შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს. სახელმწიფოს პრობლემასთან გამკლავება უჭირს. მიუხედავად ორნიშნა ეკონომიკური ზრდისა, ქვეყანაში სწრაფად იზრდება სოცდაუცველთა რაოდენობა, რაც თავისებურად ურთიერთგამომრიცხავი ფაქტია. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეს მჩვენებელი 39%-ით გაიზარდა.
დღესდღეობით ქვეყანას 677 000 სოციალურად დაუცველი ჰყავს. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ეს რიცხვი გაცილებით მეტია, ვიდრე სტატისტიკა გვიჩვენებს. ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა ნამდვილად არის, მაგრამ ამ წინსვლით მხოლოდ ვიწრო ჯგუფი სარგებლობს და გაჭირვებულები - ნაკლებად.
,,რეზონანსი" დაინტერესდა, რა აფერხებს პრობლემის მოგვარებას ან თუნდაც ვითარების დასტაბილურებას, რატომ მატულობს სოციალური სტატუსის მქონე მოქალაქეების რაოდენობა უშუალოდ არჩევნების წინ და ასეთი ეკონომიკურ ზრდის ფონზე რა რეალობა იკვეთება?
ანალიტიკოსი ლევან ალაფიშვილი დაუფარავად აცხადებს, რომ ეკონომიკური ზრდის ფონზე, რაც არ უნდა მწარე რეალობად მოგვეჩვენოს, მდიდრები კიდევ უფრო გამდიდრდნენ, ხოლო საშუალო ფენა ჩაიკარგა.
,,მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა არ ნიშნავს, რომ ეს სიკეთე საზოგადოებაზე თანასწორად და სამართლიანად ნაწილდება. მთლიანობაში ზრდას ვხედავთ, მაგრამ ვისაც შემოსავალი ნაკლები ჰქონდა, ის იმ ნიშნულზე დარჩა, ან უფრო შეუმცირდა. სამწუხაროდ, მშპ არ არის ყოველთვის ჯანსაღი ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი. საჭიროა ვიცოდეთ სამართლიანად ნაწილდება თუ არა ეკონომიკური ზრდის სიკეთე მთელ საზოგადოებაზე.
აუცილებელია, მდიდარი კიდევ მეტად არ მდიდრდებოდეს და ღარიბი უფრო არ ღარიბდებოდეს. აქვე საჭიროა შესწავლა თუ როგორია უცხოური ვალუტის შემოდინება და გადინება. ამ ყველაფრის ფონზე სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა გადასახედია. სოციალური და საინვესტიციო პოლიტიკა არის ის სუსტი წერტილი, რომელიც საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას არცთუ პოზიტიურ ჭრილში წარმოაჩენს", - განაცხადა ,,რეზონანსთან" ლევან ალაფიშვილმა.
მისი შეფასებით, წინასაარჩევნოდ ყველა ხელისუფლება სათავისოდ იყენებს ამ ხალხს, რაც ადამიანური კუთხით, დასანანია, ვინაიდან მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშ მყოფ მოქალაქეებს ხშირად ხელისუფლება საკუთარი ინტერესებს ახვევს თავს.
,,ასე იქცევა ყველა ხელისუფლება. ამიტომ, ძლიერი საშუალო ფენა სანამ არ ჩამოყალიბდება და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, არჩევნები ყოველთვის ასეთი ვაჭრობისა და სამწუხარო მანიპულირების საგანი იქნება, რომელიც დემოკრატიას მნიშვენელოვნად აზიანებს. ადამიანი, რომელიც სოციალურად ნაკლებად უზრუნველყოფილია და უწევს საკუთარი ხმის რაღაცაში გაცვლა და საკუთარ ნებაზე ამბობს უარს, ეს არ არის დემოკრატია.
კარგ ინდიკატორად გამოდგება მიგრაცია. ვინ და რა ასაკის ადამიანები მიდიან, როგორია მათი სოციალური მდგომარეობა. ეს გვიჩვენებს, რომ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა, რომლებიც სიკეთეს უნდა ქმნიდნენ სკუთარ ქვეყანაში ვერ პოულობენ საკუთარ თავს და მიდიან საზღვარგარეთ. ესეც სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის მარცხი და შედეგია. ისაუბროს ამ თემაზე მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ და თქვას რა წარმატება აქვთ მიგრაციის კუთხით.
თუკი ამ ყველაფერზე ამომწურავი პასუხი არ გვექნება, ცხადია მშპ დარჩება რაღაც რიცხვად ქაღალდზე, რომელიც წარმოაჩენს არსებული ელიტის კიდევ უფრო გამდიდრებას და არა საზოგადოების კეთილდღეობის გაზრდას. რეალურად ვხედავთ, რომ მილიონერთა რიცხვი მატულობს, მათი შემოსავლები სამმაგდება, ოთხმაგდება. პარალელურად კი სოციალურად ნაკლებად უზრუნველყოფილი მოსახლეობა იზრდება", - აღნიშნა ალაფიშვილმა.
ეკონომისტები სოციალური შემწეობის რიგში მდგომი ადამიანების რაოდენობას საგანგაშოდ მიიჩნნევენ. როგორც ეკონომისტმა სოსო ბერიკაშვილი განაცხადა, იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც დახმარება სჭირდება, რეალურად გაცილებით მეტია.
,,ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, სოციალურად დაუცველთა ფენა დიდ გასაჭირშია და ვერ ხერხდება მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება. სინამდვილეში უფრო მეტ ადამიანს ესაჭიროება დახმარება. სოციალური შემწეობაც თავისთავად მცირე თანხაა და ესეც ცალკე პრობლემას წარმოადგენს.
ეკონომიკური ზრდა ნამდვილად სახეზეა, მაგრამ ის ინკლუზიური არ არის, რაც ნიშნავს, რომ ამით ვიღაცეები სარგებლობენ, მაგრამ გაჭირვებულები - ნაკლებად. დაბალშემოსავლიანი და შესაბამისად მოწყვლადი ჯგუფები მმართველი პარტიისთვის სერიოზული გამწევი ძალაა საარჩევნოდ, ადვილად შეიძლება მათი მომადლიერება მინიმალური შემწეობებით. სამწუხაროდ, ეს ჯგუფები ყველა ხელისუფლებისთვის დასაყრდენია.
როდესაც ზედიზედ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე ვსაუბრობთ და ამდენი სოციალურად დაუცველი მოსახლეობა გვყავს, მინიმუმ რაღაც სასარგებლო უნდა გაკეთდეს. გამოსავალი ისაა, რომ ეკონომიკური ზრდა იყოს უფრო ინკლუზიური და განაწილებული მოსახლეობაზე და არა მხოლოდ ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებზე, მათ ბიზნესებზე და ა.შ. თუ ეს განაწილება უკეთესი იქნება შეიძლება, უკეთეს სურათს მივიღებთ", - უთხრა ,,რეზონანსს" სოსო ბერიკაშვილმა.
რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემს, ხელისუფლება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს 190 000-ით მეტი საარსებო შემწეობის მიმღებით ხვდება, ვიდრე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს და 203 000-ით მეტით, ვიდრე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს.
ჯამში 2024 წლის ივლისის მონაცემებით, 677 495 პირია პირდაპირ ან ირიბად საარსებო შემწეობაზე დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ მათ შორის არიან პირები, რომლებიც საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამაშიც არიან ჩართულები და ის პირებიც, რომლებიც უშუალოდ არ იღებენ საარსებო შემწეობას, მაგრამ მათ ოჯახში მინიმუმ ერთ 16 წლამდე ასაკის ბავშვს მაინც აქვს დანიშნული საარსებო შემწეობა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე