მარინა ბერაძე სახელმწიფოსგან სპეციალური კვლევის ჩატარებას ითხოვს
გვანცა წულაია
(13.08.2024)

საქართველოდან მედიკამენტების ექსპორტი გაიზარდა, ყველაზე მეტი წამალი აზერბაიჯანმა შეისყიდა. ექსპორტის ზრდა, დიდი ალბათობით, ბოლო წლებში გატარებულ რეგულაციებს უკავშირდება, რაც ერთი მხრივ თურქეთის ბაზრის გახსნას და მეორე მხრივ კი, რეფერენტული ფასების ამოქმედებას გულისხმობს. 

უფრო კონკრეტულად, 2024 წლის ივნისში საქართველოდან უცხოეთში ექსპორტზე 7,7 მილიონი აშშ დოლარის მედიკამენტები გავიდა. შარშან, იგივე თვეში, ეს მაჩვენებელი 7,4 მილიონი იყო.

"საქსტატის" მონაცემებით, მედიკამენტების უმსხვილესი შემსყიდველი აზერბაიჯანია, სადაც 2,9 მილიონი დოლარის დაფასოებული სამკურნალო საშუალებები გავიდა. მეორე ადგილზეა უზბეკეთი 2,7 მილიონი დოლარით, მესამეზე - ყირგიზეთი 636 ათასი დოლარით. გარდა ამ სამი ქვეყნისა, საქართველოდან მედიკამენტები შემდეგი ქვეყნების ბაზრებზე გავიდა: სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, გაერთიანებული სამეფო.

გასული წლის იგივე თვეში მედიკამენტების უმსხვილესი შემსყიდველი ყირგიზეთი იყო, აზერბაიჯანი - მეორე, სომხეთი კი მესამე ადგილს იკავებდა.

გარდა იმისა, რომ ზემოთ ნახსენებმა რეგულაციებმა საქართველოში მედიკამენტები გააიაფა, როგორც ჩანს, ექსპორტის ზრდასაც შეუწყო ხელი. წამლების გაიაფების გარდა, ჯანდაცვის სფეროში ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა. 

როგორც „გახსოვდეს ჰიპოკრატეს“ ხელმძღვანელმა, ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტმა მარინა ბერაძემ განაცხადა, ექსპორტის მიმართულებიის გააქტიურებას ხელი ბოლო დროს განხორციელებულმა ცვლილებებმა შეუწყო. 

„ბუნებრივია,ექსპორტზე ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებები იმოქმედებდა, რადგან ეს არის ბიზნესი და სადაც კერძო სექტორი ხელსაყრელ ადგილს იპოვის, იქ გადაინაცვლებს“, - განუცხადა „რეზონანსს“ მარინა ბერაძემ. 

მას შემდეგ, რაც ქვეყანაში თურქეთის ბაზარი გაიხსნა და რეფერენტული ფასები დაწესდა, რიგი მედიკამენტები აფთიაქებიდან გაქრა. მარინა ბერაძე მიიჩნევს, რომ დეფიციტი ხელოვნურია, მაგრამ ისიც დასადგენია, წამლების გაქრობა რაღაც კუთხით ექსპორტის ზრდას ხომ არ უკავშირდება. 

„არ დაგვავიწყდეს ის, რომ, ბოლო პერიდოში, ჩვენს ბაზარზე შეიქმნა გარკვეული სახეობის მედიკამენტის დეფიციტი. სწორედ ამ დეფიციტის დასადგენად არის საჭირო კვლევითი სამუშაოები ჩასატარებელი. უნდა დადგინეს, რატომ არის დეფიციტი შექმნილი ისეთ მედიკამენტებზე, რომელთა შემოტანა და ფასები უკვე დარეგულირებული იყო. უკვე რამდენიმე თეა ასეთი სიტუაცია გრძელდება და არც დეფიციტური წამლების ანალოგი შემოდის. 

ეს არის ჩვენთვის მტკივნეული თემა და თუ სახელმწიფო ჩაატარებს კვლევას ძალიან კარგი იქნება. თუკი დადგინდება, რომ ექსპორტი კავშირშია ჩვენს ბაზარზე არსებულ პრობლემებთან, მაშინ, რასაკვირველია, შესაბამისმა უწყებებმა უნდა მიმართონ ზომებს, რადგან ეს არის არა მცირე, არამედ გაცილებით დიდი დანაშაული. თუ უშუალო კავშირი არ დადგინდება, მაშინ  სახელმწიფომ უნდა იფიქროს იმაზე, რომ ბიზნესი გახდეს ისეთივე რეგულირებული, როგორც არის ნორმალურ ქვეყანებში. სახელმწიფომ ის უნდა შემოიტანოს, დანერგოს და გახადოს ქმედითი. ჩვენ კიდევ სრულიად სხვა რამეს ვაკეთებთ, ერთ ნაბიჯს ვდგამთ წინ, ორს კი - უკან. 

ჩემი აზრით, ზოგადად დეფიციტი ხელოვნურად არის შექმნილი იმისთვის, რომ მედიკამენტს ან ფასი მოუმატონ ან არადა სხვა ქვეყნის ბაზარზე გაყიდონ და არა საქართველოში. ეს სულაც არ არის გამორიცხული, რადგან საქმე ბიზნესთან გვაქვს. განსაკუთრებით თურქეთიდან წამოსული ის იაფიანი მედიკამენტები გაქრა, რომლებზეც რეფერენტული ფასები მოქმედებს. არა თურქული წარმოების, მაგრამ იგივე დასახელების წამალი სამჯერ ძვირი ღირს და ერთ-ერთ აფთიაქში შემომთავაზეს. ესე იგი ძვირიანი მოიპოვება, იაფიანი - არა“, - უთხრა „რეზონანსს“ მარინა ბერაძემ. 

ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ქართველები უცხოეთში სამკურნალოდ მიდიან და იმისთვის, რომ აქ ყველანაირი სერვისი და მომსახურება არსებობდეს, რაც სხვა ქვეყნებშია, ბევრი რეგულაციის გატარება საჭირო. 

როგორც მარინა ბერაძემ აღნიშნა, რეგიონში საქართველოს სამედიცინო მომსახურება ბოლო ადგილზე სულაც არ არის, ამიტომ მეზობელი ქვეყნის მოქალაქეებისთვის საინტერესოა ქართული ჯანდაცვის ზოგიერთი მიმართულება, მაგალითად, ოფთალმოლოგია და სტომატოლოგია. 

„სამედიცინო ტურიზმი მიმართულება არსებობს. ჩვენთანაც ჩამოდიან სამკურნალოდ, განსაკუთრებით აზერბაიჯანიდან. მაგალითად, ოფთალმოლოგიურ, სტომატოლოგიურ კლინიკებში არის ძალიან ბევრი უცხო ქვეყნის პაციენტი. ჩვენ რეგიონში სამედიცინო დახმარება რაღაც დონეზე ნამდვილად გვაქვს, მაგრამ დიდი ჩამორჩენაა თურქეთთან. 

ბევრი თანხა იხარჯება, რომ საქართველოდან პაციენტები წავიდნენ თურქეთში. ჩვენ ჯანდაცვის სისტემა აქ უნდა განვავითაროთ თუ ისეთი მიმართულებით უნდა წავიდეთ, რომ რაღაც დანამატი რგოლი ვიყოთ თურქეთის ჯანდაცვის სისტემის? თუ ყველა პაციენტი სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში უნდა გავუშვათ, მაშინ ჩვენ რისთვის ვარსებობთ? უზარმაზარი თანხა რომ სწორად იხარჯებოდეს, სახელმწიფო კლინიკები, ფარმაცია და დახმარება აუცილებლად გვექნებოდა იმ მასშტაბის, რომ თვითკმარი გავმხდარიყავით. თუ ეს ვერ დარეგულირდა, მაშინ, ჩვენ ვერავის დავაკავებთ, რომ სადმე არ წავიდეს ანდა წამალი არ გავიდეს ექსპორტზე“, - დასძინა მარინა ბერაძემ „რეზონანსთან“ საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე