თამთა ჩაჩანიძე
(29.08.2024)

იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ოქტომბრის არჩევნებზე დაკვირვებისთვის აქტიურად ემზადებიან, „ქართული ოცნება" ოპოზიციის დაფინანსებასა და წინასაარჩევნო პროცესებში ჩარევაში პირდაპირ ადანაშაულებს. ძირითადი აქცენტია „ენ-დი-აი"-სა („ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტი) და „აი-არ-აი"-ზე („საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტი). ამაზე საგანგებო განცხადება 27 აგვისტოს ანტოკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა გააკეთა, 29 აგვისტოს კი - საპარლამენტო უმრავლესობამ. შესაძლებელია თუ არა, რომ ამ ბრალდებების საფუძველზე არჩევნებზე ამ ორგანიზაციებს არჩევნებზე დამკვირვებლების სტატუსი მოუხსნან?

როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, ჯერჯერობით არაფერი მეტყველებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება" შეიძლება ამაზე წავიდეს, რომ „ენ-დი-აი"-ს  და „აი-არ-აი"-ს დამკვირვებლის სტატუსი მოუხსნან, რადგანაც ეს პირველ რიგში საერთაშორისო წრეებში ძალიან ნეგატიურად აღიქმება და არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭვის ქვეშ დააყენებს.

მისივე შფასებით, „ქართული ოცნება" ამით უფრო იმისთვის ამზადებდეს საფუძველს, რომ თუ „ენ-დი-აი"-მ და „აი-არ-აი"-მ არჩევნებზე ნეგატიური დასკვნა დაწერეს, განაცხადებენ, რომ ეს ორგანიზაციები არც იყვნენ და არც არიან ნეიტრალური დამკვირვებლები".

აქვე აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლში აღნიშნულია - წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქესა და ორგანიზაციას.

საარჩევნო კოდექსის 39-ე მუხლის 4.1. პუნქტში ვკითხულობთ, რომ ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც:

ა) ბოლოს ჩატარებული ორი საერთო არჩევნებიდან ან ბოლოს ჩატარებული ორი შუალედური არჩევნებიდან რომელიმეს დანიშვნის შემდეგ იყო პარტიის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი;

ბ) ბოლოს ჩატარებული საერთო არჩევნების წლის დასაწყისიდან ან ბოლოს ჩატარებული შუალედური არჩევნების წლის დასაწყისიდან იყო რომელიმე პარტიის შემომწირველი.

ამავე მუხლის 4.2. პუნქტის მიხედვით, პარტიების შემომწირველთა შესახებ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ანტიკორუფციული ბიურო ცესკოს უზრუნველყოფს პარტიების შემომწირველთა შესახებ ელექტრონული მონაცემების ბაზის სათანადო ხელმისაწვდომობისა და გადამოწმების შესაძლებლობით.

„ოცნებისა" და ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე აცხადებს, რომ ზაფხულის განმავლობაში უცხო ძალის მხრიდან წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევის რამდენიმე „უხეში ფაქტი" გამოვლინდა. მისივე თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან პოლიტიკური ნეიტრალიტეტი შენარჩუნებული არ არის.

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის", „ენ-დი-აი"-ს მიერ დაფინანსდა და დაორგანიზდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და მათი წარმომადგენლების შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. პირველი ასეთი შეხვედრა 17 ივნისს ქუთაისში ადგილობრივ მოსახლეობასთან გაიმართა, სადაც სალომე სამადაშვილს, ხატია დეკანოიძეს, ანა წითლიძეს, თეონა აქუბარდიასა და თამარ კორძაიას მიეცათ წინასაარჩევნო აგიტაციის განხორციელების შესაძლებლობა.

„მსგავსი შეხვედრები მომდევნო დღეებში შედგა ზუგდიდში, ბათუმში, ოზურგეთსა და გორში. შეხვედრის ორგანიზებაში „ენ-დი-აი"-სთან ერთად ჩართული იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი". 13 ივლისს წნორში გაიმართა „ნაციონალური მოძრაობის", „ლელოს", „გირჩის", „გირჩი მეტი თავისუფლებისა" და „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერების შეხვედრა მოსახლეობასთან, რომლის თაობაზეც თავად „ლელოს" ოფიციალური „ფეისბუქ" გვერდიც იუწყება. პარტია „ლელო" მადლობას უხდის „ენ-დი-აი"-ის კახეთის რეგიონის მაცხოვრებლებთან შეხვედრის შესაძლებლობისათვის. არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა მოსახლეობასთან შეხვედრისას საარჩევნო დაპირებებზე ისაუბრეს", - განაცხადა მიქანაძემ.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში, საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან „ინტენსიური, ხელისუფლების საწინააღმდეგო აქტივობები შეინიშნება".

„2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით წინასაარჩევნო კამპანიები დაიწყეს, რისი ნათელი მაგალითიც არის რეგიონებში განხორციელებული ე.წ. „დემოკრატიის ფესტივალი"-ს ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები. ამ კონსტრუქციულ სახელწოდებას ამოფარებული საარჩევნო კამპანიის დონორი ორგანიზაცია „დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტები" იყო, რომელიც დანიის სახელმწიფო ბიუჯეტით ფინანსდება და ქვეყნის საკანონმდებლო ხელისუფლებას ექვემდებარება.

„პირველი ე.წ. „ფესტივალი"-ს ღონისძიება 27 ივლისს წალენჯიხაში გაიმართა, რასაც 3 აგვისტოს თელავში და 10 აგვისტოს ქუთაისში მსგავსი ღონისძიებები მოჰყვა. საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ ე.წ. „დემოკრატიის ფესტივალში" მონაწილეობას იღებდნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, რომლებიც პირდაპირ ეწეოდნენ წინასაარჩევნო აგიტაციას, არიგებდნენ პარტიის ბროშურებს და გასცემდნენ საარჩევნო დაპირებებს. ე.წ. „ფესტივალზე" არაერთ მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ბანერიც გამოიფინა მისი გათავისუფლების მოწოდებით. საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რომ ე.წ. „დემოკრატიის ფესტივალის" ორგანიზატორი იყო ორგანიზაცია „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის", რომლის დამფუძნებელია ლევან ცუცქირიძე, რომელიც დღემდე იკავებს ამ ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას. ლევან ცუცქირიძემ მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრთან ერთად დააფუძნა პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი", რომელიც ივლისის თვეში „ლელოს" და „ანა დოლიძე-ხალხისათვის" ალიანსში გაერთიანდა. მათ შეუერთდა ამავე ორგანიზაციის წარმომადგენლები - ირინე კურტანიძე და თამარ ჯოლოხავა. ეს არის ნათელი მაგალითი თუ როგორ სარგებლობენ ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტები მათივე მართული არასამთავრობო ორგანიზაციებით და უცხოური დაფინანსებით. გამოდის, რომ დანიური დაფინანსების არასამთავრობო ორგანიზაციამ დააფუძნა პოლიტიკური მოძრაობა. ცალსახაა, რომ სახეზეა როგორც ზღვარის მოშლა არასამთავრობო სექტორსა და პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, ასევე უცხო ქვეყნის პირდაპირ ჩარევა და ზეგავლენის მოხდენა წინასაარჩევნო პროცესებზე. ანალოგიური ქმედების განხორციელება ნებისმიერ სახელმწიფოში და მათ შორის დანიაშიც, ბუნებრივია ცალსახად უარყოფითად იქნებოდა შეფასებული.

„გაკვირვებას აღარ იწვევს, თუმცა შემდგარი რეალობაა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ერთი მხრივ, საუბრობენ არჩევნების თავისუფალ, თანასწორ და კონკურენტულ გარემოში ჩატარებასა და გამჭვირვალეობაზე, მეორე მხრივ კი, აქტიურად ერევიან პოლიტიკური ხასიათის აქტივობებში. საანგარიშო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად, საჯაროდ ახორციელებდნენ პოლიტიკური შინაარსის, ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდას და არ იცავდნენ ნეიტრალიტეტს. მათი მცდელობაა საზოგადოების ნაწილს წინასწარ გაუჩინონ მცდარი აღქმა ხელისუფლების მიერ არჩევნების შედეგებზე ზემოქმედების შესახებ. როგორც ჩანს, ორმაგი სტანდარტების გამოყენებას არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან სისტემატური ხასიათი მიეცა.

„21 ივლისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ორგანიზებით ბათუმში, ეკა გიგაურმა, ნინო ლომჯარიამ და გიორგი უშიკიშვილმა მოსახლეობასთან ერთობლივი შეხვედრები გამართეს. პანელს ზვიად ქორიძე უძღვებოდა. მიუხედავად ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მხრიდან გაცხადებული საარჩევნო პროცესებში ნეიტრალიტეტის სტატუსისა, ღიად დაფიქსირდა მმართველი პარტიის „ქართული ოცნების" საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდა. რაც შეეხება გიორგი უშიკიშვილს, მან, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სცენიდან პოლიტიკაში გადაინაცვლა და პარტია „ლელოს"-ს, „ანა დოლიძე - ხალხისათვის" და „თავისუფლების მოედანს" შეუერთდა.

„გრძელდება არასამთავრო ორგანიზაციების მხრიდან მმართველი პარტიის წინააღმდეგ მიზანდასახული დისკრედიტაციის კამპანია. ამის ნათელი მაგალითია „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის", იგივე „სოროსის ფონდის" მიერ სოციალურ ქსელში ხელისუფლების საწინააღმდეგო შინაარსის ვიდეო-კლიპების განთავსება. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ როგორ იყენებენ არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოურ დაფინანსებას მმართველი პარტიის წინააღმდეგ. ამასთანავე, ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც აფინანსებს არჩევნებზე ადგილობრივ სადამკვირვებელო ორგანიზაციებს. ამ ფაქტებს კიდევ ერთხელ სააშკარაოზე გამოაქვს ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური პარტიების და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების ჰარმონიული თავსებადობა.

„საინტერესოა, რომ წინასაარჩევნო პერიოდზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას", „სამართლიან არჩევნებსა" და სხვა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ანგარიშებში არცერთი ზემოაღნიშნული ფაქტი არ არის ნახსენები, რაც კიდევ ერთხელ გვიმყარებს განცდას, რომ მათი დამოკიდებულება არის სუბიექტური და ორიენტირებულია მხოლოდ მმართველი პარტიის წინააღმდეგ", - განაცხადა მიქანაძემ.

27 აგვისტოს კი, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მათ შორის „ენ-დი-აი"-სა და „აი-არ-აი"-ს, გაცემული გრანტების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდა.

„მიმდინარე საარჩევნო პროცესში უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობა. ამიტომ, მივმართავთ ყველა ორგანიზაციას, მათ შორის, „ენ-დი-აი"-ს (ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს) და „აი-არ-აი"-ს (საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს), რომლებიც უნდა წარმოადგენდნენ ობიექტურ დამკვირვებლებს არჩევნებში - უზრუნველყოფილ იქნას თქვენ მიერ გაცემული გრანტების გამჭვირვალობა იმ მიზნით, რომ დაფინანსებული ღონისძიებები არ იყოს გამოყენებული პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად. არჩევნების დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის ნეიტრალურობა და ობიექტურობა გადამწყვეტია", - განაცხადა კუპრაშვილმა.

რისთვის ამზადებს საფუძველს „ოცნება"

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" საუბრისას გამორიცხავს, რომ „ენ-დი-აი"-სა და „აი-არ-აი"-ს დამკვირვებლის სტატუსი მოუხსნან, რადგან ფიქრობს, რომ ამაზე ჯერჯერობით არც არაფერი მეტყველებს და საერთაშორისო თვალსაზრისითაც ნეგატიურად აღიქმება.

„არ მგონია, რომ „ქართული ოცნება" ამაზე წავიდეს, რომ „ენ-დი-აი"-სა და „აი-არ-აი"-ს დამკვირვებლის სტატუსი მოუხსნან. ყოველ შემთხვევაში, ამაზე ჯერჯერობოთ არაფერი არ ლაპარაკობს და ყველა - ადგილობრივიო თუ საერთაშორისო გარემოების გათვალისწინებითაც რომ პროგნოზი გავაკეთოთ, ეს საერთაშორისო წრეებში ძალიან ნეგატიურად იქნებოდა აღქმული და უფრო მეტ საფუძველს მისცემდა იგივე აშშ-ს, ევროკავშირს და სხვა სადამკვირვებლო ორგანიზეციებს, რომლებიც არჩევნებს დააკვირდებიან, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვის ქვეშ დააყენონ.

„ჩემი აზრით, ამით „ქართული ოცნება" უბრალოდ საქართველოს ამომრჩევლების ფორმირებას ახდენს და მათი ცნობიერების მიმართვას იმ კალაპოტში, რომ საქართველოს არჩევნებში გარეშე ძალა ერევა და შესაბამისად, მათ ისეთი არჩევანი უნდა გააკეთონ, რომ გარეშე ძალამ საკუთარ მიზნებს ვერ მიაღწიოს. იმ ინფორმაციული კამპანიის თანახმად, რასაც მმართველი პარტია აწარმოებს, ყველასათვის ცნობილია, რომ ამ გარე ძალაში და ამ ჩარევაში, ძირითადად სწორედ კოლექტიური დასავლეთი იგულისხმება და მისი ორგანიზაცები - „ნედ"-ი, „ენ-დი-აი", „აი-არ-აი" და სხვა", - განაცხადა ანალიტიკოსმა.

მისივე შფასებით, არაა გამორიცხული, რომ „ოცნება" ამ განცხადებებით ერთგვარ ალიბის იქმნიდეს და საფუძველს ამზადებდეს არჩევნების შემდგომი შესაძლო სცენარებისთვის.

„არაა გამორიცხული, რომ „ოცნება" ასეთი ტიპის განცხადებებით ერთგვარ ალიბის იქმნიდეს, ან საფუძველს ამზადებდეს იმისთვის, რომ თუ, დავუშვათ, „ენ-დი-აი"-მ და „აი-არ-აი"-მ არჩევნებზე ნეგატიური დასკვნა დაწერეს, ისინი განაცხადებენ, რომ ეს ორგანიზაციები არ იყვნენ და არ არიან ნეიტრალური დამკვირვებლები. საერთოდ მთელი ეს საინფორმაციო კამპანია იმას ემსახურება, რომ ის ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც წლების მანძილზე არჩევნებს აკვირდებოდნენ, წარმოაჩინონ ისე, რომ ისინი მიუკერძოებელი ორგანიზაციები აღარ არიან, როგორადაც 5-8 წლის წინ ფიქსირდებოდნენ, რაც პრინციპში რეალობისგან შორს არაა. რეალურად სახეზეა, რომ ეს ორგანიზაციები ცალი ფეხით პოლიტიკაში არიან და არიან ოპოზიციის მხარეს. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ძალიან გასჭირდება მათი, როგორც დამოუკიდებელი და მოუკერძოვებელი დამკვირვებლის მიღება", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე