თამთა ჩაჩანიძე
(21.08.2024)

ოპოზიცია აქტიურ საარჩევნო კამპანიას ატარებს, საჯარო განცხადებებში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება სწორედ არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს. „ოცნება" კი აცხადებს, რომ ოპოზიცია რეალურად არა 26, არამედ 27 ოქტომბრისთვის ემზადება, არჩევნებს უნდობლობას გამოუცხადებენ, რათა საპროტესტო გამოსვლებს ლეგიტიმურობის ელფერი მიეცეს.

ყოფილი სახელწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ქუჩაში გამოსვლა არავის არ ეხალისება და ხალხი იმ შემთხვევაში გამოვა, თუ დარწმუნდა, რომ არჩევნები მართლაც გაყალბდა.

„ეს განცხადება ჯერ მდინარაძემ გააკეთა და მერე იმეორებენ, რომ 27 ოქტომბერს გამოვლენო. ანუ, აშკარად გაყალბებას აანონსებენ, თორე ხალხი ქუჩაში რატომ უნდა გამოვიდეს თუ არჩევნები გაყალბებული არ იქნება, იდიოტი ხომ არაა?! ხალხმა უნდა დაიჯეროს რომ გაყალბდა, რომ გამოვიდეს. „ქურდს ქუდი ეწვისო", თავად წინასწარ გრძნობენ რამდენად ჩიხში შევიდნენ და საზოგადოებას სხვა გზას არ დაუტოვებენ გარდა იმისა, რომ ქუჩაში გამოვიდნენ.

„ქუჩაში გამოსვლა არავის არ ეხალისება, მითუმეტეს ოქტომბრის ბოლოს, როცა სიცივეები და წვიმები იწყება. „ოცნებას" აშკარად დამსახურებული სამართლიანი რისხვის ეშინია, რაც მათ მიერ გაყალბებული არჩევნების შედეგები გამოიწვევს.

„თუ დასავლეთს სამართლიანი არგუმენტები არ ექნება, ისინი არ იტყვიან, რომ გაყალბდა. აქ კომისია იქნება, უკვე ჩამოსულები არიან და უფრო მეტიც ჩამოვა, დადებენ სერიოზულ დასკვნას. დასავლეთი კი ამ დასკვნის შესაბამისად მოიქცევა.

„რა თქმა უნდა, დასავლეთს არ მოეწონება თუ არჩევნები გაყალბდა, საქართველოსთან ურთიერთიბის დემონტაჟს დაიწყებს, ალბათ ვიზალიბერალიზაციას გაიწვევს, არ გააუქმებს, მაგრამ კანდიდატობის სტატუსს საბოლოოდ დიდხანს გაყინავს. გაწყდება დასავლეთთან ყოველგვარი კავშირები და რუსეთთან პირისპირ მარტო დავრჩებით.

„საზოგადოებამ ეს არ უნდა ჩაყლაპოს და „ქართულ ოცნებას" ძალიან ძვირად დაუჯდება თუ მოახერხებს და წარმატებას გაიფორმებს, ქართველი ხალხი არაა მზად ეს ყველაფერი ჩაყლაპოს",- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციაში შესაძლო სცენარზე საუბარი მიდის. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ისინი სწორედ არჩევნებს ელოდებიან, რომ პროტესტი ლეგიტიმური გახადონ.

„მემგონი სწირედ არჩევნებს ელოდებიან და ლაპარაკი არის მაგ სცენარზე, რომ არჩევნები გაყალბებულად შეფასდეს და ამან უკვე საპროტესტო აქციები ლეგიტიმური გახადოს. მემგონი ამ შემთხვევაში სამიზნე ეს არის, ლოზუნგით „გააყალბეს არჩევნები". ის, რაც 2020 წელს იყო. მაშინაც ნათქვამი იყო, რომ გააყალბეს და პარლამენტში არ შევდივართო",- განაცხადა საყვარელიძემ.

საყვარელიძის პროგნოზი ასეთია - არჩევნებში იმარჯვებს „ოცნება", 27 ოქტომბრიდან კი ოპოზიცია საპროტესტო გამოსვლებს იწყებს ლოზუნგით „არჩევნები გაყალბდა". ამბობს, რომ პროტესტი დიდი ალბათობით მილევადი იქნება.

„იქნება იგივე, რაც ზემოთ ვახსენე, იტყვიან, რომ არჩევნები გაყალბებულია და ჯანსაღი, ვაჟკაცური საპროტესტო აქციები დაიწყება. საქართველოში შემოდგომა გვიყვარს და აქციები სითბოში და სიწყნარეში იქნება. თუმცაღა, საპროტესტო აქციები საერთოდ მილევადია ხოლმე, პირველი აფეთქებაა მაქსიმალური და მერე ნელ-ნელა იკლებს.

„სააკაშვილის წინააღმდეგ პროტესტი რომ გავიხსენით, როცა „კარვების ქალაქი" გაკეთდა, სტაციონალური საპროტესტო აქცია იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც მილევადი აღმოჩნდა. ხალხი კარვებში აღარ ჩერდებოდა, ვინც ჩერდებოდა, არა პოლიტიკა, არამედ სხვა ინტერესი ჰქიონდა და ამიტომ ეს აცქიები ჩაქრა. ეს პროტესტი სწორედ პასუხია იმაზე რამდენად მილევადი იქნება აქციები.

„თუ „ოცნების" მისამართით დასავლეთის კრიტიკული რეაქცია არჩევნების მერეც გაგრძელდა, სწორედ ეს რეაქცია იქნება ამ აქციების ერთ-ერთი კომპონენტი. ერთ-ერთი არგუმენტი ეს ექნებათ, რომ დასავლეთიც კი ამბობს, ესე იგი გაყალბდაო",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დრის წინ განაცხადა, რომ ოპოზიცია არა რევოლუციისთვის, არამედ არჩევნებისთვის ემზადება.

„ჩვენ ვემზადებით არა რევოლუციისთვის, ჩვენ, ყველანი უნდა მოვემზადოთ არჩევნებზე მისვლისთვის, არჩევნებზე დაკვირვებისთვის, ხმებისთვის ბრძოლისთვის და მას შემდეგ, რაც ისინი გამოაცხადებენ გაყალბებულ შედეგებს (და ისინი გამოაცხადებენ გაყალბებულ შედეგებს), ჩვენ უნდა მოვემზადოთ, ყველანი ერთად, ასობით ათასი [ადამიანი] ქუჩაში დგომისთვის, დღეების, კვირების, თვეების განმავლობაში მშვიდობიანად მანამ, სანამ არ ვაიძულებთ მათ, [მიიღონ] ქართველი ერის არჩევნები",- განაცხადა სააკაშვილმა.

„ხალხის ძალის" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა კი განაცხადა, რომ ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი 27 ოქტომბრისთვის ემზადება და ამას თავადაც „აღიარებენ".

„უცხოური ძალა და ადგილობრივი ლოკალური ომის პარტია, რადიკალური ოპოზიციისა და მათი კვერის დამკვრელი ენჯეოების სახით, ემზადებიან არა 26 ოქტომბრისთვის, არამედ 27 ოქტომბრისთვის. ამას აღიარებენ კიდეც. დელეგიტიმაციაზე, გაყალბებაზე საუბრობენ, როდესაც არავის არანაირი ფაქტი არ დაუფიქსირებია და ა.შ. აქაც გადაასწრო პატიმარმა სააკაშვილმა, ჩაუშვა ეს ხალხი და თქვა, ჩვენი გეგმა არჩევნები კი არ არის, ჩვენი გეგმა არის 27 ოქტომბერს ვითომ გაყალბებული არჩევნების გაპროტესტებაო. რა თქმა უნდა, ამას არანაირი მომავალი არ აქვს",- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე