებისკენ მოუწოდა ასევე პრეზიდენტის წარმომადგენელმა გიორგი ბურჯანაძემაც.

„ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეპრესიულმა კანონმა არ დაიწყოს მსუსხვავი მოქმედება", - განაცხადა ბურჯანაძემ.

38 დეპუტატის უფლებებს საკონსტიტუციო სასამართლოში თამარ კორძაია და ანა ნაცვლიშვილი იცავდნენ. ნაცვლიშვილმა პროცესს ისტორიული უწოდა და ღნიშნა, რომ კანონის ამოქმედებას ბევრი ზიანი მოჰყვება.

„თუ თქვენ არ ცნობთ ამ დავას დასაშვებად და ამავე დროს არ გამოიყენებთ (კანონის მოქმედების) შეჩერების მექანიზმს, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ არსებითი განხილვის ეტაპზე, ბევრი ადამიანი, ვინც აქ წარმოადგენს მოსარჩელე მხარეს და ბევრი ადამიანი, ვინც აქ დარბაზში გვესწრება, შესაძლოა, ფიზიკურად ვეღარ გამოცხადდეს პროცესზე, ხოლო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი დარჩეს გაჩერებულად, როგორც ახლა არის ამ კანონის გამო და საქართველოს წინაშე ბევრი ათწლელულით ჩაიკეტოს ის კარი, რომელიც ქართველი ხალხის პრინციპული და ხმამაღალი ბრძოლის შედეგად გაიღო...

„პატივცემულო სასამართლოვ, მე ვიცი, რომ ეს არის მძიმე ტვირთი, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაექცევა 78-ე მუხლის დამოუკიდებლად განხილვას... ვთვლი, რომ ეს არის ისტორიული პროცესი. ამ ისტორიულ პროცესში ყველას გვაქვს როლი. თქვენი როლი ცხადი და ნათელია. ამ ისტორიულ პროცესში ვერავინ იქნება მოწმე. ყველას აქვს ქმედების ვალდებულება. იმედი მაქვს, ამ პროცესის შედეგად, ისევე როგორც ძალიან მალე, გამარჯვებული იქნება საქართველო და ქართველი ხალხი", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მედიის უფლებებს ჟურნალისტები გელა მთივლიშვილი და ნინო ზურიაშვილი იცავდნენ. მთივლიშვილის თქმით, თუკი კანონი ძალაში დარჩება, საქართველოში ნელ-ნელა გაქრებიან თავისუფალი პროფესიის ადამიანები.

„ქართულ ენაზე მოსაუბრე პროპაგანდისტებს იმედი აქვთ, რომ ზუსტად ისევე გაგვანადგურებენ, როგორც რუსეთში შეძლეს, მაგრამ ეს არ გამოვა თუ თქვენ (მოსამართლეები) ამ კანონს შეაჩერებთ. თუ არ შეაჩერებთ, საწყის ეტაპზე გავქრებით ჩვენ, თავისუფალი პროფესიის ადამიანები, მაგრამ რუსული ტიპის მმართველობა ისეთია, რომ მას აუცილებლად და მუდმივად სჭირდება მსხვერპლი. როდესაც შუა გაიკრიფება, ის შეეხება ყველას და დარწმუნებული ვარ, შეიძლება თქვენამდეც მოვიდეს", - თქვა გელა მთივლიშვილმა.

პროცესზე მოპასუხე მხარემ, პარლამენტის წარმომადგენელმა ლევან ღავთაძემ თქვა, რომ მოსარჩელეებმა ვერ წარმოადგინეს არგუმენტები, რა გამოუსწორებელი შედეგები დადგება, თუკი კანონი არ შეჩერდება. კანონის მოქმედების არგუმენტად ღავთაძემ გამჭვირვალობა დაასახელა.

„გამჭვირვალობა, როგორც ცალკე აღებული, არის ლეგიტიმური მიზანი და ასევე გამჭვირვალობა - როგორც შუალედური მიზანი, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის მიზნით", - აღნიშნა მან.

დღის ბოლოს მოსამართლე მერაბ ტურავამ სხდომა დასრულებულად გამოაცხადა, თუმცა არ დაუსახელებია ზუსტი თარიღი, თუ როდის გახდება ცნობილი მიღებულია თუ არა საქმე განსახილველად და შეჩერდება თუ არა განხილვის დასრულებამდე კანონის მოქმედება.

„ამით განმწესრიგებელი სხდობა 1828-ე,1829-ე,1834-ე და 1837-ე კონსტიტუციურ სარჩელებზე დამთავრებულია, სასამართლო აქტის მიღების შესახებ მხარეებს ეცნობებათ დამატებით",- განაცხადა მერაბ ტურავამ.

პროგნოზები

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო რეალურად არ არის დამოუკიდებელი ორგანო და საბოლოოდ ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, როგორიც ხელისუფლებას აწყობს.

„არ მიმაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დამოუკიდებელი ორგანოა და თავად იღებს იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომელიც პოლიტიკური პროცესისთვის მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს ბიძინა ივანიშვილი და არა საკონსტიტუციო სასამართლო და ჩემი აზრით, არ უნდა დააკმაყოფილოს შეჩერებაზე სარჩელი, ოღონდ განხილვაში უნდა მიიღოს, რომ მერე არ თქვან, რომ არც განიხილავენ. განხილვა კი მერეც შეუძლიათ ჩაატარონ.

„ანუ, სარჩელს განსახილველად კი მიიღებს, მაგრამ არ შეაჩერებს. თუ ასე არ მოხდა და კანონის მოქმედება შეაჩერეს, ჩავთვალოთ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან გასაქცევად ემზადება. თუკი არ მიიღებს, ეს ნიშნავს, რომ მართლა სერიოზული დიქტატურისთვის ემზადება. სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩვენ კარგად გავიგებთ, რას აპირებს ბიძინა ივანიშვილი.

„ახლა ხელისუფლება ისეთ სიტუაციაშია, რომ ყველანაირი უკან დახევა და კომპრომისი ხელისუფლების სისუსტედ აღიქმება და თავად ხელისუფლების მომხრეებში სერიზოულ რღვევას გამოიწვევს. ასეთი გადაწყვეტილება (კანონის მოქმედების შეჩერება) ნიშნავს, რომ ივანიშვილს, მდინარაძე-კობახიძისგან განსხვავებით, გადაწყვეტილი აქვს „მოტყდეს" უბრალოდ პოლიტიკიდან, ესენი შეატოვოს და სიტუაციას თვითონ ჩამოშორდეს. თუმცა, მე პირადად ეს ასე არ მგონია, ამიტომაც კანონის მოქმედებას არ შეაჩერებენ", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების პროგნოზირება საკმაოდ რთულია და ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, თავად მოსამართლები როგორ მიუდგებიან ამ საკითხს.

„რას გადაწყვეტს სასამართლო, ძნელი სათქმელია. ამ საკითხის დეტალური შეწავლა, რა თქმა უნდა, ვერ მოვახერხე, მაგრამ ძირითადად რაც თვალში მეცა, ის იყო, რომ მომჩივანების მხრიდან ძირითადად პოლიტიკური სულისკვეთება იყო - რომ საქართველოა გადასარჩენი და ამიტომ ვჩივითო. გადაარჩენ თუ არა საქართველოს, ეს პოლიტიკური საკითხია და ვფიქრობ, როცა სასამართლოში მიდიხარ, იქ ის უნდა შესფასდეს, შეესაბამება თუ არა საკითხი იმ კანონმდებლობას, რომელიც საფუძვლად შენ გაქვს არჩეული.

„შესაძლოა მე რამე გამომრჩა, მაგრამ ეს შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჩივილს უფრო პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა, ვიდრე იურიდიული. სასამართლომ შეიძლება ამას ბევრი მოტივით მიუდგეს და შესაძლოა მან პოლიტიკური საფუძველი გაითვალისწინოს იმდენად, რამდენადაც დემოკრატია პოლიტიკური იდეაა და არა მხოლოდ იურიდიული.

„არაა გამორიცხული, რომ სასამართლომ ორივე საკითხი გაითვალისწინოს, რასაც მოსარჩელე მხარეები ითოვენ და არც ისაა გამორიცხული, რომ იურიდიული საფუძვლების სისუსტის გამო, უარი უთხრას. არ ვისურვებდი, რომ პასუხი მხოლოდ პოლიტიკური იყოს, რადგან თუკი სასამართლოში საკითხი შეგვაქვს და ამ რეჟიმს ვეჩვევით, ალბათ სასურველია, რომ პასუხი იურიდიული იყოს და არა პოლიტიკური, თორემ მონასტერი აირევა.

„ამ პარტიებმა რომ არჩევნებში გაიმარჯვონ და ეს საკითხი მერე დააყენონ, სრულიად ბიუნებრივი და ლოგიკური იქნება და ეს კითხვებს აღარ გამოიწვევდა. მაგრამ, როცა გინდა, რომ პოლიტიკური საკითხი სასამართლოთი მიიღო, მაშინ პოლიტიკას იურიდიულ წესებზე მაღლა აყენებ და ასეთი მდგომარეობა არცერთ სახელმწიფოში სასურველი არაა.

„თუმცაღა, აშშ-ის მაგალითზე რომ ვთქვათ, იქ უამრავი ისეთი ფაქტია, როცა იურიდიული საკითხები გვერდზე გადაიდო ამა თუ იმ პარტიის ინტერესის თუ პოლიტიკური მიზანშეწონილობის გამო", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე