
„კარგია, თუ ჩვენს ციტატებს კითხულობენ. ისინი ასევე ამოიკითხავენ, რომ „ქართული ოცნების" მთავარი მიზანი, საქართველოს დეოკუპაციაა", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ქართველი ოლიმპიური მედალოსნების დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ. როგორც პაპუაშვილი ამბობს, ქვეყანაში „გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად", მნიშვნელოვანია წარიმართოს საჯარო სასამართლო პროცესი 2008 წლის ომთან დაკავშირებით, რათა საზოგადოებამ „ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს", ვინ ჩაიდინა დანაშაული.
საუბარია გაეროში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის, დიმიტრი პოლიანსკის მიერ გაკეთებულ განაცხადებაზე, სადაც ამბობს, რომ რუსეთი ყოველ წელს აკვირდება დასავლელი კოლეგების „მანიაკალურ სურვილს", განიხილონ სააკაშვილის აგრესია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. იგი „ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებას ციტირებს და ამბობს: „სცადეთ, გაიხსენოთ ეს სიტყვები, როცა ჩემი დასავლელი კოლეგები მოვლენ და მოგატყუებენ".
„მე მეტს არ ვისაუბრებ, მე უბრალოდ მოვახდენ საქართველოს მმართველი პარტიის, პოლიტიკური საბჭოს განცხადების ციტირებას: „ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი, სამართლიანად, ეჭვქვეშ აყენებს სააკაშვილის ადეკვატურობას, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ 2008 წლის აგვისტოში, სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები, არა მხოლოდ მისი ფსიქიკური არასტაბილურობის, არამედ ასევე გარედან მიღებული ინსტრუქციებისა და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგია. ჩვენს ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წარიმართოს საჯარო სასამართლო პროცესი, რათა ჩვენმა საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, ვინ ჩაიდინა ეს მოღალატეობრივი დანაშაული, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ".
„უბრალოდ, სცადეთ გაიხსენოთ ეს სიტყვები, როდესაც ჩემი დასავლელი კოლეგები, მოგვიანებით ამ ტრიბუნასთან მოვლენ და მოგატყუებენ იმის შესახებ, თუ რა მოხდა", - განაცხადა დიმიტრი პოლიანსკიმ.
„ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამაზე ამბობს, რომ ეს იყო მზაკვრული პროვოკაცია ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, ხელისუფლება პირადი კეთილდღეობის სანაცვლოდ მზად არის, ქვეყნის ეროვნული ინტერესები გაყიდოს და მმართველი პარტიის მიერ გადადგმული ნაბიჯები რუსეთს მტკიცებულებებს აძლევს.
„ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოებს დადგენილი აქვთ, რომ ყველაფერში დანაშაული რუსეთს მიუძღვის. აქამდე „ოცნებამ" ვერ შეძლო ეროვნული ინტერესებისთვის ზიანი მიეყენებინა და ახლა საერთაშორისო ასპარეზზე ღიად და დაუფარავად რუსეთისთვის სასარგებლო ნაბიჯებს დგამს. მათი პოლიტსაბჭოს განცხადება დაგეგმილი პროვოკაცია იყო, რომ რუსეთის დელეგაციას გაეროში მათი განცხადების ციტირება მოეხდინა. ეს იყო მათი მხრიდან დადგმული მზაკვრული პროვოკაცია ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ და ისინი დამნაშავეები არიან. ამით ისინი ახალი ტიპის მტკიცებულებებს ქმნიან, როლითაც შესაძლოა რუსეთმა შემოგვიტრიალოს საერთაშორისო ასპარეზზე პროცესი. შესაძლოა, „ოცნების" ვერაგული ქმედებიდან გამომდინარე ხელახლა დაიწყოს განხილვები. სანამ ხელისუფლებაში გვყავს დაჯგუფება, რომელიც მზად არის პირადი კეთილდღეობისთვის გაწიროს ეროვნული ინტერესები, ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება, ამიტომ ვართ ასეთი ღარიბები, ამიტომ გვაქვს მიგრაცია და დაბალი დემოგრაფიული მონაცემი. ისინი მდიდრდებიან და ამისთვის მზად არიან ეროვნული ინტერესები შელახონ. ეს გააკეთეს მიზანმიმართულად, რომ რუსეთის დელეგაციას ამის ციტირება მოეხდინა და ამაზე, რომ დიპლომატიურ კორპუსს არანაირი რეაგირება არ აქვს, მიანიშნებს, რომ ისინი სინქრონში მოქმედებდნენ ჩვენს მტერთან", - განაცხადა ვაშაძემ.
როგორც შალვა პაპუაშილი აცხადებს, სწორედ „ოცნებამ" შეძლო, რომ ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ეღიარებინათ და ქართველი სამხედროები ომის დანაშაულის ბრალდებაში გაემართლებინათ.
„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ის, რომ ღალატი ჩვენს თვალწინ მიმდინარეობდა და ახლა თავს ნუ მოიტყუებს ნურავინ, ამ ღალატს ჩვენ ვუყურებდით. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები, გამოვიარეთ 2008 წლის აგვისტო, როგორც მოქალაქეებმა, ჩვენ ვნახეთ „ნაცმოძრაობა", რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც ისინი ხელს ადებდნენ ქართველ ჯარისკაცებს და აბრალებდნენ ომის დანაშაულს. ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობა", რომელმაც აღიარა ტალიავინის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილი იყო ის, ვინც ცეცხლი გახსნა. ეს არის ყველა ის გადაწყვეტილება, რომლის თანამონაწილეც არის „ნაციონალური მოძრაობა" - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, ტალიავინის დასკვნა, რომელსაც ისინი დაეთანხმნენ და ა.შ. ყველაფერ ამას, რა თქმა უნდა, უნდა გაეცეს პასუხი."
ასევე, თავმჯდომარემ სალომე ზურაბიშილის განცხადებაზეც ისაუბრა, სადაც პრეზიდენტმა თქვა, რომ ქართველი ოლიმპიელების დაჯილდოება მას შემდეგ მოხდება, რაც პარაოლიმპიელები სამშობლოში დაბრუნდებიან და მოეწყობა დიდი სახალხო ზეიმი.
„ქართველი ხალხის ზეიმს, რომელსაც რამდენიმე დღეა აღვნიშნავთ, ვერაფერი გააფუჭებს. მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადების მიზანი სწორედ ის იყო, რომ ამ ზეიმშიც რაღაც ხინჯი შეეტანა, რაშიც ჩვენ, უბრალოდ, არ უნდა ავყვეთ. მთელი ერი ზეიმობს, ყველა ზეიმობს გამარჯვებას და გვიხარია ჩვენი ოლიმპიელების შედეგები და ჩვენ მათ შორის, უმაღლეს ჯილდოებზე წარდგენით ვეცადეთ, გვეჩვენებინა ჩვენი სახელმწიფოს დამოკიდებულება ჩვენი ოლიმპიელების მიმართ", - განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა „გორბის" კვლევაზეც გაამახვილა ყურადღება, რომლის შედეგი მისთვის გასაკვირი არც იყო. სადაც კითხვაზე საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? - მიღებული პასუხების შედეგად, ალოკაციით მმართველ გუნდს 59.3% აქვს. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „გორბის" კვლევა საზოგადოებრივ განწყობებს ასახავს, რომელსაც რეგიონებში გასული ოპოზიციაც კარგად ხედავს.
„როგორ შეიძლება სხვანაირი შედეგი იყოს, როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ქართველი ხალხი თავს მოატყუებინებს „ნაცმოძრაობას" იმით, რომ სხვადასხვა ჯგუფებად დაიყოფიან . ამით ფიქრობენ, რომ ვინმეს მოატყუებენ, რომ ხმა მიაცემინონ და დააბრუნებინონ ის ძალადობრივი რეჟიმი, რაც მათ ჰქონდათ დამყარებული. ეს არის ლოგიკური შედეგი. ქართველმა ხალხმა არა ერთხელ აჩვენა სიბრძნე. შედეგს საბოლოო ჯამში 26 ოქტომბერს ვნახავთ", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



