
„ოცნებამ" საქართველოს მასშტაბით 30-ივე დელეგატი უკვე დაასახელა. 23 აგვისტოს გაირკვა მათი ვინაობაც, ვინც საარჩევნო პროცესს თბილისის ოლქებში გაუძღვება. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ოცდაათივე დელეგატი წარმოდგენილი იქნება „ქართული ოცნების" პროპორციულ სიაში ე.წ. გამსვლელ ადგილებზე და „საქართველოს პარლამენტში თავისი წარმომადგენელი ეყოლება ყველა ქალაქს და რეგიონს". უკვე ცნობილია ისიც, რომ არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური გაერთიანებები თავისი დელეგატების დანიშვნას არ აპირებს.
აღსანიშნავია, რომ წელს საქართველოში პირველად ტარდება სრულიად პროპორციული საპარლამენტო არჩევნები. ოპოზიცია კი საარჩევნო პროცესში დელეგატის მცნების შემოღებას მაჟორიტართა ინსტიტუტის რემინირების მცდელობად მიიჩნევს. ისინი მმართველი პარტიის დელეგატებს „ფეოდალებს" და „გაქსუებულ ფულის ტომრებსაც" უწოდებენ.
ანალიტიკოსთა შეფასებით კი, დელეგატების დასახელებაში უჩვეულო არაფერია, რადგან ეს პირველ რიგში პარტიის საარჩევნო კამპანიის კოორდინირებასთანაა დაკავშირებული.
„ვფიქრობ, რომ ეს ამომრჩეველზე დადებითად იმუშავებს და ჩემი აზრით, სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით შემოიღეს დელეგატის თანამდებობა", - აცხადებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან".
ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით კი, „დელეგატები ამომრჩევლისთვის გარკვეული სატყუარაა", რომელიც რეალურად საარჩევნო პროცესზე დიდ გავლენას ვერ იქონიებს და „მით უმეტეს შედეგებზე".
„თუმცა, თუ სახელს თავს დავანებებთ, თითოეულ რაიონს რომ სიიდან თითო კანდიდატი ჰყავდეს მიმაგრებული, ეს სრულიად ბუნებრივია, რადგან მან კოორდინირება გაუწიოს კონკრეტულ რაიონს და საარჩევნო კამპანიას უხელმძღვანელოს", - განაცხადა ძაბირაძემ.
ვინ არიან „ოცნების" დელეგატები
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ რეგიონებში 22 დელეგატი 15 აგვისტოს დაასახელა, მისი თქმით, ეს ადამიანები გაუძღვებიან რეგიონებში საარჩევნო კამპანიას და საბოლოოდ, მოხვდებიან საარჩევნო სიაში. 23 აგვისტოს კი პრემიერისგანვე გახდა ცნობილი თუ ვინ გაუძღვება თბილისის 8 ოლქს.
თბილისში დელეგატებად დასახელდნენ:
დიდუბე-ჩუღურეთი - გია ვოლსკი (პარლამენტის ვიცე-სპიკერი);
მთაწმინდა-კრწანისი - დავით კაჭარავა (პარლამენტის დეპუტატი, ყოფილი სპორტსმენი);
ვაკე - ზუკა რურუა (წყალბურთის ნაკრების მწვრთნელი);
საბურთალო - აკაკი ალადაშვილი (თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი);
ნაძალადევი - ირაკლი ხელაძე (თბილისის საკრებულოს დეპუტატი);
გლდანი - ლადო ბოჟაძე (თბილისის საკრებულოს დეპუტატი);
ისანი - ნიკა ელისაშვილი (ისნის რაიონის გამგებელი);
სამგორი - ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდოისტი, მრავალგზის პრიზიორი).
22 რეგიონალური ოლქიდან დელეგატები არიან:
მოქმედი დეპუტატები:
დავით სონღულაშვილი - გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყარო;
ირაკლი ქადაგიშვილი - თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი;
ირაკლი შატაკიშვილი - რუსთავისა და გარდაბნის სოფლები;
ზაურ დარგალი - მარნეული-გარდაბანი;
ანტონ ობოლაშვილი - ახალციხე-ბორჯომი-ასპინძა-ადიგენი;
სამველ მანუკიანი - ახალქალაქი-ნინოწმინდა;
დიმიტრი ხუნდაძე - მცხეთა-მთიანეთი;
ზაალ დუგლაძე - ხაშური-ქარელი;
ზაზა ლომინაძე - ქუთაისი;
გივი ჭიჭინაძე - წყალტუბო-სამტრედია-ვანი-ხონი;
პაატა კვიჟინაძე - საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული;
გიორგი ხახუბია - ფოთი-ხობი-სენაკი;
ვასილ ჩიგოგიძე - ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაური;
გოჩა ენუქიძე - რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთი;
ანზორ ბოლქვაძე - ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულო.
საჯარო მოხელეები:
დავით შერაზადიშვილი (ბოლნისის მერი) - ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკა;
ლადო ხინჩეგაშვილი (გორის მერი) - გორი-კასპი;
ზვიად შალამბერიძე (გუბერნატორი) - ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბული;
დათო კოდუა (გუბერნატორის ყოფილი მოადგილე) - ზუგდიდი.
ბიზნესმენები:
ილია ინჯია - მარტვილი-აბაშა-წალენჯიხა-ჩხოროწყუ;
გია ჭყონია - ქობულეთი.
ასევე ანსამბლ „ალილოს" სოლისტი, მუსიკოსი არჩილ ბერიძე იქნება დელეგატი ბათუმიდან.
რას ფიქრობს ოპოზიცია
„ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების" მიერ წარმოდგენილი დელეგატები არის გამოგონილი იმისთვის, რომ მათ „დამატებითი ბერკეტი გაიჩინონ ადგილებზე ხმების მოპოვების, ფულის დახარჯვის, ხალხის მოსყიდვის, დაშინების".
„ეს დელეგატები არის გამოგონილი, კონსტიტუციის წინააღმდეგ ქმედება. უბრალო უმრავლესობით საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღეს, ასეთი მახინჯი ფორმა გააკეთეს, რომ კვაზი მაჟორიტარული არჩევნები იქნებ მაინც იყოს, რომ დამატებითი ბერკეტი გაიჩინონ ადგილებზე ხმების მოპოვების, ფულის დახარჯვის, ხალხის მოსყიდვის, დაშინების და ა.შ.", - განაცხადა ცისკარიშვილმა.
მისივე თქმით, წარადგენს თუ არა საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად ოპოზიციაც დელეგატებს, ეს ოპოზიციის გადასაწყვეტია.
„კონკრეტული ადამიანები ე.წ. დელეგატებად გაამწესეს რეგიონებში იმისათვის, რომ არა მხოლოდ პარტიის ძალისხმევა იყოს არჩევნებში, არამედ ამ ადამიანებსაც ფული დაახარჯვინონ, ასევე ამ ადამიანების მაქსიმალური ჩართულობა მოიპოვონ. ამ მიზნებისთვის კანონმდებლობა შეცვალეს, საკუთარ თავს მოარგეს იმიტომ, რომ მათ ჰყავთ ასეთი გაქსუებული ფულის ტომრები, მათ აქვთ ეს რესურსი, რომ ადამიანებს აიძულონ, დააძალონ და რეგიონებში ფულის სახარჯველად გაუშვან.
„ამ კანონის მიხედვით ოპოზიცია იმოქმედებს, თუ არ იმოქმედებს, ეს ოპოზიციის გადასაწყვეტია. იმიტომ, რომ ჩვენ „ქართული ოცნების" დღის წესრიგით, არც არასდროს ვცხოვრობდით და არც მომავალში ვაპირებთ. სწორედ ამიტომ გამოიგონა ასეთი დელეგატები „ქართულმა ოცნებამ" და გაამწესა რეგიონებსა და თბილისში. ამიტომ გვჭირდება მაქსიმალური მობილიზაცია, დიდი ერთიანობა, ერთიანი ძალისხმევით დაპირისპირება ამ დელეგატების მიერ ორგანიზებულ გაყალბებასთან, მათ მიერ დახარჯულ ფულთან, ხალხის მოსყიდვის მცდელობასთან. ამას ყველაფერს თუ არ დავუპირისპირეთ ერთიანობა, ძალიან რთული იქნება გამარჯვება", - აღნიშნა ცისკარიშვილმა.
ამავე გაერთიანების წევრმა და „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რომ „ერთიანობა" კანონის დარღვევას არ აპირებს და შესაბამისად, ისინი დელეგატების დანიშვნას არ აპირებენ.
„საქართველოში მაჟორიტარული სისტემა აღარ არსებობს, ამიტომ ჩვენ, „ერთიანობა", კანონს არ და ვერ დავარღვევთ. ასევე, კანონს არ არღვევენ სხვა ოპოზიციური პარტიები. ერთადერთი, ვინც ჟონგლიორობს, მანიპულირებს, ეს არის „ქართული ოცნება".
„ამ ე.წ. დელეგატების დიდი ნაწილი არის მოქმედი მაჟორიტარები იმ ოლქებში, რეგიონებში. შევადაროთ და ვნახოთ ვინმე უკეთესად ცხოვრობს. რომელიმე ადამიანის ამ რეგიონში, რომლის წარმომადგენლები ისინი არიან 12 წლის განმავლობაში მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა? - არა, ხალხი უფრო გაღარიბდა.
„სამაგიეროდ, ვნახოთ „ქართული ოცნების" ამ მაჟორიტარების ფინანსური მდგომარეობა. ისედაც მდიდრები 10-ჯერ უფრო გამდიდრდნენ. ის ოლქები, რეგიონები, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ, იქ ადამიანები გაღარიბდნენ, ან მოსახლეობაც განახევრდა, იმიტომ, რომ ქვეყნიდან გარბიან. ამიტომ „ქართულ ოცნებას" ვერც მაჟორიტარი დელეგატი უშველის, იმიტომ, რომ ჩვენ ყველას - საქართველოს მოქალაქეებს, ქართველებს, ოპოზიციურ პარტიებს მყარად გადაწყვეტილი გვაქვს, რომ 26 ოქტომბერს გავიმარჯვოთ ამ კორუმპირებულ, დანაშაულებრივ რეჟიმზე, რომელსაც „ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი ჰქვია", - განაცხადა ჩიხლაძემ.
რაში დასჭირდა „ოცნებას" დელეგატები
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დელეგატების თანამდებობის შემოღება ამომრჩეველზე დადებითად იმუშავებს და სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა „ოცნების" ინიციატივის მიზეზიც.
„ვფიქრობ, რომ ეს ამომრჩეველზე დადებითად იმუშავებს და ჩემი აზრით, სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით შემოიღეს დელეგატის თანამდებობა. წლების განმავლობაში რეგიონებისა და გარკვეულწილად თბილისის მოსახლეობის ნაწილიც მიეჩვია, რომ გარკვეული საკითხების გადასაწყვეტად ისინი ამ რეგიონის დეპუტატთან მიდიოდნენ, თუ საკითხს ადგილობრივ დონეზე სხვა სტრუქტურებში ვერ წყვეტდნენ. ესაა დამკვიდრებული ტრადიციის ერთგვარი შენარჩუნების მცდელობა ისე, რომ არ დაირღვეს საყოველთაო პროპორციულობის პრინციპები.
„ერთის მხრივ ეს, ხალხი ჩვეულებრივ პროპორციულ სიაში არიან, მაგრამ კონკრეტულ რეგიონებს წარმოადგენენ და შესაბამისად, უფრო მეტად იქნებიან ამ რეგიონებზე მიბმული. მათი ძირითადი ფუნქცია იქნება სწორედ ამ რეგიონების და მუნიციპალიტეტების პრობლემებზე ზრუნვა. ჩემი აზრით, ამომრჩევლისთვის ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, ეს უფრო დადებითად იქნება აღქმული, ვიდრე უარყოფითად. ამ პოზიციის შემოღების ერთ-ერთი მიზანი ეს იყო.
„მეორე მიზანი შესაძლოა იყოს ის, რომ რადგანაც ეს ადამიანები იმ რეგიონებში ცხოვრობენ და მოსახლეობასთან რაღაც ბმა აქვთ, მაგალითად, იგივე დიმიტრი ხუნდაძე უკვე კარგა ხანია მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მაჟორიტარი იყო და მას კარგად იცნობენ, ეს „ქართულ ოცნებას" გარკვეულწილად გაუადვილებს წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებასაც", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დელეგატები გარკვეული სატყუარაა, რათა „ოცნებამ" ხმები მოიზიდოს. თუმცა, მისი თქმით, არჩევნებსა და მის შედეგებზე ეს დიდ გავლებას არ იქონიებს.
„შეიძლება ითქვას, რომ ეს დელეგატები ამომრჩევლისთვის გარკვეული სატყუარაა, თუმცა, თუ სახელს თავს დავანებებთ, თითოეულ რაიონს რომ სიიდან თითო კანდიდატი ჰყავდეს მიმაგრებული, ეს სრულიად ბუნებრივია, რადგან მან კოორდინირება გაუწიოს კონკრეტულ რაიონს და საარჩევნო კამპანიას უხელმძღვანელოს.
„სატყუარაა იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, ამ დელეგატს ხმას არავინ არ აძლევს, ხმას საერთო სიას მისცემენ და ამით, როგორც ჩანს, „ქართული ოცნება" ფიქრობს, რომ რაღაცნაირად ამომრჩეველი მოიზიდოს და თითქოს ეს ადამიანი მაჟორიტარის ფუნქციას შეასრულებს და ა.შ.
„რეალურად რაიონში მაჟორიტარებიც ფაქტიურად არაფრის გამკეთებლები არ არიან, მით უმეტეს დელეგატი. პროპაგანდისტული ხერხია იმისთვის, რომ არჩევნებში მეტი ხმა მიიღონ. რეალურად არჩევნებზე ეს დიდ გავლენას ვერ იქონიებს და მით უმეტეს შედეგებზე. როცა მაჟორიტარებზეა ლაპარაკი, ის თუ ოლქს იგებდა და ოლქიდან გადიოდა როგორც მაჟორიტარი, სია წინ იწევდა და მის შემდგომს უთავისუფლებდა ადგილს, დღეს კი ასე ვერ იქნება. ამ დელეგატმა ხმები რომც მოიზიდოს, ის საერთო ყულაბაში წავა და მეტი არაფერი. ეს კი „ქართულ ოცნებას" ბევრ ბენეფიტებს ვერ მოუტანს. ამაზე ნერვიულობა მაინცდამაინც არ ღირს, თუმცა, ოპოზიციის მხრიდან მოსახლეობისთვის იმის განმარტება აუცილებელია, თუ რატომ აკეთებს ამას „ქართული ოცნება", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



