
ჰელსინკის კომისიამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება" თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა. მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ პრაქტიკულად ეს არის არჩევნებში ჩარევა ოპოზიციის სასარგებლოდ. ოპოზიციას კი იმედი აქვს, რომ ეს არის აშშ-ის მიერ საფუძველის მომზადება პერსონალური ფინანსური სანქციების დასაწესებლად, რაც, სავარაუდოდ, სექტემბერში იქნება.
ანალიტიკოსების აზრით, თუ აშშ მოინდომებს 26 ოქტომბრის არჩევნების წინ საქართველოს ხელისუფლებაზე წნეხი გააძლიეროს და ერთგვარად შეასუსტოს მისი პოლიტიკური პოზიციები, გამორიცხული არაა სანქციების დაწესებაზე მართლაც წავიდეს.
აშშ-ის „ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია", იგივე ჰელსკინის კომისია სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, დაუპირისპირდეს ამგვარ ქოლ-ცენტრებს, რომლებიც აფინანსებენ „ოცნების" ანტიდემოკრატიულ კამპანიას ქართველი ხალხის წინააღმდეგ"
„ქართული ოცნება" ეყრდნობა შავ ფულს თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მსოფლიოს გარშემო, იმისთვის, რომ დააფინანსოს თავისი ოპერაციები და შეავიწროოს თავისი ოპოზიცია", - წერს ჰელსინკის კომისია.
აშშ-ის ჰელსინკის კომისია არის აშშ-ის ხელისუფლების კომისია, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვას, სამხედრო უსაფრთხოებას და ეკონომიკურ თანამშრომლობას ევროპის, ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის 57 ქვეყანაში. კომისიის ცხრა წარმომადგენელი სენატის წევრია, ცხრა - წარმომადგენელთა პალატის, სამი - აღმასრულებელი ხელისუფლების ოფიციალური პირია.
„ოცნების" პასუხი
მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ეს წინასაარჩევნო პროცესებში ჩარევაა ოპოზიციის სასარგებლოდ და ეს არის ცინიზმი.
„ოცნების" დეპუტატის, გივი მიქანაძის თქმით, ჰელსინკის კომისიის განცხადება „სრული აბსურდია", რომელსაც დამტკიცება სჭირდება.
„ჰელსინკის კომისიის დასკვნა ერთი სიტყვით რომ შევაფასოთ, ეს არის წინასაარჩევნო პროცესში ჩარევა. მათი განცხადება, რომლის არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ, თქმა უნდა, ვერ იქნება მიღებული. იმიტომ, რომ განცხადება კეთდება, პირდაპირ უნდა ითქვას, ოპოზიციური პარტიების მხარდასაჭერად. ამ განცხადებაში იკითხება, რომ თურმე რაღაც ქოლ-ცენტრები არსებობს, თურმე იქ შავი ფულია, რომელიც ოპოზიციის საწინააღმდეგო კამპანიას ხმარდება.
„ჩვენ ველოდებით, რომ მათგან კონკრეტული მტკიცებულებები იყოს წარმოდგენილი. თუმცა, რაც ბუნებაში არ არსებობს, წარმოდგენილი ვერ იქნება.
„აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ მახსენდება ჰელსინკის კომისიის რაიმე სახის განცხადება იმ საერთაშორისო გამოძიებაზე, რომლითაც გერმანელმა, ქართველმა და კიდევ სხვა ქვეყნების საგამოძიებო უწყებებმა ერთობლივად ამხილეს ის დანაშაულებრივი ქსელი, რომელიც კრიმინალმა დავით კეზერაშვილმა განახორციელა ევროპელი პენსიონერების წინააღმდეგ. ისევე, როგორც არ მახსენდება ჰელსინკის რაიმე ღია პოზიცია სააკაშვილის ხელისუფლების დროს ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე.
„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ არის ორმაგი სტანდარტი, არასამართლიანი მიდგომა და ფაქტების სრული დამახინჯება. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ამერიკელი პარტნიორების მხრიდან გაჟღერებული თითოეული განცხადება დიდი ყურადღების ქვეშ არის ქართველი ხალხის მხრიდან, მით უმეტეს, წინასაარჩევნო პერიოდში",- განაცხადა გივი მიქანაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჰელსკინის კომისიის მიზანი ხელისუფლების შეცვლაა.
„ხუმრობით ვეტყოდი, მხარი ხომ არ ეცვალათ შემთხვევით? ეს გახლავთ ცინიზმის უმაღლესი მწვერვალი. თავს ვიკავებ, რომ უფრო მკვახედ არ მოვიხსენიო მათი ეს საქციელი.
„ეს გახლავთ ცინიზმის უმაღლესი მწვერვალი. ჩვენაირი პატარა ქვეყანა ყველაფერს აკეთებს გამჭვირვალობისთვის და იმ უკიდურესად პრინციპული ბრძოლისათვის, რომელიც დაკავშირებულია ქოლ-ცენტრებთან. ალბათ, კარგად გახსოვთ ჩვენი აქტიური მოქმედებები, გერმანიის პროკურატურასთან ერთად გამოვლენილი დანაშაულები და დამნაშავეები; კეზერაშვილზე მომზადებული „ბი-ბი-სი"-ს ფილმი. „ბი-ბი-სი" არ გახლავთ „ტვ პირველი", „მთავარი" ან „ფორმულა". ეს არის უდიდესი სანდოობის მქონე მედია პლატფორმა. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა და ხაზგასასმელია - გერმანელ პროკურორებთან ერთად, პარალელურად აწარმოეს ეს გამოძიება და პირდაპირ ხელი დაადეს და მისტერ „ოფშორი" უწოდეს დავით კეზერაშვილს", - განაცხადა ოდიშარიამ.
მისი თქმით, ჰელსინკის კომისიის განცხადება „წარმოუდგენლად უსამართლოა".
„არ ვიცი ჰელსინკის ჯგუფს რა ამოცანები და მიზნები აქვს, როდესაც ასეთ მტკნარ სიცრუეს ტირაჟირებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თავს ვიკავებ, რომ უფრო მკვახედ არ მოვიხსენიო მათი ეს საქციელი. ყველაზე რბილი იქნებოდა გაუაზრებლობა და ინფორმაციის არ ქონა, მაგრამ ეჭვი მაქვს, ერთიც აქვს და მეორეც და უბრალოდ, სულ სხვა მიზანი აქვთ. „მიზანი" ერთია და ნათელი - საქართველო რამენაირად იყოს დადანაშაულებული, მშვიდობისმყოფელი ხელისუფლება შეიცვალოს და მოვიდეს ხელის ბიჭების და გოგოების ხროვა, რომელიც ნებისმიერ დავალებას შეასრულებს გარედან ბრძანებულს", - განაცხადა ოდიშარიამ.
ოპოზიციის გამოხმაურება
ოპოზიცია ჰელსინკის კომისიის განცხადებას აფასებს, როგორც „ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ ფინანსური სანქციების დაწესებისათვის საფუძველის მომზადებას. ამის სავარაუდო თარიღად სექტემბერს ასახელებენ.
„ჰელსინკის კომისია არის პოლიტიკური ორგანო აშშ-ის კონგრესში, რომელსაც აქვს ორპარტიული მხარდაჭერა როგორც დემოკრატებისგან, ისე რესპუბლიკელებისგან, ამიტომ ეს პოლიტიკური განცხადება უმაღლეს დონეზე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მიმდინარეობს კონკრეტული მტკიცებულებების შეგროვება ივანიშვილს და მისი გარემოცვის დასასანქცირებლად.
„აქ საუბარია არა სავიზო შეზღუდვებზე, არამედ ფინანსურ სანქციებზე. სწორედ ამიტომ არის საუბარი ამ პოლიტიკურ განცხადებაში, რომელიც უმაღლეს დონეზე გაკეთდა აშშ-ის კონგრესის მხრიდან, რომ არსებობს ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან მინიშნებით რუსული, თუმცა „შავი ფულის" გამოყენება წინასაარჩევნო მიზნებისთვის.
„ვფიქრობ, ეს არის მტკიცებულებების შეგროვების მოსამზადებელი ფაზა, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება ფინანსური სანქციები აშშ-ის მხრიდან ივანიშვილის და მისი გარემოცვის წინააღმდეგ", - განაცხადა ენმ-ის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
„მინდა მჯეროდეს, რომ სექტემბერში ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს წარმომადგენლები რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ და ფინანსური სანქცია იქნება ამოქმედებული", - ასე გამოეხმაურა ჰელსინკის კომისიის განცხადებას „ახალის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია.
ჰელსინკის კომისიის განცხადების „წინასაარჩევნო განზომილება"
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის აზრით, ჰელსინკის კომისიის განცხადება არ ეყრდნობა არანაირ მტკიცებულებებს და მხოლოდ საქართველოში წინასაარჩევნოდ არსებულ ვითარებაზე გავლენის მოსახდენად გაკეთდა.
„ჰელსკინის კომისიის ეს განცხადება, ისევე, როგორც წინა განცხადებები - მაგალითად, კონკრეტულ პირებზე სანქციების დადების შესახებ - არ ეყრდნობა არანაირ მტკიცებულებას. დიდი ალბათობით, ეს არის განცხადება იმ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, რასაც ჩვენი ოპოზიცია აწვდის და ოპოზიციას ძალიან უნდა, რომ ეს ქოლ-ცენტრების საქმის სიმძიმე, რომელზეც ადრე დავით კეზერაშვილზე მოდიოდა და მის წინააღმდეგ საქმე იყო აღძრული, ახლა „ოცნებაზე" გადაიტანონ, რომ მერე ამან წინასაარჩევნო განზომილება შეიძინოს. ამას ემსახურება ეს განცხადება, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში გაკეთდა, მეტს არაფერს", - აღნიშნავს ანჯაფარიძე.
ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის აზრით, ხელისუფლებას რომ ქოლ-ცენტრებთან რაიმე შეხება ჰქონდეს საერთოდ არ ახსენებდა ამ სიტყვას. როგორც მან აღნიშნა, ახლა ეს თემა საზოგადოებაში „არ დუღს".
„გაგრძელებას და აყოლას რა უნდა - „როცა გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმევაო"... თუ ვინმეს ამის ატაცება უნდა, მიზეზად მოიდებენ. თუმცა მეორეს მხრივ, ისევ დასავლეთში ჩატარებული გამოძიების შედეგად ვიცით, რომ ქოლ-ცენტრების მკეთებელი და გამომყენებელი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი იყო, რომელიც ახლა ქართულ ოპოზიციას აფინანსებს. ეს თუ ობიექტურია, როგორ შეიძლება ესეც იყოს?
„კეზერაშვილთან დაკავშირებით ბევრი კითხვა ისედაც არის და ეს საკითხი„ოცნებამ" არაერთხელ დასვა. ხელისუფლებას რომ ქოლ-ცენტრებთან მათთვის სასარგებლოდ რაიმე კავშირი ჰქონდეს, საერთოდ არ მიაქცევდა ისეთ ინფორმაციას ყურადღებას, სადაც სიტყვა „ქოლ-ცენტრები" სადმე იქნებოდა ნახსენები.
„რომ გითხრათ ამ თემით ხალხი შოკირებულია-მეთქი, მოგატყუებთ. ეს თემა საზოგადოებაში არ დუღს. ადამიანები იჯერებენ იმას, რისიც უკვე სჯერათ. ანუ ოპოზიციის მომხრეები ამას მიიღებენ, ხოლო „ოცნების" არა", - თქვა საყვარელიძემ.
იქნება თუ არა პერსონალური ფინანსური სანქციები
რამაზ საყვარელიძის აზრით, რეალურია, რომ ეს იყოს საფუძველის მომზადება პერსონალური ფინანსური სანქციების დაწესებისათვის.
„ოცნებაზე" სანქციების დადების სხვა ვარიანტი ერთი გვაქვს მოსამართლეებზე, რომელზედაც ქართულმა მხარემ არგუმენტები ვერ მიიღო, თუ რატომ დასანქცირდნენ და მეორე ვიღაცების დასანქცირება, რომელზეც ვერ მივიღეთ ინფორმაცია, თუ ვინ არიან ეს ადამიანები. ასე რომ, ამ სანქციებით მანიპულაციას სხვადასხვაგვარი გაუგებრობები ახლავს თან", - ამბობს საყვარელიძე.
ზაალ აჯაფარიძის აზრით კი, თუ აშშ-მა მოინდომა, რომ არჩევნების წინ ხელისუფლებაზე წნეხი გააძლიეროს და ერთგვარად შეასუსტოს მისი პოლიტიკური პოზიციები, სანქციების მომზადება გამორიცხული არაა. მისივე თქმით, ამ ბრალდებას ხელისუფლების მომხრეები არ დაიჯერებენ, ხელისუფლების ოპონენტებს კი დამატებითი სტიმული ეძლევათ, რომ ოპოზიციას მისცენ ხმა.
„არის თუ არა საფუძველის მომზადება პერსონალური ფინანსური სანქციების დაწესებისათვის, მე ამაზე ცალსახა პასუხი არ მაქვს, რადგან შანსები შეიძლება 50/50-ზე იყოს. ჩვენ ადრე ვნახეთ შემთხვევები, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები, ჟურნალისტური გამოძიებები და ა.შ. გახდა კონკრეტულ მოსამართლეებზე სანქციების დადების ერთ-ერთი საფუძველი. არის ამის ალბათობა, თუკი, დავუშვათ, ამერიკამ მოინდომა არჩევნების წინ ხელისუფლებაზე წნეხი გააძლიეროს და ერთგვარად შეასუსტოს მისი პოლიტიკური პოზიციები. ამიტომ ასეთი ნაბიჯის გადადგმას მე არ გამოვრიცხავდი.
„ჩვენი საზოგადეობა ხომ ერთგვაროვანი არ არის... ვინც „ოცნების" მომხრეა, ამაზე ბრაზდება და არ იღებს, თუმცა შეიძლება ვიღაცებს ეჭვის საფუძველი გაუხდეს. ხელისუფლების ოპონენტებისთვის კი დამატებითი სტიმულია იმისათვის, რომ ოპოზიციას დაუჭირონ მხარი და ამაზე ხმაური ატეხონ.
„მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ჰელსკინის კომისიის ამ განცხადებას ოპოზიციურ მედიებში გაგრძელება აუცილებლად მოჰყვება და 1 კვირის განმავლობაში ილაპარაკებენ, რომ ხომ ხედავთ „ოცნება" რას აკეთებს და ა.შ. მხოლოდ ამას ემსახურება ეს. ანუ, თუ შეიძლება ასე ითქვას, გადაუგდეს საკვები ოპოზიციის მხარდამჭერ ბანაკს - მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ა.შ.", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



