თამთა ჩაჩანიძე
(19.08.2024)

ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში გარკვეული პაუზაა, შემოდგომით ევროკომისია ყოველწლიურ გაფართოების ანგარიშს წარადგენს, სადაც საუბარი საქართველოზეც იქნება როგორც ოფიციალურად კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანაზე. მანამდე თბილისში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩისნკიმ განაცხადა, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი გაყინულია მიზეზი კი „გავლენების კანონის" მიღება გახდა.

ანალიტიკოსებს ჰერჩინსკის განცხადება გარკვეულ კონტურებს უკვეთავს თუ რა შეიძლება ეწეროს ევროკომისიის გაფართოების დასკვნაში. პროცესს ევროკავშირის არჩევნებიც ემთხვევა და ახლა ზუსტად ის პერიოდია, როცა ბლოკის სტრუქტურების დაკომპლექტება ხდება, თუმცა, ანალიტიკოსთა ცნობით, გაფართოების ანგარიშზე მუშაობა მაინც მიდის და სექტებმერ-ოქტომბერში დოკუმენტი შესაძლოა უკვე მზად იყოს.

ანგარიში სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისისთვისაა დაგეგმილი

ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი „რეზონანსს" ეუბნება, რომ მისი ინფორმაციით, გაფართოების საერთო ანგარიშის გამოქვეყნება ევროკომისიისგან სექტემბრის ბლოს, ან ოქტომბრის დასაწყისშია დაგეგმილი, სადაც საქართველოზეც იქნება საუბარი და ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ დადებითი დიდი ალბათობით არაფერი დაიწერება ბოლო პოლიტიკური მოვლენების გამო.

„ამგარიში ალბათ არჩევნებამდე გამოქვეყნდება, რადგან თქვეს, რომ გაფართოების საერთო ანგარიში, რომელიც წელიწადში ერთხელ კეთდება, სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისისთვისაა დაგეგმილი. იმ ანგარიშში აუცილებლად საქართველოზეც იქნება ერთი თავი, კანდიდატი ქვეყანა ვართ და ოფიციალურად ეს სტატუსი არავის არ წაურთმევია. მოლაპარაკებები თურქეთთანაც გაყინულია, მაგრამ იმ ანგარიშში ყოველთვის თურქეთიც არის",- განაცხადა გოგოლაშვილმა.

კითხვაზე, საქართველოს შესახებ რას უნდა ველოდოთ, დღევანდელი პროცესებიდან გამომდინრე, გოგოლაშვილი ამბობს, რომ კარგს არაფერს.

„რა თქმა უნდა კარგს არაფერს, ყველა ის კრიტიკა, რომელიც გვესმის და სახეზეა, რა თქმა უნდა, ანგარიშში წარმოდგენილი იქნება. პირველ რიგში კანონზე იქნება საუბარი, ასევე იმის შეფასებაც იქნება წინასაარჩევნო პროცესი როგორ მიდის. ხელისუფლებამ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგალითად საარჩევრნო კანონი ისე შეცვალა, რომ ძალიან დიდი უპირატესობები თავად აქვს. ამასთან, იუსტიციის საბჭოში არანაირი რეფორმა არ გაატარა და მთლიანობაში სასამართლო რეფორმა არ ჩატარებულა.

„ამის გარდა, არასამთავრობოებზე მუქარა, კანონი რომელიც მიიღეს და რომელიც ანტიდემოკრატიულია. ასევე რიტორიკა - ევროკავშირს და ამერიკას რომ აბრალებენ რაღაცეებს, რომ საქართველოში ომის დაწყება უნდოდათ, ეს ყველაფერი ანგარიშში რა თქმა უნდა მოხვდება.

„ანგარიშში უკრაინასა და მოლდოვაზე რა თქმა უნდა ძალიან ბევრი დადებითი იქნება ნათქვამი. ჩვენთან ყინული კი მას შემდეგ დაიძვრება, როცა არჩევნებით შეიცვლება ხელისუფლება. ამ ხელისუფლებას განაცხადი უკვე გაკეთებული აქვს იმაზე, რომ ის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას არ აპირებს. უნდა, რომ პროცესი გრძელვადიან პერსპექტივაში გადაიტანოს ისე, როგორც თურქეთს სურს. უნდა, რომ აქ ავტორიტარული რეჟიმი ააშენოს, არ მოსპოს კორუფცია, დემოკრატიული რეფორმები არ გაატაროს, პირიქით, დემოკრატია, თავისუფალი სიტყვა შეზღუდოს. ვიცით როგორ უსწორდებოდნენ დემონსტრანტებს და უმიზეზოდ როგორ აჯარიმებდნენ.

„2 ათასი კაცი დააჯარიმეს, თითქოს ისინი ყველა რაღაცას არღვევდნენ. დემონსტრაციები აბსოლუტურად მშვიდობიანი იყო, ერთადერთი დარღვევა შიძლება ის იყო, რომ რაღაც გამოსასვლელის გადაკეტვა უნდოდათ, რაც შეფერხებას უქმნიდა პარლამენტიდან დეპუტატების გამოსვლას.

„შესაძლოა დემონსტრანტებს დარღვევად ეს ჩავუთვალოთ, მაგრამ არანაირი ისეთი დარღვევა არ ყოფილა, რომ 2 ათასი კაცი დაეჯარიმებინათ, თან ასეთი დრაკონული ჯარიმებით, ეს ხომ დემოკრატიის აშკარა შეზღუდვაა? ეს ყველაფერი ანგარიშში რა თქმა უნდა აისახება და არანაირ ცვლილებას არ უნდა ველოდოთ, სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება",- განაცხადა გოგოლაშვილმა.

შესაძლოა არჩევნებმა ყინული დაძრას

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ ანგარიში არჩევნებამდე გამოქვეყნდება, არაფერ კარგის მოლოდინი არ აქვს, თუმცა შესაძლოა სიტუაცია არჩევნების მერე შეიცვალოს და ყინული დაიძრას.

„მე პირადად კარგი არაფრის მოლოდინი არ მაქვს, ჯერ კიდევ ის პერიოდია, როცა ჩვენი არჩევნები არაა ჩატარებული და ამერიკის არჩევნებიც გამოკვეთილი არაა. დასავლური პოლიტიკის „დირიჟორი" ამერიკაა და რას იზამს, არ იციან. ალბათ პროცესი გაგრძელდება ისე, როგორც აქამდე იყო და ბოლო პერიოდში ყოველთვის კრიტიკული იყო დამოკიდებულება.

„ამ (საქართველოს ევროინტეგრაციის) ყინულის ავტორი დირიჟორი-აშშ იყო, მან გაყინა ეს პროცესი, თორემ ევროპის არც ინტერესი იყო ამ გაყინვაში და არც რაიმე ინერცია ჰქონდა. ამერიკას თავისი მოტივები აქვს და ეს, ჩემი აზრით, ჩინეთის თემაა. თუკი აშშ გადაწყვეტს „სხვა მუსიკა დაუკრას", ევროპაც ახალ მუსიკას აჰყვება",- განაცხადა საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი ამბობს, რომ შესაძლოა არჩევნები ყინულის დაძვრის ერთ-ერთი საშუალება იყოს.

„შესაძლოა არჩევნებმა ყინული დაძრას. თუკი არჩევნებმა ძალიან მკაფიო სურათი აჩვენა იმისა, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვნად დიდ ნაწილს ხელისუფლების შეცვლა არ უნდა, ასეთი დამოკიდებულებები აშშ-ის პოზიციაზე იმოქმედებს და ის მოსახლეობის დიდ ნაწილთან დაპირისპირებას მოერიდება, აქედან გამომდინარე, ალბათ რაღაცეები შეიცვლება, შესაძლოა მოლაპარაკებებისკენ გზა გაიხსნას. თუკი დასავლეთის ბულინგი საქართველოს მიმართ შეწყდება, გამორიცხული არაა, რომ პოლიტიკური ამინდიც გაუმჯობესდეს",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

საქართველო ახლა კიდევ უფრო მეტადაა მონიტორინგის ქვეშ, ვიდრე მანამდე იყო

ჯიპას ასოცირებული პროფესორი და ანალიტიკოსი საგარეო პოლიტიკის საკითხებში თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ანგარიში შემოდგომითაა დაგეგმილი და საქართველოზე დასკვნა აუცილებლად იქნება, რადგან ევროკავშირის მხრიდან საქართველო ახლა უფროა მონიტორინგის ქვეშ, ვიდრე ეს კანდიდატის სტატუსის დროს იყო.

„ევროკავშირში არჩევნები იყო, რის მერეც, გარკვეული შიდაპროცედურები დამთავრებას მოითხოვს. ეს პროცედურები დასრულდება, მათ შორის კომისიის კომპლექტაცია და ა.შ. რაც შეეხება საქართველოს, ანგარიში შემოდგომაზეა დაგეგმილი, თარიღი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ, აუცილებლად იქნება, რადგან ამაზე მუშაობა და პროცესის მონიტორინგი მიდის და მასში შეფასებებს ვნახავთ.

„შესაძლებელია ეს ანგარიში არჩევნებამდე იყოს, ან არჩევნების მერეც, დღეს ზუსტ თარიღს ვერავინ გეტყვით, მაგრამ, ის, რომ შემოდგომით საქართველოსთან დაკავშირებით ანგარიში აუცილებლად იქნება, ამაში ორი აზრი არაა. უფრო მეტსაც გეტყვით, მას შემდეგ, რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, ქვეყანა კიდევ უფრო მეტადაა მონიტორინგის ქვეშ, ვიდრე მანამდე იყო.

„სამწუხაროდ, ძალიან არასახარბიელო მდგომარეობა გვაქვს, პროცესი საგანგაშო მიმართულებით განვითარდა, რაც მხოლოდ ჩვენ გვავნებს. ის ნაბიჯები, რომლებიც გადადგა, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას ხელს ვერანაირად ვერ უწყობს, პირიქით, გვაშორებს დასახული მიზნებისგან, რაზედაც არაერთხელ ღია საუბარიც იყო.

„მოლდოვასა და უკრაინისთვის მოლაპარაკებები ახლახანს გაიხსნა, სულ რაღაც ორი თვის წინ, მათ წინ საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი გზა აქვთ გასავლელი. ამ მოლაპარაკებების შეფასება ბუნებრივია ამ ანგარიშში არ იქნება, რადგან თავად მოლაპარაკებები გაცილებით ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ ის, რომ ეს ორი ქვეყანა ჩვენგან საკმაოდ წინ არიან, ეს მხოლოდ მათ უკეთეს პერსპექტივაზე მეტყველებს",- განაცხადა თენგიზ ფხალაძემ „რეზონანსთან".

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე