
ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტზე ხელის მოწერის შემდეგ, „ოცნება" აცხადებს, რომ ხელისუფლების საგარეო კურსი მრავალვექტორულია. ოპოზიციას კი მიაჩნია, რომ ჩინეთთან ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობა მისაღებია, თუმცა არ მიესალმებიან სტრატეგიულ თანამშრომლობას, საქართველოს ერთადერთი სტრატეგიული პარტნიორი დასავლეთია, ევროკავშირში გაწევრიანება კი დაპაუზებულია.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ბოლო დროს, მრავალვექტორულ პოლიტიკაზე საუბრობს საქართველოს ხელისუფლება, რაც ჩინეთის თემასთანაა კავშირში, ამით, მისი თქმით, გამოდის, რომ ქვეყანა ევრაზიის კონტინენტის ორივე მიმართულებით აქტიურია.
„მაგალითად, საბჭოთა პერიოდში იყო ერთვექტორიანი, ანუ რუსეთზე ორიენტირებული პოლიტიკა (თუ შეიძლება ამას საქართველოს პოლიტიკა დაერქვას), შემდეგ იყო მკაფიოდ ევროპაზე ორიენტირებული, როდესაც კონსტიტუციაში ჩანაწერი გაჩნდა.
ბოლო ხანებში დაიწყო ლაპარაკი მრავალვექტორულობაზე, რაც მემგონი ჩინეთის თემასთანაა დაკავშირებული. ჩინური მიმართულება აქტიური გახდა და ფაქტიურად გამოდის, რომ ქვეყანს კონტინენტის ორივე - ევროპისა და აზიისკენ ერთნაირადაა ორიენტირებული.
„ჩინეთისკენ რომ მივიდივართ რაში ჩანს - იქ მატარებელი შემოვიდა, დავდეთ ხელშკრულება სტრატეგიულ პარტნიორობაზე და ა.შ. რუსეთისკენ სიარული რამეში ჩანს?! ოპოზიციას უნდა, რომ ეს ასე იყოს, სალაპარაკო ხომ რაღაცაზე უნდა ჰქონდეს? ოპოზიციური პარტიები არ ლაპარაკობენ ეკონომიკაზე, რაც ნამდვილად პროვბლემურია, არ საუბრობენ იმაზე, რომ წარმოება თითქმის არაა და ა.შ. აქვთ ერთადერთი თემა გეოპოლიტიკა - ვისკენ ხარ, ევროპისკენ თუ რუსეთისკენ.
„ოპოზიციას რუსეთზე საუბარი იმიტომ აწყობს, რომ ევროპაა ანტირუსულად განწყობილი და ამ ბრალდებით, რომ ეს ხელისუფლება რუსეთისკენ მიდის, ცდილობენ, რომ ევროპა გადაამტერონ თავიანთი ქვეყნის ხელისუფლებას",- განაცხადა საყვარელიძემ.
კითხვაზე, თავის მხრივ საქართველო რას აკეთებს ბოლო პერიოდში ევროინტეგრაციის თვალსაზრისით და თუ ასრულებს ევროკავშირის მიერ მოცემულ პირობებს, საყვარელიძემ გვითხრა:
„როცა პირობები შესრულებული არ გვქონდა, ევროპამ მაშინაც კი კანდიდატობა მოგვცა. იმიტომ, რომ გეოპოლიტიკურად საქართველოს დაკარგვა მას არ აწყობდა. ჩვენ ევროპის მიმართ ისე ვიქცევით, როგორც მოწაფეები, სადაც მთავარი გეოპოლიტიკაა, ანუ იმ „მასწავლებელს" სჭირდები თუ არა. ეს გეოპოლიტიკური საჭიროება რაც უფრო იზრდება, მით მეტი შანსია, რომ ის დეტალები შეასრულე თუ არა, ანგარიშგაწეული არ იყოს. უამრავი ქვეყანაა, რომელიც მაგ მოთხოვნებს არ ასრულებს თვითონ ევროკავშირში.
„რეალურად ბევრი რამ გვაქვს შესრულებული. უბრალოდ, როცა შესრულებული გვქონდა,მაშინაც არ გაუწიეს ანგარიში და საქართველო კანდიდატი სტატუსის გარეშე დატოვეს, ამიტომ მათი მოთხოვნების მიმართ იმდენად სერიოზული დამოკიდებულება აღარაა", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".
საქართველოს ხელისუფლების საგარეო კურსში ცვლილებას ხედავს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი. იგი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ევროპული პოლიტიკის მიმართ სრულიად გავუცხოვდით.
„საგარეო კურსის მხრივ ცვლილება ისაა, რომ ევროპული ინსტიტუტების და ევროპული პოლიტიკის მიმართ სრულიად გაუცხოება და ზურგის შექცევაა. ევროპული ინსტიტუტების და ღირებულების დისკრედიტაცია მიდის, დაცინვა და გაქილიკება ევროპაში არსებული ვითარების. მას შემდეგ, რაც კობახიძემ ვარჰეის დააბრალა, რომ თითქოს ის სიკვდილით დაემუქრა, მგონი ამის შემდეგ უნგრეთთანაც გაფუჭდა ურთიერთობები.
„აშკარად ჩანს, რომ ბრიუსელის არცერთ ინსტიტუტთან მათ კარგი ურთიერთობა არ აქვთ, ეს დაძაბულობა გრძელდება და გრძელდება. გუშინ ბორელმაც განაცხადა, რომ საქართველოს ვექტორი ევროპას კიდევ უფრო შორდებაო. ეს დაახლოებით ის მომენტია - თუ ევროკავშირის მანქანიდან ჩამოგსვამენ, დარჩები რუსულ მინდორში. ამ წუთში რუსეთისკენ ინსტიტუციონალურად არ ვმოძრაობთ, არ ვლაპარაკობთ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე, დსთ-სა და „ოდეკაბეში" შესვლაზე, მაგრამ რადგანაც მოძრაობა არაა და ევროპიდან მოვდივართ, ავტომატურად რუსეთის რეალობაში ვრჩებით.
„ევროპიდან წამოსვლა ჩვენთვის დამანგრეველია, მერე ჰაერში ვეკიდებით. მერე უკვე აზრი აღარ აქვს რუსეთში ვიქნებით თუ სხვაგან. დღეს „ოცნების" მთავარი ამოცანაა - არა ევროპას და არა ნატო-ს. თუ „ოცნება" კვლავ ხელისუფლებაში იქნება, პირველ წლებში რუსეთთან ინსტიტუციონალური ბმა არ იქნება, მაგრამ აშკარად იგრძნობა, რომ ევროპა მთლიანად ჩავგვეხსნება.
„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თუ დღეს ან არჩევნების შემდეგ, ევროპა საქართველოზე უარს იტყვის, ევროპაში გაწევრიანების უნიკალური შანსი, რაც უკრაინის ომის კონტექსტში მოგვეცა, შესაძლოა 15-20 წლით გადაიწიოს",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ამბობს, რომ როცა თავად იყო სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, ასეთი რამ არ იგრძნობიდა საგარეო კურსის თვალსაზრისით.
„გამორიცხული იყო. იქ მრავალპარტიული კოალიცია იყო და მთავროპა იყო პროევროპული, გამორიცხულია, იქ რუსეთზე ლაპარაკს და ანტიევროპულ ლაპარაკს ვერავინ ვერ გაბედავდა. „რესპუბლიკურ პარტიაში" ეჭვი გვქონდა, რომ ივანიშვილი რუსულ თამაშს ხომ არ თამაშობსო, მაგრამ, ფაქტები ხელში ნამდვილად არ გვქონდა და ამას ვერ გაბედავდნენ.
„რატომ ჰყავს ახლა კობახიძე ივანიშვილს და რატომ დაშალა კოალიცია იმ ფორმით როგორ იყო?! იმიტომ, რომ მას არ აწყობდა. ეს კოალიცია მას ვერ გაჰყვებოდა ანტიევროპულ და ანტინატო-ს კონტექსტში, ამიტომ გუნდი და მატარებელი გამოცვალა და სხვა - კობახიძის მატარებელში გადაჯდა.
„დღეს „ოცნებას" საგარეო პრიორიტეტი არ აქვს, მხოლოდ საშინაო პრიორიტეტი გააჩნია - ძალაუფლების შენარჩუნება, ამ შენარჩუნებას ხელს უშლის ევროპა, ამიტომ წამოვიდნენ ევროპიდან და როცა ჰაერში გამოეკიდებიან და მანქანიდან ჩამოგსვამენ, შეიძლება ურემმა გამოიაროს და იმაზე დაჯდე და ეს ურემი შეიძლება რუსეთი იყოს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



