
„ქართული ოცნება" წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში რეგიონალურ ტურნეს აგრძლებს, მცხეთის შემდეგ, ამჯერად ღონისძიებები რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში დაიგეგმა პროცესში პირადად პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია ჩართული, პარტიის ლიდერები ასახელებენ რამდენიმე მიზეზს, რის გამოც საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება სურს.
ოპოზიცია კი კვლავ აკრიტიკებს „ოცნებას" და აცხადებს, რომ ივანიშვილის ჩართვა ნიშნავს, რომ პარტიას უჭირს. ასევე კრიტიკაა დაცვის ზომებზე - სიტყვით გამოსვლისას მის გარშემო მინის დამცავ ბარიერზე.
„ქართული ოცნების" ინფორმაციით, ღონისძიება 25 აგვისტოს ქალაქ ამბროლაურში 18:00 საათზე დაიგეგმა, მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, სიტყვით გამოვლენ მმართველი პარტიის ლიდერები. 21 აგვისტოს კი ღონისძიება მცხეთაში შედგა. მმართველი პარტიის წარმომადგენლები იმ 4 მიზეზს ასახელებენ, რის გამოც საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სურთ.
1. „ნაციონალური მოძრაობის" არაკონსტიტუციურად გამოცხადება; 2. "ლგბტ" პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული რეფორმების მიღება; 3.ტერიტორიული მთლიანობის აღგენა.
„არის კიდევ ერთი, მეოთხე საკითხი, რომლის კონსტიტუციით მოწესრიგებასაც საქართველოს თვითმყოფადობისა და ეროვნული ფასეულობების დასაცავად უდიდესი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. თუმცა, ამ საკითხზე კონსულტაციები კვლავაც გრძელდება და მასზე ჩვენს პოზიციას, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე გაგიზიარებთ", - წერია „ქართული ოცნების" განცხადებაში.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მსგავსი შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში განხორციელდება, სადაც პირადად ბიძინა ივანიშვილი მიიღებს მონაწილეობას.
„ეს, სტანდარტული, პასუხისმგებლიანი პარტიის საარჩევნო კამპანიაა. მმართველი პარტიის ხელმძღვანელები ნებისმიერ რეგიონში ჩადიან და საზოგადოებას ხვდებიან. არაა აუცილებელი, რომ იქ ყველა მათ მხარდამჭერი ესწრებოდეს. თავად „ქართული ოცნება" ამბობს, რომ ის ყველას ხელისუფალია და არა მხოლოდ პარტიული მხარდამჭერების.
„ასეთი შეხვედრები ყველა რეგიონში გაგრძელდება, სადაც მონაწილეობას თავად ბიძინა ივანიშვილი მიიღებს, ეს მან ღიად თქვა. მან და „ოცნების" სხვა ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ესაა გადამწყვეტი არჩევნები და იმაზე მეტი მნიშვნელობის, ვიდრე 2012 წელს იყო, რადგან „ქართულმა ოცნებამ" უფრო მეტი ანგარიშით უნდა გაიმარჯვოს, რომ ერთხელ და სამუდამოდ ღალატის პარტია - „ნაცინალური მოძრაობა" დაასრულოს, როგორც საზოგადოების თვალში, ასევე სამართლებრივად პასუხი აგებინოს.
„ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისა და სხვა პროექტების განხორციელებისთვის სხვადასხვა საკონსტიტუციო ცვლილებებია მისაღები, რაც გრძელვადიან მშვიდობას და სტაბილურობას ხელს შეუწყობს, მაგრამ ამავე დროს, როცა სადმე ჩნდებიან ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, ირაკლი ღარიბაშვილი, ან სხვა ლიდერები, მდარე ხარისხის ნაცოპოზიციური ვითომ კრიტიკა და დამუნათება იწყება - ივანიშვილი ტყვიაგაუმტარი მინის უკან იქნება თუ ა.შ.
„აქვე უნდა ითქვას, რომ როცა დაწყებულია გამოძიება იმ აშკარა ფაქტებზე, როცა იგეგმებოდა უშუალოდ ბიძინა ივანიშვილსა და სხვა ლიდერებზე ტერაქტი, მაქსიმალური უსაფრთხოება რატომ არ უნდა იყოს უზრუნველყოფილი? როცა ტყვიაგაუმტარ მინებზე ქილიკი მიდის, რადიკალური ოპოზიცია პირდაპირ გამოთქვამს სურვილს, რომ ივანიშვილზე თავდასხმა მოხდეს. რატომ არ უნდა იყოს ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ლიდერის უსაფრთხოება დაცული? აქაც ხომ „ნაცმოძრაობის" მსჯელობა და დამოკიდებულება ალოგიკური და ირაციონალურია?!
„რაც მთავარია, მმართველ გუნდში ახალი ცნობილი პიროვნებები გამოჩნდნენ, იქნება ეს ვარლამ ლიპარტელიანი თუ სხვები. ისევ „ნაცინალური მოძრაობა" ხალხისთვის საყვარელ ადამიანებს ამუნათებს. აქ ლოგიკური შეკითხვა მიჩნდება - როგორ შეიძლება შენ არჩევნებში გაიმარჯვო, როცა არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას" ამუნათებ, არამედ ხალხისთვის საყვარელ ადამიანებს ესხმი თავს, უშვერი სიტყვებით ლანძღავ და ა.შ. ამიტომაც უკვე 12 წელია და კიდევ მრავალი წელი „ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკაში ვეღარ იპარპაშებს",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ქართული ოცნებას" განაცხადი აქვს, რომ არჩევნებზე დიდი ანგარიშით მოიგოს, ამიტომაც ყველა რესურსს იყენებს, მათ შორის ივანიშვილის ფაქტორსაც.
„მე ტრაგედიას ვერ ვხედავ უსაფრთხოების ზომებში, რადგან მუქარებიც იყო. ამ მუქარების ამბავი ისეთი გავრცელებული არაა და შიძლება საზოგადოებამ არც იცის, მაგრამ ის, რომ გარკვეულწილად „ქართულმა ოცნებამ" თავის დასავლელ პარტნიორებთან მიდგომები შეცვალა, ეს გარკვეულ შიშს იწვევს, რადგან ამას შესაბამისი ღონისძიებები მოჰყვება ხოლმე, რაც მაგალითად სლოვაკეთის პრემიერის შემთხვევაში მოხდა. არაა გამორიცხული, რომ აქედან საკუთარი ლოგიკური დასკვნები გააკეთეს და უსაფრთხეობის ზომებიც ამიტომ გაზარდეს.
„რაც შეეხება თავად ივანიშვილის რეგიონებში და მონაწილეობას, „ქართულმა ოცნებამ" დეკლარირება გააკეთა იმის თაობაზე, სურვილი აქვს და აუცილებლად თვლის, რომ დიდი ანგარიშით უნდა მოიგოს, ანუ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, ამისთვის საჭიროა, რომ ყველა რესურსი გამოიყენონ. „ოცნებაში" თვლიან, რომ პარტიაში ივანიშვილი ერთ-ერთი განსაკუთრებული ფიგურაა და საჭიროა, რომ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა მანაც მიიღოს, ალბათ მისი ჩართვის მიზეზი ესაა",- განაცხადა მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



