ნატალია ჯვარიძე
(26.08.2024)

რუსეთის ფედერაცია მორიგ განცხადებას აკეთებს იმის შესახებ, რომ ამერიკელები საქართველოში „ფერად რევოლუციას" ამზადებენ, რადგან „უკიდურესად უკმაყოფილოები არიან 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ არსებული ვითარებით". ანალიტიკოსთა შეფასებით, რუსეთმა საპარლამენტო არჩევნების მოახლოვებასთან ერთად „ჰიბრიდული ომის" წარმოება დაიწყო, რომელიც ამომრჩეველთა გარკვეულ ნაწილზე იმოქმედებს.

„ახლა ეტყობა არჩევნების მოახლოვების კვალობაზე რუსთმა საქართველოში ე.წ. ჰიბრიდული ომის წარმოება დაიწყო და შესაბამისად, ეს განცხადებაც მის შემადგენელ ნაწილად უნდა განვიხილოთ. ვფიქრობ, ეს მომრჩეველთა იმ სეგმენტზე იმუშავებს, რომელთაც „ნაცმოძრაობა" და მისი სატელიტი არ უნდა", - აცხადებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან".

ყოფილი სახელმწიფო მინისტრსა და კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს მიჩნია, რომ რუსები ამით ტემპერატურას წევენ: „რუსები ამ ზღაპრებით ტემპერატურის აწევას ცდილობენ, რომ ვითომ ქართველები, უკრაინელები, მოლდოველები, სომხები და სხვები არაფრის მაქნისები არიან და მათ თავში რასაც ჩაუდებ იმას აკეთებენ, აი, ამ ლეგენდებს ავრცელებენ".

რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრეს-ბიუროს მტკიცებით, ქართული პროდასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები რეკრუტების დიდ რაოდენობას აგროვებენ, რათა ყურადღებით დააკვირდნენ ხმის მიცემის პროცესს. მათ ევალებათ „აუცილებელი ფაქტების" იდენტიფიცირება და დაფიქსირება.

„ამერიკელები საქართველოში „ფერად რევოლუციას" ამზადებენ. რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრეს-ბიურო იუწყება, რომ მიღებული ინფორმაციის თანახმად, თეთრი სახლი უკიდურესად უკმაყოფილოა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოში არსებული ვითარებით", - აღნიშნულია განცხადებაში

მათივე ცნობით, „თბილისის მეიდანზე" იგეგმება კენჭისყრის დროს გაყალბების მტკიცებულებების გამოქვეყნება, არჩევნების შედეგების არაღიარება და ხელისუფლების ცვლილებების მოთხოვნა. როგორც უწყება ამტკიცებს, მოხდება სამართალდამცავი ორგანოების პროვოცირება პროტესტის ძალით ჩახშობისთვის.

„ამავდროულად, ამერიკელები წინასწარ მუშაობენ „დაუნდობელი" პოლიტიკური და ეკონომიკური პასუხის ვარიანტზე ხელისუფლების მხრიდან „მოქალაქეების" წინააღმდეგ ძალის „გადამეტებული" გამოყენებისთვის", - აცხადებს რუსეთის საგარეო დაზვერვა.

„მათივე მტკიცებით, „ქართულ ოცნებას" 26 ოქტომბრის არჩევნებში შეუძლია მოსახლეობის ნდობის დამაჯერებელი კრედიტის მოპოვება, ვინაიდან ქართული ოპოზიციური ძალები, ამერიკელების მცდელობის მიუხედავად, დანაწევრებული რჩებიან და მათ მიერ შექმნილი კოალიცია ძალიან მყიფეა.

„ეს, როგორც შეერთებულ შტატებში შიშობენ, მმართველ პარტიას გაუხსნიან ხელებს, განაგრძოს სუვერენული კურსი და უარი თქვას დასავლეთის მოთხოვნების შესრულებაზე, რომლებიც ეწინააღმდეგენა საქართველოს დეროვნულ ინტერესებს. თეთრი სახლი მსგავს სცენარს მიუღებლად მიიჩნევს. ამერიკელები აპირებენ, მასიურად გაზარდონ ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე არჩევნების დარჩენილ კვირებში, რათა მაქსიმალურად შეასუსტონ „ქართული ოცნების" პოზიციები", - აცხადებენ დაზვერვაში.

რა გათვლა აქვთ რუსებს

პაატა ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი ტყუილია და არაფერი მსგავსი არ მზადდება. მისივე თქმით, რუსეთს უნდა წარმოაჩინოს თითქოს არჩევნები, ცვლილებები და ა.შ. ქართველი ხალხის ნება არაა და ეს ყველაფერი ამერიკელებს უნდათ.

„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ტყუილია. გამორიცხულია, არაფერი არ მზადდება. ეს მაშინაც არ მომხდარა, როცა რუსეთი დღემდე გვაბრალებს „ვარდების რევოლუცია" ამერიკელების დაფინანსებით გაკეთდაო, მაშინაც ქართველი ხალხი გამოვიდა ქუჩაში და მათ მიიღეს გადაწყვეტილება, თან მაგ პერიოდისთვის სამოქალაქო საზოგადოება გაცილებით ძლიერი იყო და აქტიურობდნენ.

„თითქოს არჩევნები, ცვლილებები და ა.შ. ქართველი ხალხის ნება არაა და ეს ყველაფერი ამერიკელებს უნდათ. ეს რომ ასე იყოს, ჩვენ დიდი ხანია ნატოს წევრი ვიქნებოდით. ისინი გვამოწმებენ, ვართ თუ არა მზად იმისათვის, რომ მიგვიღონ და ხედავენ, ჩვენ არ ვართ ჯერ, ამას გვეუბნებიან კიდეც. უკრაინის ომმა გაგვიხსნა შანსები, რომ ევროკავშირში გავწევრიანებულიყავით, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ" ხელი შეგვიშალა. აი, ვინ ყოფილა პრობლემა და არა ამერიკელები.

„ასე რომ, ეს არის რუსული ლეგენდა. ის არის აგრესიული იმპერია და მას არ შეუძლია თავისუფლების მოყვარულ ხალხს შესთავაზოს განვითარება, ეკონომიკური სიძლიერე, თავისუფლებები დემოკრატიაში და ა.შ. ის მხოლოდ დამხობას და რუსული პოლიტიკის გატარებას გვთავაზობს, სხვა არაფერს. ამიტომ ბუნებრივია, სისულელეებს თხზავენ", - აღნიშნავს ზაქარეიშვილი.

ზაალ ანჯაფარიძეს მიაჩნია, რომ რუსეთის მხრიდან ასეთი განცხადებები ხშირია და ძირითადად, ამით ისინი ცდილობენ იმ ისტორიული მეხსიერების გაღვივებას, რომელსაც საზოგადოებაში ჯერ კიდევ აღიქვამენ, რომ 2003 წლის რევოლუცია ამერიკის ხელშეწყობით მოხდა.

„საქმე ისაა, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვების სამსახური პირველად არ აკეთებს ასეთი ტიპის განცხადებას. შემიძლია გაგახსენოთ ჯერ კიდევ 2021 წელს მათი შეფის, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, სერგეი ნარიშკინის განცხადება იმის შესახებ, რომ ამერიკაში უკმაყოფილონი არიან „ქართული ოცნებით", რომ ის ვაშინგტონის დირექტივებს არ ემორჩილება და ხელისუფლების ცვლილების მიზნით ამზადებენ „ფერად რევოლუციას" და ა.შ. ამის შემდეგ, ვიდრე ეს განცხადება გამოქვეყნდებოდა, კიდევ იყო განცხადება, სადაც იგივე თემაზე იყო საუბარი.

„ეს განცხადება ემსახურება იმას, რომ საზოგადოებაში მობილიზაცია მოხდეს იმ ჯგუფების, ამომრჩევლების, ორგანიზაციული პარტიების, რომელთაც არ უნდათ საქართველოში დასავლეთის ხელდასმით მოხდეს „ფერადოვანი რევოლუცია" და განვითარდეს დაახლოებით ისეთი მოვლენები, როგორიც 2003 წლის „ფერადოვანი რევოლუციის" შემდეგ მოხდა.

„ძირითადად, მაგაზეა გათვლა და ამიტომაც არის მინიშნება დასავლეთზე, რადგან ჩვენ საზოგადოებაში არსებობს ისეთი აღქმა, რომ 2003 წლის „ვარდების რევოლუცია" სწორედ ამერიკის ხელშეწყობით მოხდა და დღესაც ცდილობენ საზოგადოებაში ამ ნარატივის და ისტორიული მეხსიერების გაღვივებას", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

ზაქარეიშვილის აზრით, მსგავსი განცხადებები იმოქმედებს იმ ამომრჩეველზე, რომელიც ჩამოყალიბებული არაა და სწორედ, მათი გათვლაც ესაა. როგორც მან აღნიშნა, „ოცნების" მხარდამჭერებზე გარანტირებულად იმოქმედებს.

„ეს და მსგავსი განცხადებები ამომრჩევლების გარკვეულ ნაწილზე იმოქმედებს. ხვალ რომ არჩევნები იყოს, ზუსტად იგივე შედეგები დაიდება, როგორც 26 ოქტომბერს, რადგან ყველაფერი დალაგებულია და არაფერი შეიცვლება, ნუ, თუ რა თქმა უნდა, რაიმე ისეთი ძალისმიერი ქმედებები არ ჩაიდინა ხელისუფლებამ.

„ამით იმის თქმა მინდა, რომ ამომრჩეველი უკვე ჩამოყალიბებულია. ვინც „ქართული ოცნების" მხარდამჭერია, იმას არაფერი არ ეშველება, მორჩა. ხოლო ვინც ხელისუფლების წინააღმდეგია და ოპოზიციაში ეძებს გამოსავალს, ისინი ჩამოყალიბებულები არიან.

„პრობლემა იმ ხალხშია, ვინც ჯერ კიდე ვერ გაერკვია ვის აძლევს ხმას. სხვადასხვა მონაცემებით, ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი 40%-დან 60%-მდე მერყეობს, იმედია ეს ციფრი შემცირდება. სწორედ, ამ ხალხზეა გათვლილი ასეთი განცხადებები. ვისზეც გარანტირებულად მოქმედებს არის „ქართული ოცნების" მხარდამჭერები.

„როგორც წესი, მათ კამათისას არგუმენტები არ გააჩნიათ და ჰაერში ებღაუჭებიან რაღაც არარეალურ არგუმენტებს. ამიტომაა მათთვის რუსეთის განცხადებები მნიშვნელოვანი, ასევე „ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ხშირი გამოსვლები.

„აქ ისიც უნდა ითქვას, რომ ივანიშვილის ასეთი ხშირი გამოსვლები მიანიშნებს მათ სერიოზულ კრიზისზე. აპრილიდან მოყოლებული გამოდის და გამოდის, ესე იგი, უკვე ძალიან უჭირთ. ამასთან, მათ არგუმენტები არ აქვთ, თუ რატომ უნდა მისცენ მათ ხმა და არა ოპოზიციას. „ოცნების" ეს გამოსვლები აძლიერებს არგუმენტებით მათ პოტენციურ ამომრჩეველს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე