
2012 წლიდან საპარლამენტო, ადგილობრივ თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტიების რეიტინგების მხრივ ერთი და იგივე სურათი მეორდება, პირველ-მეორე ადგილს „ქართული ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა" იყოფენ, დანარჩენ ადილებზე კი მოცემულობა სხვადასხვა წელს სხვადასხვაგვარი იყო. ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ 2024 წლის არჩევებზეც ეს რიგითობა არ შეიცვლება.
პოლიტიკური ძალები კვლავ ჩამოყალიბების პროცესში არიან, იკვეთება ოთხი პლატფორმა, რომლებიც არჩევნებისთვის აქტიურად ემზადებიან - „ქართული ოცნება" „ხალხის ძალასთან" ერთად, ენმ-„სტრატეგია აღმაშენებელი"- „ევროპული საქართველო" და სხვა ცალკეული პოლიტიკოსების ერთობა. გვარამია-მელიას „კოალიცია ცვლილებებისთვის", სადაც შედიან „ახლები", „გირჩი-მეტი თავისუფლება", „დროა", ამ პლატფორმას „რესპუბლიკური პარტია" და ორგანიზაცია „აქტივისტები მომავლისთვის" შეუერთდნენ.
ცალკეა „გახარია საქართველოსთვის", რომლის განახლებული დევიზია „არა „ოცნებას", არა „ნაცებს", მშვიდობა საქართველოს!".
რას აპირებენ პოლიტიკური ძალები
18 აგვისტოს, გაერთიანებას "კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა"-ს ოფიციალურად შეუერთდნენ "რესპუბლიკური პარტია" და ორგანიზაცია "აქტივისტები მომავლისთვის".როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, "ხალხს აქვს პოზიტიური ცვლილებების მოლოდინი და მზაობა და სწორედ ამ მიზანს ისახავს დღევანდელი ერთიანობა".
კიდევ ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე ხაზი გაუსვა, რომ ეს არის ერთობა, რომელიც შედგება მრავალფეროვანი და პრინციპული ადამიანებისგან.
" ერთობა, რომელიც შედგება მრავალფეროვანი და პრინციპული ადამიანებით, კოალიცია, რომელიც ფასეულობების ერთგულებითა და ქვეყნისთვის მებრძოლი ადამიანებისგან. ეს არის კოალიცია, რომელიც ცვლილებებს მოიტანს და ქვეყნის მსახური იქნება", - განაცხადა ხოშტარიამ.
„რესპუბლიკური პარტიის" წევრმა, ხათუნა სამნიძემ კი აღნიშნა, რომ "კოალიცია ცვლილებისთვის" ოთხი ნომრით პროფესიონალიზმსა და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ პოლიტიკას მოიტანს.
"მიხარია, რომ „რესპუბლიკური პარტიის" სახელით ვდგავარ აქ, ისეთ ადამიანებთან ერთად რომლის ბრძოლაც მთელ საქართველოს ნანახი აქვს და მე მათი მჯერა. ბოლო დროს ხშირად ისმის კითხვა როგორ უნდა მართოს ოპოზიციამ 26 ოქტომბრის შემდეგ? პროფესიონალიზმითა და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული პოლიტიკით, რომელსაც მოიტანს პროგრესი და კოალიცია 4 ნომრით.
„ქვეყანაში მშვიდობა, პროგრესი ადამიანზე ორიენტირებულობა დაიბადება, მაშინ, როცა შევცვლით ამ ხელისუფლებას და კოალიციურ მმართველობას უზრუნველვყოფთ. მე ვდგავარ ისეთ ადამიანებთან ერთად, რომელთანაც შეიძლება დისკუსია, კამათი და ქვეყნის ისე მართვა, რომ ადამიანი იყოს მთავარი ორიენტირი. მე მოვიგე პირადი ბრძოლა, ახლა დროა, რომ განვკურნოთ ქვეყანა. ამას გავაკეთებთ ერთად, კოალიცია ოთხთან ერთად", - განაცხადა სამნიძემ.
კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე ოქტაი ქაზუმოვი წარადგინა და აღნიშნა, რომ "სამოქალაქო პატრიოტიზმი არის ის, რაც ყველა ცივილიზებული ხალხის და ჩვენი თითოეული მოქალაქის არჩევანია".ოქტაი ქაზუმოვმა კი აღნიშნა, რომ ქართული კულტურის ქმნადობაში საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა შეიტანოს დიდი წვრილი და იღვწოდეს, რომ ჩვენი ქვეყანა წარმოჩენილი იყოს ისე როგორც ჯერ არასდროს, სწორედ ეს შეუძლია "კოალიცია ცვლილებისთვის".
"დიდი პატივია ვიმყოფებოდე ზუგდიდში, რომელმაც ქართული სახელმწიფოს კულტურით უდიდესი სახეები შესძინა. მე ვიაზრებ ამ პასუხისმგებლობას და ძალიან სიმბოლური ამ კუთხიდან ჩემი და ჩემი გუნდის წარდგენა, რომელსაც ჰქვია "აქტივისტები მომავლისთვის".
„ქართული კულტურა ისეთი მშობლიური კულტურაა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებით, როგორც მათივე კულტურაო, ეს გულისხმობს ქართული კულტურის ქმნადობაში საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა შეიტანოს დიდი წვრილი და იღვწოდეს და იწვოდეს რომ ჩვენი ქვეყანა წარმოჩენილი იყოს ისე როგორც ჯერ არასდროს. დროა გირჩიოთ ახალი, კოალიცია ცვლილებისთვის რესპუბლიკელებთან ერთად და მომავლისთვის", - განაცხადა ქაზუმოვმა.
ამასთან, თავის გამოსვლაში ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ "ეს არის გუნდი, რომელიც ამ ქვეყანას 2030 წლამდე ევროკავშირში შეიყვანს".
17 აგვისტოს ცვლილებები იყო ენმ-ს ფლანგზე, შეუერთდა „ევროპული საქართველო", პარტიის ხელმძღვანელობაში კი კობა ნაყოფია დაბრუნდა. როგორც მან აღნიშნა, პოლიტიკური ერთობის მომხრეა, თუმცა, მისივე განმარტებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა პარტია ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანდეს.
"მე "ნაციონალური მოძრაობა" არ დამიტოვებია და სადაც ვიყავი, იქ ვრჩები, წინადადება შემომთავაზა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომ გარკვეული პოზიცია დამეკავებინა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში". ამაზე პარტიაშიც გვქონდა დისკუსია და საბოლოოდ შევთანხმდით, რომ უფრო მეტად გაგვეძლიერებინა "ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნოდ. პირველ რიგში, მადლობა მინდა ვუთხრა მიხეილ სააკაშვილს ნდობისთვის, ასევე ერთიან "ნაციონალურ მოძრაობას", იმ ადამიანებს, ვინც დღეს მხარი დაუჭირეს ამ გადაწყვეტილებას. გეგმებს რაც შეეხება, მთავარი გეგმა არის დიდი გამარჯვება 26 ოქტომბერს",- თქვა ნაყოფიამ.
„როდის არ იყვნენ ისინი „ნაციონალური მოძრაობის" წევრები, როდის არ იყვნენ ისინი სააკაშვილის იდეის ირგვლივ გაერთიანებულები, ერთი დღე, ერთი საათი, ერთი წუთი დამისახელონ", - აცხადებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი კირცხალია „ნაციონალურ მოძრაობასთან" „ევროპული საქართველოს" გაერთიანებაზე.მისივე თქმით, შიდა სერიალები ანახეს ხალხს და საბოლოოდ, შეიკრნენ იმ დედა პარტიის ირგვლივ, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია.
„როდის არ იყვნენ ისინი „ნაციონალური მოძრაობის" წევრები, როდის არ იყვნენ ისინი სააკაშვილის იდეის ირგვლივ გაერთიანებულები, ერთი დღე, ერთი საათი, ერთი წუთი დამისახელონ.ერთადერთი, უბრალოდ საზოგადოებას აყურებინეს რაღაც შიდა პარტიული დაპირისპირებები, რაღაც შიდა ჭორაობები, შიდა სერიალები ანახეს ხალხს და საბოლოოდ, შეიკრნენ იმ დედა პარტიის ირგვლივ, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია.ისინი ყოველთვის იყვნენ „ნაც. მოძრაობის" წევრები", - აცხადებს ირაკლი კირცხალია.
„ნამდვილი ღირსებით, ნამდვილი მშვიდობით და ნამდვილი კეთილდღეობით, მივიყვანთ და გავიყვანთ ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოზე! მადლობა და გამარჯვებას გისურვებთ!" - ასე მიმართა პარტია „გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ ზუგდიდში, რეგიონული ოფისი გახსნისას საზოგადოებას.მისი თქმით, მმართველ პარტიას მშვიდობის შენარჩუნებაზე საუბრის უფლება არ აქვს.
„როდესაც „ოცნებასთან" ჩვენი გზები გაიყო და გაიყო მაშინ, როცა აშკარა გახდა, რომ ადამიანები იმისთვის, რომ თბილი კაბინეტები, სავარძლები, ძალაუფლება და მოპარული ფული შეენარჩუნებინათ, ღირსება დაკარგეს. ისინი დღეს მზად არიან ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წავიდნენ.
საკუთარ მოქალაქეებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ტრავმირებულები ვართ ომით, ომით გვაშანტაჟებენ! გვეუბნებიან , რომ „ან მე, ან - ომი" და ურცხვად გვატყუებენ, რადგან „ოცნებას" დღეს არანაირი რესურსი აღარ დარჩა მშვიდობის შენარჩუნების!
„დღეს, „ოცნებამ" ბალანსის პოლიტიკა დაასრულა, მან არჩევანი გააკეთა. ამიტომ დღეს „ოცნებას" არანაირი რესურსი აღარ გააჩნია, ვინმეს მშვიდობას დაპირდეს. მშვიდობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა შენ გესმის შენი ქვეყნის, შენი ხალხის, შენი მოქალაქეების არჩევანი ბოლო 30 წლის განმავლობაში და ეს არჩევანი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი!"- განაცხადა გახარიამ.
ვინ ვის გაუწევს კონკურენციას
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ 2024 წლის სპარლამენტო არცევნებზეც პარტიების რიგითობა არ შეიცვლება. მისი თქმით, თითქმის ყველა ოპოზიციური პლატფორმა ენმ-ის განაყოფია.
„არ მგონია, რომ ეს რიგითობა შეიცვალოს, საქართველოში ოპოზიცია წლების განმავლობაში დასავლეთიდან ფინანსდება, რომელიც არის გარე ძალების ინტერესების გამომხატველი და არა ქართველი ხალხის. ამის დამადასტურებელი არაერთი ფაქტი არსებობს.
„ეს ოპოზიცია ძირითადად „ნაციონალური მოძრაობაა", ე.წ. მეხუთე კოლონის წარმომადგენლები, რომლებიც უცხოური ძალების დავალებებს ასრულებენ, ძირიდადად ისინი დასავლეთს წარმოადგენენ, რომელსაც მათი გაცოცხლება და ისევ ხელისუფლებაში მოყვანა სურთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა ძალიან მშვენივრად იცის ვინც არიან. ამიტომაც მათ მიუჩინეს ის ადგილი, რაც 2012 წლიდან აქვთ.
„არცერთ კვლევას ნდობას არ ვუცხადებ, გარდა „გორბის" კვლევისა. სხვა კვლევებში კი ჰოი საოცრება, ბიძინა ივანიშვილზე მაღალი რეიტინგი სალომე ზურაბიშვილსა და ნიკა გვარამიას ჰქონია - ამას ვინმე დაიჯერებს? ესენი არჩევნებს პირწმინდად აგებენ და ამის შემდეგ იწყებენ ყვირილს - გაყალბდა, გაყალბდა, გაყალბდა",- განაცხადა მან.
გვვენეტაძე ამბობს, რომ არც „ლელოს" და არც „ახალს" არ აქვს იმის პოტენციალი, რომ მეორე ადგილზე გავიდნენ არჩევნებზე.
„ლელოს" როგორ შეიძლება ჰქონდეს კონკურენციის რაიმე რესურსი, როცა მისმა მეთაურმა ხაზარაძემ გამოამჟღავნა ის, რომ ნამდვილი ხანდაზმული თაღლითია - საქართველოს ბიუჯეტს მილიარდნახევარ ლარს სთხოვდა. ეს შემდეგ საარბიტრაჟო სასამართლომ დაადასტურა, რომ რასაც ის აკეთებდა, იყო აბსოლუტური ბლეფი. სხვათა შორის, „ლელოც" ენმ-ის იგივე განაყოფია, ამ პარტიაში „ნაცმოძრაობდან" უამრავი ხალხია - სალომე სამადაშვილი და ა.შ.
„ასევე საინტერესოა რატომ გაურბის კითხვებს ბატონი ხაზარაძე? ენმ-ის ხელისუფლების დროს, ქონებას მის ბანკებში და მის სახელზე აფორმებინებდნენ ადამიანებს - ამას ვერ პასუხობს და ამდენად ესეც „ნაციონალური მოძრაობაა". „ახალზე" ხომ ლაპარაკი ზედმეტია, მელია-გვარამია და მისი ძმანი, ესენი ყველა ნაცები არიან მეასე ხარისხში და ამათმა ერთმანეთს რა კონკურენცია უნდა გაუწიონ?
„ამათ თქვეს, რომ მოდი გავიშალოთ და ასე გაშლილი შევესიოთ „ქართულ ოცნებასო", მაგრამ მათ ყველაზე დიდი შეცდომა მაშინ დაუშვეს, როცა საქართველოს ომში ჩართვას ითხოვდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას მოხალისეები უკრაინაში ჩარტერული რეისებით გაეგზავნა, ეს კი რუსეთთან ომი იყო. ამის გარდა, ათიათასჯერ იყო მცდელობა საქართველოს ომში ჩართვის. გვარამიასა და მელიას შეტევებს აღარ ვამბობ მთავრობის სახლსა და პარლამენტზე გადატრიალების მიზნით. ესენი ყველა „ნაცმოძრაობაა" ერთად მოქცეული.
„ჩემი აზრით, ეროვნული ძალები გამოჩნდებიან, „პარტიოტთა ალიანსის" მსგავსად, რომლებიც კონსერვატიული მიმართულების იქნებიან. „პატრიოტთა ალიანსს" „ნაცმოძრაობასთან" ურთიერთობას ვერავინ ვერ დააბრალებს, რომ მათ განაყოფია. დანარჩენი ყველა ერთი ძალაა, რასაც ენმ ჰქვია",- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".
შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი „რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ კარგი კამპანიის შემთხვევაში, ოპოზიციურმა ძალებმა ენმ-სა და „ოცნებას" კონკურენცია გაუწიოს, თუმცა მაინც ფიქრობს,რომ ამ არჩევნებზეც არ შეიცვლება რიგითობა.
„არ გამოვრიცხავ, რომ კარგი კამპანიის შემთხვევაში, ოპოზიციურმა ძალებმა როგორიცაა „ახალისა" და „ლელოს" პლატფორმები, ენმ-ს და „ქართულ ოცნებას" კონკურენცია გაუწიოს. თუმცაღა, ამ ძალებისთვის კონკურენცია უფრო „ოცნებასთან" ექნებათ, ენმ და სხვა პროდასავლური ოპოზიციური ძალები კი ე.წ. სპარინგ პარტნიორები უნდა იყვნენ, რაც პირიქით ჯანსაღი მომენტია. ისინი მოსახლეობას ერთმანეთზე უკეთესს პროგრამებს შესთავაზებენ",- განაცხადა ჩიტაძემ.
კითხვაზე, 2024 წლის არჩევნებზე რამდენად შეიცვლება პარტიების რიგითობა, როცა 2012 წლიდან ყველა არჩევნებზე პირველ-მეორე ადგილს „ოცნება" ენმ იყოფდნენ, ჩიტაძემ გვითხრა:
„მიუხედავად იმისა, რომ სხვა ძალებს შანსები აქვთ, დიდი ალბათობით ეს რიგითობა ახლაც არ შეიცვლება. „ქართულ ოცნებასაც" და „ნაცმოძრაობასაც" მყარი ამომრჩეველი ჰყავს. „ოცნების" ამომრჩევლები საჯარო მოხელეების უმრავლესობაა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე. ასევე სხვადასხვა ჯგუფები, მათ შორის ისინიც, ვინც იხტიბარს არ იტეხს, რომ 2012 წელს შეცდომა დაუშვეს. ასევე კრიმინალური ჯგუფები, რომლებსაც ე.წ. პალაჟენია უკავიათ.
„ნაცმოძრაობის" რეიტინგში კი პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილის ფაქტორია, პლიუს ის ნაწილი, რომელიც განიხილავს იმას, რომ მხოლოდ ენმ-ს შეუძლია „ოცნების" დამარცხება. დანარჩენი ძალების შანსები დამოკიდებული იქნება იმაზე თუ როგორი წინასაარჩევნო კამპანია ექნებათ, აქ ბევრი რამ ფინანსებზეა დამოკიდებული. თავის მხრივ, ორივე პარტია ანგარიშგასაწევი ძალაა.
„მიუხედავად იმისა, რომ „ახლებს" „ნაცმოძრაობას" გამოეყვნენ და ენმ-ის ყოფილი მომხრეები უჭერენ მხარს, მაინც ვფიქრობ, რომ ამჯერადაც რეიტინგებში პირველ ადგილზე „ოცნება" გავა, სადღაც 300 ათასამდე საჯარო მოხელეა (თუმცა არ ვამბობ, რომ ყველა მათ მისცემს ხმას), პლიუს სხვა ჯგუფები, მეორე ადგილს კი ამ გაყოფის შემთხვევაშიც „ნაცმოძრაობა" დაიკავებს. გვახსოვს, რომ როცა 2017 წელს „ევროპული საქართველო" გამოეყო, შემდგომ არჩევნებშიც ენმ მეორე ადგილზე გავიდა, აქ სააკაშვილის ფაქტორია გადამწყვეტი",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



