თამთა ჩაჩანიძე
(26.08.2024)

წლების განმავლობაში, წინასაარჩევნო კვლევებში, იმ ამომრჩევლის პროცენტული მაჩვენებელი ყოველთვის მაღალი იყო, რომელსაც არ ჰქონდა გადაწყვეტილი თუ რომელ პარტიას მისცემდა ხმას. გამონაკლისი არც წინა 2023 წელი იყო, თუმცა, 2024 წლის კვლევებში, მაშინ, როცა პოლიტიკური პლატფორმების კონტურები მეტ-ნაკლებად გამოკვეთილია, ისეთი მძიმე სურათი აღარ იხატება ამ მხრივ.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ დღეის მდგომარეობით, გადაუწყვეტელმა ამომრჩეველმა გარკვეულწილად რაღაც გადაწყვეტილებები მიიღო, მაგრამ „ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთლიანად ჩამოყალიბდა".

აქტიური წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაწყებულია, იკვეთება რამდენიმე მსხვილი პოლიტიკური ცენტრი - „ქართული ოცნება"/"ხალხის ძალა"; ენმ/"სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო"; „ახალი"/"გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა"/ „რესპუბლიკელები"; „ლელო" ანა დოლიძის „ხალხისთვის","თავისუფლების მოედანი" "მოქალაქეები"; ცალკეა „გახარიას საქართველოსთვის". ჯერჯერობით არავისთან ალიანსს არ აპირებს იაგო ხვიჩიას „გირჩი".

ამომრჩევლის დამოკიდებულება

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI) 2023 წლის მარტში გამოკითხულთა 58%-მა პოლიტიკური პარტიების მიმართ არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულება გამოხატა.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბრისკვლევაში, კითხვაზე - რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს - 47%-მა უპასუხა, რომ „არც ერთი", 13%-მა უარი თქვა პასუხის გაცემაზე, 6%-მა კი უპასუხა „არ ვიცი".

რაც შეეხება ბოლო გამოკითხვებს, შდეგებში მკვეთრად გამოხატული გადაუწყვეტელი ამომრჩეველი არ დაფიქსირებულა, „ედისონ რისერჩმა" ამა წლის 28 ივლისს „ფორმულას" დაკვეთით ერთ-ერთი ბოლო კვვლევა 28 ივლისს გამოაქვეყნა, საველე სამუშაოები 11-24 ივლისის პერიოდშია ჩატარებული, ეს იმ დროს ემთხვევა, როცა პოლიტიკური პლატფორმების კონტურები ასე თუ ისე გამოკვეთილია.

ამავე კვლევის კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, 32.4%-მა „ქართული ოცნება"/"ხალხის ძალა" დაასახელა, 17.3% აქვს ენმ/"სტრატეგია აღმაშენებელს", „ლელოს", ანა დოლიძის პარტიისა და მოძრაობა თავისუფლების მოედნის ერთობას კი აქვს 12.8%.

სხვა პარტიების რეიტინგები კი ალოკაციით, შეწონვის მეთოდით შემდეგნაირად განაწილდა: „საქართველოსთვის" (გიორგი გახარია) - 11.2%; კოალიცია ცვლილებისთვის („ახალი"/"გირჩი-მეტი თავისუფლება"/„დროა") - 9.9%; „გირჩი" (იაგო ხვიჩია) - 5.2%; „ლეიბორისტული პარტია" - 3.3%; „პატრიოტთა ალიანსი"/„ალტ-ინფო" - 2.6%; „მოქალაქეები" - 2.2%; „ევროპული საქართველო" - 1.9%; „სამართლიანობისთვის" (ეკა ბესელია) - 0.9%; სხვა - 0.3%.

„იმედის" დაკვეთით „გორბის" მიერ ჩატარებულ კვლევაში, რომელიც ამა წლის 14 აგვისტოს გამოქვეყნდა, საველე სამუშაოები 24 ივლისი - 4 აგვისტოს პერიოდში ჩატარდა. კითვაზე, „პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას?", რეიტინგი ასე გადანაწილდა:

„ოცნება" - 59.3%; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" /„სტრატეგია აღმაშენებელი" 13.1%; კოალიცია „ლელო"/„ანა დოლიძე - ხალხისთვის"/„თავისუფლების მოედანი" 5.8%; კოალიცია „ახალი"/„გირჩი - მეტი თავისუფლება"/„დროა" 5.5%; „საქართველოსთვის" 4.8%; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსისა" და „ალტ ინფოს" კოალიცია 3%; „ევროპული საქართველო" 2.2%; „ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი" 2.1%; სხვა 4.2%.

რატომ ყოყმანობს გადაუწყვეტელი ამომრჩეველი და რამდენია დღეს მათი მაჩვენებელი

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დღეს გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რიცხვი სადღაც 20%-მდე იქნება და საბოლოოდ კიდევ ერთი 5% გამოვა და ხმას მისცემს, მისი აზრით, ეს ადამიანები ძირითადად „ოცნებას" მისცემენ ხმას.

„ჩემი აზრით, დღეს ასეთი ამომრჩეველი ალბათ 20%-მდე იქნება. ასეთი ამომრჩეველი ყველა ქვეყანაშია ხოლმე, რომელსაც არცერთი პარტია არ მოსწონს და შესაბამისად, ბოლო დღეს, 26 ოქტომბერს გადამწყვეტ ნაბიჯს გადადგამს. ეს ჩვეულებრივი ამბავია და ადამიანის ფსიქოლოგიიდან გამომდინარე ხდება.

„ვფიქრობ, რომ ამ 20-დან, საბოლოოდ მაინც ერთი 5% გამოვა და ხმას მისცემს. დღეს სიტუაცია ასეთია - ეს არჩევნები უპირველეს ყოვლისა არჩევანია ომსა და მშვიდობას შორის, ყველა ჭკუათმყოფელს მშვიდობა უნდა და ამიტომ ისინი მმართველი პარტიის სასარგებლოდ მისცემენ ხმას - ჩემი აზრი ასეთია",- განაცხადა გვენეტაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციური პლატფორმების ჩამოყალიბებამ გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე გავლენა იქონია და გარკვეულწილად ჩამოაყალიბა თუ ვის მისცემენ ხმას არჩევნებზე.

„ამ პლატფორმების ჩამოყალიბებამ გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე გარკვეული ზეგავლენა იქონია. აქ მნიშვნელოვანია გადაუწყვეტელი ამომრჩევლისა და არჩევნებზე რომ არ მიდის იმ ადამიანების ჯამური მაჩვენებელი როგორია, ასეთი შედარება დღეს უფრო სწორ სურათს მოგვცემს. დღეს შესაძლოა გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა ნაკლები იყოს, მაგრამ, უფრო მეტი იყოს იმ ამომრჩევლის რაოდენობა, რომელიც არჩევნებზე მისვლას არ აპირებს. ესენი ერთმანეთთან კომბინაციაშია.

„ის, რომ ეს ოთხი პლატოფმა ახლა ჩამოყალიბდა, ნიშნავს იმას, რომ გარკვეულწილად ამ გადაუწყვეტელმა ამომრჩეველმა რაღაც გადაწყვეტილებები მიიღო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთლიანად ჩამოყალიბდა. ოპოზიციას ჯერჯერობით სერიოზული პროპაგანდა არ დაუწყია. დღეს არსებული ვითარება მხოლოდ დასაწყისია საარჩევნო კამპანიის შედეგისა. დარწმუნებული ვარ, ეს ორი თვე სრულიად საკმარისი იქნება იმისთვის, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მაქსიმალურმა რაოდენობამ გადაწყვეტილება მიიღოს.

„ოპოზიციისთის ძალიან მნიშვნელოვანია იმ ამომრჩეველზე მუშაობა, რომელიც არჩევნებზე მისვლას არ აპირებს. ეგეც სამიზნე ველია და თუ ამ ორივეზე რეალურად მოახდენს ზეგავლენას, მაშინ ყველაფერი რიგზე იქნება.

„იმ ამომრჩევლის ძირითადი ნაწილი, რომელიც არჩევნებზე არ მიდის, ხელისუფლებას თავისთავად არ ენდობა, მაგრამ არც ოპოზიციას ენდობა. საქართველოში ჩვენი ამომრჩევლის სპეციფიურიობა ძირითადად ის არის, რომ პირდაპირ ნდობაზეა დამოკიდებული, რამდენად ენდობა ამომრჩეველი ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიას.

„როდესაც ოპოზიცია ჩამოყალიბებული არ იყო, ამომრჩეველიც დაბნეული იყო და ვერ გადაეწყვიტა რა ექნა, ახლა უკვე პოზიციები ფაქტიურად შეჯერებულია, თუ პროცესი წინ წავა, მაშინ ოთხი პლატფორმა გამსხვილებისკენ წავა და ეს ოპოზიციურ ფლანგზე პლუსი და კიდევ ერთი დამატებითი მოტივი იქნება ელექტორატისთვის, რომ არჩევნებზე მივიდეს და ასევე გადაწყვეტილება მიიღოს"- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

კითხვაზე, ამ ამომრჩევლის არჩევნებზე მისვლა ვის უფრო ასწყობს, ძაბირაძემ გვითხრა, რომ ოპოზიციას.

„ქართული ოცნება" კი იძახის ქუდზე კაცი გამოდითო, მაგრამ რეალურად მას არაფრით არ აძლევს ხელს ამ არჩევნებზე ამომრჩევლის მისვლა. „ოცნება" თავის ამომრჩეველს ყველა ვარიანტში მიიყვანს და არჩევნებზე რაც უფრო ნაკლები მივა, ჩათვალეთ, რომ უფრო მეტი იქნება „ქართული ოცნების" მიერ მიღებული ხმები. „ოცნება"თავისი ყველანაირი რესურსით სადღაც 700-800 ათას ხმას აიღებს. არჩევნებზე მილიონ 500 ათასი თუ მივა, „ოცნება" 50%-ზე მეტს მიიღებს, მაგრამ თუ 2 მილიონი მივა, იქ უკვე პრობლემა ექმნება.

„ქართული ოცნება" კი ლაპარაკობს, მაგრამ არჩევნებზე ამომრჩევლის მისვლა მაინცდამაინც ხელს არ აძლევს, ეს ძირითადად ოპოზიციაზე მუშაობს. ოპოზიცია თუ შეძლებს, რომ ამომრჩეველი მიიყვანოს არჩევნებზე, მაშინ ჩათვალეთ, რომ გარანტირებული გამარჯვება აქვს",- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ ცალკეულად რომელიმე პარტიამ ქვეყანაში არსებული გადაუწყვეტელი ამომრჩეველი მთლიანად თავისკენ წაიყვანა, ჩავთვალოთ გაიმარჯვა, იმდენად „ძვირფასი რესურსია".

„ბოლო კვლევებში თუ არ ვცდები იქ ხმები გადაანაწილეს, სტატისტიკაში ასეთ მეთოდს იყენებენ ხოლმე სტატისტიკაში, რომ გადაუწყვეტელ, ან ისეთი ადამიანის პასუხებს, რომელსაც არცერთი პარტია არ მოსწონს, მერე მონაწილეებზე გადაანაწილებენ. როცა ჩვეულებრივი არჩევნების დროსაც ბათილი ბიულეტენები გადანაწილდება ხოლმე.

„მეორეს მხრივ მერყევი ამომრჩევლის საკმაოდ დიდი პროცენტი გროვდება ხოლმე და ეს იმისთანა რესურსია, დავუშვათ რომ წარმოვიდგინოთ და რომელიმე ერთმა პარტიამ მთელი ამ რესურსის დაყოლიება მოახერხა, ის პარტია გაიმარჯვებს. ეს ძალიან ძვირფასი რესურსია, ყველა იძახის, რომ ამ შუას უნდა გავეკიდოთო, მაგრამ ფაქტია, რომ მათი დათანხმება უჭირთ.

„ის ძირითადი მოტივები, რაც ამ ადამიანებს აქვთ, ეს იმითაა ხოლმე განპირობებული, რომ პოლიტიკა ორადაა გაყოფილი - „ნაცების" და „ოცნების" მხარეებად, მათ არცერთი არ მოსწონთ. ჯერ ის პოლიტიკური კულტურა არ გვაქვს, რომ უნდა აირჩიო არა ის ვინც მოგწინს, არამედ ის, ვინც შენი აზრით ქვეყანას სჭირდება. მაგრამ, აქ ძალიან ძნელი გასარჩევია ერთმანეთისგან, რადგან მე ვინც მომწონს, მიმაჩნია, რომ ის ქვეყანას სჭირდება. ალბათ ასეთი ამომრჩეველი ბევრ სხვა ქვეყანაშიც არის, რადგან არჩევნებზე მათი აქტიურობა 30%-ს თუ ასცილდა, უკვე დიდი სიხარულია.

„შესწავლილია, რომ ძალიან ბევრი ჩაიცვამს ხოლმე „რკინის ქალამნებს" და ბოლო მომენტში არჩევნებზე მიდის, რადგან გადაწყვეტილება ბოლო მომენტში უმწიფდება ხოლმე. ის კი არა, ყუთთან რომ მივა, შესაძლოა მაშინ გადაწყვიტოს ვის მისცეს ხმა",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე