განხილვის პირველი დღე საკონსტიტუციო სასამართლოში და ანალიტიკოსთა პროგნოზები
თამთა ჩაჩანიძე
(29.08.2024)

„გავლენების კანონის" მომხრე-მოწინააღმდეგეთა ყურადღება საკონსტიტუციო სასამართლოსკენაა მიპყრობილი - ცნობს თუ არა პრეზიდენტის, ოპოზიციონერების, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელებს დასაშვებად სასამართლო და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, არსებითი განხილვის გარეშე შეაჩერებს თუ არა კანონის ამოქმედებას, რომელიც სულ მალე - 2 სექტემბერს შევა ძალაში.

ანალიტიკოსებს განსხვავებული პროგნოზები აქვთ. რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ „წესით გადასახედად უნდა მიიღოს სასამართლომ საქმე და წესით უნდა შეჩერდეს მისი მოქმედება, სანამ საბოლოოდ არ იქნება საკონსტიტუციოს პასუხი". ვახტანგ ძაბირაძე კი „რეზონანსთან" საუბრისას ამ სცენარს გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ „ოცნებას" ეს კანონი არჩევნებისთვის სჭირდებოდა და „ლოგიკურად" უარს ეტყვის სასმართლო მოსარჩელე მხარეს მათ მოთხოვნებზე.

განმწესრიგებელი სხდომის პირველი დღე რამდენიმე საათს გაგრძელდა. პოზიციები დააფიქსირეს როგორც მოსარჩელე, ისე მოპასუხე მხარეებმა. მოსარჩელე მხარეები ამბობენ, რომ კანონი ანტიკონსტიტუციურია და განსაკუთრებით წინააღმდეგობაშია 78-ე მუხლთან. მოპასუხე მხარე აცხადებს, რომ კანონი ანტისახელწიფოებრივი არ არის და არც ქვეყანას უკარგავს ევროპულ მომავალს.

განხილვის პროცესი არსებული ინფრმაციით სამ დღეს გასტანს - 29-31 აგვისტოს, რა დროშიც მოსამართლეებმა უნდა იმსჯელონ ცნონ თუ არა სარჩელი დასაშვებად და რაც მთავარია, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, არსებითი განხილვის გარეშე შეაჩერონ თუ არა კანონის ამოქმედება.

ეს ვადები გარკვეულ უხერხულობას უკვე უქმნის იმ ორგანიზაციებს, რომლებზეც ეს კანონი ვრცელდება. საქმე ისაა, რომ რეალურად კანონი ორშაბათიდან, 2 სექტემბრიდან ამოქმედდება და სწორედ ამ დღეს უწევთ მათ, ამ კანონის შესაბამისად, დეკლარაციების წარდგენა და შესაბამის რეესტრში დარეგისტრირება. საკონსტიტუციო სასამართლომ კი შაბათს, 31 დეკემბერს შესაძლოა კანონის მოქმედება ამ სარჩელებზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე შეაჩეროს.

სასამართლოში შესულია ოთხი სარჩელი - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის, 38 ოპოზიციონერი დეპუტატის, 121 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციისა და მედიების „მთის ამბები" და „სტუდია მონიტორი".

29 აგვისტოს სხდომა დილის 11 საათზე დაიწყო, საკუთარი პოზიციები ჯერ წარმოადგინეს პრეზიდენტის წარმომადგენლებმა, რომლებსაც დაახლოებით სამი საათის განმავლობაში უსმენდნენ, ამის შემდეგ სიტყვა მიეცათ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, შემდეგ კი ოპოზიციონერ დეპუტატებს. ისინი მიიჩნევენ, რომ „გავლენების კანონი" კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს ეწინააღმდეგება და 78-ე მუხლთან შეუსაბამოა.

სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები არიან - კახი სამხარაძე (სახელმწიფო სამართლის სპეციალისტი), ზურაბ მაჭარაძე (პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე), ეკა ბესელია (ყოფილი პარლამენტარი) და გიორგი ბურჯანაძე (სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე); ოპოზიციონერ დეპუტატებს წარმოადგენდნენ თამარ კორძაია და ანა ნაცვლიშვილი; არასამთავრობო ორგანიზაციებს - ქეთევან ირემაძე და გიორგი დავითური, გამომძიებელი ჟურნალისტების პოზიციას კი - გელა მთივლიშვილი.

ხუთშაბათს საკონსტიტუციო სასამართლოში კანონის მხარდამჭერი „ოცნების" დეპუტატები ანრი ოხანაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და არჩილ გორდულაძე არ მივიდნენ. მოპასუხე მხარეს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლები - ლევან კასრაძე, ლევან ღავთაძე და ქრისტინე კუპრავა წარმოადგენდნენ, მათ პოზიციები დღის ბოლოსკენ დააფიქსირეს.

აქვე აღსანიშნავია, რომ განწესრიგებელ სხდომაზე 9 მოსამართლის მაგივრად 8 გამოცხადდა, ერთი მოსამართლის - ირინე იმერლიშვილის დაუსწრებლობის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა.

მოსარჩელეთა არგუმენტები

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა გიორგი ბურჯანაძემ სამი „გამოუსწორებელი ზიანი" დაასახელა, რაც, მოსარჩელე მხარის აზრით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის" ამოქმედების შედეგად დადგება.

„მიგვაჩნია, რომ ადამიანის უფლებების კუთხით სადავო ნორმატიული აქტები იწვევს გამოუსწორებელ ზიანს და საფრთხეს და ამ თვალსაზრისით 3 შესაძლო საკითხია:

„პირველი გამოუსწორებელი საკითხი შეეხება სადავო ნორმების სტიგმატიზებას და სტიგმატიზებიდან მომდინარე ისეთი იარლიყის მიყენებას, რომელიც ორგანიზაციებისთვის იწვევს გამოუსწორებელ რეპუტაციულ ზიანს, რაც ართულებს ადამიანები საქმიანობას;

„მეორე საკითხი ეხება გამოუსწორებელ ზიანს, რომელმაც შესაძლოა, სიცოცხლის და ჯანმრთელობის და ადამიანების უსაფრთხოების ხელყოფამდე მიგვიყვანოს, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებთანაა დაკავშირებული.

„მესამე საკითხი ეხება კონფიდენციალური ინფორმაციის გასაჯაროებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზაციების მე-15 მუხლით დაცული ვალდებულების შესრულების ხელყოფა და ამ ორგანიზაციების უკან მყოფი პირების უფლებების დარღვევას", - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

გარდა ამისა, მისივე შეფასებით, დონორებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, კონფიდენციალურად დააფინანსონ ორგანიზაციები.

ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია კი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არის ის ერთადერთი კონსტიტუციური ორგანო, რომელსაც დღეს შეუძლია ქვეყნის ევროპული კურსი შეინარჩუნოს. მისივე თქმით, კანონის მიღებით ქვეყანა საერთაშორისო ხელშეკრულებებს არღვევს.

„ჩვენ, პარლამენტის წევრები, როგორც კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენლები, ამ სარჩელით მივიჩნევთ, რომ ვასრულებთ ჩვენს კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომელიც 78-ე მუხლმა დაგვიწესა. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ სწორედ საკონსტიტუციო სასამართლო არის ის ერთადერთი კონსტიტუციური ორგანო, რომელსაც დღეს შეუძლია ქვეყნის ევროპული კურსი შეინარჩუნოს. თუ ეს ასე არ მოხდება, უბრალოდ, ჩვენ დაგვეხურება ევროკავშირის კარი, გაურკვეველი ვადით.

„ჩვენი საერთაშორისო ორგანიზაციაში წევრობა და ამ შემთხვევაში, ევროკავშირის წევრობა, უბრალოდ გამორიცხულია ფუნდამენტური უფლებების დარღვევის პირობებში. ჩვენ, კონსტიტუციურ ორგანოებს 78-ე მუხლი გვავალდებულებს ყველა ზომა მივიღოთ იმისთვის, რომ გავხდეთ [ევროკავშირის] წევრი. წევრობა ხდება საერთაშორისო ხელშეკრულებების შესრულების გზით. ამ კანონის მიღებით, ჩვენ ვარღვევთ საერთაშორისო ხელშეკრულებებს", - განაცხადა თამარ კორძაიამ.

„ეს კანონი რომ არ ყოფილიყო, ისე ის წარწერები და მოქმედებები ვერ შესრულდებოდა? - მაინცდამაინც კანონმა რატომ გამოიწვია ის, რომ ვიღაცის კარზე თუ სადარბაზოში წარწერები გაჩნდა?" - ეს კითხვა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, მოსამართლე მერაბ ტურავამ მას შემდეგ დასვა, რაც სარჩელის ერთ-ერთმა ავტორმა, „ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ კანონი მიღებულიც არ იყო, როცა ის ადამიანების დევნის და მათ სახლებთან სამარცხვინო წარწერებით გაკეთების საბაბი გახდა.

„კანონმა ხომ არ განსაზღვრა, რომ შეიძლება მოქალაქეების სადარბაზოებში, ქუჩებში ან სადღაც წარწერები გაკეთდეს? - ეს შეიძლება კანონითაც და კანონის გარეშეც. შეიძლება ასეთი კანონი ბუნებაში არ არსებობდეს, მაგრამ სადღაც წარწერები მაინც კეთდებოდეს და ჩნდებოდეს", - მიმართა ტურავამ ანა ნაცვლიშვილის.

ნაცვლიშვილმა მოსამართლის საპასუხოდ თქვა, რომ ადამიანების დევნა სწორედ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვის პარალელურად დაიწყო.

„საყურადღებოა, რომ კანონის მიღება მოქალაქეებმა სახელმწიფოს მხრიდან მწვანე შუქის ანთებად ჩათვალეს. ეს ძალიან საყურადღებოა, როცა ჩვენ კანონის კონსტიტუციურობაზე უნდა ვიმსჯელოთ, რადგან თუ კონსტიტუციურად ასეთი კანონი ჩაითვლება, რამაც ასეთ პროცესებს მისცა დასაბამი და ისიც ვიცით, რა მოხდება კანონის სრულად ამოქმედების შემდეგ, შეგვიძლია დავსვათ კითხვა, თუ ასეთი კანონი კონსტიტუციურად ჩაითვლება, მაშინ საერთოდ რა საჭიროა კონსტიტუცია და კონსტიტუციური კონტროლი?!" - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა ტურავას პასუხად.

იურისტმა, ქეთევან ერემაძემ, რომელიც სარჩელის განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციებს წარმოადგენს და რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა, აღნიშნა, რომ კანონი არ ემსახურება საზოგადოების ინტერესებს და მისი მიზანი გარკვეული ჯგუფებისგან მტრის ხატის შექმნაა.

„ეს კანონი არის და კიდევ უფრო ეფექტური ინსტრუმენტი გახდება ძალაუფლების მპყრობელთათვის, საიმისოდ, რომ მათდამი კრიტიკული და ამ ნიშნით მათთვის მიუღებელი საზოგადოების ნაწილის: არასამთავრობო ორგანიზაციების, ცალკეული პირებისგან, მედიებისგან შექმნას მტრის ხატი, მიაკეროს მათ უცხო ძალის ინტერესების გამტარის და მაშასადამე, აგენტის, ჯაშუშის იარლიყი და საზოგადოების სამიზნედ დააყენოს". - თქვა ერემაძემ

მოპასუხეთა პოზიცია

მოპასუხე მხარემ, პარლამენტის წარმომადგენელმა ქრისტინე კუპრავამ სხდომაზე განაცხადა, რომ 9-საათიანი განხილვის პერიოდში ვერცერთი არგუმენტი ვერ მოისმინა მოსარჩელე მხარისგან, რომ ეს კანონი ანტისახელწიფოებრივია, ან ქვეყანას ევროპულ მომავალს უკარგავს.

„ყველა სარჩელს გასდევს ეს მოცემულობა - ისინი მიიჩნევენ, რომ სტიგმატიზაციას განიცდიან კანონის მოქმედებით. ცალსახად ადასტურებენ, რომ თუკი არ იქნებოდა ცნება, რომელსაც ისინი თვლიან, არის სტიგმატიზების ეფექტის მატარებელი და არ იარსებებდა რეესტრში რეგისტრაცია, ისინი ჩათვლიდნენ, რომ მათი პრობლემა გადაიჭრა.

„...რას გვეუბნება კანონი? ტერმინი "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი" - გავყვები თითოეულ სიტყვას, რა მნიშვნელობა და რა შთაბეჭდილება შეიძლება, შეიქმნას.

„უცხო" - რა შთაბეჭდილება გვექმნება, დადებითი, თუ უარყოფითი? მაგალითად, ჩვენ ხშირად გავიგონებთ ხოლმე: რა უცხო სამკაულია, ან რა უცხო ვარცხნილობა, უცხოური განათლება ან უცხო გარეგნობა, ეს აპრიორი არ ნიშნავს, რომ დადებითისკენ გადავიხარეთ ან უარყოფითისკენ, თავისთავად, ამაზე არ მეტყველებს. თუკი კონსტიტუციის მუხლებს ჩავხედავთ, იქაც არის საუბარი: „უცხოელები", „უცხო" - ეს ტერმინები კონსტიტუციისთვისაც დამახასიათებელია", - თქვა კუპრავამ სხდომაზე.

„ოცნებაში" კი აცხადებენ, რომ ყველა, ვინც კანონს აპროტესტებს, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს. უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძის თქმით, ეს თემა საკონსტიტუციო სასამართლოში სადაო არაა.

„რა არის საკონსტიტუციო სასამართლოში და ზოგადად სასამართლოში სადაო იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია თუ ვინ აფინანსებს იმ ორგანიზაციებს, იმ პარტიებს, იმ ადამიანებს, ვინც საჯარო პოლიტიკაში ერევა, საუბრობს საზოგადოებასთან და უმტკიცებს, რომ ესა, თუ ის გადაწყვეტილება არის სწორი. საზოგადოების ცხოვრებაზე გავლენას ვინც ახდენს, მოქალაქეებს უფლება აქვთ და ეს არის დემოკრატიისთვის ფუნდამენტური, იცოდნენ, ვინ აფინანსებს ამ ორგანიზაციებს", - აღნიშნა თალაკვაძემ.

შეაჩერებენ თუ არა კანონის ამოქმედებას

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძეს „რეზონანსთან" არ აქვს იმის მოლოდინი, რომ სასამართლომ კანონის მოქმედება საბოლოო გადაწყვეტილებამდე შეაჩერეოს.

„არ მგონია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩეროს კანონის ამოქმედება. შესაძლოა საქმე წარმოებაში მიიღონ, მაგრამ არ შეაჩერებენ. მართალია, ამას ჩვენი პარტნიორების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამას არ იზამენ.

„საკონსტიტუციო სასამართლოზე დიდი წარმოდგენა ნამდვილად არ მაქვს. შეიძლება სამმა კაცმა (მოსამართლემ) ამას მხარი დაუჭიროს, მაგრამ ექვსი წინააღმდეგ წავა.

„ქართული ოცნება" მაქსიმალურად ცდილობს, რომ სიტუაცია დაძაბოს. კანონი, რომელიც მიიღო და რომელმაც ქვეყნის შიგნით და გარეთ ამხელა აჟიოტაჟი გამოიწვია, გაუგებარი იქნება, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩეროს მისი ამოქმედება. ეს კანონი ხომ იმიტომ მიიღეს, რომ არჩევნებისთვის გამოეყენებინათ და თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამის საშუალებას არ მისცემს, მაშინ მის მიღებას რა აზრი ჰქონდა?! ამ ლოგიკიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა აღასრულოს „ქართული ოცნების" ნება და არა სამართალი და ჩემი აზრით, ამ კანონის მოქმედებას არ შეაჩერებს.

„უკვე დაიწყეს საუბარი, რომ აგვისტოს ბოლომდე უნდა იქნას წარდგენილი დეკლარაციები. ეს კანონი მთელი ძალით ამოქმედდება. არასამთავრობოების მერე, ძალიან მალე მედიასაშუალებებზე გავრცელდება. „ოცნება" დღეს ძალიან მძიმე ვითარებაშია და ძალაუფლების შესანარჩუნებლად ასეთი რეპრესიული ბერკეტები სჭირდება. ეცდება, რომ ყველანაირად შეზღუდოს ინფორმაციაც და დამკვირვებელთა მონაწილეობაც საარჩევნო პროცესში. რა გამჭვირვალობასა და ფულზეა ლაპარაკი... ეს კანონი ამისთვის იქნა მიღებული.

„სამართლებრივი ბრძოლაა და ოპოზიციამ ეს უნდა გააგრძელოს. ამ ეტაპზე კანონს არ შეაჩერებენ, განხილვაში მიიღებენ და საბოლოო გადაწყვეტილება როდის იქნება, კაცმა არ იცის. ხელისუფლებას ეს დრო სჭირდება, მინიმუმ ორო თვე არჩევნებამდე და მის შემდეგ რაც იქნება, ეს ცალკე თემაა.

„ოცნებას" ეს დრო სჭირდება და ამისი არსი ისაა, რომ ოპოზიციამ ევროპულ სასამართლოში მისი გასაჩივრება ვერ მოახერხოს. ეს ვადებიც ისეა გადანაწილებული, რომ კანონმა ორშაბათიდანვე დაიწყოს მოქმედება და საარჩევნო პროცესზე კი არა, ქვეყანაში ლაპარაკი უკვე რეპრესიებზე დაიწყოს", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი იმედოვნებს, რომ სასამართლო კანონის ამოქმედებას შეაჩერებს.

„იურისპრუდენციაში დიდად ჩახედული არ ვარ, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, როცა რაღაცაზე საქმე აღძრულია, ის პროცესი ჩერდება, სანამ სასამართლო არ გაარკვევევს. თუ არ შეაჩერეს, რაც ძალიან მეეჭვება, ამას უპირველეს ყოვლისა მოჰყვება პროტესტი დასავლეთიდან - ისევ აღშფოთდებიან, რომ ხელისუფლება დემოკრატიისკენ არ მიდის.

„მსოფლიოს იმდენი კუთხიდან გვესმის, რომ დემოკრატიულ კანონებთან შუსაბამოაო, რომ მემგონი უპრიანია, რომ სასამართლომ ეს კანონი განსახილველად მიიღოს და საკონსტიტუციო ორგანომ თქვას შეესაბამება თუ არა იგი დემოკრატიულ სტანდარტებს. მარტო პოლიტიკური მსჯელობის დონეზე ამ საკითხის დატოვება შეცდომა იქნება. ამდენად, წესით გადასახედად უნდა მიიღოს და წესით შეჩერდება მისი მოქმედება, სანამ საბოლოოდ არ იქნება საკონსტიტუციოს პასუხი",- განაცხადა საყვარელიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე