თამთა ჩაჩანიძე
(28.08.2024)

პრეზიდენტმა, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების 2024 წლის 26 ოქტომბერს უკვე ოფიციალურად დანიშნა. შესაბამის განკარგულებას სალომე ზურაბიშვილმა ხელი უკვე მოაწერა. როგორც მანვე აღნიშნა, ოქტომბრის არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს,"საქმე გვაქვს ქვეყნის მომავლის გადარჩენასთან".

როგორც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, ქვეყანა უნდა მოემზადოს არჩევანისთვის, რომელიც იქნება რეფერენდუმის ტოლფასი - „ევროპა თუ რუსეთი". მან ქართული ოცნება" და მისი საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მწვავედ გააკრიტიკა.

„ოპოზიციას დღეს გამაერთიანებელი ძალა არ ჰყავს და ამ პირობებში სიტუაციურად ვინც გამოადგება ოპოზიციას იმაზე აიღებს ორიენტაციას, შესაძლოა ოპოზიციურ ფლანგს დასავლეთთან დიალოგისთვის დასჭირდეთ ისეთი წონიანი ფიგურა, როგორიც უდაოდ არის ქვეყნის პრეზიდენტი",- განაცხადა „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ.

„დღეს პრეზიდენტი არა მარტო ოპოზიციური პოლიტიკური ძალებისთვის, არამედ მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის ორიენტირია, რომელიც მკაფიოდ და ცალსახად აფიქსირებს იმას, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის განვითარების, სოციალური თუ კულტურული მიღწევების ერთადერთი სწორი გზა ევრკავშირსა და დასავლეთში ინტეგრირებაა", -ამბობს „რეზონანსთან" საუბარში ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.

რას ამბობს პრეზიდენტი

„პირველ რიგში, მინდა, თქვენი თანდასწრებით ხელი მოვაწერო განცხადებას, რითაც ინიშნება სამომავლო არჩევნები 26 ოქტომბერს. ხელი მოვაწერე არჩევნების გამოცხადების განკარგულებას. გადაწყვეტილების დღე მოგვიახლოვდა, დღე არჩევანის, დღე გადარჩენის.

„დღეს ჩვენ საქმე არ გვაქვს ჩვეულებრივ არჩევნებთან, როცა მოქალაქე ირჩევს, თუ რომელი პოლიტიკური ძალა არის მის მსოფლმხედველობასთან ყველაზე ახლოს, არამედ საქმე გვაქვს ქვეყნის მომავლის გადარჩენასთან. ჩვენი არჩევანი ეგზისტენციალურია.

„ეს არჩევანი ქვეყნის ბედს მრავალი წლით განაპირობებს, ამიტომ, როგორც პრეზიდენტს, ამ არჩევნებთან დაკავშირებით მე მაქვს ჩემი სათქმელი. ეს რომ იყოს ჩვეულებრივი არჩევნები, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის კონკურენცია, არაფერი მექნებოდა სათქმელი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, უნდა მოვემზადოთ არჩევანისთვის, რომელიც იქნება რეფერენდუმის ტოლფასი.

"დღეს ჩვენ საქმე არ გვაქვს ჩვეულებრივ არჩევნებთან, როცა მოქალაქე ირჩევს, თუ რომელი პოლიტიკური ძალა არის მის მსოფლმხედველობასთან ყველაზე ახლოს, არამედ საქმე გვაქვს ქვეყნის მომავლის გადარჩენასთან. ჩვენი არჩევანი ეგზისტენციალურია. ეს არჩევანი ქვეყნის ბედს მრავალი წლით განაპირობებს, ამიტომ, როგორც პრეზიდენტს, ამ არჩევნებთან დაკავშირებით მე მაქვს ჩემი სათქმელი. ეს რომ იყოს ჩვეულებრივი არჩევნები, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის კონკურენცია, არაფერი მექნებოდა სათქმელი.

„უნდათ, რომ დაგვარწმუნონ, რომ ეს იქნება არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის. ეს ტყუილია, რამეთუ არჩევნებით ომის საფრთხე ვერ აღიკვეთება და არასოდეს არავინ არ ირჩევს ომს. დღეს საქართველოში არავის უნდა და არავინ ამზადებს ომს. იზოლაცია, შიდა დაპირისპირება, პრიორიტეტებისა და მიზნების ბუნდოვანება და აღრევა კი ზრდის მტრის მადას ანუ ომის საფრთხეს. სამაგიეროდ, მხნეობა, ერთიანობა, სიცხადე მოყვარესთან თუ მტერთან, ყველაზე კარგი თავდაცვა არის ქვეყნის უსაფრთხოების.

„სამაგიეროდ, ის კი მართალია, რომ უნდა მოვემზადოთ არჩევანისთვის, რომელიც იქნება რეფერენდუმის ტოლფასი - ევროპა თუ რუსეთი. გადასაწყვეტი გვაქვს მთავარი - ვინ ვართ, რანი ვართ, საით მივდივართ და რა გვინდა. წარსული თუ წინსვლა, თავისუფლება თუ მონობა, დიქტატურა თუ დემოკრატია, ერთპარტიული ძალაუფლება თუ მრავალპარტიული ხელისუფლება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილი და „ოცნება" კიდევ ერთხელ მწმავედ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი ქართველ ხალხს ერთპარტიულ დიქტატურას დაჰპირდნენ.

„მაშინ დავდექით უპირობოდ ჩვენი მომავლის გზასაყარზე და სასიცოცხლო არჩევანის წინაშე. ან იქნება ევროპული დემოკრატიული, თავისუფალი და ღირსეული მომავალი, ან დაბრუნდება წარსულში ჩაძირვა - რუსეთის მარწუხებში, რომელიც დღითიდღე საკუთარ სისასტიკეს და დაუნდობლობას ამჟღავნებს. არჩევანია, მართლაც რუსული დაუნდობლობისა და ქართულ საუკუნოვან შემწყნარებლობას შორის. ყოველდღიურად საქართველო მაგალითს იძლევა ამ შემწყნარებლობის, თუნდაც რუსი ტურისტების წინაშე. არჩევანია რევანშიზმსა და უნდობლობასა და სასამართლოთი დაცული ადამიანის უფლებებს შორის.

„მცხეთიდან საარჩევნო კამპანია გაიხსნა, [„ქართული ოცნება"] საკუთარ ხალხს გამარჯვების შემთხვევაში დაჰპირდა შურისძიებას, შევიწროებას, სხვა აზრის მქონე ადამიანთა დევნას, თავისუფალი პროტესტის შეზღუდვას, პოლიტიკური ოპონენტების აკრძალვას. მოკლედ რომ ვთქვათ, დაგვპირდნენ ერთპარტიულ და ერთპიროვნულ დიქტატურას, დაგვიხატეს სამომავლო საქართველო, სადაც ერთ მუჭა ადამიანებს ექნებათ ყველა უფლება, სხვებს კი რაღა დარჩებათ, ქვეყნიდან წასვლის უფლება?

„არჩევანი გვექნება რუსეთის მონობასა და ევროპასთან თანამშრომლობას შორის. რუსეთთან უღირსი კომპრომისებისა და რეალურად სულის გაყიდვის ფასად დამორჩილება თუ ევროპაში თანასწორუფლებიან ქვეყნად წარდგენა და იქ ჩვენი სახელის, მიწის, ისტორიისა და შესაძლებლობების გატანა და საქართველოს სათანადო წარდგენა, თავისუფალ მშვიდობიან გარემოსა და სამყაროში!

„ეს არჩევნები მეორედ არ დაგვიდგება. ეს არჩევნები საკმაოდ რთულ პირობებში ჩატარდება! უკვე გვესმის ხელისუფლების ყველა დონეზე გაჟღერებული მუქარა, გვაშინებენ ხან კანონით, მახვილით, დაჭერებით, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს, რამეთუ არ არსებობს ხელისუფლება, რომელიც ხალხის წინააღმდეგ წავა და გაიმარჯვებს, იმ შემთხვევაში თუ ყველა გაიაზრებს პასუხისმგებლობას, თუ საზოგადოება სრულად მობილიზებული იქნება, მაშინ ხმებიც, სტაბილურობაც და მომავალიც სრულიად დაცული იქნება", - განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის როლი არჩევნებამდე და მის შემდეგ

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ პრეზიდეტი ორიენტირია არა მხოლოდ ოპოზოციური ძალების, არამედ მთელი საზოგადოების და არჩევნებამდე და მის შემდეგაც მნიშვნელოვანი ფუნქცია ექნება.

„დღეს პრეზიდენტი არა მარტო ოპოზიციური პოლიტიკური ძალებისთვის, არამედ მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის ორიენტირია, რომელიც მკაფიოდ და ცალსახად აფიქსირებს იმას, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის განვითარების სოციალური, თუ კულტურული მიღწევების ერთადერთი სწორი გზა ევრკავშირსა და დასავლეთში ინტეგრირებაა.

„მიუხედავად იმისა, ამას ვინმე იზიარებს თუ არა, დღეს მთელი ჩვენი საზოგადოების ორიენტირი პრეზიდენტი გახდა. პრეზიდენტს არჩევნების დროსაც და მის შემდეგაც ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია ექნება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ იქნება შუამავალი ხელისუფლებასა და ჩვენს პარტნიორებს შორის. ასევე, ოპოზიციასა (ზოგადად პოლიტიკურ სპექტრსა) და ჩვენს პარტნიორებს შორის.

„მიუხედავად იმისა, რომ დღეს „ქართული ოცნება" პრეზიდენტს წყევლა-კრულვას არ აკლებს, ის დღეს სახელმწიფოს წარმოადგენს და მთლიანობაში, სახელმწიფო ფუნქციის მატარებელია. ამიტომ როცა საჭირო გახდება, პრეზიდენტი ამ რთულ მისიას შეასრულებს. წინ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველის, სადაც პრეზიდენტს მკაფიოდ გამოკვეთილი ფუნქცია აქვს.

„ქვეყანაში არსებული ვითარების შეფასებაში, პრეზიდენტი უნდა იყოს და არის დღეს ნეიტრალური, მათ შორის პოლიტიკური პარტიების თვალსაზრისით",- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ არჩევნებამდე ზურაბიშვილის მკაფიო როლს ვერ ხედავს, მის შემდეგ კი, ოპოზიციას შესაძლოა წაადგეს იმაში, რომ „ოცნების" გამარჯვების შემთხვევაში, გააკეთოს განაცხადი, როგორც პრეზიდენტმა უფრო ოფიციალურ დონეზე, რომ - „არჩევნები გაყალბდა".

„ოპოზიციას დღეს გამაერთიანებელი ძალა არ ჰყავს და ამ პირობებში სიტუაციურად ვინც გამოადგება ოპოზიციას იმაზე აიღებს ორიენტაციას და გამოაცხადებენ, რომ ეს არის ლიდერიო, იმისდა მიუხედავად, იქამდე რა აქვთ ნათქვამი, ნაფიქრი და გაკეთებული. შესაძლოა ოპოზიციურ ფლანგს დასავლეთთან დიალოგისთვის დასჭირდეთ ისეთი წონიანი ფიგურა, როგორიც უდაოდ არის ქვეყნის პრეზიდენტი.

„ოპოზიცია პრეზიდენტის სიტყვას უფრო ყურადღებით მოეკიდება, თუკი ზურაბიშვილი კრიტიკულ მომენტში განაცხადებს იმას, რაც ოპოზიციას უნდა. მაშინ ოპოზიცია იმ მომანტში იტყვის, რომ ესაა ჩვენი სახელით მოლაპარაკე და ჩვენი ლიდერი. უცხოელებთან რეიტინგის მხრივ, პრეზიდენტი წონიანი ფიგურაა, თუნდაც იმიტომ, რომ მას პრეზიდენტი ჰქვია.

„არჩევნებამდე ვერ ხვედავ ზურაბიშვილის მკაფიო როლს, მაგრამ არჩევნების დადგომისა და შემდგომი დღეებისთის, ბევრი ვარაუდობს და მათ შორის მეც, რომ შესაძლოა განაცხადოს ის, რასაც იტყვის ოპოზიცია კეროდ - „არჩვენები გაყალბდა"-ო და ამითი არჩევნების მიმართ უცხოეთის დამოკიდებულება გარკვეული თვალსაზრისით ჩამოაყალიბოს",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანასთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე