
წინასაარჩევნო კამანიის ფარგლებში „ქართულმა ოცნებამ" ვრცელი ოთხპუნქტიანი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ერთ-ერთ მთავარ საკითხად აღნიშნულია, რომ ოქტომბრის არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, „ოცნება" „დააინიცირებს სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგად „ნაცმოძრაობა" და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება". აღნიშნულს ოპოზიციაში გამოხმაურება უკვე ჰქონდა, მათი შეფასებით, ესაა წინასაარჩევნო „პროპაგანდის ნაწილი" და ხელისუფლებაში დარჩენის მცდელობა.
კონსტიტუციონალისტებისა და ანალიტიკოსების შეფასებით, პარტია რომ არაკონსტიტუციურად გამაცხადდეს, ამას სამართლებრივი საფუძველი სჭირდება და არა საპარლამენტო უმრავლესობა და კონსტიტუციაში შესწორებები, ამის საშუალება კი არჩევნებამდეც იყო.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" მიიჩნევს, რომ ეს უფრო წინასაარჩევნო პიარკამპანიაა შუაშისტი ამომრჩევლის გადასაბირებლად. გარდა ამისა, ანალიტიკოსი ამბობს, რომ დღეს „ოცნება" პრაქტიკულად ყველა ოპოზიციურ პარტიას ეძახის კოლექტიურ „ნაცმოძრაობას", რისი დამტკიცებაც ძალიან გაუჭირდება.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი ფიქრობს, რომ ენმ ხელისუფლებაში ყოფნიდან მოყოლებული კონსტიტუციას და კანონებს არღვევს და უნდა გასამართლდეს, ეს დაკვეთა კი ამომრჩევლის მხრიდანაც არის. სატელიტებში ის სუბიექტები იგულისხმებიან, რომლებიც ენმ-ის გზავნილებს იმეორებენ, თუმცა აკრძალვა, დიდი ალბათობით, მათ შეეხებათ, ვისაც „დანაშაულებრივი მოქმედება ახასიათებს".
რა გეგმა აქვს „ოცნებას"
როგორც მმართველი პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, „ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება, პირველ რიგში, პოლიტიკური სისტემის თვისებრივად გასაჯანსაღებლად სჭირდება.
„ვაცნობიერებთ რა ჩვენს პასუხისმგებლობას ქართველი ხალხის წინაშე, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, დავაზუსტოთ, რისთვის გვჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა: პირველ რიგში, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება გვჭირდება პოლიტიკური სისტემის თვისებრივად გასაჯანსაღებლად, რისი მიღწევაც პოლიტიკიდან კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის" ჩამოშორების გარეშე შეუძლებელია.
„საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე ჩვენ დავაინიცირებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება.
„მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულებრივი რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოშორებიდან 12 წელი გავიდა, დღემდე მისი გასამართლება ვერ მოხერხდა, რასაც თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა. პირველ რიგში, დამნაშავეების არგასამართლებას აქტიურად ითხოვდნენ მათი უცხოელი მფარველები, რამაც რეჟიმის გასამართლებას გადამწყვეტი წინაღობა შეუქმნა.
„მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც შევძელით კონკრეტულ უმძიმეს დანაშაულებზე სამართლის აღსრულება რეჟიმის ათობით მაღალი, საშუალო თუ დაბალი რანგის წარმომადგენლის მიმართ, ყოფილი პრეზიდენტის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ყოფილი მინისტრებისა და სხვა უმაღლესი თანამდებობის პირების ჩათვლით. შესაბამისმა განაჩენებმა, მთლიანობაში, წლების მანძილზე, შექმნა მყარი საფუძველი რეჟიმის გასასამართლებლად. ასევე, შეგახსენებთ, რომ გასული წლების მანძილზე წარიმართებოდა პროცესები ჰააგასა და სტრასბურგში, რომლებიც, „ქართული ოცნების" ძალისხმევით, საქართველოს და ქართული ჯარის გამარჯვებით დასრულდა.
„ჰააგისა და სტრასბურგის პროცესების ფონზე, 2008 წლის დანაშაულში ჩაძიება მნიშვნელოვან რისკებთან იყო დაკავშირებული, რომლებიც ახლა სრულად არის მოხსნილი. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, 2008 წლის დანაშაულის მონანიების მაგივრად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა" კიდევ ერთხელ ექაჩებოდა და დღესაც ექაჩება საქართველოს ომისკენ. ამ ფონზე, ამ დანაშაულებრივი ძალის გასამართლებამ დღეს სულ სხვა აქტუალობა შეიძინა", - ნათქვამია განცხადებაში.
რა სამართლებრივი საფუძველია ენმ-ის ასაკრძალად და რატომ მაინცდამაინც ახლა
როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას სამართლებრივი საფუძველი სჭირდება და არა საპარლამენტო უმრავლესობა და კონსტიტუციაში შესწორებები. ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ეს უფრო წინასაარჩევნო პიარკამპანიაა შუაშისტი ამომრცევლის გადმოსაბირებლად.
„ქართული ოცნება" ამაზე უბრალოდ ლაპარაკობს, თორემ პარტია რომ არაკონსტიტუციურად გამოაცხადონ, ამას სასამართლო სჭირდება და არა კონსტიტუციური უმრავლესობა. წარმოუდგენელია და არ მესმის კონსტიტუციაში რა შესწორებები უნდა შეიტანონ. ეს ყველაფერი პიარკამპანიაა, „ოცნებას" დღეს მოსახლეობისთვის სათქმელი არაფერი აქვს, გარდა იმისა, რომ ენმ-ს გაასამართლებენ.
„აქამდე, 2016-2020 წლებში მოსახლეობას აშინებდნენ, რომ „ნაცმოძრაობა" ხელისუფლებაში მობრუნდება და ამის ხარჯზე ამომრჩევლისგან გარკვეულ მხარდაჭერას იღებდნენ. ამას დღეს ყავლი ფაქტიურად გაუვიდა. „ნაცმოძრაობას" თავისი მხარდამჭერი ჰყავს და ეს მაინც ეყოლება, მაგრამ „ოცნება" დღეს შუაშისტ ამომრჩეველზე მუშაობს და მას ენმ-ის სახით ახალი საფრთხობელის შექმნა სჭირდება, რომ მათი გული მოიგონ.
„რა კონსტიტუციურ საფუძველზე ლაოარაკობენ? 12 წელია ხელისუფლებაში არიან და თუ რაიმე გასასამართლებელი იყო და რაიმე ხელმოსაჭიდი ჰქონდათ, აქამდე უნდა გაეკეთებინათ. აქამდე იმიტომ არ თქვეს, რომ ეს მათ არ სჭირდებოდათ. 2012-2016 წლებში მეტ-ნაკლებად იმუშავა იმან, რომ ჩვენ თუ არ ვიქნებით, „ნაცმოძრაობა" ხელისუფლებაში მოვაო და ეს საკმარისი აღმოჩნდა. დღეს ეს აღარაა საკმარისი იმისთვის, რომ ამომრჩეველი შეაშინო.
„შუაშისტურ ფლანგზე ორი პოლიტიკური დაჯგუფება გაჩნდა - „ლელო" და გახარია, რომელსაც ეს ხმები მიაქვს. „ოცნებას" მხოლოდ თავისი 30-35% აქვს, მეტი ხმების რაოდენობა მათ არ აქვთ, ამიტომ ამ ტალღის აგორებას ცდილობენ, თორემ რა კონსტიტუციური შესწორება უნდათ?!
„უკვე განმარტებულია, თუ რა შემთხვევაში შეიძლება აკრძალო პარტია. კი, ბატონო, თუ აიკრძალება „ნაცმოძრობა", ამ სახელით აღარ იქნება, იქნება სხვა სახელით და ეს ელექტორატი მაინც მათი იქნება. რაც შეეხება ლიდერებს, სააკაშვილიც და სხვებიც ციხეში უზით, ზოგზე კი ძებნაა გამოცხადებული და კიდევ რა უნდა გააკეთონ, არ მესმის", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი მიიჩნევს, რომ ეს დაგვიანებულია, თუმცა ენმ კანონებს არღვევს და უნდა გასამართლდეს.
„ეს განცხადება დიდი ხანია უნდა ყოფილიყო, ვიტყოდი, რომ დაძველებულია, მაგრამ იურიდიულად „ნაცმოძრაობა" ყველა მიმართულებით, როგორც ფაშისტურ-ექსტრემისტული ე.წ. პარტია, ასაკრძალია. ევროპასა და ამერიკაში ასეთ პოლიტიკურ ორგანიზაციებს დიდი ხანია ხელ-ფეხს უბოჭავენ. ეს პარტია არ შეიძლება საჯარო სივრცეში ბოგინებდეს, რომელიც მოწოდებულია, რომ არსებული ლეგიტიმური ხელისუფლება ჩამოანგრიოს, ვიღაცეებს გაუსწორდეს და ა.შ. იურიდიულად ეს მრავალი მუხლების მიხედვითაც გამართლებულია. ეს მოწოდება დაგვიანებულია, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.
„ქართული ოცნება" ქართველი ხელის ინტერესებზეა მორგებული. დიდი ხანია საზოგადოებისგან მოწოდებაა, რომ ენმ უნდა გასამართლდეს, მათ შორის მისი ცალკეული პოლიტიკოსები. ევროპული დემოკრატიული სტანდარტებით, ენმ და მისი ცალკეული წევრები კანონგარეშე არიან და უნდა გასამართლდნენ",- განაცხადა აბაშიძემ.
კითხვაზე, თუ კონკრეტულად რას არღვევს ენმ, აბაშიძემ გვითხრა:
„ბიძინა ივანიშვილმა ეს სიტუაცია ძალიან კარგად აღწერა. მანამდე არ გვქონდა საშუალება და ახლა გვაქვს, რომ ყველას პასუხი გავცეთ. მისი (ივანიშვილის) პოზიციის ძალიან მესმის. მანამდე, საქართველოს პოლიტიკაზე უცხოელი ნაძირლები - არ მომერიდება ამის თქმა - ბოგინობდნენ, მაგრამ ახლა სულ სხვა დროა და ის ეპოქა აღარაა, როცა ქართული პოლიტიკა გარე ძალებისგან მართვადი იყო.
„2008 წლის ომი იქნება ეს თუ სხვა უდიდესი ცოდვები, ენმ-ის პასუხი უნდა მოეთხოვოს. დროა ამ გარეწრებმა კანონის წინაშე პასუხი აგონ", - განაცხადა აბაშიძემ.
ვინ შეიძლება იგულისხმებოდეს „ნაცმოძრაობის" სატელიტებში
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ „ოცნება" პრაქტიკულად ყველა ოპოზიციურ ჯგუფს ენმ-ის სატელიტად მოიხსენიებს, თუმცა ამის დამტკიცება ძალიან გაუჭირდება.
„ოცნება" პრაქტიკულად ყველას ენმ-ის სატელიტად მიიჩნევს, მათ შორის „ლელოსაც" და გახარიასაც, მაგრამ ამის დასაბუთება და დამტკიცება მათ ძალიან გაუჭირდებათ, თუ რეალურად ამაზეა საუბარი. თუმცაღა, დარწმუნებული ვარ, რომ „ოცნება" ამ ყველაფერს უბრალოდ პროპაგანდის და პიარის მიზნით იყენებს. მას სხვა სათქმელი მოსახლეობისთვის აღარ აქვს. რას უნდა დაჰპირდნენ - ას ქარხანას, კომუნალური გადასახადების შემცირებას, თუ თითო სოფელს ხუთ მილიონს?
„ამის გარდა არაფერი სათქმელი არ აქვთ. ორიენტაცია და საგარეო კურსი ფაქტიურად შეცვლილია. დღეს თან ლაპარაკობენ, რომ ევროპისკენ მივდივართ და თან ევროპას ცეცხლსა და კუპრში ატარებენ და ეს როგორ მოდის თანხვედრაში? არალოგიკურია. ომის თემამაც გარკვეული დროის განმავლობაში იმუშავა, მაგრამ საკუთარი თავი ამოწურა. ყოველ შემთხვევაში, რომელ ამომრჩეველსაც მეტ-ნაკლებად ანალიზის უნარი აქვს, ხვდება, რომ მეორე ფრონტის გახსნა შეუძლებელია. ვერც ცალკე დასავლეთს და ვერც რუსეთს იმისთვისაც ვერ მოუვლია, სადაც საომარი მოქმედებებია. საბრძოლო მასალები უჭირთ, მთელს მსოფლიოში დარბიან და აგროვებენ და დღეს აქ მეორე ფრონტის გახსნა რაში სჭირდებათ?" - განაცხადა ძაბირაძემ.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ სატელიტებში ის სუბიექტები იგულისხმებიან, რომლებიც ენმ-ის გზავნილებს იმეორებენ. თუმცა აკრძალვა, დიდი ალბათობით, მხოლოდ მათ შეეხება, ვისაც „დანაშაულებრივი მოქმედება ახასიათებს".
„ნაცმოძრაობის" სატელიტებში ნებისმიერი ის სუბიექტია, რომელიც მის მახინჯ, ტოქსიკურ მესიჯებს იმეორებს, არა აქვს ამას მნიშვნელობა ეს გახარია იქნება, მამუკა ხაზარაძე თუ სხვა ნებისმიერი. რა თქმა უნდა, ამის გამო ასაკრძალი არ არიან, მაგრამ საზოგადოება ხომ ხედავს, რომ ეს პოლიტიკური გარეწრები ვერაფერს აღწევენ გარდა დესტრუქციისა და სამშობლოს ღალატისა?" - განაცხადა აბაშიძემ.
როგორ მოქმედებს „ოცნების" დაპირება ნეიტრალურ ამომრჩეველზე
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ოცნების" ეს გზავნილი რეალურად საპირისპიროდ იმოქმედებს და შუაშისტური ამომრჩევლისთვის პირდაპირი სიგნალია, რომ „ოცნებას" გაემიჯნოს.
„რასაც დღეს ესენი ლაპარაკობენ, რეალურად შუაშისტური ამომრჩევლისთვის სიგნალია იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას" გაემიჯნოს. მაგრამ აქ მეორე თემა შემოდის - არსებობს ამომრჩეველთა გარკვეული ნაწილი, რომელიც „ოცნებით" უკმაყოფილოა იმიტომ, რომ მათ ენმ-ის დროინდელი დაკარგული ქონება ვერ დაუბრუნეს და „ნაციონალები" ისე ვერ დასაჯეს, როგორც მათ უნდოდათ. ეს ამომრჩეველი მაინც მათია, მაგრამ ამ პროპაგანდას იმისთვის აკეთებენ, რომ იქნებ შუაშისტური ამომრჩეველიც თავისკენ წამოიყვანონ.
„მეორე ვარიანტიცაა - „ოცნება" ყველა მიმართულებით პატარ-პატარა ნაღმებს დებს და ნიადაგს ამზადებს, რომ არჩევნები მეტ-ნაკლებად გააყალბოს. როგორ - არ ვიცი, ეს ალბათ მერე გამოჩნდება, მაგრამ ამზადებს ნიადაგს იმისთვის, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ოპოზიციას მიაკეროს და თუ პროტესტი აგორდება და ნამდვილად აგორდება თუ მართლა გააყალბებენ, თქვას, რომ დასავლეთს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სჭირდება. იდეოლოგიურ ნიადაგს ამისთვის ამზადებენ. მაგრამ ისე, თუ საშუალება მიეცათ, რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკურ ძალას და ჯგუფს აკრძალავენ, ოღონდ ამას საკუთარი რესურსებით რამდენად შეძლებენ, საკითხავია. სხვა თავისუფალი რესურსი კი რუსეთს აქვს, სამხედროს ვგულისხმობ. როგორც თავის დროზე ყაზახეთში რუსული ჯარები შევიდნენ, რომ ხელისუფლებას ძალაუფლება შეენარჩუნებინა, ეს მომენტია დღეს", - განაცხადა ძაბირაძემ.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ოცნების" ეს გზავნილები გადაუწყვეტელი ამომრჩევლისთვის მისაღები იქნება.
„ქართულ ოცნებას" ძალიან ბევრი ამომრჩეველი ჰყავს. მან პოლიტტექნოლოგიურად ნეიტრალური ამომრჩევლის გულის მოსაგებად უნდა იღვაწოს. ამას კი აკეთებს, მაგრამ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო. ე.წ. აპათიური (ყველაფრისადმი გულგრილი) ელექტორატი ყველა ქვეყანაშია. ამ ამომრჩეველს სურს მშვიდობა, განვითარება და წინსვლა, „ოცნება" კი ზუსტად ამას სთავაზობს და ეს შუაშისტი ამომრჩეველი ზუსტად ამ კარგ დაპირებაზე წამოვა",- განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



