თამთა ჩაჩანიძე
(01.09.2024)

„ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნო რეგიონელური ტურნეს ფარგლებში ზედიზედ უკვე მესამედ აცხადებს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, შესაძლოა, „ნებისმიერ დროს" მოხდეს. ამის პარალელურად გაირკვა, რომ ოფიციალური მოსკოვი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას ფინანსური დახმარების შეჩერებითა და ერთგვარი პერსონალური სანქციებით ემუქრება. რაზე მიანიშნებს ეს ყველაფერი და რამდენად რეალურია ოკუპირებული ტერიტორიების ახლო მომავალში მშვიდობიანად დაბრუნება?

სოხუმსა და ცხინვალში „ქართული ოცნების" განცხადებებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად მიიჩნევენ. თუმცა, სხვადასხვა ფაქტორებმა, რაც კრემლისა და სეპარატისტთა ლიდერების ურთიერთობის გაუარესებაზე მიუთითებს, გაზარდა მათი შეშფოთება, რომ შესაძლოა მოსკოვსა და თბილისს შორის რაღაც ფარული შეთანხმება არსებობდეს.

ბოლო ასეთი ფაქტორი იყო გასულ კვირას სოხუმში აგორებული სკანდალი. გაირკვა, რომ რუსეთის ხელისუფლება ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას „ვალდებულებების შესრულებას" სთხოვს და წინააღმდეგ შემთხვევაში დახმარების შეჩერებით ემუქრება. გარდა ამისა, სექტებრის ბოლოს, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვან იმ აფხაზ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამ „ვალდებულებების" შესრულებას ეწინააღმდეგებიან.

როგორც ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, ამ დამთხვევამ შეიძლება სხვადასხვა სცენარზე გვაფიქრებინოს, თუმცა რეალურად ყველაფერი ასე მარტივად არაა.

ზაქარეიშვილის აზრით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისათვის დღეს ერთადერთი მიმზიდველი თემა ევროკავშირთან ინტეგრაციაა და ტერიტორიული მთლიანობის აღგენის კუთხით ერთადერთი გამოსავალი „ევროპული მშვიდობა და ევროპული კონფლიქტების მოგვარებაა".

რა ხდება აფხაზეთში და რას ამბობს ივანიშვილი

მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძნა ივანიშვილმა 31 აგვისტოს ოზურგეთში გამოსვლისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა შეიძლება „ნებისმიერ დროს" მოხდეს. მისივე თქმით, ქვეყანა ამისთვის მზად უნდა იყოს და მმართველ პარტიას ოქტომბრის არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება იმისთვის სჭირდება, რათა კონსტიტუციაში საჭირო ცვლილებების შეტანის გზით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის სამართლებრივი საფუძვლები მოამზადოს.

ამ განცხადებას რამდენიმე დღის წინ სოხუმში აგორებული ახალი სკანდალის ფონზე, განსაკუთრებული ჟღერადობა მიეცა.

26 აგვისტოს რამდენიმე აფხაზურმა „ტელეგრამ" არხმა დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიასა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დიმიტრი კოზაკის შეხვედრის ოქმი გამოაქვეყნა. დოკუმენტი 2024 წლის 19 აგვისტოთი თარიღდება და ბჟანია ამ პერიოდში მართლაც იმყოფებოდა მოსკოვში, თუმცა ამ დოკუმენტის ნამდვილობა დადასტურებული არაა.

ოქმში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე განხილულ იქნა „აპარტამენტების კანონის" მოწინააღმდეგე აფხაზ „დეპუტატებისთვის" რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი.

შეხვედრის ოქმის მიხედვით, რუსეთი იმუქრება, რომ მოსკოვი 1-ლი სექტემბრიდან შეაჩერებს ფინანსურ აჩერებს, სანამ აფხაზური მხარე შემდეგი სახის ვალდებულებებს არ შეასრულებს:

„- მოხდეს შეთანხმების რატიფიცირება რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკებს შორის ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ;

„- უზრუნველყოფილი იყოს რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლა;

„- მოიხსნას შეზღუდვები რუსი ინვესტორებისთვის კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე (აპარტამენტები)", - ნათქვამია ინტერნეტით გავრცელებულ დოკუმენტში.

ამავე ოქმში აღნიშნულია, რომ ბჟანიას აქვს ვალდებულება, 2024 წლის 20 სექტემბრამდე წარადგინოს ინფორმაცია ე.წ. პარლამენტის წევრებისა და „აფხაზური ოპოზიციის ლიდერების" შესახებ, რომლებსაც აქვთ რუსეთის მოქალაქეობა და მოქმედებენ „რუსეთის ფედერაციის ინტერესების და რუსეთ-აფხაზური ურთიერთობების განვითარების საზიანოდ, მათთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხის შემდგომი განხილვის მიზნით".

„გათვალისწინებული იქნას აფხაზური მხარის (ა.გ. ბჟანია) ვალდებულება, 2024 წლის 20 სექტემბრამდე მიაწოდოს ინფორმაცია სახალხო კრების - აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატებისა და რუსეთის მოქალაქეობის მქონე ოპოზიციის აფხაზი ლიდერების შესახებ, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ინტერესებისა და რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების განვითარების მიზნის საზიანოდ მოქმედებენ, მათთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხის შემდგომი განხილვის მიზნით", - წერია ოქმში.

აღსანიშნავია, რომ ამ ოქმის გამოქვეყნებას დე ფაქტო ხელისუფლებამ მხოლოდ 31 აგვისტოს უპასუხა. ბჟანიას ე.წ. ადმინისტრაციამ მოკლე განცხადება გაავრცელა, სადაც მხოლოდ ისაა ნათვქმი, რომ „პრეზიდენტს" ურჩი „დეპუტატებისა" და ოპოზიციის ლიდერების შესახებ რაიმე ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება არ აუღია საკუთარ თავზე.

ტერიტორიების მშვიდობიანად დაბრუნების პერსპექტივა

კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ აფხაზეთში მინდინარე მოვლენებს საერთო არაფერი აქვს ივანიშვილის განცხადებებთან. მისი თქმით, ეს მხოლოდ წინასაარჩევნო თამაშია, ტემპერატურის ასაწევად ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა ევროკავშირში ინტეგრაციიაა.

„იმ მოვლენას, რაც აფხაზეთში ხდება, არაფერი საერთო არ აქვს იმასთან, რაც დანარჩენ საქრათველოში ხდება. ორივეგან წინასაარჩევნო პერიოდია, არჩევნებია ოქტომბერში საქართველოში და „არჩევნებია" მარტში ოკუპირებულ აფხაზეთში. ახლა ვხედავთ რუსეთის მონაწილეობას ორ წინასაარჩევნო კამპანიაში. სხვადასხვა კომპონენტია, თუმცა ახლა ერთმანეთს დაემთხვა.

„აფხაზეთში ხდება ის, რომ ბჟანია საზოგადოებაში ძალიან არაპოპულარულია, რადგან რუსული პროექტების გატანა უნდოდა, მაგრამ არ გამოუვიდა. ბიჭვინთაზე საკითხი ჯერ კიდევ ბოლომდე მოსაგვარებელი აქვს. განსაკუთრებით კი აპარტამენტების საკითხი ვერ შეასრულა და მისი ვადა იწურება. ამიტომაც რუსეთი კისერზე ფეხს აჭერს, რათა ბჟანიამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს მოსკოვის სასარგებლოდ, თუ არა და ხელს შუწყობს მის გაშვებას.

„ბჟანია კორუფციაში და უამრავ რაღაცეებშია ჩაფლული, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია - ერთის მხრივ საზოგადოება ვერ იტანს და მისი გაშვება უნდათ და მეორეს მხრივ რუსეთი აწვება და აიძულებს რაღაც გააკეთოს.

„რუსეთი ფინანსურ დახმარებას არ შეუწყვეტს, რადგან ეს გამოიწვევს საზოგადოებაში უკვე რუსეთის მიუღებლობას. საზოგადოება ბჟანიას ვერ იტანს, მაგრამ რუსეთის მიმართ ჯერ კიდევ ლოიალობას ინარჩუნებს. ეჭვი მეპარება, რომ რუსებმა აფხაზურიი საზოგადოება დასაჯონ. დასჯიან უფრო ბჟანიას და „არჩევნებში" მის გამარჯვებას ხელს არ შეუწყობს. რუსეთს კავკასიაში ისედაც პრობლემები აქვს და აღარ აწყობს, რომ აფხაზებთანაც გაუფუჭოს საქმე. საქართველოშიც რუსებს კარგად საქმე არ აქვს, იცის, რომ ჩვენი ხელისუფლება რაც უფრო პრორუსული ხდება, მით მეტად ხდება საზოგადოება ანტირუსული.

„რაც შეეხება თბილისს, ის, რომ ივანიშვილი მესამე-მეოთხეჯერ იმეორებს, რომ ტერიტორიების აღდგენისთის საკონსტიტუციო უმრავლესობა გვჭირდებაო, ეს ბლეფია ხმაურისა და ტემპერატურის ასაწევად. საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰაერშია გამოკიდეული, კვალიფიციური უმრავლესობსც კი პრობლემაა. რაც მეტად ილაპარაკებენ საკონსტიტუციო უმრავლესობაზე, მეტად დააჯერებენ ხალხს, რომ მათ მისცენ ხმა და იქნებ ის მაინც აიღონ, რაც დღეს აქვთ. არსებობს ასეთი გამოთქმა - განცხადება რაც უფრო აბსურდულია, მით დამაჯერებელიაო. სწორედ ასეთი განცხადებაა ტერიტორიული მთლიანობის მოულოდნელად აღდგენა.

„ჯერ ერთი, შეუძლებელია მოუმზადებელი მოვლენა მოხდეს, აფხაზები კი ჯერ თბილისის მხარეს არ იყურებიან; და მეორე - ნუ გვგონია, რომ რუსეთს შეუძლია აფხაზეთი ასე აიღოს და მისცეს თბილისს. დარწმუნებული ვარ, ივანიშვილი ყოველდღე არ კითხულობს აფხაზეთში რა ხდება და ამას ვიღაცა ხომ უწერს? შეიძლება ეს ვიღაცა ეუბნება - აფხაზეთი მზადაა ჩაგვბარდესო (როგორც პუტინს ეუბნებდნენ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები რუსეთის სასარგებლოდ მიდისო), ივანიშვილი კი ამას იმეორებს და ამ დროს, აფხაზი ხალხი არანაირად მზად არაა ამისთვის. ესაა „გარეჯი საქართველოა"-ს მეორე სერია. გარეჯის თემა შედარებთ იოლი იყო და ახლა უფრო რთულია გამოვიდეს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი.

„რუსეთს ძალიან დიდი ხანია თავისი მკაფიო კანდიდატი არ ჰყავს არც აფხაზეთში და არც „სამხრეთ ოსეთში". ყველა პოლიტიკური ფიგურა პრორუსია და ვინც არუნდა გაიმარჯვოს, რუსულ თამაშს ითამაშებენ, რამდენადაც მოსახლეობა ამის ნებას მისცემს. რუსეთმა კარგად იცის, რომ გარკვეული თემები ბჟანიასთვის მისაღებია, მაგრამ საზოგადოებისთვის - არა. ესენია: საკუთრება მიწაზე, საკუთრება უძრავ ქონებაზე და ტრანსკავკასიური გზის გაყვანა კოდორის ხეობაზე. ამ სამ თემაზე აფხაზები 30 წელია კატეგრიულად წინააღმდეგი არან. რუსეთმა კარგად იცის, რომ ბჟანიაში, ბაღაფშში და ანქვაბში არაა საქმე, მოსახლეობასთან მუშაობაა საჭირო.

„ყოველთვის, როცა რუსეთი ხედავს, რომ აფხაზები ამა თუ იმ თემაზე ღიზიანდებიან, სულ ცდილობს, რომ დასაჯოს არა აფხაზი ხალხი, არამედ ე.წ. ხელისუფლება და თავში წამოარტყას. რუსეთს ჯერ აფხაზეთი უნდა გარანტირებულად და მეორე რიგში დანარჩენი „სიკეთეები", მიწაზე საკუთრება იქნება ეს, თუ სხვა. სამწუხაროდ, მოსკოვს უფრო კარგად ესმის რა ხდება აფხაზეთის ტერიტორიაზე, ვიდრე თბილისს.

„რუსეთი არცერთ შემთხვევაში არცერთ ტერიტორიას თავისი ნებით არ დაგვითმობს, გამორიცხულია. ერთადერთი გამოსავალია ევროპა, მისი ღირებულებები, ევროპული მშვიდობა, ევროპული კონფლიქტების მოგვარებაა. რუსეთში ომია და არ მესმის ჩვენი ოპოზიცია ასეთი დოყლაპია როგორაა და როგორ უთმობს დროს ომისა და მშვიდობის თემას და ამ ტყუილის ლაპარაკის საშუალებას რატომ აძლევს?! ჩვენთან ომი იმიტომ არაა, რომ ევროპისკენ დავიწყეთ მოძრაობა.

„მართალია, ეს „ოცნების" დროს დაიწყო, მაშინ კოალიცია იყო, მაგრამ ეს მხოლოდ „ოცნების" არა, ევროპაში მიმავალი ხალხის დამსახურებაა და ევროპასთან სიახლოვემ რუსეთს დაგვაშორა და შემოიტანა ევროპული მოლოდინები აფხაზებისა და ოსებისათვის. ეს იყო ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია და სხვა. აფხაზებისთვის და ოსებისთვის მხოლოდ ესაა მიმზიდველი. ისინი დარწმუნებული არიან, რომ თუ საქართველო ევროპაში მიდის, ომი არ იქნება. ისინი კარგად ხედავენ რუსეთი რა არის და მისი ძალიან ეშინიათ. ევროპაში არასდროს ომები არაა და დსთ-ში, სადაც რუსეთია, ყველგან ომებია", - განაცხადა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე