თამთა ჩაჩანიძე
(30.08.2024)

საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტზე ბელგიურ კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა, საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან დაკავშირებით. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საერთაშორისო ტენდერში "იან დე ნული" გამარჯვებულად ,,დიდი ოთხეულიდან" შეირჩა. უწყებისვე ინფორმაციით, კომპანია მუშაობდა „არაერთ მსხვილ პროექტზე", მათ შორის არის პანამის არხის გაფართოების პროექტი, სუეცის ახალი არხი ეგვიპტეში, ახალი საზღვაო პორტი მაროკოში, ჰამბურგის პორტის დაღრმავების პროექტი, დუბაის ხელოვნური კუნძული და სანაპირო.

როგორც ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსს" ეუბნება, ხელშეკრულების მერე, პროცესი გონივრულ ვადებში წარიმართება საზღვაო ინფრასტრუქტურის მშელებლობასთან დაკავშირებით, რაც შეეხება ჩინურ კონსორციუმს, მასთან არც საბოლოო ხელშეკრულებაა ჯერ დადებული და არც მისი ვადებია ცნობილი.

„მას შემდეგ, რაც ეს პროექტი თაღლითმა მამუკა ხაზარაძემ მიზანმიმართულად ჩააგდო და ამ უნიკალურ-ისტორიული პროექტის 51%-ის მფლობელი საქართველოს სახელმწიფო გახდა, პროცესები საკმაოდ სწრაფად დაიწყო. ვიცით, რომ გამარჯვებულთა ოპერირების სიაში მოწინავე პოზიციაზე ჩინური კონსორციუმია. საბოლოო ხელშეკრულება ჯერ კიდევ არ გაფორმებულა, რამეთუ, როგორც ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, ამ პროცესისთვის დამახასიათებელი გარკვეული დეტალების შეთანხმება მიმდინარეობს.

„საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ანუ იმ ყველაფერზე, რაც კი წყალშია, ამაზე უკვე ბელგიური საერთაშორისო კომპანია გამარჯვებულად გამოვლინდა, გაფორმდა ხელშეკრულება. თუ ამ გამოცდილი ბელგიური ჯგუფის ბიზნეს-პროფილს გადავხედავთ, მისი განხორციელებული პროექტების ნუსხა საკმაოდ შთამბეჭდავია თითქმის ყველა კონტინენტზე.

„რა თქმა უნდა, ბისნესებს თავიანთი გეგმა-გრაფიკი აქვთ, რომ რაც შეიძლება მალე შეასრულონ თავიანთო ნაკისრი ვალდებულებები. პროცესი წარიმართება ისე, როგორც გონივრულ ვადებში ხდება ხოლმე. მამუკა ხაზარაძის ანაკლიის კონსორციუმს საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან რამდენჯერმე გონივრული ვადა მიეცა, მან კი ეს პროექტი მიზანმიმართულად ჩააგდო, ინვესტორები არ შემოიყვანა. მეტიც, მისი თაღლითობა ამ სფეროშიც გამოვლინდა, როცა, რუსეთთან დაკავშირებული ოფშორში დარეგისტრირებიული რუსი ბიზნესმენების შემოყვანა უნდოდა ბრიტანული ბიზნესშლეიფით, მაგრამ ეს ყველაფერი გამოაშკარავდა.

„შემდეგ ეს ყველაფერი მან ქართულ სახელმწიფოს გადააბრალა და სახელმწიფოსგან მილიარდნახევარი თანხის გამოძალვა უნდოდა, მაგრამ პარიზის საარბიტრაჟომ მას 650 ათასი დოლარი ჯარიმის გადახდა დააკისრა, რასაც ის ჯერჯერობით არ იხდის. ერთ თვეზე მეტი გავიდა და არ იხდის, ამ ეტაპზე ეს ნებაყოფლობითია, მაგრამ გადაუხდელობის შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლება ლეგიტიმურ სამართლებრივ ბერკეტებს მიმართავს, რათა ეს თანხა გადაიხადოს ხაზარაძემ.

„ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ თანხა მას საკუთარი პოლიტიკური შარლატანობის საქმეში აქვს ჩადებული, რასაც წინასაარჩევნო კამპანია ჰქვია და არ სურს, რომ საერთაშორისო არბიტრაჟის მიერ დაკისრებული თანხა გადაიხადოს. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ადრე თუ გვიან საქართველოს სახელმწიფოსთვის ამ თანხის გადახდას ვერ ასცდებიან. მათ რომ პოლიტიკური ორიენტირება ჰქონდეთ და მორგებულები იყვნენ საქართველოს საზოგადოების ინტერესებზე, გადაიხდიდნენ.

„შესაძლოა ხაზარაძეს სხვა პოლიტიკური კონტექსტით ეთქვა, რომ ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, მაგრამ ამას იხდის საქართველოს ბიუჯეტში საქართველოს მოსახლეობისთვის, ამასაც არ და ვერ აკეთებენ, რადგან ისინი არსით, სულით და შინაარსით შარლატანები, თაღლითები და ანგარებიანი სუბიექტები არიან. მათთვის საკუთარი ინტერესები ყველაფერზე უფრო მაღლა დგას. მაგრამ ასეთნაირებთან კანონი და მართლმსაჯულება საკუთარ სიტყვას ამბობს ხოლმე.

„ვადებზე (თუ როდის შევა ჩინური კონსორციუმი ანაკლიაში) ვერავინ ზუსტად ვერ იტყვის, რადგან ეს არის კომერციული მოლაპარაკება საქართველოს ხელისუფლებასა და იმ ბიზნესმენებს შორის, რომლებმაც საბოლოო დეტალები უნდა ჩამოაყალიბონ, რომ ეს კონტრაქტი იყოს ურთიერთსასარგებლო.

„როგორც ხელისუფლებისთვის, ისე კონკრეტული გამარჯვებული ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, რომ პროექტის განხორციელება რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს და რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ გონივრული მოგება ამ უნიკალური პროექტიდან, რომელიც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსა და ფართო რეგიონისთვის, ასევე აღმოსავლეთ-დასავლეთ დერეფნის ინფრასტრუქტურისთვის",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროს ცნობით, ხელმოწერის ცერემონია სამინისტროში გაიმართა. დოკუმენტს ხელი მოაწერა შპს ,,ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" დირექტორმა ზურაბ სიჭინავამ, ხოლო კონსორციუმის მხრიდან Jan De Nul NV-ის საქართველოს ფილიალის (უცხოური საწარმოს ფილიალი) დირექტორმა ტიმ დევოლდერმა.

„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური საქართველოსთვის სტრატეგიული პროექტია, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ისე მთლიანად შუა დერეფნის ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებასა და კონკურენტუნარიანობის ზრდაში. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის სტრატეგიული პროექტის მშენებლობის პროცესში ასეთი დიდი გამოცდილებისა და მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანიის ჩართვა, რომელიც სწორედ საზღვაო-სამშენებლო სამუშაოებზეა სპეციალიზებული.

„იან დე ნული" ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულად ე.წ. დიდი ოთხეულიდან შეირჩა. „იან დე ნული" ჯგუფი 1938 წელს დაფუძნდა, მისი ბრუნვა 2,5 მლრდ ევროა და დასაქმებული ჰყავს 7000-ზე მეტი ადამიანი. „იან დე ნული" ჯგუფის საქმიანობა ხუთ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ოფშორული ელექტროსადგურების მოწყობა, ზღვის ფსკერის დაღრმავება და საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - მათ შორის ნავსადგურების მშენებლობა, სამოქალაქო მშენებლობა და გარემოსდაცვითი პროექტების განვითარება. კომპანიის ოპერირების გეოგრაფიული არეალებია: ევროპა, სპარსეთის ყურე, აზია, აფრიკა, ამერიკა, და სხვ.

„აღსანიშნავია, რომ „იან დე ნულ" ჯგუფის მიერ სრულად ან ნაწილობრივ განხორციელებულია ისეთი მსხვილი პროექტები, როგორებიცაა - პანამის არხის გაფართოების პროექტი, სუეცის ახალი არხი ეგვიპტეში, ახალი საზღვაო პორტი ნადორში (მაროკო), ჰამბურგის პორტის დაღრმავების პროექტი, the Palm Jebel Ali - დუბაის ხელოვნური კუნძული და სანაპირო.

,,ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" დირექტორის ზურაბ სიჭინავას ინფორმაციით, კომპანია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს უახლოეს პერიოდში დაიწყებს", - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

ანაკლიის პორტში 51%-იანი წილი საქართველოს სახელმწიფოს, ხოლო 49% ინვესტორს ექნება. რაც შეეხება ჩინურ კონსორციუმს, ოპოზიციას კითხვები აქვს, ამბობს, რომ პროექტი კორუფციულ და პოლიტიკურ რისკებს მოიცავს. საუბარია კომპანია CCC [China Communications Construction Company Limited (China) & China Harbour Investment Pte. Ltd (Singapore)], რომელსაც ჰყავს ორი მნიშვნელოვანი კონტრაქტორი: CRBC [China Road and Bridge Corporation-ი] და Qingdao Port International Co. Ltd.

მიმდინარე წლის მაისში ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის გამოვლენის საერთაშოროსო კონკურსში, რომლის ფინალურ ეტაპზე ორი კომპანია მონაწილეობდა, საბოლოოდ საკუთარი წინადადება მხოლოდ ერთმა ჩინურ-სინგაპურულმა ჰოლდინგმა წარადგინა.

ამავე წლის 1-ელ აგვისტოს ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ჩინური კონსორციუმი გამარჯვებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოცხადდება, თუ პირობები, რომლებიც დასაზუსტებელია, საკონკურსო პირობებთან იქნება შესაბამისობაში.მისი თქმით, გამარჯვებულად, შესაძლოა, ჩინური კონსორციუმი არც გამოცხადდეს.

„შესაძლოა, არც გამოცხადდეს, თუმცა ჩვენ იმედი გვაქვს, დიალოგის პროცესში მოხდება შესაბამისობაში მოყვანა წინადადების საკონკურსო მოთხოვნებთან და ამ შემთხვევაში გვეყოლება გამარჯვებული. ვადები არ გვაქვს შეზღუდული. მუშაობს ჩვენი საკონსულტაციო კომპანია, იცით, აყვანილი გვყავს რამდენიმე საკონსულტაციო კომპანია, რომლებიც ჩვენთან ერთად მუშაობენ. ძირითადად, ისინი სწავლობენ განახლებულ წინადადებას. შემდგომში მივიღებთ მათ მოსაზრებებს და ამ მოსაზრებების გაზიარების შემდეგ კონსორციუმთან ჩატარდება კიდევ ერთი რაუნდი, რომლის ფარგლებშიც, ჩვენ იმედი გვაქვს, დაზუსტდება ის პირობები",- განაცხადა დავითაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე