
პოლიტიკური მხარეები საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს რეფერენდუმის მნიშვნელობას ანიჭებენ - ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ახლა საქართველოს მოქალაქის წინაშე დგას „არჩევანი დასავლეთსა და რუსეთს შორის". მმართველი პარტია კი მრავალვექტორულ პოლიტიკას უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ ხალხმა საბოლოოს უნდა გადაწყვიტოს „ირჩევს ომს თუ ირჩევს მშვიდობას".
„დღეს არჩევნების კონტექსტში ჭიდილია დასავლეთსა და რუსეთს შორის და არა ჩინეთსა და დასავლეთს შორის. ახლა გადამწყვეტია შიდა ფაქტორი თუ საქართველოს მოქალაქეები ხმას ვის მისცემენ, ევროპა გვთავაზობს - გინდა ჩემთან? ნატო და ევროკავშირი კონსტიტუციაში გიწერია, მოიქეცი ნატოსა და ევროკავშირის და არა რუსეთისა და ჩინეთის შესაბამისად",- აცხადებს „რეზონანსთან" კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი თემაზე, არსებული გეოპოლიტიკური ვითარება და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დღეს მსოფლიო პოლიტიკა დიდი სირთულეების წინაშეა და პროგნოზი რთულია, თუმცა, ამბობს, რომ საგარეო ფაქტოროს 2024 წლის არჩევნებზე მნიშვნელოვანი როლი ექნება.
„მიჭირს ამ არჩევნებზე ამერიკა-რუსეთის ჭიდილი დავინახო"
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ არჩევნებზე საქართველოში ფაქტიურად იქნება აშშ-ჩინეთის ჭიდიული და არა აშშ-რუსეთის.
„ჩვენი ამომრჩევლის მენტალიტეტის მიხედვით რომ ვიმსჯელოთ, ადვილი სათქმელი არაა ნაბიჯებს საით გადადგამს. ამასთან, მსოფლიო პოლიტიკას წარმოუდგენელი სირთულეები ახლავს, რომლის განვითარების პროგნოზს დამაჯერებლად თითქმის ვერავინ ვერ ახერხებს.
"ჯერჯერობით, რაც ჩვენს პოლიტიკურ ელიტაში ტრიალებს, სავარაუდოა, რომ ჩვენი არჩევნების შემდეგ, შესაძლოა წამოვიდეს იდეა, რომ არჩევნები გაყალბდა. ეს უფრო მეტად სავარაუდო იქნება მაშინ, თუ შედეგები ისე ახლო იქნება ერთმანეთთან, როგორც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში იყო. თუკი სხვაობა დიდი იქნა, მაშინ ასეთი ვერსია დამაჯერებელი არ იქნება და მოიხსნება.
„თუ ეს ვერსია მოიხსნება, ცხოვრება ჩვეულებრივად გაგრძელდება, მაგრამ თუ გაყალბებაზე აეწყო და ოპოზიციას დასავლეთმაც მხარი აუბა, ალბათ მაშინ დაახლოებით ისეთივე სურათი გვექნება, როგორიც 2020 წლის მერე იყო - საპროტესტო აქციები, რომლითაც ცდილობდნენ, რომ მიღებული გადაწყვეტილება გაეტეხათ. ამ შემთხვევაში პროცესი საით წავა, ძნელი სათქმელია. შესაძლოა უფრო სერიოზული ჯახის მოწმეც ვიყოთ. ჯახს უკვე მხარეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ვგულისხმობ",-განაცხადა საყვარელიძემ.
ამბობს რომ საგარეო ფაქტოროს 2024 წლის არჩევნებზე მნიშვნელოვანი როლი ექნება.
„მოგეხსენებათ, რომ დასავლეთის ქვეყნები ხშირად ხაზს უსვამენ, რომ ისინი ყურადღებით ადევნებენ თვალს საქართველოს არჩევნებს და თუ საქართველო კარგად მოიქცევა, კარგი იქნება, თუ არა და ხელისუფლება უნდა შეიცვალოსო.
„მიჭირს ამ არჩევნებზე ამერიკა-რუსეთის ჭიდილი დავინახო, რადგან დღეს რუსეთს სწორედ ზოგადად დასავლეთთან სავაჭრო ურთიერთობით უფრო დიდი მოგება აქვს, ვიდრე ოდესმე ჰქონია, საშუალო მოგებაზე რამდენიმე მილიარდით მეტი აქვს. ამას სწორედ დასავლეთმა შეუწყო. მათ რომ რუსეთის ეკონომიკური დახრჩობა უნდოდეთ, ეს მოგება არ ექნებოდა.
„მითუმეტეს, რომ დასავლეთი უკვე ასევე ფრთხილად ეკიდება იარაღის მიწოდებას უკრაინაში, აშშ არ ჩქარობს, გერმანია იძახის, რომ ამის საშუალება არ მაქვსო და ა.შ. მეეჭვება, რომ რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირება ისეთ შეურიგებელ მოვლენად ჩამოყალიბდეს, როგორიც ამ სიტუაციიდან ჩანს.
„რაც შეეხება ჩინეთს, მას აშშ კონკურენტად აღიქვამს, პრაქტიკულად ჯერჯერობით არცერთ საკითხში არ ჩანს, რომ ამერიკა ჩინეთთან რაიმე დათმობაზე აპირებს წასვლას. დაპირისპირება ჩინური ხაზით უფრო ძლიერია და სწორედ ამიტომ გვიპირისპირდებიან ჩვენც, რადგან პეკინთან გვაქვს ურთიერთობა.
„ქართულმა ოცნებამ" დასავლეთისთვის რამდენიმე საყურადღებო ნაბიჯი გადადგა, კერძოდ, მან თავის დროზე, სრულიად ჩუმად და განცხადებების გარეშე მისცა საშუალება ჩინეთს შემოეყვანა სატრანზიტო მატარებელი. ღარიბაშვილმა თქვა სპორტულ ღონისძიებაზე მივდივარო, ჩავიდა და სტრატეგიულ ხელშეკრულებაზე მოაწერეს ხელი. საქართველო აშკარად თავს არიდებს, რომ ჩინეთთან ურთიერთობა გაახმოვანოს, ძირითადად დასავლეთის გამო, რადგან ხვდება, რომ უკმაყოფილო იქნება.
„ამ მხრივ „ოცნების" პოლიტიკაში იკითხება, რომ შეგნებულად იმ პოლიტიკურ ნაბიჯებს არ დგამს შეგნებულად, რომელიც დასავლეთს ჩინეთთან დაკავშირებით არ მოსწონს. მაგრამ მმართველ პარტიას თავისი ლოგიკა აქვს, მკაფიოდ ჩამოყალიბებული არა, რადგან არ უნდა რომ სხვა ქვეყნებისგან თავი აიტკიოს, კერძოდ ის, რაზედაც „ოცნების" ტრიბუნიდან გახშირდა საუბარი, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსექტივა ჩანს.
„ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა ჩინეთთან ურთიერთობაში უფრო ჩანს, ვიდრე აშშ-სთან. რუსეთი ამერიკის ხსენებაზე იარაღს ჰკიდებს ხელს, ჩინეთის ხსენებაზე კი ჩუმდება და ფეხის წვერებზე დგება. მეორეს მხრივ, ეს თავად ჩინეთსაც აწყობს, რადგან თუკი ის კავკასიაზე სატრანზიტო გზის გამოყვანას აპირებს, მაშინ მას მშვიდობიანი კავკასია სჭირდება",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".
„ჭიდილია დასავლეთსა და რუსეთს შორის"
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ არჩევნების კონტექსტში დღეს საქართველოში არჩევანია დასავლეთსა და რუსეთს შორის.
„ჩინეთი ჩვენს პოლიტიკაში გადამწყვეტი არაა, ის ჯერჯერობით ეკონომიკაში შემოდის. ვერ ვხედავ ისე დააყენოს საკითხი პეკინმა საქართველოში, რასაც რუსეთი აკეთებს. დღეს არჩევნების კონტექსტში ჭიდილია დასავლეთსა და რუსეთს შორის და არა ჩინეთსა და დასავლეთს შორის.
„დასავლეთისთვის ასევე მიუღებელია ის, რომ საქართველო თუ ჩინეთისკენ მიდის, ჩვენთან რაღა გინდაო. როცა ხედავენ, რომ საქართველო სრულიად გაუაზრებლად ჩინეთს სტრატეგიულ ობიექტებს აბარებს, როგორიცაა ანაკლიის პორტი, იქ კითხვები იბადება.
„რაც შეეხება რუსეთს, ის საქართველოში სიტუაციას აკონტროლებს, ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, მისი შეიარაღებული ძალები ჩვენს ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებიან და მის მიერ აღებულ პირობას არ ასრულებს ჯარების გაყვანაზე, რომელსაც 2008 წლის 12 აგვისტოს მოაწერა ხელი. შესაბამისად, დასავლეთისთვის გაურკვეველია მტერთან როგორ თანამშრომლობ, როცა ჩვენ ყველგან თქვენს სტრატეგიულ ინტერესებს ვიცავთ.
„ჩვენ თუ ევროპიდან მოვდივართ, რუსეთთან ავტომატურად ვრჩებით, არანაირი რესურსები არ გვაქვს, რომ ევროპის გარეშე რუსეთის აგრესიას გავუძლოთ. ამიტომ ერთადერთი ჩვენი გადამრჩენი და განმავითარებელი ევროპაა. ევროპა იბრძვის იმისთვის, რომ საქართველოში გადაარჩინოს თვითმყოფადი დემოკრატია. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველო დამოუკიდებელი იყოს და გადაწყვეტილებები თავად მიიღოს. რუსეთს კი ის სჭირდება, რომ მათ მივებათ და დამოუკიდებლები არ ვიყოთ.
„ახლა გადამწყვეტი შიდა ფაქტორია, თუ საქართველოს მოქალაქეები ხმას ვის მისცემენ, ევროპა გვთავაზობს - გინდა ჩემთან? კონსტიტუციაში ნატო და ევროკავშირი გიწერია, მოიქეცი ნატოსა და ევროკავშირის და არა რუსეთისა და ჩინეთის შესაბამისად, რომელიც კონსტიტუციაში არ გიწერია და რატომ მატყუებ?
„მსოფლიოს მოსახლეობის 80% არადემოკრატიაში ცხოვრობს, ნუ გვგონია, რომ ჩვენს გამო თავს გაიგიჟებენ, არ გინდა დემოკრატია? კარგად იყავი რუსულ ჭაობში. აფრიკა, აზია და ლათინური ამერიკა ასე ცხოვრობს. ევროპა ჩვენს გამო არც რუსეთს და არც ჩინეთს ომს არ დაუწყებს, გამორიცხულია", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



