ნატალია ჯვარიძე
(29.08.2024)

საქართველოს საპატრიარქოს მისაღებად მიაჩნია მმართველი პარტიის შეთავაზება, რომ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებით გაძლიერდება და გამყარდება ქვეყანაში ეკლესიის როლი, თუმცა დაუშვებლად მიაჩნია ფორმულირება - „სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება". ამის შესახებ საპატრიარქოში 29 აგვისტოს გამართული შეხვედრისას გახდა ცნობილი, რომლის დროსაც მხოლოდ იმაზე შეთანხმდნენ, თუ რომელი სამი მთავარი პრინციპის დაცვით მოხდება ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება.

მართლმადიდებლობის სახლემწიფო რელიგიად გამოცხადება „ქართული ოცნების" ერთ-ერთი პოტენციური წინასაარჩევნო დაპირებაა, რომელსაც მმართველი პარტია „სიურპრიზად" ინახავდა. „ოცნების" წარმომადგენელთა თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება მათ 4 მთავარი საკითხის გადასაწყვეტად სჭირდებათ. გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც ოფიციალურად ჯერ დადასტურებული არ არის, ამ საკითხებიდან ერთ-ერთი სწორედ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაა.

თავად საპატრიარქოს პოზიცია ამასთან დაკავშირებით განსხვავებულია. მმართველი პარტიის შეთავაზების შინაარსი მათთვის ძირითადად მისაღებია, ხოლო ფორმულირება - არა.

იურისტების უმრავლესობაც ასევე მიუღებლად მიიჩნევს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას. მათი შეფასებით, ასეთ შემთხვევაში ორი სცენარია მოსალოდნელი - ან სახელმწიფო მთლიადან დაიმორჩილებს ეკლესიას, ან - ეკლესია სახელმწიფოს.

ოპოზიცია კი მმართველი პარტიის ამ შეთავაზებას ხელისუფლების წინასაარჩევნო პროპაგანდის ნაწილად მიიჩნევს, რომელიც მორწმუნე ამომრჩევლებზეა გათვლილი და რასაც საბოლოოდ მზაკვრული მიზანი აქვს - რომ „ოცენბამ" კონტროლი დაამყაროს ქვეყანაში მოქმედ ერთადერთ ავტორიტეტულ ინსტიტუციაზე, რომელიც მას არ ემორჩილება.

ეკლესიის გადაწყვეტილება

29 აგვისტოს შეხვედრის დასრულების შემდეგ, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ საკითხზე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება არ მოხდება, ხოლო უშუალოდ გადაწყვეტილების მიღება მოხდება 3 მთავარი პრინციპის დაცვით.

„რადგან, საკონსტიტუციო ჩანაწერზეა საუბარი, საბოლო ფორმის დაჩქარებულად მიღება არის ძალიან რთული. პრინციპი ერთი, რომ სახელმწიფო ეკლესიის გარეშე არანაირ ჩანაწერს არ შეიტანს. პრინციპი მეორე - ამას არ ექნება სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ფორმა. პრინციპი მესამე - იქნება საკონსტიტუციო ჩანაწერი, რომელიც ეკლესიის როლს გაამყარებს და გაზრდის", - განაცხადა ჯაღმაიძემ.

ჯაღმაიძის თქმით, როგორი ფორმულირებით ჩამოყალიბდება საბოლოოდ მმართველი პარტიის შეთავაზება, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით გაგრძელდება, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებაზეა საუბარი. სწრაფად ამის მიღება საბოლოო სახით გაჭირდება, რადგანაც მეტ მსჯელობას და დროს მოითხოვს.

„მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემოთავაზება იყო, თუმცა თავის შინაარსით ეს გულისხმობდა ეკლესიის როლის გაზრდას და საკონსტიტუციო ჩანაწერით ამით გამყარებას. ამ შინაარსზე ჩვენ ვთანხმდებით, ოღონდ რა ფორმულირებით იქნება - ამაზე ისევ მსჯელობა მიმდინარეობს. ეს არ იქნება სახელმწიფო რელიგიის გამოცხადების ფორმა.

„სახელმწიფოს მხრიდან კიდევ ერთხელ გაცხადდა, რომ არანაირი ჩანაწერი არ გაკეთდება ეკლესიის თანხმობის გარეშე. ასე რომ, ეკლესიის თავისუფლებას არ დაემუქრება საფრთხე", - განაცხადა ჯაღმაიძემ.

მანამდე კი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა, რომელმაც ნაადრევად დატოვა შეხვედრა, ჟურნალისტებთან კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის პოზიციაზე ისაუბრა.

„პატრიარქის სურვილი აღინიშნა მოსაყდრის მიერ. მისი უწმინდესობის სურვილია ეს საკითხი ასე დაჩქარებულად არ იქნას განხილული, მაგრამ ეს არ არის რაღაც ერთობლივი გადაწყვეტილების თემა და არც ამაზეა საუბარი. აქ საუბარია სახელმწიფოს მიერ გაცხადებულ კეთილ ნებაზე. ამის უკან რაღაც სპეკულაციებია. კარგია, ცუდია - ამას სჭირდება სერიოზული განხილვა, ანალიზი, სპეციალისტების შეხვედრები და ამის შემდეგ გარკვეული აზრის ჩამოყალიბება.

„პატრიარქის პოზიციას ყველა იზიარებს. ყოველ შემთხვევაში, ასე მოვისმინე. საუბრობენ ადამიანები და მსჯელობენ", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

შეკრებას, სინოდის წევრების გარდა, კონსტიტუციონალისტი ჯონი ხეცურიანი ესწრებოდა, როგორც თავის დროზე ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონსტიტუციური შეთანხმების ერთ-ერთი ავტორი და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო. მან მედიასთან განაცხადა, რომ როგორც ადრე, ახლაც წინააღმდეგია მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების.

„ჩვენ მაშინ უარი ვთქვით მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად აღიარებაზე და ავირჩიეთ ის მოდელი, რომელიც დღეს საქართველოში მოქმედებს. ის ერთ-ერთი უნიკალურია. კერძოდ, სახელმწიფო და ეკლესია, როგორც ორი დამოუკიდებელი სუბიექტი, ერთმანეთში დებენ მაღალი რანგის შეთანხმებას, გნებავთ ხელშეკრულებას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, სადაც აღნიშნულია მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსი, მისი მნიშვნელობა, აგრეთვე, სახელმწიფოსთან ურთიერთობის ფორმები. ეს არის პარალელური თანამშრომლობის მოდელი.

„რაც შეეხება სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას, აქ მოქმედებს სხვა პრინციპი, სხვათა შორის, ეს ევროპის ქვეყნებში არის, სკანდინავიის ქვეყნებშია. მაგრამ როდესაც სახელმწიფო რელიგიად აღიარებენ, დაქვემდებარების ანუ სუბორდინაციის პრინციპია, როცა ან ეკლესია იმორჩილებს სახელმწიფოს, ან სახელმწიფო ეკლესიას.

„ეს საფრთხე ჩვენთან არ არსებობს. ჩვენთან მაღალ დონეზეა მოწესრიგებული კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელშიც ცვლილებების შეტანა მხოლოდ მხარეთა თანხმობით შეიძლება - სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის შეთანხმებით. სხვა ვერანაირი ცვლილება მასში ვერ შევა. ამიტომ, ამ თვალსაზრისით არანაირი საფრთხე არ არის. კონსტიტუციური შეთანხმება არის გარანტი იმისა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსი ვერ შეიცვლება შეთანხმების გარეშე.

„ახლა საუბარია ზოგიერთ ცვლილებებზე მართლმადიდებლობის რელიგიის მნიშვნელობაზე და არ არის ეკლესიაზე საუბარი, ეს უნდა განვასხვავოთ.

„ჩვენ, თავის დროზე, უარი ვთქვით ამაზე და მეც ამის მომხრე ვიყავი, რომ ოფიციალურ რელიგიად არ ყოფილიყო გამოცხადებული მართლმადიდებულობა. ახლაც ასეთია ჩემი პოზიცია.

„ჯერ არ არის ეს წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილების სახით. მე წინააღმდეგი ვარ, რომ რომელიმე რელიგიას მიენიჭოს ოფიციალური რელიგიის სტატუსი", - განაცხადა ჯონი ხეცურიანმა.

როგორ შეიძლება შეიცვალოს სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა

ოპოზიცია ამბობს, რომ თუ კი მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად ოფიციალურად გამოცხადდება, მაშინ მთავრობას უფლება ექნება ჩაერიოს ეკლესიის შიდა საქმეებში. ენმ-ის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავას განცხადებით, „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს სარწმუნოებისა და ეკლესიის გამოყენება მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდისტული საარჩევნო მიზნებისთვის სურს.

„ამ შემთხვევაში უმნიშვნელოვანესია შორის თავად ეკლესიის პოზიციაც. როგორც მე მოვისმინე, მათთვისაც ამგვარი განცხადებები ხელისუფლების მხრიდან მიუღებელია. ჩემი აზრით, არის მორიგი მცდელობა (ხელისუფლების მხრიდან) ხელში ჩაიგდოს ინსტიტუტი, რომელზეც გავლენა არ აქვს და ბიძინა ივანიშვილს ვერასდროს ექნება. მას ჩვენი სარწმუნოების და ეკლესიის მხოლოდ და მხოლოდ პროპაგანდისტული საარჩევნო მიზნებისთვის სურს გამოყენება, რაც უძვირფასესი შემადგენელი ნაწილია საქართველოს მოქალაქეთა დიდი უმრავლესობისთვის", - განაცხადა ბოკუჩავამ.

კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემატრაშვილი კი „რეზონანსთან" იმაზე საუბრობს, თუ რეალურად რა შეიცვლება მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებით. თუმცა ამბობს, რომ ეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, შეუძლებლად მიაჩნია.

„სადაც სახელმწიფო რელიგია არსებობს, იქ სასულიერო მოღვაწეებს გარკვეული პოლიტიკური პრივილეგიებიც ენიჭებათ. მათ შეუძლიათ დიდი თანამდებობები დაიკავონ, პარლამეტის წევრები გახდნენ და ა.შ. ანუ პოლიტიკურ ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვლება.

„ვნახოთ რა ფორმით შეიძლება ეს განხორციელდეს. მე შეუძლებლად მიმაჩნია, რომ კანონით სახელმწიფო რელიგიად დადგეს. ეს კონსტიტუციის რამდენიმე მუხლსაც ეწინააღმდეგება და ის მუხლებიც შესცვლელი იქნება.

„ამასთან, საქართველოში სხვა რელიგიებიც არსებობს და არ ვიცი ამას რა რეაქცია მოჰყვება. ევროკავშირიდან რომ დადებითი გამოხმაურება არ ექნება, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რადგან კონკრეტული იდეოლოგიის სახელმწიფო რელიგიის გამოცხადება ძალიან იშვიათი ამბავია. ერთადერთი ევროკაშვირში საბერძნეთია, რომელსაც გამოცხადებული აქვს.

„თუ ეს განხორციელდა, ეკლესიას საშუალება ექნება პოლიტიკურ ცხოვრებაში უფრო აქტიური იყოს, ვინაიდან სახელმწიფო რელიგია იქნება. დღეს პარლამენტში არც ერთი რელიგიის წარმომადგენელი არაა, შემდგომში კი ეს შესაძლებელი იქნება. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ ეტაპზე, თუ სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადებენ, პარტიებმა (სასულიერო პირები) საარჩევნო სიებშიც შეიყვანონ. რაც შეეხება ხელისუფლებას, იქნება ეს „ოცნება" თუ სხვა, მას ფინანსური და პოლიტიკური შესაძლებლობები ექნება, რათა ეკლესია თავისი ინტერესების დასაცავად აქტიურად გამოიყენოს", - განაცხადა ავთანდილ დემეტრაშვილი „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე