სოსო სიმონიშვილი: მასობრივად შემოჰყავთ აზიის ქვეყნებიდან მუშახელი, ჩვენი მოქალაქეები კი ქვეყნიდან გარბიან
ქეთო გოგოხია
(19.08.2024)

უმუშევრობა მცირდება და ისტორიულ მინიმუმზეა, თუმცა შრომის ბაზარზე სიტუაცია რეალურად ვერ გაუმჯობესდა. უმუშევრობის შემცირებასთან ერთად იკლებს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობა. როგორი შთამბეჭდავიც არ უნდა იყოს სტატისტიკა, დასაქმება ისევ ჭირს და სულ უფრო მეტი ადამიანი მიდის ქვეყნიდან, რადგან პერსპექტივას ვერ ხედავს. 

ამ დროს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.7% შეადგინა.

სტატისტიკის მიხედვით, რომ შრომის ბაზარზე დიდი გარღვევაა, მაგრამ პარალელურად  შრომისუნარიანი მოქალაქეების როლი ეკონომიკაში, ასევე სამსახურის მაძიებელთა რაოდენობა მცირდება. ეს ცხადყოფს, რომ დასაქმების პრობლემა ვერ გვარდება, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც შრომისუნარიანი მოქალაქეების დიდი გადინებაა. 

,,საქსტატის" მონაცემით, მიმდინარე წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა რიოდენობა გაიზარდა 19.1 ათასი კაცით (2.1%) და 935.8 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 41.3 ათასით გაიზარდა (10.1%) და 451.5 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 47.2 ათასით (17.7%) და 219.7 ათასი შეადგინა.

რაც შეეხება დასაქმებას ასაკობრივ ჭრილში, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 54.5%-ით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე გაიზარდა 2.8 პროცენტული პუნქტით და 47% შეადგინა. 

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე როგორც ქალაქის ისე სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 3 პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში - 2.5 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 47.9% და 45.8%-ს შეადგენს.

უმუშევრობის კლებასთან დაკავშირებით სტატისტიკურ მონაცემებს დადებითად აფასებენ სპეციალისტებიც, თუმცა საუბრობენ იმაზეც, რომ ეფექტი ჯერჯერობით ნაკლებად იგრძნობა, რაც სხვადასხვა ფაქტორით არის გამოწვეული. მათ შორის, როგორც ეკონომისტმა მერაბ ჯანიაშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობაც უფრო სწრაფი ტემპით იზრდებოდეს და ხალხმა ამ პროცესისგან მეტი სარგებელი იგრძნოს.

"დღეს ბიზნესიც და ეკონომიკაც გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია, მაგრამ პარალელურად ვხედავთ იმასაც, რომ  მიგრაცია არ მცირდება. დოვლათის შემქმნელი მოსახლეობა წავიდა ქვეყნიდან ან მიდის და ეს შრომის ბაზარს პრობლემებს უქმნის.  შესაბამისად, სამუშაო ადგილები არ იქმნება იმ ინტენსივობით, როგორი მოთხოვნაც შრომის ბაზარზე ბიზნესის მხრიდან არსებობს. უამრავი ადამიანია ჯერ კიდევ, ვინც საერთოდ კვალიფიკაცია დაკარგა დასაქმების პერსპექტივა არ აქვს ან ბიზნესი იმდენად დაბალ ხელფასს სთავაზობს, რომ თავს არიდებს. 

ცხადია,  ეს სეგმენტიც აკლდება შრომისუნარიანი მოქალაქეების რიგს, ამიტომაა, რომ უმუშევრობის შემცირების სტატისტიკა და დასაქმება დროსა და სივრცეში აცდენილია. მიგრაციის გავლენა მაინც მეტია. შესაბამისად, უმუშევრობა მცირდება ისე, რომ  სამუშაო ადგილები არ იქმნება", - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" მერაბ ჯანიაშვილმა.

მისი აზრით, იმისთვის, რომ  მეტი შედეგი იქნას მიღწეული და უმუშევრობის კლების ეფექტიც უფრო თვალსაჩინო გახდეს, კომპლექსური ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს, რაც ვითარებას რადიკალურად შეცვლის.

,,ჩვენი მოქალაქეები რეალურად სხვა ქვეყნების  ეკონომიკურ ზრდაში მონაწილეობენ და იქიდან გამოგზავნილი ფულით იზრდება ეკონომიკა საქართველოში. ამდენად, მშპ-ს ზრდას მთლიანად დამოუკიდებელი მიზეზი აქვს და ეკონომიკაში წარმოების ზრდის პროცესით არ არის გამოწვეული. მიგრაცია გლობალური პრობლემაა ჩვენისთანა ღარიბი ქვეყნებისთვის, თორემ განვითარებული სახელმწიფოები იაფ მუშახელს ითხოვენ. 20 წლის წინ პოლონეთი იცლებოდა მოსახლეობისგან, მაგრამ  დღეს საიმედო ადგილია იმ ადამიანებისთვის, ვინც სამსახურს ეძებს. ჩვენთან კი 30 წელია, სიტუაცია არ იცვლება, რადგან ეკონომიკა არ ვითარდება და წარმოება არ გვაქვს. 

ჩემი აზრით, დღესდღეობით უმუშევარი ადამიანების რიცხვი ბევრად ნაკლები არ არის იმ რაოდენობაზე, რაც 10 წლის წინ იყო. ამ დროს სტატისტიკაში დიდი კლება გვაქვს. ეს გამოწვეულია იმითაც, რომ ეკონომიკას შრომისუნარიანი მოქალაქეები მოაკლდა, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს .

მეორე საკითხია, ეკონომიკურად აქტიური ადამიანებიდან რამდენი არის დასაქმებული. არის მოსახლეობის კატეგორია, ვინც სამსახურს არ ეძებს და სოციალური შემწეობის იმედადაა, ესეც აკლდება შრომისუნარიანი მოქალაქეების რიგს,  შესაბამისად, უმუშევრობა მცირდება ისე, რომ დამატებითი სამუშაო ადგილები არ იქმნება. შრომის ბაზარზე სიტუაცია რომ შეიცვალოს, გვჭირდება კვალიფიციური მუშახელი, რომლის დეფიციტიცაა. ამიტომ კომპლექსური ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს. 

ჩვენ  გვჭირდება განათლებული თაობა, პროექტები სწორედ ამისკენ უნდა იყოს მიმართული, ამასთან, სწორად იქნას შერჩეული პროფესიები, რაც შრომის ბაზარზე მოთხოვნადია. ადამიანებს დასაქმების მეტი მოტივი და სტიმული უნდა მიეცეს, რომ მუდმივად გაქცევისკენ არ ეჭიროთ თვალი და საკუთარ ქვეყანაშივე ანგარიშგასაწევ შრომის ძალას წარმოადგენდნენ", - აღნიშნა ეკონომისტმა.

შრომის ბაზარზე არსებულ პრობლემას სპეციალისტების ნაწილი ქვეყნის არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას უკავშირებს. გარდა ამისა, საუბარია მონეტიზაციის მაჩვენებლების გაუმჯობესებაზე, რაც უშუალოდ ეროვნული ბანკის ფუნქციაა. ამ პარამეტრის გარეშე კი დასაქმების და ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებას გამორიცხავს ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი, რომლის შეფასებითაც, სებ-ის პოლიტიკა ეკონომიკურ განვითარებას აფერხებს.

,,უმუშევრობა მცირდება მხოლოდ ციფრებში, რეალურად კი დიდი პრობლემაა ქვეყნისთვის დასაქმება. ამის მიზეზი მთავრობის მავნებლური მოქმედებაა. მაკროეკონომიკა ისეა აწყობილი, რომ ბანკებს ურჩევნიათ კრედიტი მისცენ არა საწარმოებს, არამედ მიკროსაფინანსოებს, სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიებს და ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც ფულს შოულობენ ფულით და არაფერს აწარმოებენ. საქონელი არსად არ არის, კრედიტი, ანუ ფული რეალურ სექტორამდე ვერ აღწევს. 

სოფლის მეურნეობის პროდუქცია და სამრეწველო წარმოება, თუკი რამე არსებობს, მუდმივად მცირდება. მომავალშიც დამძიმდება სიტუაცია თუ შედეგი ხელისუფლებამ არ გაიაზრა. მსოფლიო ჰეგემონებს მთავრობა რაღაც ნაწილებში თითქოს არ ემორჩილება, მაგრამ საბანკო სფეროში სრული დამოკიდებულებაა. ყველაფერი ეს შრომის ბაზარზე მძიმე კვალს ტოვებს", - აღნიშნა სიმონიშვილმა და გამოსავალზეც ისაუბრა, რაც შეიძლება სახელმწიფოს მხრიდან პრევენციის მიზნით გაკეთდეს.

,,საქართველოს სხვა გამოსავალი არ აქვს, გარდა იმისა, რომ თავისი სუვერენული უფლებები გამოიყენოს. სებ-ს უნდა  მიეცეს მექანიზმი, რათა მისგან მოითხოვოს, ემსახუროს საქართველოს ინტერესებს და არა საერთაშორისო სტრუქტურების ინტერესების გამტარებელი გახდეს.

ეკონომიკაში მოძრავი ფული მშპ-ს 20%-მდე შეადგენს. კერძოდ, თუ წლის განმავლობაში იწარმოება 100 ლარის საქონელი, ცხადია, 20 ლარით მას ვერ იყიდი, მოძრავი ფულის ნაკლებობაა ქვეყანაში, რაც უმუშევრობას იწვევს.

ეკონომიკის მონეტიზაცია უნდა გაზარდოს სებ-მა, რაც გაზრდის სამუშაო ადგილებს, შემოსავლებს და შესაბამისად, კეთილდღეობასაც. 

ჩვენი სუვერენული უფლებები პირველ ადგილზე დავაყენოთ, გავაიაფოთ კრედიტი და შრომითი მიგრანტების შემოსვლა აიკრძალოს. მასობრივად შემოჰყავთ აზიის ქვეყნებიდან მუშახელი, ჩვენი მოქალაქეები კი ქვეყნიდან გარბიან. ეროვნული ინტერესები უნდა დაიცვას ქვეყანამ, რაც აუცილებლად გასაკეთებელია", - უთხრა ,,ბიზნეს-რეზონანსს" სოსო სიმონიშვილმა.

საქსტატის მონაცემებით, II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში შემცირებულია 3.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 2.5 პროცენტული პუნქტით. შესაბამისად, ქალაქში უმუშევრობის დონემ 14.3%, ხოლო სოფელში 12.8% შეადგინა.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2024 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი 3.6 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული ქალებში, ხოლო კაცებში - 2.6 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 10.9%-ს და 15.9%-ს შეადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე