
ენმ-ში ახლადდაბრუნებულ ხატია დეკანოიძეს პარტიის წევრი ანა წითლიძე მწვავე კრიტიკით დახვდა. მან დეკანოიძეს „შეზელვის დიდოსტატი" უწოდა. როგორც წითლიძე ამბობს, პარტიას „კიდევ ერთი უძღები შვილი დაუბრუნდა". როგორც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" ამბობს, მსგავსი ტიპის შიდა დაპირისპირება წინასაარჩევნოდ არა მხოლოდ ენმ-ში არამედ სხვა პლატფორმებზეც იჩენს თავს. მიზეზი კი ისაა, რომ ოპოზიციაში ანგარიშგასაწევი ლიდერი არაა.
წითლიძე დეკანოიძეს „ფეისბუქ" პოსტს უძღვნის და აცხადებს, რომ მან სხვადასხვა ეთერში „ტყუილები ავრცელა და პარტია უსამართლოდ აჯანჯღარა". თავად დეკანოიძე კი აცხადებს, რომ იმ პლატფორმაზე დაბრუნება, საიდანაც ბრძოლა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, ეს კი „ბუნებრივია და ამაში არაფერია განსაკუთრებული - ნებისმიერი ეგოცენტრულობა და პირადი კინკლაობა მეორეხარისხოვანია".
რაც შეეხება პარტიიდან დეკანოიძესთან ერთად წასულ რომან გოცირიძის პოზიციას, ამბობს, რომ მის გეგმებზე მოგვიანებით გახდება ცნობილი.
დეკანოიძე პარტიაში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც ენმ-ის მენეჯმენტში 17 აგვისტოს ახალი საკვანძო სტრუქტურა ჩამოყალიბდა ეროვნული კომიტეტის სახით, რომელსაც კობა ნაყოფია ხელმძღვანელობს. აღსანიშნავია, რომ თავად ნაყოფია ნიკა მელიას თავმჯდომარეობის დროს ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე იყო. მას შემდეგ, რაც თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილი აირჩიეს, ნაყოფიას თანამდებობა დაატოვებინეს, თუმცა პოლიტსაბჭოს რიგით წევრად დატოვეს. მაგრამ, პროტესტის ნიშნად, ახალ პოლიტსაბჭოში დარჩენაზე თავად ნაყოფიამ თქვა უარი.
ასევე უნდა ითქვას ისიც, რომ ენმ-ის გარშემო შექმნილ გაერთიანებას ცოტა ხნის წინ „ევროპული საქართველოც" შეუერთდა, რომელსაც გიგი წერეთელი და აკაკი ბობოხიძე წარმოადგენდნენ.
მანამდე ცვლილებები თავად „ევროპულ საქართველოშიც" ვიხილეთ, როცა ერთდროულად თავმჯდომარეობა და პარტია გიგა ბოკერიამ დატოვა, მას მიჰყვნენ თამარ ჩერგოლეიშვილი და პარტიის სხვა ლიდერთა ნაწილი. მიზეზი პარტიაში საარჩევნო სიასთან დაკავშირებული უთანხმოება გახდა. ჩერგოლეიშვილი ამ ფაქტს დროდადრო პოსტებით ეხმიანება. ის ბობიხიძე-წერეთელს აკრიტიკებს იმის გამო, რომ ერთ დროს ისინი „ნაცმოძრაობას" მიუღებლად მიიჩნევდნენ, ახლა კი მათ რიგებში ხედავს.
დაპირისპირება ასევე სხვა პლატფორმებზეც იჩენს ხოლმე თავს. მაგალითად, „ლელოში" სალომე სამადაშვილსა და ანა ნაცვლიშვილს შორის. იყო შემთხვევა, როცა მათ პარლამენტში ბრიფინგის დაწყებამდე იკამათეს იმის გამო, თუ ვინ იქნებოდა ბრიფინგის პირველი სპიკერი. ნაცვლიშვილმა სამადაშვილს „თავხედი" უწოდა, რისი ამსახველი ვიდეოც სოციალურ ქსელში გავრცელდა.
წითლიძე დეკანოიძის წინააღმდეგ
როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილსა და კობა ნაყოფიასთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო.
„კონსულტაციები, პირველ რიგში, იყო მიხეილ სააკაშვილთან, კობა ნაყოფიასთან, ყველა იმ ადამიანთან, ვისაც მე დიდი ხანია ვიცნობ და ბევრი გზა გვაქვს ერთად გამოვლილი. ბევრი გამარჯვება გვაქვს, ქუთაისის გამარჯვება მინდა შევახსენო ყველას. ქვეყანა არის უმძიმესი საფრთხის ქვეშ. დღეს „ქართულმა ოცნებამ" გამოაცხადა ძალიან მარტივი რამ - რომ თუ გაიმარჯვებს „ქართული ოცნება", მაშინ ისინი გააუქმებენ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ქვეყანა წავა დიქტატურისკენ. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი პოლიტიკოსი უნდა დადგეს ყოველგვარ ეგოცენტრულობაზე, საკუთარ თავზე, ფიქრზე მაღლა.
„ჩემი მხრიდანაც იმ პლატფორმაზე დაბრუნება, საიდანაც მე ბრძოლა რამდენიმე წლის წინ დავიწყე, არის ბუნებრივი და ამაში არაფერია განსაკუთრებული. მე ჩემს ფუნქციას ვხედავ, პირველ რიგში, ბრძოლაში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მე ვხედავ ჩემს ფუნქციას, ბრძოლას იმაში, რომ ყველა იყოს ერთიანი. მე დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში. დიდი მადლობა მიხეილ სააკაშვილს, ჩემს მეგობრებს და კობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი შემთხვევისთვის, ნებისმიერი ბრძოლისთვის თითოეული ჩვენგანი არის მზად.
„ჩემთვის ჩემი პირადი კეთილდღეობა არ ნიშნავს არაფერს, ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩვენი სამშობლო გავიდეს სამშვიდობოს 26 ოქტომბერს. ამიტომ ნებისმიერი ეგოცენტრულობა და ნებისმიერი პირადი კინკლაობა არის მეორეხარისხოვანი. მთავარი ფოკუსი ახლა არის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა,"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ფაქტს ეხმიანება ენმ-ის წევრი ანა წითლიძე.
„რაც შენ პარტია უსამართლოდ აჯანჯღარე, რაც შენ იკადრე, რა ტყუილებიც შენ ავრცელე ეთერებში... ახლა რა შეიცვალა უკან რომ ბრუნდები, ხატია? კეზერაშვილი არ არის პარტიაში? თუ „ხაბე" არ არის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე? თუ „ოლიგარქები" არ მართავენ პარტიას? რომელი ერთი ფაქტორი შეიცვალა? შენი მობრუნება ამ ყველაფრის აღიარებაა, რომ ტყუოდი და მიზანი მხოლოდ შენი ამბიციები იყო. „ახლებში" არ მიგიღეს? გამსვლელ სიაში შენნაირი ბევრი მყავს და შენ ვის დაკარგვიხარო? დიდი ხანია ეთერებში არ ყვები ბელადომანია უნდა დასრულდეს პარტიაშიო?
„ერთობის კი არა, საპარლამენტო სიის ხათრით იზელ ახლა ამ ყველაფერს. მიხვდი, რომ სხვაგან არსად არ დასჭირდით, შანსი არ გაქვს და აგერ ჩვენც მიგიღებთ. მერე რა, რომ ყველამ იცის ყველაფერი. მაგრამ რა ნომერზეც არ უნდა ივაჭრო სიაში, შენი ავტორიტეტი ენმ-ის ამომრჩეველში არის ნული.
„ვისაც არ უნდა წერო წერილები ციხეში, ვერავინ ვერასოდეს ვერ დამიშლის შენზე სიმართლის თქმას, თუნდაც იმიტომ, რომ ვინ ვინ და პარტიისთვის ურთულეს დროს შენ არ უნდა აყოლოდი ამბიციებს, როდესაც ამდენს გთხოვდი ეგ სისულელე არ გექნა და ზუსტად ვიცოდი როგორც დაასრულებდი.
„მობრუნებას გილოცავ, ხატია - ჩვენ მხოლოდ გვიხარია, რომ მართლები ჩვენ აღმოვჩნდით და შენ მაინც მობრუნებამ მოგიწია", - წერს ანა წითლიძე.
ვიხილავთ თუ არა სხვა შიდა დაპირისპირებებს წინასაარჩევნოდ
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან აცხადებს, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ პლატფორმებზე კონფლიქტების გაჩენის მთავარი მიზეზი ისაა, რომ არცერთ მათგანს ანგარიშგასაწევი ლიდერი არ ჰყავს და ყველას პირველობა სურს. სააკაშვილს კი, მისი თქმით, ის გავლენები აღარ აქვს, რაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდა. ამბობს, რომ ასეთი დაპირისპირებები წინასაარჩევნოდ აქტიურად იჩენს თავს და არა მხოლოდ ენმ-ში.
„გავიხსენოთ, რომ თითქმის იგივე ხალხი იყვნენ ენმ-ში, როცა სააკაშვილი „ცხენზე ამხედრებული" იყო. სააკაშვილის, როგორც ლიდერის არსებობა კი აწესრიგებდა იმას, რომ შიდა კონფლიქტები არ ყოფილიყო, თუმცა ალბათ პრეტენზიები ბევრს ჰქონდა.
„საერთოდ, ეს პრინციპია, რომ თუკი ლიდერი დასუსტდება, მერე ერთმანეთს უწყებენ მხარეები ბრძოლას და როცა ლიდერი ძლიერია, ის აერთიანებს. ლიდერი ყველაფერთან ერთად გამაერთიანებელი ფიგურაცაა. დღეს ოპოზიციას ეს გამაერთიანებელი ფიგურა არ ჰყავს, ამ საქმისთვის სააკაშვილი ვერ ვარგა რიგი მიზეზების გამო, ამაში მხოლოდ „ვივამედში" ყოფნა არ იგულისხმება, გავლენების დაკარგვის ბრალიცაა.
„მეეჭვება, რომ ცალკეული ფიგურების დაპირისპირებებმა რეიტინგი დაუგდოს ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას, რადგან თავად ცალკეულ ფიგურებს არ აქვთ ის რეიტინგი, რომ მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეთ. ამ გაერთიანებაში მომხრეების მნიშვნელოვანი რაოდენობა „ნაცმოძრაობას" აქვს, მიერთებულების მომხრეთა რაოდენობა კი ისეთი შთამბეჭდავი არაა, რომ არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს. ისინი ამიტომაც მიიწევენ ენმ-სკენ, რომ მათი მომხეთა ხეირი მათზეც გადანაწილდეს", - განაცხადა საყვარელიძემ.
მისივე თქმით, წინასაარჩევნოდ ასეთი ტიპის დაპირისპირებებს კიდევ ვიხილავთ.
„თუ საქართველოსა და სხვა ქვეყნების ისტორიას გავიხსენებთ, ლიდერობისთვის მამა-შვილი არ ინდობდა ერთმანეთს. ჩვენ ყველა დაპირისპირება გვიკვირს. პოლიტიკას დაპირისპირება სჩვევია და რა თქმა უნდა (წინასაარჩევნოდ) იქნება. თუკი აქამდე საერთო ლიდერი გამოიკვეთებოდა, დაპირისპირებები ჩრდილში გადავიდოდა, მაგრამ ახლა ერთმანეთს ანგარიში რატომ უნდა გაუწიონ, როცა პასუხისმგებლობა ვინმე ლიდერის მიმართ არ აქვთ? ამიტომ ხშირად დაუნდობელი ბრძოლაა, ლიდერობა ყველას უნდა.
„ნაცმოძრაობის" ლიდერები და მათ შორის საააკაშვილი პერიოდულად იძახდნენ, რომ ახალი სახეებია საჭირო. ახალი სახეები მართლაც საჭიროა, რადგან 9 წლის პერიოდმა ხალხს ცუდად დაამახსოვრა თავი და ძირითადად ის სახეები ახსოვს, ვინც ამ პერიოდში ენმ-ში იყო. შესაძლოა იმ პერიოდში არც იყო და მერე გამოჩნდა, მაგრამ ფაქტია, რომ შემდეგ გამოჩენილმა სახეებმაც განვლილი პერიოდი კრიტიკულად არ შეაფასეს და უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა „ნაცმოძრაობასთან" ადრე იდექი თუ ახლა დგახარ. მაგლითად, მელია ახალი სახე იყო, მაგრამ მას არავინ არ აღიქვამს, როგორც ახალს, რადგან თავისი პოზიციით ძველ საქმეს აგრძელებს", -განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



