
„როდესაც ცნობილია „ოცნების" დამოკიდებულება ამერიკის, ევროპის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლებებთან, ასევე თვითონ ევროკავშირთან, არავითარ წევრობაზე და ნატოზე ლაპარაკი არ შეიძლება და ეს საკითხი არ დგას", - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.
იგორ კვესელავა: ერთადერთი რაც შეიძლება მათ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სიტუციის განსამუხტად გააკეთონ, ეს არის უკან დახევა, შეცდომების აღიარება და რაც მთავარია, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და ამერიკასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა. ამ შემთხვევაში შესაძლებელია რამის გამოსწორება, გულახდილი საუბარი და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.
ჩვენ თუ სიმართლეს ვიტყვით, ეს გაგვაკეთებინებს საქმეს, თორე თუ ტყუილს ავურევთ, მდგომარეობა ვერ გამოსწორდება. სიმართლე ყოველთვის მწარეა, თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას. თუ ხელისუფლებას რაიმე გეგმა აქვს და მე ვიცი დაახლოებით რაც, ეს საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მისაღები არ იქნება.
„რ": სერგეი შამბას დაბრუნება შეცვლის თუ არა საქართველო-აფხაზეთის ურთიერთობის დალაგების პერსპექტივებს?
ი.კ: მოგეხსენებათ, აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ვინც იყო, გაერიდა სიტუაციას და აფხაზეთიდან წავიდა. აქ შამბა დაინიშნებოდა თუ ვინმე სხვა, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. საგარეო საქმეთა მინისტრი ამ საკითხს ვერ წყვეტს, ვერც ჩვენს ქვეყანაში და ვერც სხვაგან. ესენი არიან პოლიტიკის განმახორციელებლები. რასაც ხელისუფლება ღებულობს, ვთქვათ ამერიკაში ან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებშიც, იმას მერე ახორციელებენ პოლიტიკური თვალსაზრისით საგარეო საქმეთა მინისტრები.
შამბა გახლავთ შედარებით ლოიალური საქართველოს მიმართ, მაგრამ აქ აფხაზეთის საკითხზე ვერაფერს იზამს, რადგან ეს რუსეთის და აფხაზეთის პოლიტიკური საკითხია, თუ ეს პოლიტიკა შეიცვლება, მაშინ სხვა ამბავია. შამბას პიროვნულად არაფერი არ შეუძლია და არავინ არ თქვას, რომ ამ მიმართულებით ის რამეს გადაწყვეტს. საკითხი უნდა დადგეს ისე, რომ მოლაპარაკებაზე წავიდნენ და ეს შეიძლება უფრო ნეიტრალურ მხარეს გაიმართოს, მაგალითად ბაქოში ან ჟენევაში და აქ უნდა გადაიდგას დასაახლოებელი ნაბიჯები.
ცნობილია, რომ ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან მხოლოდ იმ შემთხვევაში დასხდებიან თუ აფხაზეთის სახელმწიფოს აღიარებენ, თუ ეს არ მოხდა და საქმე ამ კუთხით არ წავა, მაშინ არავითარი შეხვედრები არ შედგება. ეს უნდა განსაზღვროს საქართველოს მთავრობამ და ამის მიხედვით უნდა გააკეთოს ყველაფერი. ურთიერთობის დალაგების მთავარი კოზირი საქართველოსა და აფხაზეთს აქვს, რა თქმა უნდა, რუსეთის გათვალისწინებით.
„რ": ვინ მოხვდება პარტიების საარჩევნო სიებში?
ი.კ: საარჩევნო სიების შედგენა მათზეა დამოკიდებული, თუმცა აუცილებელია გამოცდილი და განათლებული ხალხი მოხვდეს სიაში. მათ უნდა ესმოდეთ საერთაშორისო პოლიტიკა, განსაკუთრებით რუსეთთან ურთიერთობების საკითხები და სხვა. არადა პარლამენტში ბევრია ისეთი, ერთხელ რომ არ გამოსულა - უბრლოდ ფული გადაიხადეს, იქ „დადეს" და არიან ისე, იშვიათი გამონაკლისის გარდა.
ჩვენ ვიცით, რომ ოთხი პოლიტიკური ჯგუფია, აქედან სამი ოპოზოციიდან და ერთი „ოცნება", რომელსაც „ხალხის ძალა" ჰყავს. ბუნებრივია, როდესაც „ხალხის ძალას" 10 კაცის შეყვანა მოუნდება, ვიღაც ნაწყენი დარჩება, შეიძლება 5 შეიყვანონ, ეს მათი გადასაწყვეტია.
პარლამენტის დღევანდელი წევრები, ხელისუფლებიდან ვგულისხმობ, ყველას იქ მოხვედრა უნდა, რასაკვირველია ყველა ვერ შევა და ისინი განაწყენებულები დარჩებიან. თუ ეს მაღალი დოზით იქნება, ისინი განცხადებებს გააკეთებენ, პარტიიდან გავლენ და თავიანთი ქმედებებით „ოცნებას" „ომს" გამოუცხადებენ. ასეთი მდგომარეობა იქნება დანარჩენ პარტიებში, თუმცა, ჩემი აზრით, ოპოზიციაში უკვე გამოკვეთილია ვინ შეიძლება პარლამენტში მოხვდეს.
არჩევნები ჩატარდება და იქნება დაპირისპირებები. რა თქმა უნდა, ხელისუფლება ეცდება მეტის გაყვანას. მათ კოალიცია არ უნდათ და არ მესმის, რატომ. მათ ერთპარტიული სისტემა უნდათ, ეს არის პირდაპირი დიქტატურა, საქართველოში ფრთები გაშალა „ქართული ოცნების" დიქტატურამ.
მე ადრეც ვამბობდი, რომ აუცილებელია კოალიციური მთავრობის შექმნა - გუნდი, სადაც იქნება ხალხი როგორც ოპოზიციიდან, ასევე მმართველი პარტიიდან და უნდა იმუშაონ, ოღონდ საკუთარი თავებისთვის კი არა, საქართველოსთვის.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



