თამთა ჩაჩანიძე
(21.08.2024)

„ქართული ოცნება" ირწმუნება, რომ ოქტომბერის არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს, ამაზე ბოლო პერიოდში ხშირად აკეთებს განცხადებებს. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ერთობლივად შეძლებს „ოცნების" დამარცხებას. ამ პოლიტიკური მოცემულობით, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რა მაქსიმუმს დადებს მართველი პარტია და ოპოზიცია? ანალიტიკოსთა შეფასებები ასეთია:

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ დღეს, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება გარანტირებული ექნება და ბევრად მეტსაც აიღებს. ოპოზიცია კი, „კატასტროფულად დამარცხდება".

რაც შეეხება ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს, იგი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დღეს „ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობის კი არა, უბრალო უმრავლესობის მოპოვების შანსიც არ აქვს, მისი რეიტინგი 35%-მდეა. ამბობს, რომ განცხადებები საკონსტიტუციო უმრავლესობაზე, მხოლოდ სახელისუფლებო ვერტიკალზე, მათ მხარდამჭერ ელექტორატსა და ბზნესმენებზეა გათლილი, რომ „გვერდით გახედვა არ დაიწყონ".

რა პროგნოზები აქვთ მხარეებს

თბილისის საკრებულოში ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რომ მთავარი ამოცანაა 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება" დამარცხდეს.

„ფაქტია, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის კატასტროფულად არის გაძვირებული ცხოვრება. ფასებია გაზრდილი ყველაფერზე, გაზრდილია პროდუქტებზე, გაძვირებულია კომუნალური გადასახადები, საწვავი, მათ შორის ძალიან გაძვირებულია სამედიცინო სერვისები, ადამიანებს უჭირთ ექიმთან მისვლა, იმიტომ რომ ძალიან ძვირია, ასევე უჭირთ მედიკამენტების ყიდვა. ამიტომ მსგავსი ტიპის ჰუმანიტარული აქციები, როგორიც არის მიხეილ სააკაშვილის ინიცირებული სამედიცინო ჰუმანიტარული აქცია, მათთვის ეს დიდი შვებაა. ხედავთ, რომ უამრავი ადამიანია მოსული, მათ უტარდებათ სამედიცინო კონსულტაცია, ისინი იღებენ, მათ შორის უფასო მედიკამენტებს.

„მთავარი, რაც ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ, 26 ოქტომბერს უნდა დავამარცხოთ ჩვენ ოლიგარქი ივანიშვილი, რომელმაც ჩვენს მოქალაქეებს გაუძვირა ცხოვრება და მათ ელემენტარულად ექიმთან მისვლა არ შეუძლიათ. ხალხს უნდა ჰქონდეს საუკეთესო ევროპული და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, მას შემდეგ, რაც ჩვენ გავისტუმრებთ „ქართულ ოცნებას" ხელისუფლებიდან", - აცხადებს თბილისის საკრებულოში ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძე.

კოალიცია „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება" ცდილობს „რუსული კანონებით მოკლას საქართველოში დემოკრატია, გაანადგუროს თავისუფალი სიტყვა და სამოქალაქო საზოგადოება".

„ამის ნაწილია ე.წ. „რუსული კანონის" განხორციელებისთვის დაუღალავი შრომა. ასევე, როგორც ვნახეთ, მათ დანიშნეს ადამიანები, რომლებმაც ეს კანონი უნდა აღასრულონ. ჩემთვის გაუგებარიც არის ახალგაზრდა ადამიანმა რომ უნდა იტვირთო ასეთი როლი ქვეყანაში, მაგრამ რას ვიზამთ. ნაცვლად იმისა, რომ „ქართული ოცნება" ცდილობდეს ქვეყანა დაუახლოვდეს ევროკავშირს, ცდილობდეს ქვეყანაში გააღრმაოს და განავითაროს დემოკრატია, რაც მათი დიდი დაპირება იყო, როდესაც ხელისუფლებაში მოდიოდნენ, ახლა ისინი ცდილობენ რუსული კანონებით მოკლან საქართველოში დემოკრატია, გაანადგურონ თავისუფალი სიტყვა და გააუქმონ სამოქალაქო საზოგადოება.

„მინდა ვთქვა, რომ ამ კანონს დიდი ხანი არ უწერია ცხოვრება. მას შემდეგ, რაც ჩვენ ოქტომბერში შევცვლით ხელისუფლებას, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი და პირველი გადაწყვეტილება, რომელსაც მივიღებთ, ეს იქნება რუსული კანონის და მასთან დაკავშირებული სხვა რუსული კანონმდებლობის ქვეყანაში გაუქმება", - განაცხადა ცუცქირიძემ.

„ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე აღნიშნავს, რომ სამართლებრივ-პოლიტიკური სიმყარისთვის, აუცილებელია მაღალი ლეგიტიმაცია, საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა საქართველოს უმაღლესი კანონის შესაბამისად მოხდეს, ქვეყნის სამართლებრივ-პოლიტიკური მდგრადობის განმტკიცება!მისივე თქმით, 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა მივიდეს არჩევნევნებზე.

„შანსი, რომელიც საუკუნეში ერთხელ ეძლევა ქვეყანას უნდა გამოვიყენოთ!მსოფლიო პოლიტიკური რუკა, ახალი გადანაწილების პირისპირ დგას და ყველა სახელმწიფო ცდილობს, საკუთარი თვითმყოფადობა, შესაძლებლობა და განვითარების პერსპექტივა, გეოპოლიტიკურ სურათზე მკაფიოდ განსაზღვროს.საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგით, ორი ეგზისტენციალური ამოცანის შესრულება მოუწევს :

„1 შეინარჩუნოს მშვიდობის პოლიტიკა, რაც პირდაპირპროპორციულად ეკონომიკური მდგრადობის გარანტიაა, როგორც ქვეყნისთვის, ასევე უშუალოდ რეგიონისთვის, რომელიც იქცა გეოპოლიტიკურ ცენტრად აზია-ევროპის გზაჯვარედინზე!

„2მოაწესრიგოს სამართლებრივ-პოლიტიკური სისტემა, რომ ქვეყანა გაუმკლავდეს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა უცხო ქვეყნის ჩარევის პრევენცია, ფსევდო-იდეოლოგიური გლობალური ექსპერიმენტების აღკვეთა, ქართული პოლიტიკის გაწმენდა „აგენტოკრატი" აქტორებისაგან.ორივე ამოცანის გადაჭრას, მაღალი ლეგიტიმაციის ხელისუფლება და ეროვნული ინტერესებით ნაკარნახევი, პოლიტიკური ნება ესაჭიროება!

„ქართულმა ოცნებამ" და „ხალხის ძალამ" არაერთხელ დაამტკიცა, რომ ეროვნული ინტერესები უპირველესი ამოცანაა მათთვის და შესაბამისად, პრინციპული პოლიტიკითა და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ბევრჯერ მიიღო ხისტი და შეუვალი გადაწყვეტილება, რამაც დაიცვა საქართველო გარდაუვალი კატასტროფისგან!თუმცა, სამართლებრივ-პოლიტიკური სიმყარისთვის, აუცილებელია მაღალი ლეგიტიმაცია, საკონსტიტუციო უმრავლესობა, რათა საქართველოს უმაღლესი კანონის შესაბამისად მოხდეს, ქვეყნის სამართლებრივ-პოლიტიკური მდგრადობის განმტკიცება!

„რა მოხდება, საკონსტიტუციო უმრავლესობის შემთხვევაში?1 კონსტიტუციით აღიკვეთება, "ლგბტ" პროპაგანდა საქართველოში.2 დაიწყება სამართლებრივ-პოლიტიკური პროცესი, კოლექტიური ნაც-მოძრაობის დანაშაულებზე და მოღალატე პოლიტიკურ პარტიას განესაზღვრება მისი კუთვნილი ადგილი!3 სამართლებრივად მოწესრიგდება კონსტიტუცია და შესაბამისობაში მოვა, სახელმწიფო ეროვნულ ინტერესებთან!4 ყველა საერთაშორისო აქტორი, გაითავისებს ქართველი ხალხის ნებას და გადალაგება მოუწევს, ქართული პოლიტიკური რეალობის შესაბამისად!

„საკონსტიტუციო უმრავლესობა არა სურვილი და ნებაა არამედ, სასიცოცხლოდ აუცილებელი წინაპირობა, რათა აღიკვეთოს საქართველოში "აგენტოკრატია", უცხო ქვეყნების გავლენები და ერთხელ და სამუდამოდ შევდგეთ, როგორც სუვერენული სახელმწიფო.ამიტომაც, 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა მივიდეთ არჩევნებზე და გამოვიყენოთ შანსი, რომელიც საუკუნეში ერთხელ გვეძლევა!"- წერს ზურაბ ქადაგიძე.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ ენმ-ის ხელისუფლებაში დაბრუნება, ‘საქართველოს ომში ჩართვას ნიშნავს".

„ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მშვიდობაზე, ჩვენს ღირსებაზე, კეთილდღეობაზე და ამით უნდა ვიაროთ ევროპისკენ. ჩვენ უზრუნველვყავით, რომ ამ ქვეყანაში ბომბების წვიმა არ არის, ლომჯარიას გულგასახეთქად, რომელსაც ბომბების წვიმა უნდოდა. ჩვენ მშვიდობიანი გარემო უზრუნველვყავით. მათი დაბრუნება ხელისუფლებაში, ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვას გულისხმობს", - აცხადებს გორდულაძე.

რა შანსი აქვს „ოცნებას" და ოპოზიციას, დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დღეს, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება გარანტირებული ექნება და ბევრად მეტსაც აიღებს. ოპოზიცია კი, „კატასტროფულად დამარცხდება".

„ამ წუთში რომ არჩევნები ჩატარდეს, „ქართული ოცნება" არა 60%-ს, არამედ 70-75%-ს აიღებს, ქვეყანა ისეთ სიტუაციაშია ოპოზიციისგან. ოპოზიცია ის ძალაა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გარე ძალების ინტერესების მიხედვით მოქმედებს და რომელსაც „ოცნების" პოლიტიკური საბჭო „გლობალური ომის პარტიას" უწოდებს.

„გლობალური ომის პარტიაში" საერთაშორისო იმპერიალისტები არიან, მათი წარმომადგენელი ადგილზე კი, აქ არსებული ე.წ. ოპოზიციაა, სინამდვილეში „მეხუთე კოლონა. ოპოზიცია რაღაცის შეკოწიწებას ცდილობს, რომელიც ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოხდება. „მეხუთე კოლონამ" თავშივე დიდი შეცდომები დაუშვა, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ ისინი საქართველოს ომში ჩართვას უპირობოდ მოითხოვდნენ, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი გახსნილიყო.

„საქართველოს მოსახლეობას გამოცდილი აქვს, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, 2012 წლამდე, თითქმის ყოველი ხელისუფების დროს ომები და უბედურებები იყო. ეს „მეხუთე კოლონა" ისტორიის ობიექტური მიმდინარეობის შედეგია, რომელიც არჩევნებზე აუცილებლად კატასტროფულად დამარცხდება.

„ქართულ ოცნებას" არცერთი შემთხვევისთვის არ გაუჭირდება, რომ არა მხოლოდ საკონსტიტუციო უმრავლესობა, არამედ ბევრად მეტიც მოიპოვოს. მოლოდინი მაქვს, რომ 113 მანდატზე ბევრად მეტს აიღებს. რეგიონებში დავდივარ, დასავლეთ საქართველოსა და სხვა ადგილებში ვიყავი, ხალხს გავესაუბრე და ამ ოპოზიციის დანახვაც არ უნდა. არ ვსაუბრობ, რომ „ქართული ოცნება" ანგელოზებით სავსე კრებულია, არა ბატონებო! მაგრამ ე.წ. ოპოზიციის ფონზე, მართლაც ფრთიანი ანგელოზები არიან.

„ქართულმა ოცნებამ" ამ 12 წლის მანძილზე ქვეყანაში ერთი უმთავრესი რამ შეინარჩუნეს - მშვიდობა, ასევე ქვეყანას არ დაუკარგავს ტერიტორიების ერთი სანტიმეტრიც კი და ამასთან ერთად, (არ ვსაუბრობ, რომ რაღაც სასწაულად, მაგრამ) ასე თუ ისე ხალხის ცხოვრების დონე გაუმჯობესდა", - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დღეს „ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობის კი არა, უბრალო უმრავლესობის მოპოვების შანსიც არ აქვს, მისი რეიტინგი 35%-მდეა. ამბობს, რომ განცხადებები საკონსტიტუციო უმრავლესობაზე, მხოლოდ სახელისუფლებო ვერტიკალზე, მათ მხარდამჭერ ელექტორატსა და ბზნესმენებზეა გათლილი, რომ „გვერდით გახედვა არ დაიწყონ".

„ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობის კი არა, უბრალო უმრავლესობის შანსიც არ აქვს. ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს „ქართული ოცნება" 30-დან 35%-მდე აიღებს, დაახლოებით, ეს მისი დღევანდელი მონაგარია.

„რაც შეეხება ოპოზიციას, იქ პრობლემები რა თქმა უნდა არის, მაგრამ ჯამურად, დღეის მდგომარეობით (არ ვიცი რა იქნება ხვალ და ზეგ) ამ ოთხ პლატფორმას 5%-იანი ბარიერის დაძლევის პრობლემა არცერთს არ აქვს და მიიღებს გაცილებით მეტს, ვიდრე „ოცნებას" ექნება. ოპოზიცია ჯამურად „ოცნებას" მოუგებს, მანდატების გადანაწილების შემდეგ, ოპოზიციას რა თქმა უნდა უმრავლესობა ექნება.

„ოცნება" ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს შინ და გარეთ, რომ მას საკონსტიტუციო უმრავლესობის იმედი და რეალური შანსი აქვს, რადგან შემდეგ კითხვები არ გაჩნდეს თუ უბრალო უმრავლესობით მოიგებს, ანუ 76 მანდატს თუ გადააჭარბებს. ფორას უფრო მეტზე დებს, ლაპარაკობს, რომ შემდეგ უბრალო უმრავლესობაც კითხვის ნიშნის ქვეშ არ დარჩეს. იტყვის, რომ ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის ვიბრძოდით და დიდი ამბავი თუ უბრალო უმრავლესობა მივიღეთო. ამ დროს, მას რეალურად უმრავლესობა ნამდვილად არ აქვს.

„ამით „ქართული ოცნება" თავის ამომრჩეველს აჩვენებს, რომ არ შეგეშინდეთო. არა მხოლოდ ამომრჩეველს, არამედ დღეს „ოცნების" პრობლემა ისაა, რომ სახელისუფლებო ვერტიკალი არ დაერღვეს და ის ბიზნესი, რომელიც დღეს მასთან არის, გვერდზე გახედვა არ დაიწყოს.

„თუმცაღა „ოცნებამ" რაც არ უნდა ილაპარაკოს, ამ სახელისუფლებო ვერტიკალში, მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც მოსახლეობასთან ყოველდღიური შეხება აქვთ და განწყობებს თავადც ხედავენ. ასევე ის ბიზნესმენები, რომლებიც დღეს მათთან კი არიან, მაგრამ ხვალ და ზეგ არ იციან რა იქნება, ამიტომაც ისინი გვერდით გახედვასაც ცდილობენ, რაც „ოცნებას" ნამდვილად არ აწყობს. ამიტომ „ოცნების" მიზანია, რომ უპირველეს ყოვლისა ეს ხალხი დააჯეროს, თითქოს ყველაფერი რიგზეა და ჩვენ ისევ მოვიგებთო, ამ პიარის აზრიც და მიზანიც ესაა",- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე