რის საფუძველზე გაჩნდა ეჭვი, რომ ისინი უცხოეთიდან ფინანსდებიან და რა მოჰყვება ბიუროს მოთხოვნის შეუსრულებლობას
თამთა ჩაჩანიძე
(27.08.2024)

ანტიკორუფციული ბიურო ოპოზიციური პარტიების ნაწილს ბოლო 8 თვის ფინანსური ანგარიშის წარდგენას სთხოვს და ვადას 31 აგვისტომდე აძლევს. უწყებას მიაჩნია, რომ ისინი თავის დაფინანსებას, სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ. რა გაგრძელება ექნება ამ ყველაფერს და რამდენად შესაძლებელია, რომ საბოლოოდ კონკრეტული პარტიების არჩევნებიდან მოხსნის საკითხი დადგეს დღის წესრიგში?

საუბარია პარტიებზე „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის", „კი ევროპას - სტრატეგია აღმაშენებელი", „ნაციონალური მოძრაობა", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის", „ელენე ხოშტარია - დროა" და „ახალი ერთობა - გვარამია, მელია".

კონსტიტუციონალისტების შეფასებით, პარტიებს ვალდებულება აქვთ, რომ დაფინანსების თაობაზე დეკლარაციები წარადგინონ. წარუდგენლობის შემთხვევაში, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონით არის განსაზღვრული, თუ რა ზომები მიიღება. მათი შეფასებით, ასეთ შემთხვევაში, პარტიის არჩევნებიდან მოხსნა არ არის გათვალისწინებული. პარტია სახელწიფო დაფინანსების მიღების უფლებას კარგავს 1 წლის განმავლობაში.

გარდა ამისა, ამავე კანონის მიხედვით, პარტიის უკანონო ფინანსურ საქმიანობაზე საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ბიუროს უფლება აქვს პარტიის რიგგარეშე ფინანსური აუდიტის განხორციელების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. აღსანიშნავია, რომ როგორ სამშაბათს ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა განაცხადა, მონიტორინგის შედეგად უკვე გამოვლინდა კონკრეტული ფაქტები, რომელიც ასეთ საფუძვლიან ეჭვს აჩენს.

ბიუროს მოთხოვნას ოპოზიციისგან გამოხმაურება უკვე მოჰყვა. ენმ-სა და სხვა ხსენებულ პარტიებში ამბობენ, რომ მათი კამპანია გამჭვირვალეა და „თუ რაიმე გაუმჭვირვალეა ქვეყანაში, ეს სწორედ „ქართული ოცნების" კორუფციული სქემების შავი ფულია და ეს ცნობილი „ქოლცენტრებით" დადასტურდა". „ოცნება" კი აცხადებს, რომ „არასამთავრობო სექტორი და დონორი ორგანიზაციები გამოყენებული არიან ქვეყნის შიგნით პოლიტიკური პროცესებისა და საარჩევნო პროცესებში ჩარევისთვის", რაც არის ზოგადად, მსოფლიოში „დემოკრატიული პროცესების უხეშად დარღვევა, როდესაც უცხო ქვეყანა ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებს აფინანსებს".

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონი, მუხლი 34, ვკითხულობთ - „თუ პარტია დროულად არ წარუდგენს საფინანსო დეკლარაციას ანტიკორუფციულ ბიუროს, ანტიკორუფციული ბიურო მას წერილობით გააფრთხილებს და მოსთხოვს ხარვეზის 5 დღის ვადაში აღმოფხვრას. თუ პარტია 5 დღის გასვლის შემდეგაც არ წარუდგენს საფინანსო დეკლარაციას ანტიკორუფციულ ბიუროს, იგი კარგავს ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლებას მომდევნო 1 წლის განმავლობაში".

30-ე მუხლში კი აღნიშნულა, რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად თანხას იღებს პარტია, რომელმაც საქართველოს პარლამენტის ბოლო არჩევნებში ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1% მაინც მიიღო.

ამასთან, როგორც ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი ამბობს, ამ პარტიების საარჩევნო კამპანიები და აქტივობები შესაძლოა ფინანსდებოდეს უცხოური დონორი ორგანიზაციებისგან ან სხვა წყაროებიდან, რომლებიც, თავის მხრივ, თანხებს უხდიან ამ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. მისი თქმით, საქართველოს კანონმდებლობით, აკრძალულია პოლიტიკური პარტიების დაფინანსება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირისგან, აგრეთვე, საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისგან.

ანტიკორუფციული ბიუროს განცხადება

ეს ინფორმაცია ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა 27 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე გააჟღერა.

„განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ პოლიტიკური პარტიები, კერძოდ: „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის", „კი ევროპას - სტრატეგია აღმაშენებელი", „ნაციონალური მოძრაობა", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის", „ელენე ხოშტარია - დროა" და „ახალი ერთობა - გვარამია, მელია" დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ.

„ამავდროულად, მათი საარჩევნო კამპანიები და აქტივობები შესაძლოა ფინანსდებოდეს უცხოური დონორი ორგანიზაციებისგან ან სხვა წყაროებიდან, რომლებიც, თავის მხრივ, თანხებს უხდიან ამ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

„აღნიშნული სქემით, უცხოური ფულით პოლიტიკური პარტიებისა და პროცესების მხარდაჭერა წარმოადგენს საფრთხეს სამართლიანი საარჩევნო პროცესისთვის.

„უცხოური დონორი ორგანიზაციებისა ან სხვა წყაროებიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად, მართავენ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს საქართველოს მასშტაბით, ამზადებენ პოლიტიკური შინაარსის საინფორმაციო ბროშურებს, ვიდეორგოლებს, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებს საზოგადოებას კონკრეტული პარტიის მხარდაჭერისკენ.

„საქართველოს კანონმდებლობით, აკრძალულია პოლიტიკური პარტიების დაფინანსება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირისგან, აგრეთვე, საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისგან.

„მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ 2024 წლის 11 აპრილს, ა(ა)იპ „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრმა მრავალპარტიული დემოკრატიისათვის" და ლევან ცუცქირიძემ დააფუძნეს ორგანიზაცია „თავისუფლების მოედანი - საქართველო", რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტებში იკვეთება პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებული მიზანი.

„ასევე, 2024 წლის 1-ელ ივლისს, ლევან ცუცქირიძის და ა(ა)იპ „თავისუფლების მოედანი - საქართველოს" ორგანიზებით ჩატარდა ღონისძიება, სადაც ამავე ორგანიზაციის დამფუძნებლებმა და წევრებმა განაცხადეს საარჩევნო მიზნები. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც ა(ა)იპ „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის" თანამშრომლები, ისე მოძრაობა „თავისუფლების მოედნის" წევრები.

„მტკიცებულებების ერთობლიობით დასტურდება, რომ აღნიშნულ სუბიექტებს თავად აქვთ საჯაროდ გაცხადებული პოლიტიკური მიზანი, თუმცა, მიუხედავად ამისა, ისინი არ ასრულებენ კანონის მოთხოვნებს, არ არეგისტრირებენ პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკურ საქმიანობას ახორციელებენ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით. შესაბამისად, არ არის უზრუნველყოფილი მათი ფინანსური მდგომარეობის გამჭვირვალობა.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 261-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, მოძრაობა „თავისუფლების მოედანს", „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრს მრავალპარტიული დემოკრატიისათვის", ამ ორგანიზაციების თავმჯდომარეს, ლევან ცუცქირიძესა და მოძრაობის 24 წევრს დაევალოთ ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. რაც გულისხმობს, რომ ისინი ვალდებული არიან ანტიკორუფციულ ბიუროს, კანონით დადგენილი წესით, წარმოუდგინონ ფინანსური ანგარიშები, რის საჯაროობასაც უზრუნველყოფს ანტიკორუფციული ბიურო.

„ასევე, საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაგაცნობთ ინფორმაციას ე.წ. „დემოკრატიული ფესტივალის" საქმესთან დაკავშირებით. „დემოკრატიული ფესტივალი" იმართება ა(ა)იპ „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის" ორგანიზებითა და „დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის" მხარდაჭერით. საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული ფესტივალი ატარებს პოლიტიკურ ხასიათს და მიმართულია კონკრეტული მონაწილე პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერისკენ. „ფესტივალზე" მიწვეული იყო პოლიტიკური პარტიების მხოლოდ ნაწილი და ყველა პარტიას არ ჰქონდა მონაწილეობის შესაძლებლობა, ამასთან, ე.წ. „ფესტივალში" მონაწილეობდნენ მხოლოდ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობა მიმართულია კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერისა ან მხარდაჭერისგან თავის შეკავებისკენ. აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს მტკიცებულებების მოპოვების პროცესი და საქმეზე მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის.

„მიმდინარე საარჩევნო პროცესში უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობა, ამიტომ, მივმართავთ ყველა ორგანიზაციას, მათ შორის, „ენ-დი-აი"-ს (ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს) და „აი-არ-აი"-ს (საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს), რომლებიც უნდა წარმოადგენდნენ ობიექტურ დამკვირვებლებს არჩევნებში - უზრუნველყოფილ იქნას თქვენ მიერ გაცემული გრანტების გამჭვირვალობა იმ მიზნით, რომ დაფინანსებული ღონისძიებები არ იყოს გამოყენებული პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად. არჩევნების დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის ნეიტრალურობა და ობიექტურობა გადამწყვეტია.

„იმ მიზნით, რომ არ შემცირდეს პოლიტიკური კამპანიის ფინანსური გამჭვირვალობის სტანდარტი და ამ გზით მოქალაქეებს არ შეეზღუდოთ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება: 2024 წლის 31 აგვისტომდე, ყველა საარჩევნო სუბიექტმა წარმოადგინოს მიმდინარე წლის 8 თვის ფინანსური მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაცია.

„ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გამოვლენილი სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაცია ეცნობება საერთაშორისო ორგანიზაციებს და ვიმედოვნებთ, რომ ყველა ეს ფაქტი აისახება სადამკვირვებლო ანგარიშებში.

„ანტიკორუფციული ბიურო მზად არის კონსულტაცია გაუწიოს ყველა პოლიტიკურ პარტიას და ხელი შეუწყოს მათ კანონის მოთხოვნების შესრულებაში", - განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა

შესაძლო სანქციები

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ აღნიშნულს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონი არეგულირებს, რის მიხედვითაც პარტიებს ვალდებულება აქვთ, დაფინანსების თაობაზე დეკლარაცია დათქმულ ვადაში წარადგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული სანქცია ემუქრება, ოღონდ არა პარტიის არჩევნებიდან მოხსნა.

„ეს განცხადება სწორია თუ არა, თავად ეს პარტიები გასცემენ პასუხს. ზოგადად, პარტიებს ვალდებულება აქვთ, რომ დაფინანსების თაობაზე დეკლარაციები წარადგინონ.

„ვინმემ დაარღვია თუ არა - ამის თაობაზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. წარუდგენლობის შემთხვევაში კანონით არის განსაზღვრული რა ზომები მიიღება. რამდენადაც ვიცი, პარტიის არჩევნებიდან მოხსნა - ასეთი რამ არ არის. ეს თავად „მოქალაქეთა პოლიტიური გაერთიანებების შესახებ" კანონშია აღნიშნული", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტუები თავად უნდა იყვნენ დაინტერესებული რეპუტაციის თვალსაზრისით, რომ მათ მიმართ კითხვები არ გაჩნდეს ამომრჩევლის მხრიდან.

„მე არ ვიჩქარებდი და ასეთ დასკვნას არ გავაკეთებდი, რომ ეს მაინცდამაინც მათი არჩევნებიდან მოხსნის საფუძველი გახდება. ჯერ ერთი, ოპოზიციური პარტიები თავად უნდა იყვნენ დაინტერესებული, რომ მათ მიმართ კითხვები არ ჩნდებოდეს დაფინანსებასთან დაკავშირებით. თუ საზოგადოებაში ეს კითხვები დარჩა, დარწმუნებული ვარ, მმართველი პარტია თავის საარჩევნო და საინფორმაციო კამპანიაში ამას აუცილებლად გამოიყენებს.

„დღეს მოვისმინეთ „ქართული ოცნების" წარმომადგენლების განცხადებები, რომ ოპოზიციური პარტიები გარედან ფინანსებიან, რაც კანონმდებლობით აკრძალულია. ეს პარტიები რომც არ მოხსნან, ამომრჩეველში ეს უკვე გარკვეულ განწყობას აჩენს, რომ ეს ის პოლიტიკური პარტიები არიან, რომლებიც მთლიანად დასავლეთის კმაყოფაზე არიან, გარედან იმართებიან, მათ დაკვეთებს ასრულებენ და ა.შ.

„ასეთი აღქმა და განწყობა საქართველოს ამომრჩეველზე ძალიან ნეგატიურად მოქმედებს ხოლმე და შესაბამისად, ეს თავად ამ პარტიებმა უნდა გაითვალისწინონ. ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნებს დაემორჩილონ, წარადგინონ თავიანთი ხარჯები და ისინი გამჭვირვალე გახადონ - საიდან და ვისგან მიიღეს და როგორ გახარჯეს",- განაცხადა ანჯაფარიძემ.

კითხვაზე, თუ პარტიებმა დეკლარაციები არ წარადგინეს, რა შეიძლება მოხდეს, ანჯაფარიძემ გვითხრა:

„თუ არ წარადგინეს, ალბათ კანონით გათვალისწინებული ღონისიებები ამუშავდება. ჩვენ ბოლოს და ბოლოს სახელმწიფო ვართ, გვაქვს სახელწიფო ინსტიტუტები და სპეციალურად ამ პარტიებისთვის მორგებული კანონმდებლობა არ არსებობს. კანონდებლობა ყველასთვის ერთია და ხელისუფლებასა და სახელწიფო სტრუქტურებუსთვის ასეთი გადაწყვეტილების მიღება რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა იყოს, თუ მათ კანონით დადგენილი მოთხოვნები არ შეასრელეს, სავარაუდოდ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები იქნება მიღებული. ეს ისევ და ისევ პოლიტიკური პარტიების ინტერესებშია, რომ საკუთარი იმიჯი კიდევ ერთხელ არ დააზიანონ", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე