თამთა ჩაჩანიძე
(23.08.2024)

„ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ „ქართული ოცნება" ოქტომბრის არჩევნებზე „ნაცმოძრაობას" „ბუად" ვეღარ გამოიყენებს და ამას „აღარავინ ყიდულობს". როგორც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, ენმ, როგორც საფრთხობელა - „ოცნების" ამ საარჩევნო სტრატეგიამ 2012 წლიდან დღემდე ყველა არჩევნებზე წარმატებით იმუშავა და ანალიტიკოსის აზრით, დიდია ალბათობა რომ ახლაც იმუშაოს.

„ნაცმოძრაობის" მხრიდან ამ წინასაარჩევნოდ ახალი რაიმე ფრაზა, ლოზუნგი ან ისეთი რამ, რომ „ქართულმა ოცნებამ" მასზე ააგოს თავისი მოქმედება, ჯერჯერობით არ ჩანს, თუმცა შეიძლება გამოჩნდეს",- განაცხადა ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნო კამპანიისას „ოცნების" ლიდერები, მათ შორის პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, ხშირად ახსენებენ „ნაცმოძრაობას". ამბობენ, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რისთვისაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სურთ ამ არჩევნებზე, ესაა „ენმ-ისა და მისი სატელიტების გასამართლება". ამის საპასუხოდ კი „ნაცმოძრაიბაში" ამბობენ, რომ ეს წინასაარჩევნო „პროპაგანდის ნაწილია" და „ვერავინ ვერაფერს ვერ აკრძალავს".

პოლიტიკური პლატფორმა „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია მიიჩნევს, რომ „ოცნების" მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის" „ბუად" გამოყენება ფარსია და ამას „აღარვინ ყიდულობს". მისი მტკიცებით, „ოცნება" აუცილებლად დამარცხდება, რადგან ხალხს აღარ უნდა წარსული, მათ სჭირდებათ მომავალი და განახლება.

„12 წელი სუს-ი, პროკურატურა, სასამართლო, ტოტალურად მათი არ იყო? ვინმეს სჯერა, სრულ ჭკუაზე მყოფს, რომ ახლა ვინმეს გაასამართლებს, რომელსაც მაშინდელი ნახევარი „ნაციონალური მოძრაობა" პარტიულ რიგებში ჰყავს, თავისი მდინარაძიან-თალაკვაძიანად.

„ეს ხომ ფარსია, აღარავინ აღარ ყიდულობს, „ნაცების" „ბუად" გამოყენება. შეუძლიათ ეს ტაქტიკა ისევ სცადონ, მაგრამ, მე გეუბნებით - ისინი მარცხდებიან, რადგან ეს ხალხს არ აინტერესებს, აღარ უნდა წარსულის ფორმები და რუსები, ხალხს უნდა განახლება", - განაცხადა გეგელიამ „ტვ პირველის" ეთერში.

„სანატრელი ოპონენტი"

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ყველა პარტიისთის სანატრელია ისეთი ოპონენტი, როგორიც ენმ-ია, რომელსაც მძიმე წარსული ჰქონდა.

„ალბათ ყველა პოლიტიკური პარტიისთის სანატრელია ისეთი ოპონენტი, როგორიც „ნაციონალური მოძრაობა" იყო, რადგან ამ პარტიამ ამომრჩევლებში მძიმე 9-წლიანი კვალი დატოვა და მერე ამ ცხრა წელზე ხმა აღარ ამოუღია. იმაზე უკან არ დაუხევია, რაც იმ პერიოდში ხდებოდა და ფაქტიურად აგრძელებს ისეთად ყოფნას, როგორიც იყო და თავისი არც ნაბიჯები და არც პერსონები არ გაუკრიტიკებია.

„2012 წელს მთელი საქართველო საარჩევნო უბნებს იმისთვის მიაწყდა, რომ „ნაცმოძრაობა" ხელისუფლებიდან ჩამოეშორებინათ. ეს პარტია ხელს უწყობს იმ განწყობილების შენარჩუნებას, რაც 2012 წელს იყო. თუ დავაკვირდებით, სულ აგრესიულია და ამ აგრესიით ადამიანის მეხსიერებაში ძველ 9-წლიან პერიოდს აცოცხლებს.

„ამ ეტაპზე, „ნაციონალურმა მოძრაობამაც" და მთელმა ოპოზიციამ გამოაცხადა, რომ რევოლუცია აღარ გვინდა, ხელისუფლება არჩევნებით უნდა შევცვალოთო. ეს სიახლე ამ ეტაპზე არის და არის კიდევ მეორე სიახლე - ოპოზიცია (ენმ-ის გარდა) აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობა" არა, მაგრამ კოალიციური მთავრობა გვინდაო. ეს „მგლისთვის" „ცხვრის ტყავია". დავუშვათ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც გეგმავენ. ოპოზიციური პარტიები ერთად რომ შეიყრებიან, ვისაც მეტი ხმა აქვს, კოალიციაც იმან უნდა დააკომპლექტოს. კოალიციაში განმსაზღვრელი ისევ და ისევ „ნაცმოძრაობა" იქნება და კოალიციის სახელით ისევ ენმ-ის მოყვანაა გეგმაში.

„ამ ბოლო დროს, „ქართულ ოცნებას" ენმ საფრთხობელად ერთხელ უკვე გამოადგათ იმ მხრივ, რომ მათ საომარი რიტორიკა ჰქონდათ. „ოცნებამ" ეს გამოიყენა და უთხრა - ომი გინდათო? მათ ეს თემა სასწრაფოდ მოჭრეს, რადგან ნახეს, რომ მოსახლეობისთვის მიუღებელი იყო. ჯერჯერობით „ოცნება" იძახის, რომ თუკი ენმ მოვა, ისევ ომის თემა დადგება დღის წესრიგშიო.

„ნაცმოძრაობის" მხრიდან ამ წინასაარჩევნოდ ახალი რაიმე ფაზა, ლოზუნგი ან ისეთი რამ, რომ „ქართულმა ოცნებამ" მასზე ააგოს თავისი მოქმედება, ჯერჯერობით არ ჩანს, თუმცა შეიძლება გამოჩნდეს",- განაცხადა საყვარელიძემ.

როგორც ანალიტიკოსი ამბობს, თავისთავად „ნაცმოძრაობის" „ბუად" ხსენება გულისხმობს, რომ პარტია რაღაცა შიშს უკავშირდება.

„ნაცმოძრაობის" „ბუად" ხსენება გულისხმობს, რომ ეს პარტია რაღაცა შიშს უკავშირდება. მათი ძალადობრივი მეთოდების, მოსახლეობის მიმართ დაუნდობლობის ეშინიათ. არის კიდევ რამდენიმე მომენტი, რაც საშიშს ხდის. კერძოდ, ის, რომ მან შესაძლოა გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც სხვა ქვეყნების ინტერესებს ემსახურება და არა საქართველოსი. სხვა ქვეყნებში არა მხოლოდ დასავლეთი, არამედ რუსეთიც იგულისხმება. გვახსოვს როგორი იყო რუსეთის მიმართ წინა ხელისუფლების დამოკიდებულება ომის წაგების მერე, პრეზიუდენტი საზღვარზე იდგა და ეპატიჟებოდა - მობრძანდით ბატონებოო.

„საკუთარი ქვეყნის ინტერესების უგულებელყოფა და სხვათა ინტერესების გატარება, ეს ერთ-ერთი სერიოზული თემაა. მაგრამ უფრო ახალი საფრთხე იკვეთება. ენმ იდგა იმ პოზიციაზე, რომ საქართველომ უკრაინას სამხედრო დახმარება უნდა გაუწიოსო. მისი მომხრეები არიან ძირითადად უკრაინაში წასული სამხედროები, რომლებიც გვპირდებიან, რომ რუსეთს რომ გავუსწორდებით, მერე ჩამოვალთ და „ოცნებას" გავუსწორდებით ჩვენი იარაღითო. ასე რომ, არის რაღაც იმ 9 წლის შემდგომი მოვლენებიც, რომლებიც ისევ აჩენს განწყობას, რომ ამ პარტიის ხელისუფლებაში მოსვლა შიძლება სახიფათო იყოს", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე