ნატალია ჯვარიძე
(27.08.2024)

არაოფიციალური ინფორმაციით, მმართველ პარტიას სურს 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადოს. თუმცა, მართლმადიდებელ ეკლესიაში მიაჩნიათ, რომ არანაირი საფუძელი არ არსებობს იმ სამართლებრივი მოდელის შესაცვლელად, რაც დღეს არსებობს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებობს.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ მმართველ პარტიას ამ ნაბიჯით მორწმუნე ამომრჩევლების მაქსიმალური მხარდაჭერის მოპოვება სურდა.

„რთულია იმის თქმა, თუ რატომ თქვა ამაზე უარი თავად საპატრიარქომ, თუმცა, ჩემი აზრით, ამის მიზეზი არის ის, რომ მათ არ უნდათ მარტო ერთ პოლიტიკურ ძალაზე იყვნენ ჩამოკიდებული", - განაცხადა ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან" საუბრისას.

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორს და ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძეს კი მიაჩნია, რომ საპატრიარქოს ისედაც აქვს გავლენა და მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება მათთვის საინტერსო არაა:

„ძალიან საინტერესო მომენტია, თუ რატომ არ დათანხმდა ეკლესია, მაგრამ ფაქტია, რომ საპატრიარქოს საზოგადოებაზე გავლენა ისედაც აქვს და ბიუჯეტიდან ძალიან დიდ თანხას ისედაც იღებს, საერთო ჯამში 60 მილიონ ლარზე მეტზეა საუბარი. ჩემი აზრით, საპატრიარქო მიიჩნევს, რომ საქართველოში ისედაც დიდი გავლენა აქვს და მათთვის აქტუალური არ არის ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადონ".

„ოცნების" 20 აგვისტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება 4 საკითხის გადასაჭრელად სჭირდებათ, თუმცა მმართველ პარტიას ამ დრომდე არ დაუკონკრეტებია რა არის მეოთხე საკითხი. პარტიაში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

„არის კიდევ ერთი, მეოთხე საკითხი, რომლის კონსტიტუციით მოწესრიგებასაც საქართველოს თვითმყოფადობისა და ეროვნული ფასეულობების დასაცავად უდიდესი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. თუმცა, ამ საკითხზე კონსულტაციები კვლავაც გრძელდება და მასზე ჩვენს პოზიციას, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე გაგიზიარებთ", - ნათქვამია „ქართული ოცნების" 20 აგვისტოს განცხადებაში.

ამის შემდეგ არაოფიციალურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეოთხე საკითხი, შესაძლოა, სწორედ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება იყოს.

საპატრიარქოს პრესასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, ლონგინოზ სუარიშვილმა მედიას უთხრა, რომ „შესაძლოა, ხელისუფლებისგან არაოფიციალური შეთავაზება მიიღეს, ოფიციალურად არაფერი ყოფილა".

თუმცა, სუარიშვილმა დაადასტურა, რომ სინოდის წევრები 26 აგვისტოს შეიკრიბნენ და ამ საკითხზე იმსჯელეს.

ის, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირები შეხვდნენ და ამ საკითხზე იმსჯელეს, დაადასტურა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. მისი თქმით, შეხვედრას პატრიარქის მოსაყდრე შიო მუჯირი ხელმძღვანელობდა.

გიორგი ზვიადაძე აცხადებს, რომ „მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ საქართველოს ეკლესიას აქვს იგივე პოზიცია, რაც მანამდე".

მისი თქმით, არავითარი საფუძველი არ არის, რომ ის სამართლებრივი მოდელი, რაც დღეს არსებობს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, შეიცვალოს.

„ვესწრებოდი გუშინდელ შეხვედრას. ეს არის ძალიან კორექტული, ძალიან მშვიდი და არგუმენტირებული საუბარი იმასთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება სამართლებრივ მოდელებს ეკლესიას და სახელმწიფოს შორის. არავითარი საფუძველი არ არის, რომ ის სამართლებრივი მოდელი, რაც დღეს არსებობს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, შეიცვალოს", - განაცხადა გიორგი ზვიადაძემ

რა გათვლა ჰქონდა „ოცნებას"

ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ხელისუფლებას ამ ნაბიჯით, სავარაუდოდ, მორწმუნე ამომრჩევლების მიზიდვა სურდა.

„ოცნება" ყველა ღონეს ხმარობს პიარის თვალსაზრისით, რომ ამომრჩევლების რაოდენობა გაზარდოს. ზოგადად, ყველა ხელისუფლება ცდილობდა ეკლესიის არა, მაგრამ უფრო მორწმუნეების გამოყენებას და იგივეს აკეთებს „ქართული ოცნება". დღეს რაც არ უნდა იძახონ მმართველი პარტიის ლიდერებმა, არ მგონია სერიოზული მობილიზება მოახდინონ იმ ამომრჩევლებისა, რომლებიც მათი მხარდამჭერები არ არიან. მათ თავიანთი ამომრჩევლები ჰყავთ და ვფიქრობ, ამ ბაზის გაზრდის რესურსი არ აქვთ", - აღნიშნა ძაბირაძემ.

ნიკა ჩიტაძის აზრით კი, იმ ფონზე, როდესაც მმართველი პარტია ცდილობს ოპოზიცია ლგბტ პროპაგანდის მხარდამჭერად წარმოაჩინოს, სურდა, რომ ამომრჩევლებში „ქართული ოცნება" უფრო მეტად ყოფილიყო ასოცირებული ტრადიციული ღირებულებების დაცვასთან.

„ხელისუფლებას გათვლა ჰქონდა, რომ ამით რეიტინგს გაზრდიდნენ და სწორედ ეს იყო ამის მიზეზი. ისინი თვლიდნენ, რომ ამ შემთხვევაში თავს წარმოაჩენდნენ, როგორც მართმადიდებლური ღირებულებების დამცველებად, თითქოს ისინი ქრისტიანულ წესებსა და ტრადიციებს პატივს სცემდნენ, თან იმ ფონზე, რომ ოპოზიცია ლგბტ პროპაგანდას ხელს უწყობს. აღნიშნულზე იყო რაღაც გარკვეული გათვლები.

„რეალურად ეს მათ რეიტინგს ნაწილობრივ გაზრდიდა, იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მართმადიდებელი ქრისტიანია და მათი ნაწილი დაიჯერებდა, რომ „ქართული ოცნება" ქრისტიანულ ღირებულებებს იცავს. თუმცა აქ ისიც უნდა ვთქვა, რომ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობა აღნიშნულ საკითხს უარყოფითად მოეკიდებოდა.

„ნუ, ყოველ შემთხვევაში მცდელობა ჰქონდათ, მაგრამ ასევე ბევრი ადამიანი კითხვას დასვამდა - აქამდე რატომ არ გაკეთდა ეს? მხოლოდ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება არ არის საკმარისი, რომ ღირებულებები ნამდვილად დაცული იყოს.

„ხელისუფლება და ეკლესია ერთმანეთზე არიან დამოკიდებული, რადგან მმართველ გუნდს ის სჭირდება იმისათვის, რომ მრევლზე ზემოქმედება მოახდინონ და „ოცნებას" ხმა მისცენ. მრევლს პირდაპირ არ ეუბნებიან, რომ მათ მიეცით ხმაო, თუმცა იძახიან, თითქოს დასავლეთი სხვა ორიენტაციას გვახვევს თავს და ამით ირიბად მიანიშნებენ, რომ ხელისუფლება ქრისტიანულ ღირებულებებს იცავს", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე