ნატალია ჯვარიძე
(23.08.2024)

მმართველი პარტიის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება და გეგმა ენმ-სა და „მისი სატელიტების" აკრძალვაა. თუმცა, როგორც ჩანს, ამაზე თავად „ქართულ ოცნებაში" არაა ერთიანი აზრი. დედაქალაქის მერი და „ოცნების" გენმდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ საუბარია არა ამა თუ იმ პარტიის აკრძალვაზე, არამედ „კონკრეტული დანაშაულებრივი ჯგუფის" გასამართლებაზე. პრემიერი ირაკლი კობახიძე კი სწორედ პარტიის აკრძალვაზე და იმაზე საუბრობს, თუ რა ელით ამ შემთხვევაში ამ პარტიის სიით პარლამენტში მოხვედრილ დეპუტატებს.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია კალაძის და კობახიძის ასეთი განსხვავებული განცხადებები, თუმცა ამ ყველაფერს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად თვლის.

„თუ რას გულისხმობს კალაძე განსხვავებით კობახიძისგან, მისი ტვინის რაღაც წიაღში ჩასვლა არც მაინტერესებს და არც შემიძლია. თუმცა ფაქტია, რომ ისინი ცეცხლს ეთამაშებიან და ეს სამოქალაქო ომია. ეს ძალიან ძვირად დაუჯდება საქართველოს, რაც მადარდებს და ასევე ძვირად დაუჯდება „ოცნებას", რაც საერთოდ არ მანერვიულებს. რაც არ უნდა იყოს, ეს ანტისახელმწიოფოებრივი ქმედებებია", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძის აზრით კი, ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ პარტიაში განსახვევებული აზრებია და სიტყვის გამოთქმის უფლება ყველას აქვს. მისივე თქმით, საკმაოდ საინტერესო პროცესები დაიწყება, როდესაც სამართლიანი გამოძიების შედეგები დაიდება:

„კალაძის და კობახიძის განსხავევებული განცხადებები მეტყველებს იმაზე, რომ მმართველ გუნდში მხოლოდ ერთი აზრი კი არაა, არამედ მრავალი და ეს ავტორიტარული პარტია არაა, როგორც ამას „ოცნების" ოპონენტები წარმოაჩენენ. რა თქმა უნდა, ამაზე მსჯელობა არის, მაგრამ ამ მსჯელობის ლეგიტიმურობა იქნება უფრო გამოკვეთილი, როდესაც გამოძიება დადებს სამართლიან შედეგებს. 26 ოქტომბრის მიღმა საინტერესო მომენტები გველოდება".

ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები

პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ნაცმოძრაობის" და მისი სატელიტების გაუქმება მნიშვნელოვანია და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთვევაში ეს ნაბიჯი გადაიდგმევა.

„მოლდოვის პარლამენტი არის, პრაქტიკულად, ერთპარტიული, მაგრამ ყველა მიესალმება მოლდოვის პარლამენტს. იგივე მოხდება საქართველოშიც. ერთი და იგივე სტანდარტი უნდა მოქმედებდეს ყველა კანდიდატ ქვეყანაში, როგორც მოლდოვაში, ისე საქართველოში და უკრაინაში. ეს არის და ეს. მე მგონია, რომ „ნაცმოძრაობის" აკრძალვა არის ძალიან მნიშვნელოვანი პირობა იმისთვის, რომ საქართველომ განაგრძოს შეუფერხებლად წინსვლა ევროკავშირის მიმართულებით", - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ კითხვას - იმ ფონზე, როცა მმართველი გუნდი „ნაცმოძრაობის"გაუქმებაზე საუბრობს, გაუუქმდებათ თუ არა მანდატები „ნაცმოძრაობის" იმ დეპუტატებსაც, რომლებიც პარლამენტში შევლენ - უპასუხა, რომ პარტიის აკრძალვას ლოგიკური გაგრძელება ექნება და ბუნებრივია მანდატების გაუქმებაც.

„ჩვენი მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, მანდატების განულება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია. მე ვფიქრობ, რომ პარტიის აკრძალვას ლოგიკური გაგრძელება ექნება, ბუნებრივია, მანდატების გაუქმებაც. არ შეიძლება დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალის დამნაშავე წევრები სარგებლობდნენ ისეთი სტატუსით, როგორიც არის საქართველოს პარლამენტის წევრი. აქედან გამომდინარე, ეს იქნებოდა ლოგიკური გაგრძელება. პარლამენტი დარჩება დემოკრატიულად არჩეული, სადაც „ქართულ ოცნებას" ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი", - აღნიშნა კობახიძემ.

განსახვავებული განცხადება გააკეთა დედაქალაქის მერმა და „ოცნების" გენმდივანმა კახა კალაძემ. მან ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ მმართველი გუნდი არ აპირებს პარტიების აკრძალვას და აქ საუბარია წარსულში ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე, რომელიც ტერიტორიების დაკარგვას ეხება და რომელსაც გამოძიება სჭირდება.

„ქართული ოცნება" არ აპირებს პარტიების აკრძალვას, როგორც თქვენ ციტირებთ. ეს არის ტყუილი და არასწორი ინფორმაცია. აქ საუბარია იმ კონკრეტულ დანაშაულებრივ ჯგუფზე, რომელსაც ჩადენილი აქვს დანაშაული და ვისი დაკვეთით კეთდებოდა ეს, ცხადი უნდა გახდეს ყველასთვის, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით.

„ამ უგუნური ქმედებით, რომელიც, მგონია, რომ ნაკარნახევი იყო გარედან, ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები, დაგვეღუპა უამრავი გმირი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოსახლეობა, დღესაც ოკუპირებულია ქვეყნის ტერიტორიების ძალიან დიდი ნაწილი და ნებისმიერი ქართველი, ვისაც ჩვენი ქვეყანა უყვარს, ვისაც სამშობლო უყვარს, რომ გააჩეროთ და ჰკითხოთ, რა არის ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი, გეტყვით, რომ ეს არის ტერიტორიული მთლიანობა. ამ უგუნურ ქმედებებს და ბოროტებას, რაც იყო ჩადენილი, სჭირდება შესაბამისი გამოძიება, სჭირდება პასუხები კონკრეტულ კითხვებზე და დამნაშავეებმა უნდა აგონ პასუხი.

„მათ რეზოლუციაზე აქვთ ხელი მოწერილი. ეს რეზოლუციაც არის ბოროტება. როგორ შეიძლება საკუთარ ქვეყანას დააბრალო ომის დაწყება?! რეზოლუციაში ეწერა, რომ მძინარე ცხინვალი დავბომბეთ და ამას მოაწერეს ხელი, ხომ?! ყველა კითხვას ჭირდება პასუხები და ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს", - განაცხადა კახა კალაძემ.

„ოცნების" რეალური გეგმა

პაატა ზაქარეიშვილის აზრით, „ოცნების" მთავარი მიზანი დღის წესრიგის შექმნაა, რასაც ოპოზიცია ვერ უპირისპირდება. მისივე შეფასებით, ხელისუფლება სამოქალაქო ომის უფსკრულში გვიშვებს.

„ძალიან რთულია მათ აზრები წავიკითხოთ, რადგან აბსოლუტურად აბდა-უბდას ლაპარაკობენ. დღეს „ქართული ოცნების" მთავარი ამოცანაა დღის წესრიგი მთლიანად დაიკავონ. აი, ჩვენ იმაზე კი არ ვსაუბრობთ, რომ ქვეყანაში უამრავი პრობლემაა - უმუშევრობა, განათლების დაბალი დონე, სიღარიბე და ა.შ. - არამედ იმაზე, თუ რას გულისხმობს მმართველი პარტია „ნაცმოძრაობის" გასამართლებაში.

„ჩემთვის ერთიც ჯანდაბას წაუღია და მეორეც, მნიშვნელოვანი ჩემი ქვეყანაა. არც ერთი და არც მეორე საქართველოზე არ ლაპარაკობს, განსაკუთრებით „ოცნება". პირიქით, მას დაძაბულობა შემოაქვს. მათ რაც არ უნდა გააკეთონ „ნაცმოძრაობის" წინააღმდეგ, ეს იქნება სამოქალაქო ომისკენ გადადგმული ნაბიჯი, დაპირისპირებისკენ და არეულობისკენ წაგვიყვანს. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერი საშინელებების შემდეგ ხელისუფლება გასამართლდება, რადგან ყველაფერი ეს აბდა-უბდა მათ წამოიწყეს.

„მათი განსხვავებული განცხადებები მიანიშნებს, რომ მათ დაძაბულობის შემოტანა უნდათ. ტემპერატურას წევენ. საკონსტიტუციო უმრავლესობაზე საუბარი უნდათ. კითხვას რომ დასუვამ - რისთვის გინდათ საკონსტიტუციო უმრაველოსობა - ამბობენ, რომ აი, ამისთვის გვინდაო, რაზეც ილაპარაკეს. მაგრამ ისინი უმრავლესობას ვერ მიიღებენ და ეს კარგად იციან. შესაბამისად, როცა არჩევნები ჩატარდება, იტყვიან - ჩვენ გვინდოდა „ნაცმოძრაობის" გაუქმება, მაგრამ ხალხმა ხმა არ მოგვცა.

„სიმართლე რომ გითხრათ, მე არ მაინტერესებს რას გულისხმობენ კალაძე და კობახიძე. არც ის, თუ რატომ ამბობენ განსხვავებულ რაღაცებს. თუმცა მე ვიცი, რომ ეს ანტისახემწიფოებრივია. მე თუ უფსკრულის პირას ვდგავარ და გადახტომას ვაპირებ, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს მიწაზე რამდენ ხანში დავენარცხები. ეს ხალხი გვთავაზობს სამოქალაქო ომის უფსკრულში გადავხტეთ. მერე კობახიძე და კალაძე სად იქნებიან, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს.

„ამ ყველაფრიდან არ ჩანს, რეალურად „ოცნება" ვის ან რის აკრძალვას გვპირდება და არც მათ აინტერესებს, ასევე არც მე. ეს არ მოხდება, რადგან საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ექნებათ. სრული აბსურდი და ბოდვაა. მთელი ამ „დოყლაპია" ოპოზიციის მინუსი არის ის, რომ ისინი დღის წესრიგს ვერ ქმნიან. ვიღაცამ ინფორმაცია ჩაიტანა ამერიკაში „ქოლცენტრებზე", ყოფილ პროკურორ ირაკლი შოთაძეს რომ დაბრალდა, ოპოზიციამ შეძლო და ასეთი პატარა ეპიზოდით დღის წესრიგი შექმნა. ახლა ხელისუფლებას აქვს დღის წესრიგი დაპყრობილი. ეს არის ცუდი. ოპოზიციას კი არ შესწევს უნარი ამას რაღაც დაუპირისპიროს.

„ახლა კალაძის თავში უნდა ვიქექებოდეთ, მერე კობახიძის, ივანიშვილის და არჩევნებიც მოვა. არჩევნები ჩაივლის და ეს ყველაფერი საერთოდ არავის გაახსენდება, „ნაცმოძრაობა" გააგრძელებს ისევ ისე, როგორც ახლაა. ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში ჯდომას განაგრძობს და ყველაფერი ისე დარჩება, როგორც არის", - განაცხადა პაატა ზაქარეიშილმა „რეზონანსთან".

გია აბაშიძეს კი მიაჩნია, რომ ხელისუფლება საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს და „ნაცმოძრაობა" სამართლიანად იქნება დასჯილი. მისივე თქმით, ბევრი სპეკულაცია წამოვა „რადიკაური ოპოზიციისგან" და მათ შორის, იმ დასავლელი პარტნიორებისგან, რომლებიც ამ ოპოზიციის მფარველია.

„რა თქმა უნდა, პოლიტიკურ განცხადებებზე მაღლა გამოძიების დასკვნა და მართლმსაჯულების ვერდიქტი დგას. თუ გამოვლინდა, რომ 2008 წლის ომში „ნაცმოძრაობიდან" ესა თუ ის პოლიტიკოსი არის დამნაშავე და საქართველოს წინაშე ჩადენილი აქვს უმძიმესი სამართალდარღვევა, რა თქმა უნდა, სასჯელი იქნება და სადებუტატო იმუნიტეტი არ დაიცავს, როგორც ეს ნებისმიერ სხვა შემთხვევაში ხდება, როგორც საქართველოში, ასევე სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში.

„ამიტომ ჩვენ უნდა დაველოდოთ საკონსტიტუციო უმრავლესობას, რაც 26 ოქტომბრის შედეგებით იქნება და მეორე იქნება არაპოლიტიკური გამოძიება და ამის შედეგებმა უნდა გვაჩვენოს, ვის რა ბრალეულობა მიუძღვის, ან პირიქით - არ მიუძღვის.

„მე პირადად დაველოდები ამ გამოძიების ჩატარებას. რასაკვირველია, ძალიან დიდი ხმაური იქნება, განსაკუთრებით იმ დასავლელი პოლიტიკოსებიგან, რომლებიც „კოლექტიური ნაცმოძრაობის" მფარველებლად მოიაზრებიან, მაგრამ ხალხის მიერ ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება რასაც გადაწყვეტს, ისე იქნება.

„ბევრი სპეკულაციები წამოვა, განსაკუთრებით „რადიკალური ოპოზიციისგან", თუმცა მე ვიტყოდი, რომ „ოცნების" ელექტორატი და არა მარტო მისი მხარდამჭერები, დიდი ხანია ითხოვენ „ნაცმოძრაობის" გასამართლებას. როგორც „ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა და პარტიის სხვა ლიდერებმა აღნიშნეს, ეს გამოძიება ვერ ჩატარდებოდა, განსაკუთრებით აგვისტოს ომზე, როდესაც „ნაცმოძრაობა" გახდა რუსეთთან ერთად თანაოკუპანტი, სანამ არ იქნებოდა შესაბამისი გადაწყვეტილებები სტრასბურგსა და ჰააგაში. ახლა ხელ-ფეხი გასხნილია იმისათვის, რომ სამართლმა იზეიომოს", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე