დასავლეთ საქართველოდან დედაქალაქის მიმართულებით გადაადგილება, პრაქტიკულად, პარალიზებულია. თბილისის შემდეგ საცობები ავტომაგისტრალებზეც შეიქმნა და მოქალაქეებს დანიშნულების ადგილზე ჩასასვლელად 2-3 საათით მეტი დრო სჭირდებათ. განსაკუთრებული პრობლემაა შაბათ-კვირის დღეებში და ეს ყველაფერი ერთი მხრივ გზების მშენებლობასაც უკავშირდება.
ტურისტულმა სეზონმა საცობები "გაამრავალფეროვნა" და თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით გადაინაცვლა. გადაადგილების პრობლემაზე სოციალურ ქსელებში აქტიურად იწერება და მოქალაქეები იმას კი ამბობენ, რომ ბათუმში ჩასასვლელად 8-9 საათია საჭირო.
მგზავრობას აფერხებს ავტომაგისტრალზე არსებული ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც და როგორც სპეციალისტები მიუთითებენ, მსგავსი პროექტები ტურისტული სეზონის დაწყების შემდეგ უნდა განხორციელდეს ანდა მანამდე დასრულდეს. სწორედ ამ მხრივ ამახვილებს ყურადღებას საავტომობილო დარგის ექსპერტი ლაშა დარბაისელი.
„ამ პერიოდისთვის ალბათ მაინც არ უნდა მიმდინარეობდეს ავტომაგისტრალზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ან ტურისტულად აქტიური პერიოდის შემდეგ უნდა დაიწყოს, ანდა მანამდე დასრულდეს, მაგრამ თუ ასე ვერ ხდება, რას ვიზამთ, სხვა რა გზა გვაქვს.
საერთოდ, როდესაც გადაადგილების პრობლემა და საცობი იქმნება, უნდა არსებობდეს საავტომობილო გენენალური გეგმა, რაც საცობებს გაფილტრავს. როდესაც ტურისტული სეზონი იწყება და მოსახლეობა დასასვენებლად მიდის, გადაადგილებაც აქტიურდება და ფერხდება, საცობი მხოლოდ დროის ფუჭად კარგვა არ არის. ავტომობილი საცობში ყოფნის დრო გასამმაგებულ და გაოთხმაგებულ გამონაბოლქვს გამოყოფს, ვიდრე მოძრაობისას. შესაბამისად, გარემოს დაბიძნურება ამ დროს უფრო ხდება. ეს ყველაფერი კი, ვიცით, რომ ადამიანის ჯანმრთელობას ვნებს.
მხოლოდ ეს არ არის, შემდგომში ხდება ის, რომ კონკრეტული წლოვანების ავტომობილების აკრძალვა გვიხდება. საბოლოო ჯამში, მივედით ჩვენს დარგამდეც. ასე რომ, საცობი არ არის მხოლოდ დროის ფუჭად კარგვა და მას ჯაჭვური რეაქცია აქვს სხვადასხვა მიმართულებით. რეალურად, პრობლემა უფრო დიდია, ვიდრე უბრალოდ საცობში დგომაა“, - განუცხადა „რეზონანსს“ ავტოიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ლაშა დარბაისელმა.
გადაადგილების განსაკუთრებული პრობლემა აჭარის მიმართულებითაა და საცობების კუთხით ბათუმმა დედაქალაქი უკან ჩამოიტოვა. ამიტომ სპეციალიტები ამბობენ, რომ ურბანული მობილობის დროს რაღაც გეგმა აუცილებელია.
როგორც „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თავმჯდომარემ გელა კვაშილავამ განაცახდა, ბათუმში არსებული საცობები, განსაკუთრებით კი ცენტრალურ ქუჩებსა და ქალაქის შესასვლელში, განპირობებულია ზაფხულის სეზონზე გაზრდილი მოთხოვნით და აქტიურობით, ამიტომ უნდა არსებობდეს სატრანსპორტო მოძრაობის გეგმა, რომლის საშუალებითაც ტრანსპორტის მოძრაობა დარეგულირდება.
„ბათუმს თავისი მობილობის გეგმა ჰქონდა და არ ვიცი თუ დაამტკიცა. ზოგადად, ვიცით, რომ ზაფხულში მეტი გადაადგილება და მოთხოვნაა და ასეთ დროს შესაბამისი გეგმა უნდა არსებობდეს. მსგავსი დატვირთვის დროს, რაღაცები უნდა შეიცვალოს, რადგან სეზონური საცობები ჩვეულებრივ რეჟიმში არ ხდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს უკეთესად დაგეგმილი, პარკინგის საკითხი უნდა იყოს მოგვარებული და ა.შ.
ბევრი საკითხია, რაც ზაფხულში ასეთ ადგილებში, დამატებით უნდა ამოქმედდეს. ამისთვის უნდა არსებობდეს ტრანსპორტის გადაადგილების გეგმა, რომელიც მომატებული ნაკადის რეგულირებას მოახდენს ისეთი პრინციპით, რომ აქცენტი გაკეთდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და იქნება ალტერნატიული გადაადგილების საშუალებები“, - განაცხადა გელა კვაშილავამ „ბიზნესპრესნიუსთან“.
ცნობისთვის, ბათუმის მერია საავტომობილო გზის გაფართოებას გეგმავს. მდინარე ყოროლისწყალზე არსებული ხიდის რეკონსტრუქცია-გაფართოების სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა. სატენდერო ღირებულება 210 ათას ლარს შეადგენს და ხიდის რეკონსტრუქციის შედეგად, გაიზრდება საავტომობილო მოძრაობის გამტარუნარიანობა.
საყურადღებოა, რომ ხიდს რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია 2-3 წლის წინაც ჩაუტარდა, რის შემდეგაც ადგილობრივები აღნიშნავდნენ, რომ საცობები ქალაქის შესასვლელში უფრო შესამჩნევი გახდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე